გა(ნ)წევრიანება

პუბლიკა

ნატალი ნემსაძე

 

,,ქართული ოცნება“, რომლის ქმედებების გამო ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ოფიციალურად შეჩერდა, მაინც ირწმუნება  რომ ყველა კანდიდატ ყვეყანაზე უფრო კანდიდატია. 

რანაირად?!

სულ ბოლოს ამაში ჟურნალისტების დარწმუნებას  პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე 13 ივლისს შეეცადა, უფრო მეტიც, პრემიერმა აღნიშნა, რომ ,,განწყობა არის ოპტიმისტური“, რომ ,,2030 წლისთვის აბსოლუტურად რეალურია საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირშიდა რომ  ,,გაგრძელდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა“.

ნაბიჯები ,,ქართული ოცნებისხელისუფლების მიერ რომ  ნამდვილად იდგმება, ოღონდ უკან,  ამის შესახებ  ევროკავშირის არაერთი ლიდერი ღიად აცხადებს, და თავად ევროპის საბჭო საქართველოს თაობაზე მიღებულ ბოლო გადაწყვეტილებაში წერს.

,,ევროპული საბჭო საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს. კერძოდ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებმიღებული კანონი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციაში მითითებულ ნაბიჯებთან მიმართებაში უკუსვლას  წარმოადგენს,” – ასეთია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ოფიციალური თარგმანიდან ამონარიდი.

ევროპელი ლიდერები დოკუმენტში გარკვევით წერენ საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების თაობაზეც: 

,,ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს,”-წერია გადაწყვეტილებაში. 

გაწევრიანების პროცესის გაჩერებასა და თანმდევ გადაწყვეტილებებზე, ისეთზე როგორიცაა, მაგალითად ევროპული სამშვიდობო ფონდიდან  საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფის შეჩერება, 9 ივლისს  ისაუბრა ევროკავშირის ელჩმაც, პაველ ჰერჩინსკიმ.  პრემიერმა  პასუხად მხოლოდ მოკლედ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ,,მოლოდინს არ შეესაბამება”.

მანამდე ,,მოლოდინს არ შეესაბამებოდაშემდეგი:

  • ქართული ოცნებისხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ გამჭვირვალობის კანონი და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის (საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცახდება, 11 აპრილი).
  • რომ მეტიც ,, ევროდირექტივა არსებობს, რომ მსგავსი კანონი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში უნდა იყოს მიღებული” ( “ქართული ოცნებისლიდერი გია ვოლსკი, 12 აპრილი).
  • რომ ,,გამჭვირვალობის კანონი  არ შეიძლება იყოს  ,,არაევროპული  და  არ შეიძლება ,,გამჭვირვალობის შესახებ კანონი ჩაითვალოს ევროპული კურსიდან გადახვევად (“ქართული ოცნება”, ირაკლი კვირცხალია. 15 ივნისი ).

როგორაა ყველაფერი უკუღმა?

ამ მასალაში ჩვენ გერმანიის ელჩთან ერნსტ პეტერ ფიშერთან  შევეცდებით  ვიპოვოთ პასუხები ბოლო დეზინფორმაციულ გზავნილებზე,  რომელიც საქართველოევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ვრცელდება.

გერმანიის ელჩი ერთერთი პირველი იყო, ვინც  ევროპის ლიდერების მიერ გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე განაცხადა. ამავე პერიოდში, პასუხად მას პერსონალურად და გამორჩეულად უტევდა ,,ქართული ოცნებადა უშულოდ პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე. პეტერ ფიშერს  მან ,,გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანიცკი უწოდა და აგრეთვე გამოიყენა სიტყვები: ,,გერმანული სახელმწიფოს პრობლემა”. 

გერმანიის ელჩმა ამის შესახებ გვითხრა: ,,ჩემი ამოცანაა, ავხსნა გერმანიის პოლიტიკა. როდესაც გერმანიის ფედერალური კანცლერი რაღაცას აცხადებს, ეს არის გერმანიის პოლიტიკა, და მე თუ ვხედავ, რომ ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია და გაუგებრობის საფუძველი არსებობს, მაშინ ჩემი ამოცანაა, ნათლად ვთქვა, რა განაცხადა კანცლერმა. ამიტომ მივეცით თავს უფლება და განვათავსეთ ვიდეო ინტერნეტში თარგმანებით.  ამგვარად იმასთან დაკავშირებით, თუ რა განაცხადა კანცლერმა, არ არსებობს ინტერპრეტაციის სივრცე, ყველას შეუძლია ვიდეოს ნახვა.“ 

ანტიდასავლურთან ერთად ერთგვარი ,,ანტიგერმანული  ტალღა, გარკვეულწილად დაიწყო გერმანიაში ირაკლი კობახიძის აპრილის ვიზიტის დროს,  კანცლერ შოლცთან კონფერენციის პარალელურად, სადაც კანცლერმა მკაფიოდ გააკრიტიკა ე.. ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი”,  საქართველოს მთავრობა კანცლერის ბრიფინგის შემდეგ მომდევნო დღეების განმავლობაში უწყვეტად საუბრობდა თარგმანის მანიპულაციურობაზე, რომ  თითქოს თარჯიმანმა  კანცლერის სიტყვები არასწორად თარგმნა.  

შემდეგ იყო გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის    მიხაელ როთის ვიზიტი საქართველოში, რომელსაც ფაქტობრივად პარლამენტში შეხვედრაზე უარი უთხრეს. პარალელურად ,,ქართულმა ოცნებამაწარმოა მიხაილ როთის განცხადებების რელიგიური მოტივებით კამპანიური კრიტიკა. აქტიურად ვრცელდებოდა  მიხაილ როთის  იდენტობასთან დაკავშირებული მანიპულაციური ინფორმაციაც.

კანდიდატის სტატუსი საქართველოს ევროკავშირისგან გასული წლის დეკემბერში, მათ შორის გერმანიის და მისი კანცლერის გამორჩეული მხარდაჭერის გამოხატვით,  მიენიჭა. ქვეყანას თან განესაზღრვა 9 ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების დასაწყებად სავალდებულო შესასრულებლი გახდა. მათგან პირველი იყო ,,ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან  ბრძოლა .

.. ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი  ქართულმა ოცნებამ ,   არაერთი ევროპელი ლიდერის ოფიციალური გაფრთხილების მიუხედავად, რომ ის შეუთავსებელი იყო ევროკავშირის ღირებულებებთან, ათიათასობით ადამიანის რამდენიმე თვის განმავლობაში უწყვეტი  პროტესტის ფონზე, მაისში მიიღო.

არაერთი საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც საქართველოში ჩატარებულა, ადასტურებს, რომ ევროინტეგრაციას ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეტი ემხრობა, მათ შორის თავად ,,ქართული ოცნებისმხარდამჭერებიც. საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია გამყარებულია საკონსტიტუციო ჩანაწერითაც.

შეჩერდა თუ გრძელდება გაწევრიანება?

პეტერ ფიშერი:  ,,ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა იცოდნენ, რა გადაწყვეტილება მიიღო ევროპის საბჭომ. ეს არიან 27 წევრი ქვეყნის მთავრობის მეთაურები, მაგალითად მაკრონი და შოლცი, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ და მათ საბოლოო გადაწყვეტილება გააჟღერეს: გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია!

ევროკავშირის პოლიტიკა ამჟამად ასეთია. ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა. მე რომ ქართველი ვიყო და ვამბობდე, მე მსურს, რომ ჩემი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, მინდა, რომ მე გავხდე ევროკავშირის მოქალაქე და ჩემი შვილები და შვილიშვილები ევროკავშირის მოქალაქეები იყვნენ, მომწონს ევროკავშირი, ვუყურებ ფეხბურთის ჩემპიონატს, ვხედავ, რომ იქ ლამაზი სტადიონები და ქალაქებია, ადამიანებს კარგი ცხოვრება აქვთქართველები ხომ იცნობენ ევროპას, ნამყოფები არიან იქ, ანუ მე რომ მომწონდეს ევროკავშირი, მაშინ უნდა ვიცოდე, რომ ახლა გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და ეს ძალიან სამწუხაროა ევროკავშირისთვის.

რამ გააკვირვა ევროპა?

პეტერ ფიშერი:  ,,ჩვენ არ ველოდით, რომ ეს გამჭვირვალობის კანონი მიღებული იქნებოდა, რადგან მანამდე ყველამ განვაცხადეთ, რომ ეს კანონი არ არის თავსებადობაში ევროკავშირის წევრობასთან. ჩვენ ველოდით, რომ საქართველო გააგრძელებდა სისტემატიურად იმ გზაზე სვლას, რომელზეც მიდიოდა და რომელზეც ამბობს, რომ მისი გავლა სურს, და რომ საქართველო არ მიიღებდა შეუსაბამო კანონს. 

კიდევ რასაც არ ველოდით იყო ის, რომ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პარტნიორობისა და მეგობრობის შემდეგ, უცებ როგორღაც საქართველოსთვის საშიშები გავხდით, თურმე საქართველოს ვმტრობთ, საუბარია გლობალური ომის პარტიაზე და ლიბერალურ ფაშიზმზე.

გლობალური ომის პარტია თუ გლობალური მშვიდობის კავშირი?

პეტერ ფიშერი: ,,ევროკავშირი არ არის ომის პარტია, ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია. ევროკავშირი მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე შეიქმნა, ის წარმოადგენს პასუხს გადაჭარბებულ ნაციონალიზმზე, რასიზმზე, ფაშიზმზე, გენოციდზეეს ყველაფერი ხომ უკვე ვნახეთ ჩვენ კონტინენტზე.

,,როდესაც მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებიდან ჯერ კიდევ კვამლი ამოდიოდა და მილიონობით ადამიანი იყო დაღუპული, ჭკვიანმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო სხვა პოლიტიკა, სხვა საერთაშორისო წესრიგი. მათ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ნაციონალიზმის შემცირება და კოოპერაციის გაძლიერება, რომ უმთავრესი მიზანი იყო მშვიდობა და ომის თავიდან აცილება. 

ეს არის ევროკავშირი, ამიტომ ვართ გლობალური მშვიდობის პარტია. ევროკავშირი არის ჩვენი საუკეთესო გადაწყვეტილება, ჩვენი გარანტია მშვიდობის, დემოკრატიის, თავისუფლებისა და კარგი საზოგადოებრივი განვითარების, ბედნიერი საზოგადოების. 

აბა, ,,სუსტდებადა ,,იშლებაო“?

პეტერ ფიშერი : ,,შეიძლება სხვადასხვა წარმოდგენები გვქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეკონომიკა ვითარდება, ადამიანებს აქვთ სამსახური, ფული, საზოგადოებაში სოციალური ურთიერთობები ვითარდება და ადამიანებს შორის განსხვავებები უსამართლოდ არ აღიქმება. კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიზანს ჩვენთვის წარმოადგენს ჩვენი ბუნებრივი საცხოვრებელი პირობების დაცვა. ამ ყველაფერს ევროკავშირი სთავაზობს თავის წევრებს.

,,ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ევროკავშირის წევრები ვართ. ჩვენ უკვე დიდი ხანია, ამ გაერთიანებაში ვართ და ეს ჩვენთვის უდიდესი ბედნიერებაა. პოლონელებს, ან ჩეხებს ჰკითხეთ, გნებავთ უნგრელებსაცრას გეტყვიან ევროკავშირში გაწევრიანებაზე. გეტყვიან, შეხედეთ როგორი იყო ჩვენი ქვეყნები მანამდე და როგორია ახლა. ეს არის ბედნიერება და პრივილეგია. 

იმასაც ამბობენ  ევროპა იცვლებაო?

პეტერ ფიშერი: ,,არის მატება მემარჯვენე ექსტრემისტულ პარტიებში, მაგრამ მემარჯვენე ექსტრემისტებს ძალაუფლება არ აქვთარც ევროპარლამენტში და არც საფრანგეთში. ყველგან, გერმანიაშიც, საქართველოშიც, ამერიკაშიც გვაქვს საინფორმაციო გარემო, რომელიც ძალიან კომპლექსურია და რომელშიც ბევრი ისეთი ადამიანი ტრიალებს, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას. მაგალითად რუსეთს ჰყავს მთელი ჯარი იმ ადამიანებისა, რომლებიც მხოლოდ იმისთვის მუშაობენ, რომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ და ეს ყველა ინფორმირებულმა ადამიანმა იცის. ერთერთი ასეთი არასწორი ინფორმაცია, როდესაც ამტკიცებენ, რომ ევროპა ცუდია, რომ ევროპა მალე დაინგრევა, რომ ძალიან ლიბერალურია და ყველას იმის კეთებას აძალებს, რისი კეთებაც არ უნდათ. ეს არის სრული დეზინფორმაცია.

მაინც გვაქვს პერსპექტივა 2030 წლისთვის?

პეტერ ფიშერი: ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ გავაფართოვოთ მშვიდობისა და სტაბილურობის სივრცე, მაგრამ ევროკავშირი საქართველოს გარეშეც გააგრძელებს ცხოვრებას. რას გააკეთებს საქართველო ევროკავშირის გარეშე? რა არის სხვა ალტერნატივა? არის ეს ის, რაც ქართველებს უნდათ? ქართველებმა ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. მათი გადაწყვეტილება ჩემი საქმე არ არის, მაგრამ საქართველომ შეიტანა განაცხადი გაწევრიანებაზე, ჩვენ მივეცით მას კანდიდატის სტატუსი. ყველამ იცის წესები, ყველაფერი წერილობითაა დაფიქსირებული, შეგიძლიათ ხელშეკრულება წაიკითხოთ, კოპენჰაგენის კრიტერიუმები, გადაწყვეტილებები, ფეისბუქის ჩვენ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაც. 

,,თურქეთიც არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ ამასობაში თურქეთთან ევროკავშირმა ოფიციალურად გააჩერა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ჩვენ ვთქვით, რომ ამჟამად აღარ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რადგან დავინახეთ, რომ მაგალითად ვეუბნებოდით თურქეთსაუცილებელია დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, ის კი გვეუბნებოდა, არ მინდაო. შემდეგ პუნქტზე მოლაპარაკებებისას თურქეთი ამბობდა, არ გვინდა მივესადაგოთ, ჩვენ თურქეთში სხვანაირად გავაკეთებთო. მივედით იქამდე, რომ ვთქვით, მაშინ თურქეთი ვერ გახდება წევრი და გავაუქმეთ მოლაპარაკებები. ახლა ვაკვირდებით, რა სიგნალებს გამოგვიგზავნის საქართველო. თუ საქართველომ გამოგვიგზავნა სიგნალი, რომ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, მაშინ პროცესი განახლდება, თუ კი საქართველო ევროკავშირის საწინააღმდეგოდ მოიქცევა, არაპარტნიორულ განცხადებებს გააკეთებს, მაგალითად, რომ ევროკავშირი სუსტია, ცუდია, დეკადენტურია, მაშინ არავინ დააძალებს მას ევროკავშირში გაწევრიანებას.

,,ჩვენ ვართ დემოკრატიების კლუბი, ჩვენ არ გვინდა არადემოკრატები, არ გვინდა, ეს არ არის ჩვენი კლუბის ნაწილი. ეს იგივეა, როგორც ჩოგბურთის კლუბი, სადაც ყველას თეთრი ტანისამოსი აცვია. ამ დროს მოდის ვიღაცა და ამბობს, მე მინდა იისფერი ვატაროო. ასეთ შემთხვევაში ეუბნებიან, არა, გმადლობ, სხვა კლუბში უნდა წახვიდე. ასეთ შემთხვევაში ქართველები უნდა დაფიქრდნენ, კიდევ სხვა რა კლუბები არსებობს იისფერი მაისურის ჩასაცმელად. 

ამგვარად პირველი პუნქტია: მე არ ვერევი არჩევნებში. ეს პროფესიული სტანდარტია და მე ყოველთვის ვცდილობ, ქართველ მეგობრებს კარგი პროფესიული სტანდარტი შევთავაზო. მეორე პუნქტი: არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი, თუ საქართველოს უნდა, რომ წინ წაიწიოს ევროკავშირის მიმართულებით. ვისურვებდი, რომ საქართველოს მოქალაქეები კარგი ინფორმაციების საფუძველზე წავიდნენ არჩევნებზე, რომ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, როდესაც გადაწყვეტილებას იღებენ. არჩევნები დემოკრატიაში არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან წარმოადგენს ძალიან დიდ ძალაუფლების ინსტრუმენტის, რომელიც თითოეული ადამიანის ხელშია. ხშირად ვხვდები საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, მე რა უნდა ვქნა, მე არაფერი შემიძლია, ეს ხომ პოლიტიკოსების საქმეაო. არა, დემოკრატიაში ადამიანმა შეიძლება გადაწყვიტოს, ვის ექნება ძალაუფლება და როგორი იქნება ქვეყნის მომავალი.

უკრაინაზე რუსეთის  თავდასხმის შემდეგ ევროკავშირმა გადაწყვიტა გაფართოების ბოლო ეტაპის უფრო დაჩქარება.  ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობის, დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული, განვითარებული სივრცე კიდევ უფრო გაფართოვდეს და მოიცვას ის ქვეყნები, რომლებიც ევროპად ითვლება. ამ ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყანა. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ჩვენი მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების სივრცე საკმარისად კარგია, მაშინ არსებობს შანსი, რომ ეს გაფართოება 2030 წლამდე დავასრულოთ. ეს ფანჯარა საქართველოსთვის კიდევ ღიაა, გერმანიაც ასე ფიქრობს.