ღია წერილი ნოამ ჩომსკისა და მის თანამოაზრე ინტელექტუალებს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ

ბერკლის უნივერსიტეტის ბლოგზე უკრაინელმა ეკონომისტებმა ღია წერილით მიმართეს ცნობილ ამერიკელ ენათმეცნიერს, ისტორიკოსსა და ფილოსოფოსს, ნოამ ჩომსკის და მის თანამოაზრე ინტელექტუალებს. „პუბლიკა“ წერილის თარგმანს გთავაზობთ.


ძვირფასო პროფესორო ჩომსკი,

ჩვენ, უკრაინელი აკადემიკოს-ეკონომისტები შეწუხებულნი ვართ თქვენი ინტერვიუებითა და კომენტარებით უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ. გვჯერა, რომ თქვენი საჯარო მოსაზრებები ამ საკითხზე ხელს უშლის რუსეთის გაუმართლებელი შემოჭრის, იმ სიკვდილისა და ტანჯვის დასრულებას, რომელიც მან შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში.

თქვენი ინტერვიუების გაცნობისას შევნიშნეთ, რომ თქვენი არგუმენტები რამდენიმე მცდარ მოსაზრებას ეყრდნობა. ამიტომ გვსურს, ზემოთ ხსენებულის ნიმუშებზე მიგითითოთ და დავურთოთ ჩვენი მცირე პასუხებიც.

ნიმუში #1: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უარყოფა

ჯერემი სკაჰილთან ინტერვიუში (The Intercept) 14 აპრილიდან ამტკიცებდით: „სინამდვილეში ყირიმის საკითხი აღარ განიხილება. ეს ჩვენ შეიძლება, არ მოგვწონდეს. ყირიმელებს, როგორც ჩანს, ეს მოსწონთ“.

გვსურს, თქვენი ყურადღება რამდენიმე ისტორიულ ფაქტს მივაპყროთ:

პირველ რიგში, 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსიით დაარღვია ბუდაპეშტის მემორანდუმი (რომელშიც ის პირობას დებდა, რომ პატივს სცემდა და დაიცავდა უკრაინის საზღვრებს, მათ შორის ყირიმს), ასევე დაარღვია ხელშეკრულება მეგობრობის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ (რომელსაც რუსეთმა უკრაინასთან ერთად იმავე პირობით მოაწერა ხელი 1997 წელს), ხოლო გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი.

მეორე, „ყირიმელები“ არ გახლავთ ეთნიკური ჯგუფი ან ხალხთა ერთობა – ყირიმელი თათრებისგან განსხვავებით. ესენი არიან ყირიმის მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც სტალინმა 1944 წელს გადაასახლა (მათ შინ დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ მოახერხეს, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა), მათ ისევ მოუწიათ გაქცევა 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. ვინც დარჩა, დევნიდნენ, აკავებდნენ შეთითხნილი ბრალდებებით, მათი ნაწილი დაკარგულია, სავარაუდოდ, დაიღუპნენ.

მესამე, თუ „მოწონებაში“ 2014 წლის 16 მარტის ყირიმის „რეფერენდუმს“ გულისხმობთ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს „რეფერენდუმი“ იარაღით მუქარის ქვეშ გაიმართა და ის უკანონოდ ცნო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ. ყირიმში ამომრჩეველთა უმრავლესობამ 1991 წელს მხარი დაუჭირა უკრაინის დამოუკიდებლობას.

ნიმუში #2: უკრაინის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, თითქოს ის ამერიკის პაიკი იყოს გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე

ნებსით თუ უნებლიედ, თქვენს ინტერვიუებში ირიბად იკითხება, რომ უკრაინელები ებრძვიან რუსებს, რადგან ისინი ამერიკამ წააქეზა, რომ „ევრომაიდანი“ იმიტომ მოხდა, რომ ამერიკა შეეცადა უკრაინა რუსეთის გავლენის სფეროებიდან გამოეყო და ა.შ. ასეთი დამოკიდებულება გამორიცხავს უკრაინის აგენტობას და სილას აწნავს მილიონობით უკრაინელს, რომლებიც სიცოცხლეს რისკავენ, რათა თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრონ. მარტივად რომ გითხრათ, გიფიქრიათ იმაზე, რომ თავად უკრაინელებს სურთ რუსეთის გავლენის სფეროებიდან გამოყოფა გენოციდის ისტორიის, კულტურული წნეხისა და ჩვენი თვითგამორკვევის უფლების მუდმივი უარყოფის გამო?

ნიმუში #3: მოსაზრება, რომ რუსეთი საფრთხეს გრძნობდა ნატოსგან

თქვენს ინტერვიუებში დიდი სურვილი გაქვთ, წინ წამოსწიოთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერისა და პრეზიდენტ ჯორჯ ჰ. ბუშის სავარაუდო პირობა, რომლის მიხედვითაც, მათ პირობა მისცეს გორბაჩოვს, რომ თუ იგი დასთანხმდებოდა ერთიანი გერმანიის ნატოში გაწევრებას, აშშ უზრუნველყოფა, რომ „ნატო ერთი ინჩითაც არ გადაადგილდებოდა აღმოსავლეთისკენ“. პირველ რიგში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ დაპირების ისტორიული ნამდვილობა მეცნიერებს შორის ძალზე სადავოა, თუმცა რუსეთი აქტიურად უწყობდა ხელს მის გავრცელებას.

ამოსავალი დებულება იყო ის, რომ ნატოს აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებამ პუტინს სხვა არჩევანი არ დაუტოვა, გარდა თავდასხმისა. მაგრამ რეალობა სხვაგვარია. აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები შეუერთდნენ ნატოს, ხოლო უკრაინა და საქართველო მისი წევრობისკენ მიისწრაფოდნენ, რათა თავი დაეცვათ რუსული იმპერიალიზმისგან. ისინი მართალნი იყვნენ თავიანთ მისწრაფებებში, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს და უკრაინას 2014 წელს. უფრო მეტიც, ფინეთისა და შვედეთის ამჟამინდელი თხოვნა ნატოში გაწევრების შესახებ პირდაპირი პასუხი იყო რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნატოს გაფართოება რუსეთის იმპერიალიზმის შედეგია და არა პირიქით.

გარდა ამისა, ჩვენ არ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ ჯეიმს ბეიკერისა და ჯორჯ ჰ. ბუშის სადავო ზეპირი დაპირების გამო სუვერენულმა ქვეყნებმა თავიანთი ხალხის ნების გათვალისწინებით არ უნდა შექმნან ალიანსები.

ნიმუში #4: განცხადება, რომ ამერიკა რუსეთზე უკეთესი არაფრით არ არის

როდესაც უკრაინაში რუსეთის შეჭრას „ომის დანაშაულს“ უწოდებთ, გვეჩვენება, რომ ამას ვერ აკეთებთ ისე, რომ არ დაასახელოთ შეერთებული შტატების მიერ საზღვარგარეთ ჩადენილი წარსული სისასტიკე (მაგ., ერაყში ან ავღანეთში) და, საბოლოო ჯამში, დროის უმეტეს ნაწილს ამ უკანასკნელის განხილვაზე ხარჯავთ. როგორც ეკონომისტები, ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ შეგისწოროთ ისტორიული მეტაფორები და, ზედმეტია იმის თქმა, რომ ჩვენ ვგმობთ წარსულში მშვიდობიანი მოსახლეობის გაუმართლებელ მკვლელობებს ნებისმიერი ძალაუფლების მიერ. თუმცა არ წაუყენო ბრალი პუტინს ომის დანაშაულისთვის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მხოლოდ იმიტომ, რომ წარსულში რომელიმე ლიდერს პასუხი მსგავსად არ მოსთხოვეს, ეს ნებისმიერი ისტორიული ანალოგიიდან გამოტანილი არასწორი დასკვნა იქნებოდა. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის პუტინის სისხლისსამართლებრივი დევნა შექმნის საერთაშორისო პრეცედენტს მსოფლიო ლიდერებისთვის, რომლებიც შეეცდებიან მომავალში იგივე გააკეთონ.

ნიმუში #5: პუტინის უკრაინაში შეჭრის მიზნების შელამაზება

ინტერვიუებში თქვენ ცდილობთ პუტინის მიზნების (უკრაინის „დემილიტარიზაციისა“ და „ნეიტრალიზების“ შესახებ) რაციონალიზებას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2022 წლის 24 თებერვლის სატელევიზიო მიმართვაში, რომელიც ომის დაწყებას აღნიშნავს, პუტინმა ამ „სამხედრო ოპერაციის“ მიზნად „დენაციფიკაცია“ დაასახელა. ეს კონცეფცია ეფუძნება 2021 წლის ივლისში გამოქვეყნებულ მის გრძელ, ფსევდოისტორიულ სტატიას, რომელიც უარყოფს უკრაინის არსებობას და აცხადებს, რომ უკრაინელი ერი არ არსებობდა. როგორც რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ის მიერ გამოქვეყნებულ „დენაციფიკაციის სახელმძღვანელოშია“ შემუშავებული, „ნაცისტი“ უბრალოდ ადამიანია, რომელიც თავს უკრაინელად აღიქვამს, 30 წლის წინ უკრაინის სახელმწიფოს დაარსება კი „უკრაინის ნაციფიკაცია“ იყო, ხოლო ასეთი სახელმწიფოს აშენების ნებისმიერი მცდელობა „ნაცისტური“ ქმედება უნდა იყოს. გენოციდის ამ სახელმძღვანელოს მიხედვით, დენაციფიკაცია გულისხმობს სამხედრო დამარცხებას, განწმენდას და მოსახლეობის „განათლებას“. „დემილიტარიზაცია“ და „ნეიტრალიზაცია“ ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება – იარაღის გარეშე უკრაინა ვერ შეძლებს თავის დაცვას და რუსეთი მიაღწევს თავის გრძელვადიან მიზანს – უკრაინის განადგურებას.

ნიმუში #6: დაშვება, რომ პუტინი დაინტერესებულია დიპლომატიური გადაწყვეტით

ყველა ჩვენგანს დიდი იმედი გვქონდა ცეცხლის შეწყვეტისა და საკითხის მოლაპარაკებების გზით მოგვარების, რასაც შეეძლო უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინა. თუმცა აბსურდულად მიგვაჩნია თქვენი მხრიდან შეთანხმების მიუღწევლობაში უკრაინის (ვინაიდან უკრაინამ პუტინს არ უჩვენა „საევაკუაციო გასასვლელი“) ან აშშ-ის (სავარაუდოდ, არა დიპლომატიურის, არამედ სამხედრო გადაწყვეტის დაჟინებული მოთხოვნის გამო) არაერთგზის დადანაშაულება, ნაცვლად ნამდვილი აგრესორისა – რომელმაც სწორედ იმ „მოლაპარაკებების“ დროს არაერთხელ და განზრახ დაბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა, სამშობიაროები, საავადმყოფოები და ჰუმანიტარული დერეფნები. რუსული სახელმწიფო მედიის ესკალაციისკენ მიმართული რიტორიკის გათვალისწინებით, რუსეთის მიზანია უკრაინის წაშლა და დამორჩილება და არა „დიპლომატიური გადაწყვეტა“.

ნიმუში #7. იმის მტკიცება, რომ რუსეთის მოთხოვნებისადმი დამორჩილება ბირთვული ომის თავიდან აცილების გზაა

რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინა მუდმივ ბირთვულ საფრთხეში ცხოვრობს, არა მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის რუსული ბირთვული რაკეტების მთავარი სამიზნე, არამედ – რუსეთის მიერ უკრაინის ატომური ელექტროსადგურების ოკუპაციის.

მაგრამ რა არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ალტერნატივა? უპირობო დანებება და შემდეგ უკრაინელების აღგვა პირისაგან მიწისა? ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ სთხოვს პრეზიდენტი ზელენსკი, უკრაინელი ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერით, დასავლელ ლიდერებს მიაწოდონ მძიმე იარაღი, ბირთვული ესკალაციის პოტენციური საფრთხის მიუხედავად? ამ კითხვაზე პასუხი არ არის „ბიძია სემის გამო“, არამედ იმის გამო, რომ რუსულმა სამხედრო დანაშაულებმა ბუჩაში და უკრაინის ბევრ სხვა ქალაქსა და სოფელში აჩვენა, რომ რუსული ოკუპაციის ქვეშ ცხოვრება ხორცშესხმული „ჯოჯოხეთია დედამიწაზე“,  – ეს ახლა ხდება და დაუყოვნებლივ მოქმედებას საჭიროებს.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის სასარგებლოდ ნებისმიერ დათმობაზე წასვლა ბირთვული ომის ალბათობას კი არ შეამცირებს, არამედ ესკალაციას გამოიწვევს. თუ უკრაინა დაეცემა, რუსეთმა შეიძლება სხვა ქვეყნებს შეუტიოს (მოლდოვას, საქართველოს, ყაზახეთს, ფინეთს ან შვედეთს). მას ასევე შეუძლია, გამოიყენოს ბირთვული შანტაჟი დანარჩენი ევროპის დასამორჩილებლად, და რუსეთი ერთადერთი ბირთვული ძალა არ არის მსოფლიოში. სხვა ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი და ჩრდილო კორეა ამ ყველაფერს თვალს ადევნებენ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ისინი გაიგებენ, რომ ბირთვული შანტაჟის გამოყენებით შეეძლებათ ყველაფერი მიიღონ, რასაც მოისურვებენ.

პროფესორო ჩომსკი, ვიმედოვნებთ, გაითვალისწინებთ ფაქტებს და თქვენს დასკვნებს გადააფასებთ. თქვენი მტკიცების თანახმად, თუ ნამდვილად აფასებთ უკრაინელების სიცოცხლეს, გვსურს, გთხოვოთ, თავი შეიკავოთ რუსეთის ომის მანქანაში საწვავის ჩამატებისგან, რუსული პროპაგანდის მსგავსი შეხედულებების გავრცელებით.

თუ გსურთ, შემდგომში რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ საკითხზე მსჯელობაში ჩაერთოთ, ჩვენ ყოველთვის ღია ვართ განხილვისთვის.

პატივისცემით,

ბოჰდან კუხარსკი, ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტი;

ანასტასია ფედიკი, კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი;

იური გორდნიჩენკო, კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი;

ილონა სოლოგუბი, არასამთავრობო ორგანიზაცია VoxUkraine.