დიდ გზაზე ტრანსპორტირება ნებისმიერი სტილის, კატეგორიისა თუ ხარისხის ღვინისთვის ნაკლებად სასურველია. თუმცა, ექსპორტისა და ღვინის ბაზრის წესები, ცხადია, სხვა მოთხოვნებს აყენებს და ისიც ფაქტია, რომ ექსპორტის გარეშე მთელ რიგ ქვეყნებში (განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებში, სადაც შიდა მოხმარება მცირეა) მეღვინეობა უბრალოდ ვერ განვითარებოდა.
ღვინის ტრანსპორტირება რთული საქმეა
ღვინის ტრანსპორტირება შეიძლება ხდებოდეს როგორც ღვინომასალის, ასევე მზა ღვინის სახით, თუმცა რამდენიმე წლის წინ, ღვინის მომეტებული ფალსიფიცირების შეზღუდვის მიზნით, საქართველოს სახელმწიფომ ქვეყნიდან ღვინომასალის სახით ნედლეულის გატანა ოფიციალურად აკრძალა და დღეს ჩვენი ქვეყნიდან მხოლოდ მზა სახის ღვინის გატანაა შესაძლებელი და ისიც ბოთლირებული/დაბეჭდილი სახით. ცხადია, ამაში არ იგულისხმებიან ის ადამიანები, რომლებსაც უცხოეთში საკუთარი მოხმარების მიზნით რამდენიმე ლიტრი ღვინო მიაქვთ.
არა აქვს მნიშვნელობა, რამდენიმე ასეული ათასი ბოთლი გადაგვაქვს თუ რამდენიმე ათეული – ღვინის ტრანსპორტირება აუცილებლად მოითხოვს მთავარი წესების დაცვას. ამ წესებიდან უმთავრესია ტემპერატურის კონტროლი.
თუკი ღვინო დიდი ხნის მანძილზე აღმოჩნდება ცვალებად ტემპერატურაში, სიცხეში და ზოგადად ცხელ გარემოში, დიდია მისი გაფუჭების შანსი და შესაძლებელია ადგილზე ღვინის ნაცვლად სრულიად გაურკვეველი ხარისხისა და გემოს მქონე სასმელი ჩავიტანოთ.
ღვინის ტრანსპორტირებისას აგრეთვე უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ საღვინე ჭურჭელი იყოს ბოლომდე გადავსებული და ღვინომ მთელი გზის მანძილზე არ იჭანჭყაროს. ეს განსაკუთრებით შედარებით ახალი ღვინისთვისაა ცუდი, რადგან ზედმეტი ჭანჭყარის გამოც შეიძლება ღვინის ხარისხს დიდი პრობლემები შეექმნას.
სასურველია ვიცოდეთ ისიც, რომ არსებობენ ვაზის ჯიშები და შესაბამისად, მათგან დაყენებული ღვინოები, რომლებიც ტრანსპორტირებას ძალიან რთულად იტანენ. პირად საუბრებში ალბათ ხშირად მოგვისმენია, რომ ესა თუ ის ღვინო გემრიელი და საინტერესო მხოლოდ ადგილზე მოხმარების შემთხვევაშია და თუკი სხვაგან წავიღებთ, ხარისხი ეკარგება.
მიუხედავად ამისა, თუკი შევქმნით სათანადო პირობებს და ტრანსპორტირების მხრივ პრობლემური ღვინის გადატანას სკრუპულოზურად მოვეკიდებოთ (ტრანსპორტი არ ივლის ძალიან ჩქარა, დავიცავთ ტემპერატურის კონტროლს, ჭურჭელს ბოლომდე გადავავსებთ, გამოვიყენებთ სუფთა და ხარისხიან ჭურჭელს და სხვა…) მონდომებული ადამიანისთვის ალბათ მაინც ყველანაირი ღვინის გადატანაა შესაძლებელი.
გამოსავალი – ქართული ვაზის ჯიშები საზღვარგარეთ
მსოფლიო მეღვინეობაში და მათ შორის საქართველოშიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ღვინო ვენახიდან იწყება. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში უცხოეთში ქართული ვაზის ჯიშებზე მოთხოვნა გაიზარდა და ჩვენებური ვაზის ჯიშებით გაშენებულ ვენახებს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ამერიკაშიც ნახავთ.
საქართველოს ფარგლებს გარეთ გაშენებული ქართული ვაზის ვენახებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ვენახი კალიფორნიაში, ცნობილ ნაპაველზეა გაშენებული. ეს ვენახი დაახლოებით 50 ჰექტარზეა და მთელი ეს ფართობი კახურ რქაწითელს უჭირავს.
ნაპაველზე მოწეული რქაწითელის ისტორია გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როდესაც თბილისში ჩატარებულ მსოფლიოს ღვინის სიმპოზიუმზე ჩამოსული ამერიკელი ენოლოგები ქართული ვაზით მოიხიბლნენ, ძალიან დაინტერესდნენ და ფოთიდან გემით რქაწითელის ნერგების მოზრდილი პარტიაც წაიღეს.
ქართული ვაზის ჯიშების საქართველოს გარეთ გაშენების დასაწყისს საკმაოდ სამწუხარო მითოსური ისტორია აქვს, რაც, ცხადია, სიმართლისგან ძალიან შორს დგას. თუმცა, ცნობადობის გაზრდის კუთხით მაინც საინტერესო და მნიშვნელოვანია. ეს ამბავი უკავშირდება შუა საუკუნეების მიწურულს საქართველოდან სპარსეთში გაყვანილ დატყვევებულ ადამიანებს, რომლებსაც სამშობლოდან ვაზის ყლორტები და ტოტები მიჰქონდათ და თუკი გზაში რომელიმე ქართველი გარდაიცვლებოდა (რაც ძალიან ხშირად ხდებოდა), თანამემამულეები მის სახელდახელოდ გათხრილ საფლავზე ჩუმად წაღებულ ვაზის ტოტებს რგავდნენ. ამ მითოსური ამბის მიხედვით, ვაზი იშვიათად გამძლე ბუნებით გამოირჩევა და სწორედ ამიტომ, საქართველოდან სპარსეთამდე მიმავალ გზაზე თითქოს ბევრს შეხვდა უცნაურად გახარებული ვაზის თითო-ოროლა ძირი, რაც პირველ რიგში იმაზე მეტყველებს, რა გამორჩეულად აფასებდნენ ძველ დროში ჩვენი თანამემამულეები ამ მცენარეს.
თუ დაკვირვებიხართ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მაისურის უკანა მხარეს ვაზის ლერწია ამოქარგული და ეს ნიშანი თითქოს სწორედ იმ მძიმე ისტორიას უკავშირდება, როდესაც ქართველებს ვაზის ტოტები დამალვით მიჰქონდათ ფერეიდნისა თუ ოსმალეთის საუკუნეობრივ ტყვეობაში. ეს ამბავი, ცხადია, მითი უფროა, ვიდრე რეალობა და ეს მითი საქართველოს რაგბის კავშირმა რამდენიმე წლის წინ მშვენივრად გამოიყენა.
მეფის რუსეთის პერიოდში, საქართველოდან იმპერიამ ყირიმში დიდი რაოდენობით ქართული ვაზის ჯიშები გაიტანა, სადაც ცქრიალა ღვინის დასაყენებლად იყენებდნენ კრახუნას, ცოლიკოურსა და გორულ მწვანეს. საბჭოთა კავშირის პერიოდში კი სტალინის მიერ რუმინეთის ოკუპირებულ ნაწილში, რომელიც შემდგომში მოლდოვის სახით გახდა ცნობილი, დღემდე ფართოდაა გავრცელებული კახური რქაწითელი, საფერავი და მწვანე კახური.
რქაწითელის ჯიში გავრცელდა და ძალიან კარგად ხარობს მოლდოვის სხვადასხვა რეგიონში, გამორჩეულად კარგად კი მილეშტი მიჩის ტერიტორიაზე. ქართული ვაზი დაახლოებით 30 წლის წინ კახეთიდან საექსპერიმენტოდ წაიღეს და შემდეგ მოლდოვაში კარგად გავრცელდა. როგორც ღვინის სპეციალისტები ამბობენ, მოლდოვაში გახარებული რქაწითელის ღვინის გემო განსხვავდება ჩვენი რქაწითელისგან და უფრო მსუბუქი და სასიამოვნო დასალევია. ჩვენი კლასიკური კახური ღვინო მოლდოვაში ძალიან მოსწონთ, მაგრამ, როგორც იქ ამბობენ, ცოტა მძიმეაო. მოლდოვის ღვინო უფრო სადესერტო ხასიათის ღვინოა, იმიტომ, რომ მზე ძალიან აცხუნებს და ბუნებრივად ტკბილი ღვინო დგება.
შარშან და შარშანწინ, თბილისში გამართულ ღვინის გამოფენაზე ჩამოსულმა რამდენიმე ნატურალისტმა მეღვინემ იტალიიდან, ავსტრიიდან, სლოვენიიდან, ესპანეთიდან და სხვა ქვეყნიდან, საკუთარი ნატურალური ღვინოები წარუდგინა ღვინის ქართველ მოყვარულებს და თითქმის ყველა მათგანმა აქედან წაიღო ქართული ქვევრები და ვაზის ნერგები. ასე რომ, უახლოეს მომავალში შესაძლებელია ღვინის გამოფენებზე უკვე უცხოეთის მიწაზე მოყვანილი ვაზისგან დაყენებული ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობაც გვქონდეს. ღვინის მოყვარულებისათვის ეს მართლაც დიდი სიურპრიზი იქნება.