"გარიგება ორ მოავტორიტარო რეჟიმს შორის“ - გიორგი მელაშვილი საქართველოსა და უნგრეთის მმართველობის პარალელებზე

პუბლიკა

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილმა Information Integrity Coalition-ის მიერ გამართული სესიების ფარგლებში სხვადასხვა სპიკერებთან ერთად ისაუბრა ქვეყნების გამძლეობაზე დემოკრატიული უკანდახევის პირობებში.

„პუბლიკამ“ გიორგი მელაშვილთან ჩაწერა ინტერვიუ საქართველოსა და უნგრეთის მაგალითებზე, ორი ქვეყნის მმართველობის მოდელებზე.

გიორგი მელაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნგრული მოდელი ერთგვარ მაგალითად აქცია, თუმცა ამის მიზეზი არც იდეოლოგიური მსგავსება და არც „ოცნების“ ორბანისადმი სიმპათია იყო.

„ყველაფერი ძალიან პრაგმატულად მოხდა. ქართული ოცნება ყოველთვის ცდილობდა გარკვეული იდეოლოგიური ნარატივების შექმნას და გამოყენებას. უფრო მეტად გამოყენებას, ვიდრე შექმნას. თავიდან, თუ გავიხსენებთ, ქართული ოცნება იყო საკმაოდ მემარცხენე პარტია. იყო სოციალისტური ინტერნაციონალის წევრი, ევროპის სოციალისტური  გაერთიანების წევრი და ა.შ. მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი მიხვდნენ, რომ ამ გაერთიანების იდეოლოგიას პოპულისტურად ვერ გამოიყენებდნენ ისე, როგორც ულტრამემარჯვენე იდეოლოგიას და სწორედ აქედან წარმოიშვა ეს იდეოლოგიური კავშირი ორბანსა და ქართულ ოცნებას შორის“, – ამბობს გიორგი მელაშვილი.

მისი შეფასებით, ქართული და უნგრული მმართველობა პოპულისტური რეჟიმებია, რომლებიც ცდილობენ, „მიმიკრია განიცადონ და მიესადაგონ იმ საზოგადოებას, რომელშიც ოპერირებენ“.

„დღეს „ქართულ ოცნებას“ სჯერა, რომ ულტრამემარჯვენე, გარკვეულწილად, რადიკალური, ნაციონალისტური ნარატივები არის ის, რაც მოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე. თუ ხვალ დაიჯერებენ, რომ ულტრალიბერალური ნარატივები უკეთესად იმუშავებს, ხვალვე დაუმეგობრდებიან ნებისმიერ სხვა რეჟიმს. ეს არ არის სიყვარულით ქორწინება, ეს არის ძალიან პრაგმატული, ძალიან კონკრეტული გარიგება ორ მოავტორიტარო რეჟიმს შორის და ორივეს ჰგონია, რომ მათ მიაგნეს ოქროს გასაღებს საკუთარი საზოგადოების სამართავად“, – გვეუბნება გიორგი მელაშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ უნგრეთში, საქართველოს მსგავსად, მელაშვილის შეფასებით, ორბანის რეჟიმი ცდილობს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის შეზღუდვად და იმ დადებითი გავლენის შემცირებას, რომელიც გააჩნია დასავლეთს დემოკრატიისა და ფასეულობების კუთხით. ორბანმა უნგრეთში „სუვერენიტეტის დაცვის აქტი“ აამოქმედა.

„ვიცით, რომ რუსული [უცხოური გავლენის აგენტების შესახებ] კანონი, თავდაპირველად მიიღეს რუსეთში და მისი თავდაპირველი ვერსია იყო ბევრად უფრო ლმობიერი, ვიდრე ქართული ან უნგრული კანონი. შემდეგ იყო ამ კანონის მიღება უნგრეთში, სადაც ჩაერია ევროპული სასამართლო, რომელმაც ეს კანონი გააუქმა, რადგან ის იყო შეუსაბამო ევროკავშირის ფასეულობებთან, შესაბამისად ორბანის პირველი მცდელობა არ იყო წარმატებული, მაგრამ ავტორიტარულ რეჟიმებს რამე თუ ახასიათებთ, ეს არის გამეორების მცდელობა, შესაბამისად, ორბანი უკვე ცდილობს, რომ შერბილებული კანონით მიაღწიოს იმ მიზნებს და ამოცანებს, რომლებიც ჰქონდა რუსული კანონის უნგრულ ვერსიასთან მიმართებით. კანონები პრინციპში იდენტურია“, – ამბობს გიორგი მელაშვილი.

მისი შეფასებით, ორბანისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმები ცდილობენ ჩაკეტონ საქართველო თუ უნგრეთი საკუთარ ნაჭუჭში, სადაც რეჟიმს აქვს აბსოლუტური ძალაუფლება.

„ამ რეჟიმმა მოახერხა სხვა აქტორების დისკრედიტაცია და შესაბამისად, თუ არ იქნება გარე დადებითი გავლენა, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მიტაცება საბოლოოდ გაფორმდება. ეს უნდა ორბანსაც და ეს უნდა ქართულ ოცნებასაც“, – ამბობს გიორგი მელაშვილი.

კანონმდებლობებში მსგავსებას დავინახავთ ჰომოფობიური კანონების მიმართულებითაც. გიორგი მელაშვილის შეფასებით, მსგავსი კანონები ემსახურება ადამიანის უფლებების ნელ-ნელა შეკუმშვასა და ავტორიტარული ძალაუფლების მაქსიმალურ განმტკიცებას.

„უნგრეთმა აირჩია ულტრამემარჯვენე მიდგომა, რომლის მთავარი მიზანი ადამიანის უფლებების შეზღუდვაა. ეს უფლებები შეძლება იყოს სრულიად განსხვავებული. პირადი ცხოვრება იქნება, თავისუფალი მედია თუ სხვა, მაგრამ საბოლოო ჯამში მთავარი მიზანი არის უფლებების ნელ-ნელა შეკუმშვა და ავტორიტარული ძალაუფლების მაქსიმალური განმტკიცება. ჩვენ ამას ვეძახით ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას. ეს უნდა ორბანს და ეს უნდა „ქართულ ოცნებას“. სრულიად გასაგებია ის კანონები, რომლებიც მიღებულია უნგრეთსა თუ  საქართველოში – ორივე მათგანის მოდელი არის ავტორიტარიზმი. ავტორიტარიზმის მთავარი წყარო დღევანდელ ევროპაში არის რუსეთი, თუმცა რუსეთის ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ამ კანონების დიდი ნაწილი მომდინარეობს ჯერ კიდევ საბჭოთა ტოტალიტარული წარსულიდან, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, განსხვავება ავტორიტარიზმსა და ტოტალიტარიზმში არის სახელმწიფოს მიერ ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის დონე. რაც უფრო მეტად ჩაერევა სახელმწიფო ადამიანის პირად ცხოვრებაში, მათ შორის ფილმებიდან კადრების ამოჭრით, წიგნების ცენზურირებით… ჩვენ ვნახეთ, რომ გერმანიაში ეს პროცესი დამთავრდა წიგნების დაწვით. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ დონემდე არ მივალთ. ავტორიტარიზმის შეჩერების კონკრეტული მაგალითები, მაგალითად პოლონეთიდან ჩვენ უკვე გვაქვს. მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ავტორიტარს უნდა თავისუფალი აზრის გაჩერება. ზუსტად ეს მიზანი აქვს უნგრულ კანონებს და ქართულ კანონებს, რომლებიც საბოლოო ჯამში მოდელირებულია რუსული კანონებიდან“, – გვეუბნება გიორგი მელაშვილი.

მელაშვილის განმარტებით, თავისუფალი მედია და სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერ სახელმწიფოში თავისუფალი აზრის მთავარ მცველებს წარმოადგენენ, შესაბამისად, ისინი ავტორიტარული რეჟიმის სამიზნე ხდებიან.

 

„ორგანიზაციები, რომლებსაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებს, ორგანიზაციები რომლებიც ოპერირებენ  საკუთარი სინდისიდან გამომდინარე ყოველთვის არის საფრთხე ნებისმიერი ავტორიტარისთვის. ავტორიტარები ცდილობენ, რომ ყველანაირად შეზღუდონ, დისკრედიტაცია გაუწიონ და მათ შორის ფიზიკურადაც ხელი შეუშალონ მათ ოპერირებაში. რუსული კანონის ქართულ ვერსიაში ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ იმ დრაკონულ ჯარიმებს 25 000 ლარის სახით, რომელთა იმპლემენტაციისთვის სახელმწიფო უკვე მზად არის. ყველაფერი ეს მიზნად ისახავს ფიზიკურად ნებისმიერი წინააღმდეგობის გაჩერებას“, – ამბობს გიორგი მელაშვილი.

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თავმჯდომარის შეფასებით, ავტორიტარულ რეჟიმებს სჭირდებათ მტრის ხატი – სწორედ ასე იხსნება საქართველოსთვის „გლობალური ომის პარტიის“, ხოლო უნგრეთისთვის ბრიუსელის მტრად წარმოჩენის შემთხვევა.

„ყველა ავტორიტარი ეძებს გარე მტერს. დაწყებული სტალინიდან, რომელმაც მოძებნა ტროცკი, საბოლოოდ ეს კარგად აღწერა ორუელმა თავის წიგნში „ცხოველების ფერმა“. საბოლოო ჯამში, ავტორიტარს სჭირდება მტერი, როდესაც ქვეყნის შიგნით ხდება ძალაუფლების კონსოლიდაცია და თავისი საფრთხობელები, რომლებიც ამდენ ხანს ჰქონდა აღარ მოქმედებს, ის იწყებს ძლიერი მტრის მოძიებას. საქართველოს შემთხვევაში თავიდან ეს იყო „გლობალური ომის პარტიის“ კონსპირაცია, რომელიც არაფერს არ ეფუძნება. უნგრეთის შემთხვევაში ეს არის ბრიუსელი. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული კრიტიკის საფუძვლები, რომლებიც შეიძლება ჩვენ მოვძებნოთ ნებისმიერი ადამიანისა თუ სტრუქტურისადმი, მაგრამ ის თუ როგორ ხდება ამ კრიტიკის გამოყენება ორბანის მთავრობის მიერ, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ყველაფერს აქვს მხოლოდ ერთი ამოცანა – ავტორიტარული ძალაუფლების განმტკიცება“, – ამბობს გიორგი მელაშვილი.

გიორგი მელაშვილი ასევე საუბრობს მომავალ არჩევნებზე და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ქართული ოცნება არ წარმოადგენს ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიას, არამედ პოლიტიკურ ძალას, რომელიც აშორებს საქართველოს ევროკავშირს.

„როდესაც ამას გავიაზრებთ, უნდა დავიწყოთ მოქმედება. ყველა ადამიანს ჰყავს ახლობლები, ნათესავები, რომლებიც შეიძლება მერყეობდნენ, ჯერ კიდევ ვერ იაზრებდნენ, რომ „ქართული ოცნება“ არის ბოროტი ძალა. ყველა ჩვენგანის მოვალეობაა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ჩვენგანის შესაძლებლობები და დავარწმუნოთ ადამიანები, რომ გააკეთონ სწორი არჩევანი და ხმა მისცენ საქართველოს ევროპულ მომავალს“, – ამბობს გიორგი მელაშვილი.

მისი შეფასებით, საქართველო რბილი ავტორიტარიზმის რეჟიმს წარმოადგენს და საუბრობს საარჩევნო მოდელებზე, რომლებმაც შესაძლოა, საქართველოში იმუშაონ. 

„არსებობს ორი გზა, თუ როგორ შეიძლება ავტორიტარიზმის დამარცხება. არის ვარიანტი, როდესაც ხდება ყველას გაერთიანება ერთის წინააღმდეგ – ჩვენ საქართველოში ეს რამდენჯერმე ვნახეთ. მეორე ვარიანტი არის, ე.წ. პოლონური მოდელი, როდესაც ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან გარკვეულ დონეზე კოორდინირებენ, თუმცა არჩევნებზე გადიან სამი ან ოთხი განსხვავებული პოლიტიკური პარტიის სახით. ორივე მოდელს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები. ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ პოლონურმა მოდელმა უფრო დიდი სიცოცხლისუნარიანობა აჩვენა რბილი ავტორიტარიზმის პირობები და საქართველო ჯერჯერობით არის უფრო რბილი ავტორიტარიზმი. აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესოა, როგორ შეიძლება პოლონური გამოცდილების გამოყენება საქართველოში და საბოლოო ჯამში, ჩვენ რასაც ვხედავთ ქართულ რეალობაში, სადაც ჩვენ გვაქვს 4 ძირითადი პოლიტიკური ცენტრი, ესეც არის ზუსტად ამ პოლონური მოდელის გარკვეული ნაირსახეობა“, – გვეუბნება გიორგი მელაშვილი.