„გთხოვთ, დამიცავით მე და ჩემნაირი გოგოები გათხოვების დაძალებისგან“ | კვლევა ადრეული ქორწინების შესახებ

პუბლიკა

„გთხოვთ, დამიცავით მე და ჩემნაირი გოგოები ასეთი ძალადობისგან და გათხოვების დაძალებისგან, რადგან ჩვენც ადამიანები ვართ და გვაქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. მე არ ვარ ნივთი, რომელსაც მაშინ აიღებენ და წაათრევენ, როცა მოუნდებათ და თან დასცინებენ იმის გამო, რომ შეძლო ხმის ამოღება და თავის დაცვა, “- საკუთარი სახლის ეზოდან გატაცებული 15 წლის გოგოს გამოკითხვის ოქმიდან.

„როცა დიდი გავიზრდები, ძალიან მაგარი ვიქნები და ჩემს დას დავიცავ, რომ არავინ წაიყვანოს და სცემოს. გუშინ ძალით წაიყვანეს. მე ძალიან შემეშინდა და ძალიან შემეცოდა, რომ მას ვერ მივეხმარე, ” – არასრულწლოვანი გოგოს 7 წლის ძმის ჩვენება, რომელიც შეესწრო დის გატაცებას.

„მინდა სოფელში შეიცვალოს მიდგომები, გოგოებს არ ეკითხებოდნენ როდის თხოვდები და არ ხდებოდეს მათი მოტაცება სკოლის მერხიდან” – კიდევ ერთი დაზარალებული არასრულწლოვანი გოგოს ჩვენება.

ადრეულ ასაკში ქორწინება გამოწვევაა საქართველოში. სწორედ ამ საზიანო პრაქტიკის შესახებ მომზადებულ ახალ კვლევაში შესწავლილია სახელმწიფო უწყებების პოლიტიკა, ასევე შეფასებულია ბავშვთა ქორწინების რეალური მასშტაბები და ბავშვთა ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მართლმსაჯულების ეფექტიანობა.

ადრეული/ბავშვთა ქორწინება საფრთხეს უქმნის გოგოების სიცოცხლეს, კეთილდღეობასა და მომავალს. ართმევს მათ შესაძლებლობას, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები თავიანთი ცხოვრების შესახებ, ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას, განათლებას, ხდის უფრო დაუცველს ძალადობისა და დისკრიმინაციის მიმართ.

ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა

საქართველოს კონსტიტუციისა და სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ქორწინება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობითობას ემყარება.

საქართრლოში აკრძალულია 18 წლამდე ადამიანების ქორწინების რეგისტრაცია და საქორწინო ასაკად განისაზღვრულია 18 წელი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს, არასრულწლოვანთან სავარაუდოდ, ქორწინების მოტივით ჩადენილ დაახლოებით 134 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, 2021 წელს – დაახლოებით 212 საქმეზე, ხოლო 2022 წლის 6 თვეში – დაახლოებით 61 საქმეზე.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, სამინისტროს განმარტებით, ისინი ბავშვთა ქორწინების საკითხებზე არ აწარმოებენ ოფიციალურ სეგრეგირებულ სტატისტიკას.

რაც შეეხება არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობას, 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 42 პირის მიმართ, 2021 წელს – 67 პირის მიმართ, ხოლო 2022 წელს (6 თვე) – 44 პირის მიმართ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ასევე უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულები ცალკე არ გამოიყოფა და არ იწარმოება სეგრეგირებული სტატისტიკა. ცალკეული სტატისტიკური ინფორმაცია, რასაც არ აწარმოებენ სახელმწიფო უწყებები, კვლევის ფარგლებში, გამოთვლილია 2020 და 2021 წლებში ჩადენილი 74 შემთხვევის ანალიზის საფუძველზე.

ძირითად შემთხვევებში (19 შემთხვევა), სამართალდამცავ უწყებას ინფორმაცია მიეწოდა 1 თვიდან 1 წლამდე ვადაში. თუმცა გამოიკვეთა სამართალდამცავი ორგანოებისათვის ფაქტის ჩადენიდან ერთ თვემდე (10 შემთხვევა) ან იმავე დღეს მიმართვის შემთხვევებიც (15 შემთხვევა).

როგორც კვლევა ამბობს, არსებული სტატისტიკა, მათ შორის, შეტყობინების სუბიექტთა ვინაობა, მიუთითებს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია ძირითადად მაშინ მიეწოდებათ, როდესაც ორსულობის გამო, არასრულწლოვანი გოგო მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ან მშობიარობის შემდეგ, როდესაც ბავშვი იბადება.

რაც შეეხება სამართალდამცავი უწყებების რეაგირებას, გამოძიება ძირითადად მიმართვის დღესვე იწყება (32 შემთხვევაში), თუმცა გამოვლინდა გამონაკლისებიც, როდესაც გამოძიება დაიწყო შეტყობინების მეორე დღეს (3 შემთხვევა), ერთი კვირის ვადაში (7 შემთხვევა) ან ერთ თვეში (2 შემთხვევა).

საქმეთა შესწავლამ გამოავლინა, რომ ამ კატეგორიის დანაშაულზე დაზარალებულები მხოლოდ არასრულწლოვანი გოგოები იყვნენ, რომელთა უმეტესობა ეთნიკურად ქართველი იყო (17 შემთხვევა), 9 შემთხვევაში სავარაუდო დაზარალებული იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ხოლო ერთ შემთხვევაში – ეთნიკურად სომეხი

სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 27 საქმეზე. აქედან, 24 საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 3 საქმეზე – ნაწილობრივ გამამტყუნებელი. მოცემული საქმეების უმეტესობაზე გაფორმდა საპროცესო შეთანხმება (23 საქმე).

რაც შეეხება გამოყენებულ სასჯელებს, დამნაშავეთა უმეტესობას პირობითი მსჯავრი (24 შემთხვევა) განესაზღვრა. დამნაშავეს მხოლოდ 3 საქმეში მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 3 წელზე მეტი ვადით.

კვლევის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლამ გამოავლინა ცალკეული ხარვეზები როგორც გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების, ისე საქმის სასამართლოში განხილვის პროცესში.

74 სისხლის სამართლის საქმის შესწავლის შედეგად შეფასდა სავარაუდო დანაშაულის შესახებ შეტყობინების გაკეთებიდან, გამოძიების დასრულებამდე შესრულებული სამუშაო და მათში მონაწილე ადამიანების ქმედებები.

დანაშაულის შესახებ შეტყობინება და გამოძიების დაწყება

„ერთ-ერთ საქმეში, რომელზეც გამოძიება არასრულწლოვანი გოგოს დედის განცხადების საფუძველზე დაიწყო, შვილის მიმართ დედამთილის მხრიდან შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ 15 წლის არასრულწლოვანი იყო ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, რომლის შესახებაც ცნობილი უნდა ყოფილიყო საავადმყოფოს ორი ექიმისთვის – გინეკოლოგებისთვის, რომლებსაც ამის თაობაზე არ შეუტყობინებიათ სამართალდამცავი ორგანოებისთვის. დაზარალებულის განმარტებით, გინეკოლოგებმა მას ისიც კი ურჩიეს, თუ როგორ დაეცვა თავი ორსულობისგან, ვინაიდან 15 წლის იყო და მშობიარობა გაუჭირდებოდა. ექიმებმა გამოკითხვის დროს განმარტეს, რომ მათთან დაზარალებული მისული იყო მენსტრუაციული ციკლის დარღვევის გამო და არ იცოდნენ, რომ მას, შესაძლოა, სქესობრივი კავშირი ჰქონოდა”.

კვლევაში ეს ისტორია მაგალითად არის მოყვანილი იმის საჩვენებლად, რომ გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი გოგო თვეების განმავლობაში იმყოფებოდა აღრიცხვაზე სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდეგ მიაწოდეს.

როგორვ კვლევაშია ნათქვამი, სხვადასხვა დანაშაულზე შეტყობინების ინიციატორები სხვადასხვა პირები და დაწესებულებები არიან. სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების დანაშაულებზე სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაციას, ძირითადად სამედიცინო დაწესებულებები აწვდიან. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორები უმეტესად არასრულწლოვანი გოგოს ოჯახის წევრები არიან, ხოლო ქორწინების იძულების დანაშაულებზე – შეტყობინების ინიციატორი უმეტესად სკოლა იყო.

ასევე, კვლევაში აჩვენებს, რომ რიგ შემთხვევებში, არასრულწლოვნისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი ჰქონდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა საქმის მასალებში არ იკვეთება სკოლის ან მანდატურის სამსახურის მხრიდან პოლიციისათვის შეტყობინების დამადასტურებელი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი.

ბავშვის გამოკითხვა და შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობა

„ერთ-ერთ საქმეში, დაზარალებულს, რომელმაც დეტალურად აღწერა გაუპატიურების პროცესი, გამომძიებელი დამატებით უსვამდა კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოიმოქმედა ბრალდებულმა, გაუწია თუ არა დაზარალებულმა წინააღმდეგობა, რაში გამოიხატა ეს წინააღმდეგობა და სხვა, რაც დაზარალებულს უკვე ჰქონდა აღწერილი”.

„მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში, რომელიც ქორწინების მიზნით, სრულწლოვანის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ეხებოდა, არასრულწლოვნის გამოკითხვას ესწრებოდა მისი დედა, რომელიც თავადვე უწყობდა ხელს შვილის ადრეულ ასაკში ქორწინებას (დაზარალებულის განმარტებით, მისი და კაცის მშობლები შეხვდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ დაოჯახებაზე”. 

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ გამომძიებლის მიერ დასმული შეკითხვები ხშირად შაბლონურია და არასრულწლოვნისთვის რთულად გასაგებ ენაზეა ფორმულირებული. ამასთანავე, ერთი შეკითხვა ხშირად რამდენიმე დამოუკიდებელ კითხვას აერთიანებდა, ზოგიერთი კითხვა კი, სრულიად აცდენილი იყო მოცემულობას და მისი დასმის მიზანი გაუგებარია.

კვლევაში ნათქვამია, რომ არასრულწლოვანთა გამოკითხვის ოქმების შესწავლისას გამოიკვეთა დისკრიმინაციული, არარელევანტური და სტერეოტიპული შეკითხვების დასმის პრაქტიკა.

არასრულწლოვნის გამოკითხვას უმეტესად (55%) იმავე სქესის, ქალი გამომძიებელი ატარებდა, თუმცა იყო შემთხვევებიც, როდესაც გამოკითხვას საპირისპირო სქესის გამომძიებელი უძღვებოდა. ასევე, იყო შემთხვევა, როდესაც გაუპატიურების მცდელობის საქმეზე არასრულწლოვანი გოგოს გამოკითხვას კაცი თარჯიმანი ესწრებოდა.

კვლევის მიხედვით, საქმის მასალების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ უმეტესად არ ხდება არასრულწლოვნის ინფორმირება სახელმწიფო სერვისების შესახებ. საქმეების მხოლოდ 15%-ში შეეთავაზა არასრულწლოვანს ადვოკატით ან თავშესაფრით სარგებლობის უფლება, დანარჩენ შემთხვევებში კი, საქმის მასალებიდან არ ჩანდა, რომ ამ სერვისების შესახებ დაზარალებულს მიეწოდა ინფორმაცია.

საქმეების სასამართლოში განხილვა 

კვლევის მიხედვით, 39 სისხლის სამართლის საქმის შესწავლის შედეგად შეფასდა ამ საქმეებზე სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოება, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა და გამოყენებული სასჯელები.

ადრეულ ასაკში ქორწინების საქმეებზე გადაწყვეტილებების უმეტესობა (29 საქმე) საპროცესო შეთანხმების სახით მიიღება.

კვლევა აჩვენებს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების პრაქტიკა განსაკუთრებით მაღალია სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის დანაშაულებზე.  გარდა ამისა, არცერთ განაჩენში არ ყოფილა მსჯელობა განვითარებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებზე.

რაც შეეხება არსებითი განხილვით მიღებულ განაჩენებს (10 საქმე), ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და ბუნების გათვალისწინებით, განაჩენის სათანადო დასაბუთებულობის საკითხი, მოცემულ შემთხვევაშიც, პრობლემურია.

კვლევის მიხედვით, განსაკუთრებული პრობლემურობითა და ხარვეზებით გამოირჩევა გაუპატიურების საქმეები. შესწავლილი 39 საქმიდან 4 შემთხვევაში სხვა დანაშაულებთან ერთად, პირს ბრალი ედებოდა გაუპატიურების ან გაუპატიურების მცდელობის ჩადენაში. თუმცა მოსამართლემ, 2 შემთხვევაში, გაუპატიურების ბრალდება გადააკვალიფიცირა დაზარალებულის თანხმობით ჩადენილ სქესობრივ დანაშაულზე, ხოლო ერთ შემთხვევაში, გაამართლა პირი გაუპატიურების ნაწილში.მოსამართლემ პირი დამნაშავედ მხოლოდ გაუპატიურების მცდელობაში ცნო.

„ყველა იმ საქმეში, რომელშიც მოსამართლემ შეცვალა კვალიფიკაცია თანხმობით ჩადენილ სქესობრივ დანაშაულზე ან გაამართლა პირი გაუპატიურების ჩადენაში, მოსამართლე ავითარებს სტერეოტიპულ მსჯელობას დაზარალებულის მხრიდან ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობაზე, რაც, მოსამართლის აზრით, არ დასტურდებოდა მოპოვებული მტკიცებულებებით ან ძირითადი დასკვნები ეყრდნობა საქალწულე აპკის შესამოწმებლად ჩატარებულ ექსპერტიზას ან ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არასწორ შეფასებას, “- ნათქვამია კვლევაში. 

კვლევის ძირითადი მიგნებები – მოკლედ

გამოძიება უმეტესად იწყება დაუყოვნებლივ, გაუჭიანურებლად. კერძოდ, საქმეთა 80%-ში გამოძიება შეტყობინების გაკეთების დღესვე დაიწყო; ასევე, გამოძიებას, ძირითადად (85%) ენიჭებოდა შეტყობინების შინაარსის შესაბამისი სათანადო კვალიფიკაცია;

გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა (სულ 3 საქმე), როდესაც სავარაუდო დანაშაული მოხდა სხვა ტერიტორიულ ერთეულში, თუმცა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, საქმე დაიქვემდებარა პოლიციის იმ განყოფილებამ, რომელმაც ჩაატარა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რაც დადებითად უნდა შეფასდეს.

კვლავ პრობლემურია ეფექტიანი და გამართული კოორდინაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის და რეფერირების პროცედურების გამართულად მუშაობა;

პრობლემად რჩება ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენა და მათი გადამისამართება (რეფერირება). გამოიკვეთა რეფერირებაზე პასუხისმგებელი სუბიექტების მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევები;

უწყებებს განსაკუთრებით უჭირთ ბავშვობის ასაკში ქორწინების ისეთ ფაქტებზე რეაგირება, რომლებიც არ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას.  ეს, გარკვეულწილად, შეიძლება ეფექტიანი საკანონმდებლო ბერკეტების ნაკლებობით აიხსნას.

სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების შესწავლა აჩვენებს, რომ არასრულწლოვანთა შესაძლო ნიშნობის შემთხვევაში, უწყებების მხრიდან, უმეტესად ვერ ხერხდება სავარაუდო ქორწინების იძულების გამოკვეთა;

იმ საქმეებში, სადაც ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ვაგინალური ფორმით, მტკიცებულების შეგროვების პროცესში, უმეტესწილად გადამწყვეტ როლს ასრულებდა საქალწულე აპკის მთლიანობის დადგენის მიზნით დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა;  მაშინ, როდესაც არასრულწლოვანთან ვაგინალური ფორმით სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტი შეიძლება დადგინდეს სხვა მტკიცებულებებით, საქალწულე აპკის შემოწმების გარეშე, რომლებიც არ არის დისკრიმინაციული და მატრამვირებელი;

უმეტესად არ ხდება საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა, რაც გამოწვეულია დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვისას შესაბამისი კითხვების დაუსმელობითა და სათანადო მტკიცებულებების მოძიების დეფიციტით;

საქმეთა უმეტესობაში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. კერძოდ, 39 საქმიდან, 29 საქმეზე (74%) დაიდო საპროცესო შეთანხმება; საპროცესო შეთანხმების გაფორმების პრაქტიკა, განსაკუთრებით მაღალია სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის დანაშაულებზე;

დამნაშავეთა მიმართ უმეტესად გამოიყენება პირობითი მსჯავრი და დაბალია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მაჩვენებელი;

კვლავ დაბალია საზოგადოების ცნობიერება ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკისა და საკანონმდებლო რეგულაციების თაობაზე, რის გამოც უმეტესად არ ატყობინებენ პოლიციას ან სხვა სახელმწიფო უწყებას სავარაუდო დანაშაულის შესახებ;

კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ

კვლევა მოამზადა „დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრმა“, გაეროს ერთობლივი პროგრამის, „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდთან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევის პირველ ეტაპზე მომზადდა მეთოდოლოგია და განისაზღვრა საკითხის შესწავლის ძირითადი ინსტრუმენტები. ასევე, მომზადდა სამაგიდო კვლევა, რომელმაც მოიცვა როგორც ბავშვის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები, ისე საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციები.

კვლევის მეორე ეტაპზე გაანალიზდა ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ საგამოძიებო, ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების პრაქტიკა.

ასევე, გაანალიზდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2020-2021 წლებში და 2022 წლის პირველ 6 თვეში შესწავლილი 51 საქმე, რის შედეგადაც გამოვლენილი ტენდენციები შესაბამის თემატურ თავებში აისახა.

კვლევის მესამე ეტაპზე მომზადდა რეკომენდაციები, რაც შესაბამის უწყებებს დაეხმარება ბავშვთა ქორწინების პრევენციისა და ეფექტიანი რეაგირების ღონისძიებების გაუმჯობესებაში, ასევე, სამოქმედო გეგმებისა და ადვოკატირების ღონისძიებების განხორციელებაში.

ვრცლად კვლევასა და თანდართულ რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.