დეკემბრის ბოლოს ჯავახეთის ზოგიერთ სოფელში ჩასვლას ან დიდი გამართლება სჭირდება, ან სამცხე-ჯავახეთის ხალხების ყველა ღმერთის დახმარება. ცივი და თოვლიანი ამინდის გამო ხშირად ჯავახეთის სოფლებისკენ მიმავალი გზა იკეტება. მაგრამ ეს რეგიონი, სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის თავშეყრის ადგილი, თავისი რთული ისტორიით, საოცარი ბუნებით და საინტერესო ადამიანებით ყოველთვის მხიბლავდა. არ ვიცი, რომელი მიზეზით, მაგრამ დეკემბრის ბოლო დღეებში გზა თავისუფალია და საქართველოში მდებარე ყველაზე დიდი ტბის პირას გაშენებულ სოფელ ფოკაში ჩავდივარ.
რაც უფრო ვუახლოვდებოდი სოფელს, მით უფრო ეცემა ტემპერატურა. ჯავახეთის ყვითელი და გამხმარი ველები ნელ-ნელა თეთრი, ყინულით დაფარული ხდება. ფარავნის ტბასაც ვხედავ – ამჯერად ის ველებში გაჭიმული უზარმაზარი ყინულის მასაა.
სოფელი ფოკა – ეს ადგილი ბევრისთვის დედათა მონასტრის გამოა ცნობილი. მე კი მინდოდა გამეგო, როგორ ცხოვრობენ ფოკაში, ფარავნის ტბის პირას. რაც რთული და საბოლოოდ მაინც შეუსრულებელი მისია აღმოჩნდა.
სოფელ ფოკაში და ტბის მიმდებარედ სხვა სოფლებშიც ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. ქართული ძირითადად არ იციან, ასევე, ცოტამ იცის რუსული. მხოლოდ სომხურად საუბრობენ.
სოფლის ცენტრში ჩამოვდივარ. ტემპერატურა უკვე -2-ს აღწევს. პირველივე შემხვედრს ვესალმები და ვეკითხები, საუბრობს თუ არა ქართულად. ერთმანეთის არ გვესმის. გზას სკოლისკენ ვაგრძელებ. სკოლასთან ხანში შესული კაცი დამტვრეული ქართულით მიმასწავლის, როგორ უნდა გავაგრძელო გზა ტბისკენ და თან მაფრთხილებს, რომ სოფელში ბევრი ძაღლია და ეს საკმაოდ საშიშია. მიმოვიხედე, არცერთ სახლს არ აქვს შემოსაზღვრული ეზო, ანუ ძაღლებს ადვილად შეუძლიათ ჩემი ხელში ჩაგდება. მაინც ვაგრძელებ გზას და ორიოდე წუთში ტბის პირას ვდგავარ. უზარმაზარ, გაყინულ ტბას თვალს ძლივს ვაწვდენ. მაგრამ ამ მშვენიერ ხედს ერთი ნაკლი აქვს – მებადურები, რომლებიც ზამთარში გაყინულ ტბაში თევზაობენ, ახლა არსად ჩანან.
რამდენიმე გამვლელს ვაჩერებ და ვცდილობ გამოლაპარაკებას. არცერთს არ ესმის ქართული, ჩემი და მათი დამტვრეული რუსულიც კომუნიკაციისთვის საკმარისი არაა. ერთ ქვეყანაში თანამოქალაქეები ერთმანეთს ვერაფერს ვაგებინებთ. გამოსავალზე ვფიქრობ.
ქუჩაში ერთ ბიჭს მოვკარი თვალი. ბიჭს გორგორი ჰქვია. ქართულად ნორმალურად საუბრობს. როცა სამხედრო სამსახურში ვიყავი, მაშინ ვისწავლეო.
გორგორი იღიმის და მეუბნება, რომ დავაგვიანე და მეთევზეებს ახლა ტბაზე ვეღარ ვიპოვი, რადგან თევზაობის სეზონი დასრულდა. მიყვება, რომ სოფელში მოხუცი გარდაიცვალა და ახლა ხალხი მას გლოვობს, ამიტომ ტბაზე სათევზაოდ მაინც არავინ გავაო. გორგორს მაინც ვთხოვ, რომ იქნებ მაპოვნინოს ვინმე, გაყინულ ტბაში რომ თევზაობს. ცოტა ხანში „ჟიგულიში“ ვსხდებით და სოფელ ფარვანასკენ მივდივართ.
მთავარი გზიდან ტბისკენ გადავუხვიეთ, ვერ ვხვდები, სად მიწაა და სად ტბა. გორგორს ხუმრობით ვეკითხები – იმედია, ახლა ჩვენ ყინულზე არ ვმოძრაობთ-მეთქი. არ ვიციო, მპასუხობს ღიმილით.
საბოლოოდ ვხედავთ მებადურებს. ტბაზე პირველი ნაბიჯი ნამდვილად შთამბეჭდავია. თავში სულ ერთი კითხვა მიტრიალებს – რამდენი სანტიმეტრია ყინულის ზედაპირი და საიდან იციან, რომ ჩვენ გაგვიძლებს.
თითქმის ტბის შუაგულში ფეხზე მყარად ვდგები და ახლა ხმამაღლა ვკითხულობ, ყინული ხომ არ ჩატყდება-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, შეკითხვა დაგვიანებულია. გორგორი მებადურს უთარგმნის სომხურად. მებადურიც მხრებს იჩეჩავს, არ ვიციო, ამბობს. მეთევზე მიყვება, რომ ორდღიანი ყინვის შემდეგ ტბაზე გადიან ხოლმე. ყინულის სისქეს არ ზომავენ. რამდენიმე წუთში ყველას რაღაც ხმა გვესმის ფეხებს ქვემოთ – ყინულის, თითქოს გაიბზარა. სასწრაფოდ კამერას და შტატივს ხელში ვიღებ და მოშორებით გავდივარ. მეთევზეები ხმამაღლა იცინიან.
თურმე ბევრი შემთხვევა ყოფილა, სათევზაოდ გასული მეთევზე უკან რომ არ დაბრუნებულა. რამდენიმე წლის წინ კი ყინულის თხელი ზედაპირი ჩატეხილა და 4 ძმა ერთად დაღუპულა.
ამ უსიამოვნო კითხვა-პასუხს მალე ვივიწყებ. მინდა, რომ მომიყვნენ, თევზაობაზე და სხვა ამბებზეც, რისი თქმაც სურთ. მეთევზეები ამბობენ, რომ მხოლოდ სომხურად საუბრობენ და საერთოდაც, სურვილი არ აქვთ კამერასთან ლაპარაკის. კამერის მიღმა კი მხიარულდებიან. ტბის ზედაპირზე ამოჭრილ ყველა ორმოსთან მიმყვებიან და რამდენ თევზსაც დაიჭერენ, იმდენჯერ მეძახიან, გადაიღეო. სიცივისგან სხეულს ვერ ვგრძნობ და მაინც დავრბივარ ორმოდან ორმოსკენ.
დღეს მებადურებს არ უმართლებთ, თევზი ძალიან ცოტაა. ახალი წლისთვის ვემზადებით, თევზი გვჭირდებაო, მეუბნებიან.
სოფლისთვის ტბა საკრალური მნიშვნელობისაა. ტბა მათთვის თავის რჩენის ერთ-ერთი გზაცაა. წლის თითქმის ყველა სეზონზე ნახავთ ტბაში სათევზაოდ შესულ მეთევზეებს. გარდა ამისა, ადგილობრივები მიწას ამუშავებენ და ძირითადად კარტოფილი მოჰყავთ, რომელსაც მერე ჰყიდიან. ჰყავთ საქონელიც. გორგორი ამბობს, რომ რუსეთში აპირებს სამუშაოდ წასვლას. ვარაუდობს, რომ იქ მაღაზიაში იმუშავებს კონსულტანტად და ფულს დააგროვებს.
ტბაზე მხოლოდ 15 წუთი ვჩერდები. ეს იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ძლიერი ქარია, წონასწორობის დაცვაც კი მიჭირს. გორგორიც მირჩევს, რომ დავტოვოთ ტბა. მალე ისევ მანქანაში ვჯდებით. მაგრამ მანქანა გაყინულია და ვერ ვძრავთ. გორგორი ვიღაცას ურეკავს დახმარებისთვის. მალე ჰორიზონტზე მანქანა ჩნდება და ჩვენც სამშვიდობოს გავდივართ.
ტბიდან კარლენ მაკრტჩიანის სახლში ვხვდები. სახლი საახალწლოდ მოურთავთ – პატარა ნაძვის ხე, ილუმინაციები, ტკბილეული, კონიაკი – ყველაფერი მზადაა ახალი წლისთვის.
კარლენის მამა, სასუნი საინტერესო მოსაუბრე ჩანს. ვეკითხები, რა გინდათ, რომ ახალი წლიდან თქვენს ცხოვრებაში და თქვენს სოფელში შეიცვალოს-მეთქი. ჩვენ ყველას ფული გვინდა, მერე ალბათ ყველაფერი იქნებაო, მპასუხობს.
მაინტერესებს, იციან თუ არა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, თუ იღებენ ამგვარ ინფორმაციას და რა არხებით. სასუნი ამბობს, რომ არ იცის, რა ხდება ქვეყანაში, ტელევიზიაც მხოლოდ სომხურია. სასუნმა მხოლოდ ის იცის, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, რადგან გასულ წელს მას მისცა ხმა. ამბობს, რომ სოფელში ხალხი ხმას იმას აძლევს, ვისაც ადგილობრივი მთავრობა ურჩევსო. მისი თქმით, ისინი ვერანაირ ინფორმაციას ვერ იღებენ ამა თუ იმ კანდიდატის შესახებ და შესაბამისად, გადაწყვეტილებასაც მმართველი პარტიის სასიკეთოდ იღებენ. სასუნი აღნიშნავს, რომ მისი ცოლი, ლუსინე სკოლაში მუშაობს, თუ არჩევნებზე არ წავა და მათ ხმას არ მისცემს, მაშინ ლუსინეს სკოლიდან გაუშვებენ.
ჩვენს საუბარს კარლენი უსმენს. შემდეგ მეუბნება, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ბოლო პერიოდში თბილისში იყო ჩამოსული „რაღაცის“ აღსანიშნავად.
ლუსინე, კარლენის დედა, მოშორებით ზის. კარლენი ამბობს, რომ დედას არ ესმის ჩვენი ქართულ-რუსული საუბარი და ხანდახან უთარგმნის. მინდოდა, რომ ლუსინეს ესაუბრა, მოეყოლა თავისი ამბები, მაგრამ გორგორი მაფრთხილებს, რომ ეს აქ შეუძლებელია, არავინ დათანმხდება, რადგან ქმრები გაბრაზდებიან, არ მოეწონებათ ცოლების საუბარი და ამის უფლებას არ მისცემენ. „ქალები კამერასთან არ ილაპარაკებენ“ – ამბობს გადაჭრით გორგორი. ჩემი ბოლო გაბრძოლებაც, რომ ვინმე ჩამეწერა, ასე დასრულდა.
ვემშვიდობები მაკრტჩიანების ოჯახს და ისევ სოფელში გავდივართ, ისევ ტბის სანაპიროზე აღმოვჩნდით. ტურისტები მოდიან, ხმაურობენ. გორგორი გიდს ეუბნება, რომ სოფელში გარდაცვლილია და ტურისტები გააფრთხილოს, არ იხმაურონ. გიდი აფრთხილებს, თუმცა მათი მხიარული ხმები კვლავ ძალიან ხმამაღალია და მკვეთრად ისმის მდუმარებით მოცულ, გაყინულ სოფელში. გორგორი და კარლენი ბრაზობენ, ჩუმად ბუზღუნებენ და მეუბნებიან, რომ მე კარგი ვარ, რადგან ჩუმად ვარ და პატივს ვცემ.
მივხვდი, რომ იქაური სიკვდილიც ნამდვილი სიკვდილია, ჩუმი და მგლოვიარე.
საღამოს თოვა დაიწყო, ეზოებშიც აღარავინ ჩანს. ყველამ მოითავა საქმე და სახლებში შეიკეტა. მხოლოდ აქა-იქ ძაღლების ყეფა არღვევს ამ მდუმარებას. თავს უხერხულად ვგრძნობ ბიჭებთან. ვფიქრობ, რომ მათი ერთი დღის მყუდროება დავარღვიე. მალევე ვემშვიდობები და უკან ვბრუნდები.