„ბოდიშის მოხდით ქალბატონებთან და სასამართლოსთან, უწმაწური სიტყვები იყო, შესაბამისად, საზოგადოების თავშეყრის ადგილას არ არის ლამაზი, რომ… ჩვენი დაიკოები, დედიკოები და ბავშვები მოძრაობენ და დადიან და შესაბამისად, არ უნდა წაეკითხათ“, – ეს ციტატა პოლიციელ აღამალი ასკეროვს ეკუთვნის, რომელიც სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა. მან ბოდიში მოუხადა პროცესზე დამსწრე „ქალბატონებს“, ვინაიდან იმ გარემოებებზე უნდა ესაუბრა, რომელთა გამოც „ირაყლი“ სამართალდარღვევად მიიჩნია.
5 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბანერებსა და მაისურზე წარწერა „ირაყლის“ გამო დაკავებული აქტივისტების საქმის მორიგი განხილვა გაიმართა.
პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი წარმომადგენელი – დავით გიორგაძე, ბიძინა ჟამერაშვილი და აღამალი ასკეროვი გამოიკითხნენ. პოლიციელები მოწმის სახით იყვნენ წარმოდგენილნი აქტივისტების: ნიკა რომანაძის, ნოდარ სიხარულიძისა და გრიგოლ ფრანგიშვილის საქმეებზე.
წინა სხდომისგან განსხვავებით, ამჯერად შსს-ის წარმომადგენლებმა პირდაპირ თქვეს, რომ აღნიშნული წარწერა კაცის სასქესო ორგანოს აღმნიშვნელი სიტყვის ასოციაციად აღიქვეს და სწორედ ამის გამო მიიჩნიეს, რომ ქმედება მართლწესრიგს არღვევდა.
რა თქვეს მოწმედ მოყვანილმა პოლიციელებმა
წინა სხდომაზე გამოკითხული პატრულ-ინსპექტორის მსგავსად, სამივე პოლიციელმა ჩვენება ერთი და იმავე გარემოების აღწერით დაიწყო – 2 ივნისს პარლამენტთან აქციაზე წვრილმან ხულიგნობად შეფასდა წარწერები და შეძახილები „ირაყლეებო“.
სამართალდამცველების თქმით, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა გამოიხატა იმაში, რომ რამდენიმე გაფრთხილების მიუხედავად, მოქალაქეებმა აღნიშნული ქმედება არ შეწყვიტეს, შემდეგ კი დაკავებამდე ზოგადად პოლიციელებს მიაყენეს შეურაცხყოფა სიტყვებით: „მონებო“, „ნაძირლებო“, „პუტინის მილიცია“. მათივე თქმით, დაკავების მომენტში წინააღმდეგობა არცერთ აქტივისტს არ გაუწევია.
ნოდარ სიხარულიძის საქმე
ნოდარ სიხარულიძე 2 ივნისს პარლამენტთან აქციაზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება, რომელიც ხელში „შეურაცხმყოფელი ბანერების“ დაჭერაში გამოიხატა. მისი ადვოკატი კი ამბობს, რომ სიხარულიძეს პროტესტი არ გამოუთქვამს ბანერით ხელში და აღნიშნული დამახინჯებულადაა ასახული სამართალდარღვევის ოქმში.
გარდა „ირაყლისა“, სხდომაზე გაირკვა, რომ ნოდარ სიხარულიძის საქმეზე მოწმის სახით წარმოდგენილმა ბიძინა ჟამერაშვილმა პირად შეურაცხყოფად მიიღო ბანერი, რომელზეც, მისი თქმით, წარწერები ძველი ქართული ანბანის ასოებით იყო გაკეთებული. სიხარულიძის ადვოკატი ვიქტორ კვიტატიანი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აქციაზე ხელში ბანერი არ ეჭირა, მან უბრალოდ ძირს დადებული ბანერი აიღო და გადაადგილა, ეს კი დაკავებამდე, დაახლოებით, ერთი საათით ადრე მოხდა.
მოწმე ბიძინა ჟამერაშვილი: „ბატონ ნოდარს ეჭირა პლაკატი, რომელიც იყო ჩემთვის შეურაცხმყოფელი. […] ძველქართული ლექსიკონით იყო დაწერილი – „ერთი პოლიციელი ვერ მოიძებნება, რომელიც ძველ ქართულ დამწერლობას წაიკითხავს, შევარცხვინე თქვენი მუნდირი და შევარცხვინე თქვენი ქართულის მასწავლებელი“ [ზუსტი ციტატა არ ახსოვს]. ეს არის წინასწარ განზრახული, განზრახული ჰქონდათ პოლიციელის მიმართ მიეყენებინათ შეურაცხყოფა.
ადვოკატი ვიქტორ კვიტატიანი: ძველქართულად დაწერილი პლაკატი რომ ნახეთ, ეს მაშინვე მიიჩნიეთ შეურაცხყოფად? ამოიკითხეთ, ჰო, იმწამიერად?
მოწმე ბიძინა ჟამერაშვილი: არა, იმწამიერად არა, იმიტომ, რომ სკოლაში მაქვს ნასწავლი, დაახლოებით, 15 წლის წინ […] ჩემ შეურაცხყოფად მივიჩნიე, რომ პოლიციელი არ მოიძებნება და შევარცხვინე მისი მუნდირი, მაგრამ ამ ადამიანს ეკავა კიდევ სხვა პლაკატები, რომლებიც იყო შეურაცხმყოფელი. „ირაყლეები“ ხართ, რომელსაც ინტერპრეტაცია ჰქონდა სასქესო ორგანოზე, ჰო? ირაყლი ჩვენს ქართულ ლექსიკონში მე მგონი სიტყვას განმარტება არ აქვს და ინტერპრეტაციას როგორც მივცემთ… საზოგადოების ნაწილი, რომელიც იქ მოძრაობს, და შეძახილია „თქვე ირაყლეებო“ და ყ-ზე გამახვილებულია კონკრეტულად და წარწერაზეც წითლადაა, გამოხატულია ცალკე, ბუნებრივი განცდა გიჩნდება ადამიანს, რომ სასქესო ორგანოზე მიანიშნებს… ინტერპრეტაციაზეა, მცენარის თესლი ავიღოთ, ხო? ის ხომ არაა შეურაცხმყოფელი? ვის მიმართ იყო, ჩემთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა“.
გრიგოლ ფრანგიშვილის საქმე
განსხვავებულია გრიგოლ ფრანგიშვილის საქმე. 19 წლის ფეხბურთელი 2 ივნისს წარწერებიანი მაისურის გამო დააკავეს. იმ ღამით გადაღებულ ფოტოებში ჩანს, რომ მას მაისურზე სხვადასხვა წარწერა აქვს, მათ შორის, „ირაყლი“.
მოწმე პოლიციელმა, აღამალი ასკეროვმა სასამართლოს წინაშე თავდაპირველად არ გაიმეორა ის, რაც მან სამართალდარღვევად შეაფასა, თუმცა საქმეში მტკიცებულებად ჩადებული ფოტოსურათით დაადასტურა. მოგვიანებით კი ადვოკატის შეკითხვას უპასუხა, რომ დარღვევად შეფასდა თეთრ მაისურზე დატანილი წარწერები: „ირაყლი“ და „სი*ო“.
მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი: „ეს მაისური ეცვა? თქვენ შინაარსს ნუ გააჟღერებთ, თუ არ გინდათ გაჟღერება, ტექსტი წაიკითხეთ. ეს მაისური ეცვა პირს იმ მომენტში?“, – ჰკითხა მან მოწმეს.
მოწმის თქმით, სამართალდამცველებმა გრიგოლ ფრანგიშვილს უთხრეს, რომ მაისური გაეხადა, რასაც ფრანგიშვილი დაემორჩილა, თუმცა მაისური ხელში დაიჭირა. მისი თქმით, გრიგოლ ფრანგიშვილს პოლიციელებმა, მათ შორის, თავადაც, განუმარტეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, მაისური ხელში ექნება თუ ტანზე ეცმევა, ქმედება დასჯადია.
„მან განგვიცხადა, არ ვემორჩილები თქვენს მოთხოვნასო და შესაბამისად მოხდა აღნიშნული პიროვნების დაკავება“, – თქვა მან.
შსს: ოქმში გიწერიათ, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგაყენათ, რაში გამოიხატა?
მოწმე: მეორედ რომ მივედით, რომ მოგვეწესრიგებინა აღნიშნული ქმედება, რომ ვუთხარით, რა მნიშვნელობა ჰქონდა, ტანზე ეცმეოდა აღნიშნული მაიკა თუ ხელში ეკავებოდა, მაისურზე ეწერა ის სიტყვები, რაც ეწერა და მე არ ვემორჩილები თქვენს კანონიერ მოთხოვნას, თქვე მონებოო და შესაბამისად მოხდა დაკავება… ზოგადად პოლიციელების მიმართ იძახდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, შესაბამისად, დაკავდა.
შსს: რაც შეურაცხმყოფელად მიიჩნიეთ, შეგიძლიათ, გაიმეოროთ ის სიტყვები?
მოწმე: პირველ რიგში, რუსული მილიცია და ჩვენ მილიციის თანამშრომლები არ ვართ, ეგ ერთი; ჩემთვის შეურაცხმყოფელია. მეორე კიდე, მონა არავინ არ ვართ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს…
ადვოკატი: როცა წამოიყვანეთ, რა მდგომარეობაში იყო ბატონი გრიგოლი?
მოწმე: ტანზე გახდილი იყო, მაისური ხელში ეკავა.
ადვოკატი: ანუ თქვენს მოთხოვნას დაემორჩილა და გაიხადა?
მოწმე: კიდევ ვიმეორებ, ჩემს მოთხოვნას რასაც დაემორჩილა, იმის მერე მაისური ხელში ეკავა. მოთხოვნა არა, ჯერ ერთი. როცა ვეუბნებით, რომ მოაწესრიგოს, სხვა მაისური ჩაიცვას და პარლამენტის წინ ისე გამართოს საპროტესტო აქცია, მაგაზე არავინ არაფერს არ ეტყოდა. მაგრამ, როცა იხდის და მერე მოდის და ხელში უკავია, მაგას მნიშვნელობა არ აქვს.
ადვოკატი: სად უნდა წაეღო?
მოწმე: ეგ უკვე ჩვენი საქმე არ არის, სად უნდა წაეღო…
ადვოკატი: თქვენ უთხარით, გაეხადა…
მოწმე: სად უნდა წაეღო, სახლში უნდა წასულიყო თუ იქვე გამოეცვალა… გახდილი მოვიდა, ხელში ეკავა.
ადვოკატი: თქვენ დაიცავით მოქალაქეთა სიმშვიდე, ხომ, იმით, რომ აღკვეთეთ და გაახდევინეთ მაისური, საზოგადოების აზრით რატომ არ დაინტერესდით, მათ დაერღვათ თუ არა [წესრიგი], იქნებ არ დაერღვათ, იქნებ ნორმალურად მიიჩნევს ის პიროვნება ამას? რატომ ჩათვალეთ აპრიორი, რომ ამით საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვა?
მოწმე: იქ ჩვენ პოლიციის თანამშრომლები ვერ დავიწყებდით საზოგადოების თავშეყრის ადგილას მოქალაქეებთან მისულიყო და ოქმები შემდგარიყო, აი შენ დაინახე ასეთი ქმედება? შეურაცხმყოფელი არის თუ არა? ეს არის აბსურდი. იქ ხალხი მოძრაობს, ხედავს, აღქმადია.
თავად გრიგოლ ფრანგიშვილი ამბობს, რომ როცა პოლიციელის მოთხოვნას დაემორჩილა და მაისური გაიხადა, შიშველი რომ არ ყოფილიყო, ტანზე დროშა შემოიხვია.
გრიგოლ ფრანგიშვილი: თქვენ რომ დამაკავეთ, თქვენ და თქვენმა პარტნიორმა, რა მაინტერესებს…
მოწმე: პარტნიორი არა… მეწყვილე.
გრიგოლ ფრანგიშვილი: კარგი, მეწყვილემ. რა მაინტერესებს, შიშველი წამიყვანეთ და მაიკა მეკავა ხელში, მეტი არაფერი?
მოწმე: კი ბატონო. არა, არა! ხელში გეკავათ თქვენ კიდევ დროშა. საქართველოს დროშა, რომელიც დავკეცეთ ზრდილობიანად, როგორც შეგვეფერება ჩვენ ყველა პატრიოტს, დავკეცეთ და დაილუქა შესაბამისად.
გრიგოლ ფრანგიშვილი: დროშა მოხურული მქონდა, ხელში მეკავა, როგორ მქონდა?
მოწმე: მაისური გეკავა ხელში, დროშა გქონდა გადაკიდებული.
ნიკა რომანაძის საქმე
აქტივისტი ნიკა რომანაძე 2 ივნისს აქციაზე ბანერი „ირაყლის“ გამო დააკავეს. შსს მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. რომანაძე ამბობს, რომ აქციაზე მას პოლიციისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და დაკავების მომენტში საქართველოს ჰიმნს მღეროდა.
ნიკა რომანაძე: რა მომენტში მოგაყენეთ შეურაცხყოფა?
დავით გიორგაძე, მოწმე ნიკა რომანაძის საქმეზე: რომ მოვედით, მაშინ თქვით „თქვენ ნაძირლებოო“. თქვენც იძახდით და სუყველა იძახდა…
ნიკა რომანაძე: რომ დამაკავეთ?
დავით გიორგაძე, მოწმე ნიკა რომანაძის საქმეზე: არა, მანამდე, მანამდე, სანამ დავიწყებდით დაკავებას. რომ დაგაკავეთ, იმის მერე პატიოსნად იქცეოდით… დაუმორჩილებლობა [არ ყოფილა], კულტურული ადამიანია…
ნიკა რომანაძე: კულტურული ადამიანი თუ ვარ, მაშინ როდის გიწოდეთ „ნაძირლები“?
დავით გიორგაძე, მოწმე ნიკა რომანაძის საქმეზე: „იმ მომენტში, როცა მოვედით გასაფრთხილებლად, რომ ჩამოიღეთ ბანერები და შეგეცვალათ ქმედება… თქვენც და სხვებმაც მაგ მომენტშიც დაიწყეთ უკვე პოლიციის გალანძღვა“.
ნიკა რომანაძე: მე ჰიმნს ვმღეროდი თუ „ნაძირლებოს“ ვყვიროდი?
დავით გიორგაძე, მოწმე ნიკა რომანაძის საქმეზე: ახლა ზუსტად არ მახსოვს, ჰიმნს მღეროდით თუ რას, რომ ილანძღებოდით, მახსოვს. ზოგადად სუყველას იქ ვინც ვიყავით, გვაყენებდით პოლიციელებს შეურაცხყოფას… ყველა ყვიროდა, მათ შორის, ბატონი ნიკაც.
ჩვენებაში პოლიციელებმა აღნიშნეს, რომ აქციიდან დიდი დროა გასული და ბევრი დეტალი აღარ ახსოვთ. ისინი პარლამენტთან 2 ივნისს არსებულ ზოგად სურათზე საუბრობდნენ. მათ ასევე ვერ დაასახელეს დაკავების პროცესში მათი მეწყვილეები ან აქციაზე მყოფი სხვა პოლიციელები.
ადვოკატი გიორგი მახარაძე: ვისთან ერთად დააკავეთ ნიკა, ბატონო დავით?
დავით გიორგაძე, მოწმე ნიკა რომანაძის საქმეზე: მე და ჩემი თანამშრომელი ვიყავით, ზუსტად აღარ მახსოვს, ძაან ბევრი პოლიციელი ვიყავით, თან ერთი თვე გავიდა უკვე მაგის შემდეგ.
ადვოკატი გიორგი მახარაძე: გადაწყვეტილება თქვენ მიიღეთ?
დავით გიორგაძე, მოწმე ნიკა რომანაძის საქმეზე: რა თქმა უნდა.
ადვოკატი გიორგი მახარაძე: ე.ი. დაკავების მომენტში ნიკა იდგა პარლამენტთან, თქვენ მიხვედით, უთხარით, რომ პლაკატი ჩამოიღეო, ამან გითხრათ, რომ არა, არ ჩამოვიღებო და მოგაყენათ შეურაცხყოფა.
დავით გიორგაძე: დაკავების მომენტში ვიყავით ბევრი პოლიციელი.
გიორგი მახარაძე: თქვენ ხომ გიწერიათ [ოქმში], რომ მე დავაკავეო?
დავით გიორგაძე: კი, დამკავებელი მე ვარ, მაგრამ ბევრი პოლიციელი ვიყავით ჰოდა ახლა ვინ იდგა, როგორ იდგა…
გიორგი მახარაძე: მაგას არ გეკითხებით. წეღან ბრძანეთ, იქ ვიყავი, ვუყურებდი და მივიღე დაკავების გადაწყვეტილებაო… დაკავების დროს ვითარება მინდა აღმიწეროთ, რა ხდებოდა, იდგა იქ და თქვენ მიხვედით, როგორც წეღან ბრძანეთ, პლაკატები შეინახეთ და შეურაცხყოფას ნუ გვაყენებთო, გააგრძელა შეურაცხყოფის მოყენება და ამ დროს დააკავეთ?
დავით გიორგაძე: დაკავების მომენტში მოგვაყენა შეურაცხყოფა, 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა). რომ ვაკავებდით, მაგ მომენტში მოგვაყენა ჩვენ შეურაცხყოფა და დაერთო 173 (პოლიციელის დაუმორჩილებლობა).
გიორგი მახარაძე: ვითარება რა იყო-თქო.
დავით გიორგაძე: ვითარება რა იყო და…
გიორგი მახარაძე: გაიხსენეთ.
დავით გიორგაძე: გაიხსენეთ ახლა ერთი თვის წინ მომხდარია, ეგრე არ ხდება რა…
გიორგი მახარაძე: გაიხსენოთ უნდა, ეგრე ხდება.
დავით გიორგაძე: …იმის მერე ბევრ აქციაზე ვიყავი… სანამ დავაკავებდით, რამდენჯერმე მივედით, მოვუწოდეთ, იგივე ქმედება რომ განმეორდა, მივედით, რომ 166-ე მუხლით დაგვეკავებინა, რა დროსაც მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, მაგ დროს მოხდა ბატონი ნიკას დაკავება.
დაკავების შემდგომი გარემოებების დასაზუსტებლად ადვოკატ გიორგი მახარაძესა და მოწმე დავით გიორგაძეს შორის კითხვა-პასუხი დაძაბულად წარიმართა. მოწმე რამდენჯერმე გაღიზიანდა ადვოკატის შეკითხვაზე და მას შეურაცხყოფის მიყენებაში დასდო ბრალი. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა მათ სიმშვიდისკენ არაერთხელ მოუწოდა.
დავით გიორგაძემ ვიდეომტკიცებულებაში თავი ვერ ამოიცნო. სასამართლო იკვლევს 2 ივნისს სოციალური ქსელითა და მედიით გავრცელებულ ფრაგმენტულ ვიდეომასალას, რომელშიც აქციის მონაწილეების დაკავება ჩანს.
ნიკა რომანაძის დაკავების ვიდეოს გამოკვლევისას მოწმემ დაადასტურა, რომ ის ამ ვიდეოში არ ფიგურირებს, ორი პოლიციელიდან, რომელთაც რომანაძე გაჰყავთ, თავად არცერთი არ არის. თუმცა გიორგაძე კვლავ ამტკიცებს, რომ აქტივისტი მან დააკავა, რადგან ავტომობილში მან ჩასვა და სამართალდარღვევის ოქმიც მანვე შეადგინა.
ამ აუდიოჩანაწერში მოისმენთ ფრაგმენტებს მოწმე დავით გიორგაძის გამოკითხვიდან.
აღსანიშნავია, რომ საკუთარი სამხრე კამერის ჩანაწერი საქმეში ამ ეტაპზე გამოკითხულ არცერთ სამართალდამცველს არ წარმოუდგენია. პოლიციელებმა თქვეს, რომ სამხრე კამერის ჩართვა მათი უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება, შესაძლო სამართალდარღვევის დამტკიცებისთვის კი პირის უშუალოდ სამართალდარღვევის ჩადენის დროს დაკავება და სამხრე კამერის წარდგენა აუცილებელი არაა. მტკიცებულებად წარდგენილი ვიდეოს განხილვისას კადრებში ჩანს, რომ აღამალი ასკეროვის სამხრე კამერა ჩართულია, თუმცა ჩანაწერი მას, მოთხოვნის მიუხედავად, წარმოდგენილი არ აქვს და არც პასუხი არ აქვს, რატომ მოხდა ასე.
საკუთარი არგუმენტების განსამტკიცებლად ორმა პოლიციელმა ერთი და იგივე მაგალითიც მოიყვანა:
დავით გიორგაძე, მოწმე ნიკა რომანაძის საქმეზე: „რაც მე დავინახე და რაც მოხდა ჩემ თვალწინ, ის ყველაფერი ვიცი და ეხლა რავი, მაინცდამაინც ვიდეოკამერით უნდა იყოს ყველაფერი დაფიქსირებული და ის დოკუმენტი, რომ დაიჯეროთ? იქნებ ადამიანმა კაცი მოკლა და არ იყო ვიდეოკამერა იმ ადგილზე და არ გადაიღო, არ მოკლა კაცი?! არ ჩაიდინა დანაშაული?!
ბიძინა ჟამერაშვილი, მოწმე ნოდარ სიხარულიძის საქმეზე – მისი თქმით, სამხრე კამერა შეხლა-შემოხლის დროს ჩამოუვარდა: „[სამხრე კამერა] ჩემი ვალდებულება არ არის, ის ჩემი უფლებამოსილებაა… [სხვა ვიდეოკადრებში] ხედავთ, სადაც ვდგავარ. სამართალდარღვევა რა დროსაც მოხდა, იმ მომენტში დაკავება ვერ მოხდა ფიზიკურად ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე. კაცი რომ მოკლათ, ადამიანი რომ მოკლათ... ხელსაყრელი მომენტი როცა ვიპოვე, მაშინ დავაკავე.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეში, ძირითადად, პოლიციელების ჩვენებას ეყრდნობა, რაც, ადვოკატების თქმით, არაერთხელ შეფასდა პრობლემურ პრაქტიკად, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდანაც.
მომდევნო პროცესი 1 სექტემბერს ედუარდ მარიკაშვილის საქმეზე მოწმის სახით წარმოდგენილი პოლიციელის, კობა კაპანაძის გამოკითხვითა და დაცვის მხარის მტკიცებულებების განხილვით განახლდება.