ჯანდაცვის სამინისტრომ ათობით სოციალური მუშაკი კადრების სიმწირის ფონზე სამსახურიდან გაათავისუფლა. ამ საკითხზე უწყებების პასუხები კვლავ ბუნდოვანი და ურთიერთგამომრიცხავია. როგორ ასაბუთებს სამინისტრო მათ გათავისუფლებას? რა კრიტერიუმებით შეფასდნენ სოცმუშაკები? რას გეგმავენ გათავისუფლებულები?
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობისა და მზრუნველობის ფუნქცია-მოვალეობები გადაეცა ახალ სსიპ-ს – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს 205 სოციალური მუშაკი მუშაობას ახალ სააგენტოში აგრძელებს.
თუმცა ახალ სააგენტოში გადასვლამდე სამინისტრომ ათობით გამოცდილი სოციალური მუშაკი გაათავისუფლა (უწყების ინფორმაციით, გათავისუფლებულია 28, ხოლო „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ ცნობით, სამსახურის გარეშე 33 ადამიანი დარჩა).
სოცმუშაკთა სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა მათ მხარდასაჭერად. აქციის მონაწილეები სოცმუშაკების უკონკურსოდ აღდგენას მოითხოვდნენ.
„პუბლიკასთან“ სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ წარმომადგენელი ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ გათავისუფლებულთა 90% სამართლებრივ დავას განაცდურის ანაზღაურებისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით იწყებს. სოცმუშაკთა პროფესიულმა კავშირმა ამ საკითხზე პარლამენტის ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტებსაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
სოციალური მუშაკების გათავისუფლებას წინ კომისიის შექმნა და გასაუბრებები უძღოდა. თუმცა, როგორც ქეთი ხუციშვილი ამბობს, დასაქმებულებმა იცოდნენ, რომ ეს იყო გაცნობითი შეხვედრა და არა გასაუბრება სამსახურის შენარჩუნების მიზნით.
„გასაუბრებას ვერანაირად ვერ მოიყვანდნენ არგუმენტად, იმიტომ, რომ გათავისუფლებულია ისეთი ადამიანიც, რომელიც დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა გასაუბრების დროს და ფიზიკურად ვერ გამოიყენებდნენ გასაუბრებას, როგორც მის შესაფასებელ ინსტრუმენტს. ისიც გაათავისუფლეს“, – ამბობს ქეთი ხუციშვილი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური „პუბლიკასთან“ ინტერვიუში აცხადებდა, რომ 205 სოციალური მუშაკი „უკონკურსოდ გადაინიშნა“ და 28-ს მიეცა ორთვიანი კომპენსაცია, რათა ამ ორი თვის ვადაში, სანამ ტრეფიკინგის სააგენტო ვაკანტურ ადგილებზე კონკურსს გამოაცხადებდა, შემოსავალი ჰქონოდათ. მისივე თქმით, სისტემაში უწყვეტობა რომ შენარჩუნებულიყო, დადგინდა, რომ 205 სოციალური მუშაკი იყო კრიტიკული რაოდენობა.
„კომისიამ ამ კრიტიკულ რაოდენობაზე – 205 სოციალურ მუშაკზე ზოგადი გასაუბრებების შემდეგ დადებითი რეკომენდაცია დადო, დანარჩენზე თავი შეიკავა. ეს იყო, თორემ გათავისუფლება რეორგანიზაციის ფარგლებში ჯდებოდა“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე. მისივე თქმით, კომისია არ იყო ორიენტირებული მათი კვალიფიკაციის დონის შესწავლაზე, „ეს იყო უბრალოდ გასაუბრებები“.
მინისტრის მოადგილის პასუხი კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის, სხვა რა მიზანს ემსახურებოდა გასაუბრებები, თუ არა კვალიფიკაციის შემოწმებას? ასევე, უცნობია, რა მეთოდოლოგიით განისაზღვრა სოცმუშაკთა ეს რიცხვი (205). ისიც გაურკვეველია, თუ 205 სოცმუშაკი „პირდაპირი წესით გადაინიშნა“, რატომ გაათავისუფლეს დანარჩენები, მაშინ, როცა ტრეფიკინგის სააგენტო დამატებით სოციალურ მუშაკებს საჭიროებს. ამას ისიც ადასტურებს, რომ მიმდინარე კვირაში სააგენტო ახალი სოცმუშაკების მისაღებად ვაკანსიების გამოაცხადებას გეგმავს.
ქეთი ხუციშვილის თქმით, გათავისუფლებულმა სოცმუშაკებმა უწყებისგან გამოითხოვეს დასაბუთებები, რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან. მისივე თქმით, დასაბუთებები ერთმანეთის იდენტურია და მასში ნახსენებიც კი არ არის გასაუბრება. „პუბლიკამ“ ერთ-ერთი სოცმუშაკის გათავისუფლების შესახებ დასაბუთება მოიპოვა, რომელშიც წერია:
„მიმდინარეობს ორგანიზაციული ცვლილებების პროცესი, რაც უკავშირდება სამუშაო ძალის შემცირებას“, – დასაბუთებაში ასევე აღნიშნულია, რომ რეორგანიზაცია მიზნად ისახავს ეფექტური მმართველობის, ფუნქციური მოქნილობის ამაღლებისა და სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესებზე შესაბამისი სამსახურების ოპერატიული რეაგირების გაზრდას.
თუმცა ფაქტია, რომ სოცმუშაკები მეორე თვეა, შემცირებული რაოდენობით აგრძელებენ მუშაობას და, სავარაუდოდ, ასე გაგრძელდება აპრილის ბოლომდე. გაზრდილ სამუშაოსთან ერთად მათ სერტიფიცირების პროგრამის გავლაც უწევთ (კვირაში 4 დღე, 5-5 საათი). რაც მათ მუშაობის ხარისხზეც შეიძლება აისახოს. ბენეფიციარებისთვის კი ერთი დღეც შეიძლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
საქართველოს კანონში „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ მითითებულია, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტომ „საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე“.
„პუბლიკამ“ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა შეკითხვით, თუკი სააგენტოში არსებობდა საჭიროება (რასაც ადასტურებს ის, რომ გეგმავენ ვაკანსიების გამოცხადებას), რატომ არ გადავიდა კანონის შესაბამისად უკლებლივ ყველა სოციალური მუშაკი ახალ სააგენტოში უკონკურსოდ?
უწყებაში გვიპასუხეს, რომ „კანონში კი წერია „საჭიროების შემთხვევაში“, მაგრამ არ წერია უპირობო ვალდებულება. უპირობო ვალდებულებასა და საჭიროებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ამ მუხლით, უპირობო ვალდებულება კი არ აქვს სააგენტოს, რომ აიყვანოს ეს კანდიდატები, არამედ აქ წერია „საჭიროების შემთხვევაში“. ამ შემთხვევაში საჭირო იყო ამდენი და აიყვანა ამდენი. დანარჩენზე სააგენტო გამოაცხადებს კონკურსს და სამომავლოდ საჭიროების მიხედვით იმოქმედებს“.
სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დასაბუთებაში ასევე აღნიშნულია, რომ „საკანონმდებლო ცვლილებები მიუთითებდა სოციალური მომსახურების სააგენტოში საორგანიზაციო ცვლილებებზე… რაც აუცილებელს ხდიდა სამუშაო ძალის შემცირებას“.
კანონის განმარტებით ბარათში კი ვკითხულობთ: კანონპროექტი არ უკავშირდება მოცემული მიმართულებით დასაქმებული პირების შემცირებას, არც შესაბამისი ბენეფიციარი პირების მიმართ არ ახდენს რაიმე ფინანსურ გავლენას, რამდენადაც იცვლება მხოლოდ მოცემული ფუნქციის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო. შესაბამისად, კანონპროექტის განხორციელება არ უკავშირდება ფინანსურ დანახარჯებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც კანონპროექტის მოქმედება ვრცელდება.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, მერი მაღლაფერიძე „პუბლიკის“ შეკითხვას – იყო თუ არა გასაუბრებებზე კომისიის წევრი და რა კრიტერიუმებით შეფასდნენ სოცმუშაკები? – აცხადებს, რომ რამდენიმე გასაუბრებას დაესწრო, თუმცა ამბობს, რომ სხვა ორგანიზაციის მიერ თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზებსა და შედეგებზე ვერ ისაუბრებს.
„მე რომელ გასაუბრებებსაც დავესწარი, იმ გასაუბრებებზე სხვადასხვა კრიტერიუმი იყო განხილული, თუმცა არამხოლოდ გასაუბრება, არამედ სხვა საქმის შესწავლაც იყო… დახასიათებები და ა.შ., ჩემთვის რამდენადაც ცნობილია. იქ წარმოდგენილი იყო ქეისები და მათი განხილვა ხდებოდა. სად ხედავენ პრობლემებს, როგორ უნდა განვითარდეს და ა.შ. როგორც გასაუბრებაზე ხდება ხოლმე“, – აცხადებს სააგენტოს დირექტორი. მისივე თქმით, სოცმუშაკებმა იცოდნენ, რომ გასაუბრებას ესწრებოდნენ და არა გაცნობით შეხვედრას.
„სოციალურ მუშაკთა გაერთიანებას“ ახალმა სააგენტომ საკონკურსო კომისიაში მონაწილეობაც შესთავაზა, თუმცა სოცმუშაკები პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ და მას არალეგიტიმურს უწოდებენ.
ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ გათავისუფლებულთაგან შარშანდელ გაფიცვაში, 2 პირის გარდა, ყველა მონაწილეობდა (ამ ორიდან ერთი საგაფიცვო პერიოდში სისტემაში არ მუშაობდა). მისივე თქმით, გათავისუფლებულთაგან 2 პირი პროფკავშირის 9-კაციანი გამგეობის წევრია.
„დანარჩენს რაც შეეხება, ზოგი მეტ-ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ ყველა მონაწილეობდა, მაგალითად, აჭარისა და იმერეთის უფროსი სოციალური მუშაკები რეგიონში პროტესტის ორგანიზატორები იყვნენ“, – აცხადებს ხუციშვილი.
კითხვაზე, – უკავშირებს თუ არა სოცმუშაკთა გათავისუფლებას პროტესტში მონაწილეობას? – ხუციშვილი ამბობს, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო დისკრიმინაციის ერთ-ერთი ნიშანი.
„მაგრამ გადაჭრით ვერ ვიტყვით, იმიტომ, რომ არიან ადამიანები, ვინც არ მონაწილეობდნენ, მაგრამ შესაძლოა ისინი განზრახ მოაქციეს გათავისუფლებულების სიაში, რომ ამ ნიშნით დისკრიმინაცია არ დადგინდეს. დარწმუნებული ვარ, რომ მამხილებელი ადამიანები არ სჭირდება სისტემას, მაგრამ ამას დასაბუთება სჭირდება, რომ ეს ხმამაღლა და მტკიცებით ფორმაში ვთქვა“, – ამბობს ქეთი ხუციშვილი.