გვაქვს კი იმის ფუფუნება, რომ ბავშვთა სიღარიბეში ინვესტიცია არ ჩავდოთ? | ინტერვიუ

პუბლიკა

საქართველოში 16 წლამდე ასაკის 226 328 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს სექტემბრის ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 25%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.

„პუბლიკა“ დაინტერესდა, რა მდგომარეობაა საქართველოში ბავშვთა სიღარიბის კუთხით, რამდენად საკმარისია ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა, რა უნდა გაკეთდეს ოჯახების გაძლიერების მიმართულებით და, ზოგადად, რაშია გამოსავალი, როგორ შეიძლება აღმოიფხვრას პრობლემა როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.

„პუბლიკის“ შეკითხვებს სოციალური პოლიტიკის დოქტორმა და ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის სოციოლოგიური კვლევების ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, დიმიტრი გუგუშვილმა უპასუხა.

 – თქვენი შეფასებით, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ბავშვთა სიღარიბის კუთხით? როგორ ცხოვრობენ ბავშვები და რამდენად დიდია ქვეყნისთვის ეს გამოწვევა?

– ბავშვთა სიღარიბე შეიძლება რამდენიმე გზით გაიზომოს და ყველაზე ხშირად გავრცელებული მეთოდი არის მონეტარული სიღარიბის დათვლა, ანუ ამ შემთხვევაში ხდება ოჯახის შემოსავლებისა და ხარჯების შედარება გარკვეულ მონეტარულ ზღვართან და თუ ეს შემოსავლები და ხარჯები ზღვარზე ნაკლებია, ითვლება, რომ ბავშვი არის მონეტარულ სიღარიბეში. ჩვენთანაც, პრინციპში, ეს მეთოდი გამოიყენება და იმის მიუხედავად, რომ ჩვენთან სიღარიბის ზღვარი ძალიან დაბალია, ოფიციალური მონაცემებით, ბავშვების 20%, ანუ ყოველი მეხუთე ბავშვი, მაინც არის ღარიბი.

არის მეორე მიდგომაც, უფრო თანამედროვე, რაც ახლახან დაინერგა ევროკავშირში და ეს მეთოდოლოგია ითვალისწინებს ბავშვის საბაზისო საჭიროების ჩამონათვალის განსაზღვრას და შემდეგ იმის შეფასებას, რამდენად არის თითოეული საჭიროება დაკმაყოფილებული.

UNICEF-ის ბოლო კვლევაში მეც ვმონაწილეობდი და ამ მეთოდოლოგიით განისაზღვრა ბავშვების მატერიალური დანაკლისი. კვლევამ აჩვენა, რომ ძალიან მაღალია ე.წ. დანაკლისების მაჩვენებელი. ეს იყო დაახლოებით 38%, რაც ნიშნავს, რომ ისინი 16 საბაზისო საჭიროებიდან მინიმუმ 3-ის დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ. ბავშვების მხოლოდ 36% აღმოჩნდა ისეთი, რომელსაც არცერთი დანაკლისი არ აქვს.

რაც შეეხება თვითონ ბავშვთა სიღარიბის მნიშვნელობას, თუ გვერდზე გადავდებთ ადამიანის უფლებებს, ეთიკურ მიზნებს და ასე შემდეგ, სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ თანამედროვე ეკონომიკა დგას ადამიანურ კაპიტალზე და რაც უფრო მაღალი იქნება ბავშვთა სიღარიბის დონე, მით უფრო დაბალი ადამიანური კაპიტალი გვექნება.

მაგალითად, ბავშვებს, რომლებიც ვერ იკვებებიან სათანადოდ, ვერ იღებენ ჯანდაცვის საჭირო სერვისებს, შესაძლოა, ზრდასრულობის ასაკში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნათ. ანალოგიურად, ვინც ვერ იღებს შესაბამის განათლებას, შესაძლოა, ზრდასრულობის პერიოდში იყოს ან უმუშევარი ან დაბალკვალიფიციური მუშახელი. ასევე, დიდია ალბათობა, რომ გახდეს ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე დამოკიდებული ან კრიმინალში ჩაერთოს.

ამის გათვალისწინებით, ჩემი აზრით, კითხვა ისე კი არ უნდა დავსვათ, რომ გვაქვს თუ არა ჩვენ იმის საშუალება და ფუფუნება, რომ ბავშვთა სიღარიბე შევამციროთ? პირიქით, გვაქვს კი ჩვენ იმის ფუფუნება, რომ ბავშვთა სიღარიბეში ინვესტიცია არ ჩავდოთ?

 – თქვენი აზრით, ბავშვებისთვის რამდენად საკმარისია მხოლოდ ფულადი დახმარება? მით უმეტეს, როცა საუბარია 200-ლარიან საარსებო შემწეობაზე. რამდენად საკმარისია ეს თანხა იმისთვის, რომ ბავშვის ყველა საჭიროება იყოს დაკმაყოფილებული?

– დიახ, რეალურად საკმარისი არ არის, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ დახმარების გაზრდა წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, იმიტომ, რომ სულ თავიდან, როდესაც ეს შემწეობა შემოიღეს, 10 ლარი იყო მისი ოდენობა, მერე 50, 150 და ასე შემდეგ. თვითონ ეს ტენდენცია, ბუნებრივია, დადებითია.

რა თქმა უნდა, მარტო ფულადი დახმარება არ არის საკმარისი, საჭიროა უნივერსალური სერვისები. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რაც გამოიკვეთა იგივე UNICEF-ის კვლევაში, არის სკოლაში კვების საკითხი. ბავშვების მხოლოდ ერთი მესამედი იკვებება სკოლის საათებში და როდესაც დანარჩენებს მიზეზი ჰკითხეს, რატომ არ იკვებებოდნენ, ყველაზე ხშირად დასახელებული მიზეზი იყო ის, რომ უბრალოდ ოჯახს არ ჰქონდა საშუალება.

ამას გარდა, ბავშვების დახმარებას რაც შეეხება, პრობლემა არის ის, რომ  შემწეობა მიბმულია სოციალური დაცვის პროგრამაზე და ვინც ამ პროგრამაში არ არის, ის ვერ იღებს დახმარებას. შესაბამისად, ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ ფულადი დახმარება ქულებზე კი არ უნდა იყოს მიბმული, არამედ სახელმწიფომ თანდათან უნდა იფიქროს მის უნივერსალიზაციაზე. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა სცადოს არა ის, რომ ღარიბი ბავშვები იპოვოს და მარტო მათ დაეხმაროს, არამედ ის, რომ ყველა მოიცვას და უბრალოდ სისტემიდან გამორიცხოს მხოლოდ ისინი, ვინც ობიექტურად არ არიან ღარიბები და შეძლებულები არიან.

 – უნივერსალური სერვისები ახსენეთ, კონკრეტულად რა შეიძლება სახელმწიფომ შესთავაზოს უშუალოდ ბავშვებს?

 – ბევრი სერვისია, რომლებზეც არის მოთხოვნა, მაგრამ პრობლემა მდგომარეობს ფინანსებში ან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის არქონაში. მაგალითად, იგივე სკოლის მიღმა ხელოვნების წრეები, ინგლისური ენის კურსები, კულტურული და სპორტული აქტივობები. ბევრი რამ შეიძლება იქნას შეთავაზებული უშუალოდ ბავშვებისთვის, მით უმეტეს, რომ მოთხოვნა დიდია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ოჯახების დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება ამ ყველაფერზე და რეგიონებში განსაკუთრებით დიდი პრობლემაა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

 – „ბავშვი ოჯახისგან განცალკევებით არ უნდა იქნას აღქმული და საჭიროა ოჯახების გაძლიერება” – თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე, რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას და თუ ეთანხმებით, მაშინ რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს ოჯახების გაძლიერების მიმართულებით?

– აბსოლუტურად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ბავშვი ცალკე ვაკუუმში არ არსებობს. ბუნებრივია, ოჯახში ცხოვრობს და, შესაბამისად, ოჯახის გაძლიერება უნდა იყოს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი. ამ კუთხით ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. პირველი, ჩემი აზრით, გვჭირდება პროგრესული საგადასახადო სისტემა, რომელიც გაითვალისწინებს როგორც შემოსავალს, ასევე ოჯახში ბავშვების რაოდენობას. ასევე, ამ პროგრესული საგადასახადო სისტემის ფარგლებში საჭიროა დაუბეგრავი მინიმუმის ცნების შემოტანა, ისეთი როგორიც არის ევროპის ქვეყნებში, შტატებში. ანუ, არის გარკვეული რაოდენობის თანხა, რომელიც არ ექვემდებარება დაბეგვრას.

გარდა ამისა, თითქმის ყველა ქვეყანაში ხდება ოჯახების დიფერენცირება და ბუნებრივია, რომ ის ოჯახი, რომელსაც უფრო მეტი ბავშვი ჰყავს და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ხარჯი აქვს, სახელმწიფო ამას ითვალისწინებს და უფრო ნაკლები ტარიფით ბეგრავს. მეორე, რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის დეკრეტული შვებულების ანაზღაურების გაზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურებაც. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში დაბალშემოსავლიანი ადამიანები ძალიან ხშირ შემთხვევაში 10-12-საათიანი გრაფიკით მუშაობენ, ზოგი ქალი ვერ ახერხებს ამას და, შესაბამისად, საერთოდ ანებებს თავს სამსახურს. გარდა ამისა, მინიმალური ხელფასის დაწესებაც იქნება ძალიან კარგი და წინგადადგმული ნაბიჯი.

 – დასაქმების პოლიტიკაზე რას იტყვით? რა მექანიზმები არსებობს, რომლებითაც სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება შეიძლება?

– რა თქმა უნდა, დასაქმება და მაღალანაზღაურებადი სამსახური ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და დიდი გავლენა აქვს სიღარიბის დონის შემცირებაზე. გარდა იმისა, რომ სამუშაო ადგილების შექმნა უნდა იყოს პრიორიტეტული, არსებობს უმუშევრობის დაზღვევა და უმუშევრობის შემწეობა.

უმუშევრობის დაზღვევა ეს არის გამომუშავებული უფლება. ამ შემთხვევაში ბენეფიტის ოდენობა განისაზღვრება ხელფასის მიხედვით. უმუშევრობის შემწეობა არის უბრალოდ მოჭრილი თანხა, რომელიც, როგორც წესი, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე უმუშევრობის დაზღვევა.

საჭიროა, ქვეყანაში არსებობდეს ეს მექანიზმები, თუნდაც იმავე სამართლიანობის თვალსაზრისით. ადამიანი, რომელიც სისტემატურად უხდის სახელმწიფოს საკუთარი შემოსავლის ნაწილს, დაცული უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს რაღაც მინიმალური დაცვის დონე. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაკარგავს სამუშაოს, რაღაც პერიოდის განმავლობაში, მისი ცხოვრების სტანდარტი მკვეთრად არ გაუარესდება და შესაძლებლობა ექნება, მოიძიოს ის სამუშაო, რომელსაც ის მიიჩნევს, რომ თავისი კვალიფიკაციის შესაბამისია.

თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდია არაფორმალური ეკონომიკის წილი, საკმაოდ პრობლემური იქნება უმუშევრობის დაზღვევის დანერგვა. მსგავსი მექანიზმი კარგად მუშაობს, მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის 60-65% არის დასაქმებული და 5-10% უმუშევარია, ასევე იქ, სადაც არაფორმალური ეკონომიკის წილი მცირეა.

ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ პირდაპირ სიღარიბეზე დიდი ეფექტი, სავარაუდოდ, არ ექნება, იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვინც ამით ისარგებლებენ, ესე იგი უკვე ფორმალურად იყვნენ დასაქმებული და მათი ზოგადი ფინანსური მდგომარეობა მაინც უკეთესი იქნება, ვიდრე იმ ადამიანების, ვინც უმუშევარია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან არაფორმალურად არის დასაქმებული.

რაც შეეხება უმუშევრობის შემწეობას, ჩემი აზრით უკეთესი იქნება, თუ ეს მიბმული იქნება, პროფესიული მომზადების, გადამზადების პროგრამაზე, ანუ მიიღებს სტიპენდიის ფორმას. სახელმწიფო სთავაზობს ადამიანს, დაეხმაროს გარკვეული პროფესიული უნარ-ჩვევების ათვისებაში და მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს მართლაც საფუძვლიანი პროგრამები, რომელიც მას საშუალებას მისცემს, შრომის ბაზარზე თვითონ მოიპოვოს თავისი ადგილი.

ჩვენ გვაქვს ძალიან ლიბერალური ეკონომიკა. პოლიტიკა არის ის, რომ სახელმწიფო არ ცდილობს მოთხოვნისა და მიწოდების სტიმულირებას და შესაბამისად, ამ შემთხვევაში მუშახელის მომზადებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პრინციპში სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი გზა, ძირითადად, ის გახლავთ, რომ ამ ადამიანების უმეტესობას ჰქონდეს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, შრომის ბაზარზე თავი დაიმკვიდრონ.

 – რომ შევაჯამოთ –თქვენი ხედვა გრძელვადიან პერსპექტივაში სიღარიბის აღმოფხვრასთან დაკავშირებით გასაგებია, მაგრამ რა უნდა გაკეთდეს უფრო მოკლევადიან პერსპექტივაში საიმისოდ, რომ პრობლემა აღმოიფხვრას?

– მოკლევადიან პერსპექტივაში, ყველაზე მარტივი დამატებითი თანხის გამოყოფაა და უშუალოდ მიმართვა იმ ფენისკენ, რომელსაც ის სჭირდება; და იგივე უნივერსალიზაცია, რაც ზემოთ აღვნიშნე, ყველაზე სწრაფი გზაა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული პროგრამა, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც სახელმწიფო პრობლემას აღმოფხვრის. ეს არის კომპლექსური საკითხი და კომპლექსური მიდგომა სჭირდება. საერთო ჯამში, ხანგრძლივი პროცესია და თუ სახელმწიფო ყველაფერს თანდათან, ეტაპობრივად განახორციელებს, შესაძლებელი იქნება, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი იმ ოჯახებისა და ბავშვების რაოდენობა, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ.