ჰერთა აირტონი - ელექტროინჟინერიის, ჰიდროდინამიკისა და ფიზიკის გიგანტი

ნიკოლას გელოვანი

ეძღვნება ლადო ვახტანგაშვილს

გულითად მადლობა ვუხდი მას, ასევე ბიოფიზიკოს მიხეილ გელაშვილს, ასტროფიზიკოს მამუკა ჩახვაშვილსა და ბიოფიზიკოს ვეფხვია მანია. ამ პროფესიონალთა რჩევებ და განმარტებები დიდად დამეხმარა სტატიის ტექნიკური ნაწილის წერისას

ჰერთა აირტონი (იგივე ფიბი სარა მარკსი) ბრიტანელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ინჟინერი და გამომგონებელია. ამ მეცნიერმა ჩაატარა პიონერული კვლევები ელექტრულ რკალებზე, წყლისა და ქვიშის ჭავლებზე. ეკუთვნის უამრავი პატენტი და რევოლუციური გამოგონება. 1854 წლის 28 აპრილს დაბადებული გოგონას მშობლები პოლონეთში ემიგრირებული ებრაელები იყვნენ. სარა-ჰერთას თითქმის არ ახსოვდა მამა, რადგან შვიდიოდე წლისა იყო, როცა გარდაეცვალა. დაქვრივებულ დედას ძალიან უჭირდა რვა შვილის მარტოდმარტო გაზრდა. სიდუხჭირეში გავლილმა ბავშვობამ წარუშლელი კვალი დააჩნია ჰერთას. დედამისს, ელისს, მყარად სწამდა, რომ ქალიშვილებს განათლება უნდა მიეღოთ. კარგად იცოდა, რა ბარიერებსა და დისკრიმინაციას აწყდებოდნენ ქალები იმ ეპოქაში და რაოდენ მძიმე ბრძოლის გადატანა უწევდათ. ამიტომაც, სარას არ დაავალა უმცროს და-ძმებზე ზრუნვა, არ გამოკეტა სახლში და გზა გაუხსნა ინტელექტუალური მწვერვალებისაკენ. დეიდამ ლონდონში წაიყვანა და სკოლაში შეიყვანა. ნიჭიერმა გოგონამ თავი ისახელა სასწავლებელში. სამართლიანობისათვის მებრძოლი შეარქვეს, რამეთუ შიმშილობა გამოაცხადა, როცა უსამართლოდ დასდეს ბრალი „უსაქციელობაში“. ამ შეურიგებლობამ, უკომპრომისობამ და სიმტკიცემ შემდგომშიც იჩინა თავი, სუფრაჟისტების მოძრაობას რომ შეუერთდა და ბრძოლა გააჩაღა ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების (უმაღლესი განათლების, საარჩევნო ხმის, ქონების დამოუკიდებლად ფლობის, განქორწინების და ა.შ.) მოსაპოვებლად; ჩაერთო მარშებსა და დემონსტრაციებში; საკუთარ სახლშიც შეიფარა სახელმწიფოსაგან დევნილი ფემინისტები და ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობის ციხიდან დახსნილი წევრები. სარას მაშინ შეარქვეს ჰერთა: სუინბერნის პოემის პერსონაჟს, მიწის ქალღმერთს შეადარეს. შერჩა კიდეც ეს მეტსახელი, რამეთუ ძალიან ჰგავდა იმ გმირს მგზნებარებით, სიცხოველით, დაუდგრომლობითა და შეუპოვრობით. დაუმეგობრდა ამერიკელ განმანათლებელს, ფემინისტსა და კემბრიჯის გირტონის ქალთა კოლეჯის დამაარსებელს, ბარბარა ბოდიშონს. ეს უკანასკნელი უხდიდა სწავლის საფასურს სარას. კემბრიჯში საკუთარი ხელით ააწყო სფიგმომანომეტრი. შარლოტ სკოტთან ერთად ჩამოაყალიბა მათემატიკოსთა კლუბი და გირტონის ქალთა სახანძრო ბრიგადა. მათს ამ წამოწყებას ეჭვის თვალით უყურებდნენ აკადემიკოსი კაცები: არ სჯეროდათ, რომ ქალები თავს გაართმევდნენ დაკისრებულ მოვალეობას. ამ აგდებული და დამამცირებელი დამოკიდებულების მიუხედავად, წარმატებას მიაღწიეს და დაამტკიცეს თავიანთი ოსტატობა მათემატიკაშიც და მეხანძრეობაშიც. ჰერთამ ჩააბარა კემბრიჯის უნივერსიტეტის მათემატიკის ტრიპოსი (გამოსაშვები გამოცდა), მაგრამ კვლავ შეეჩეხა გენდერულ დისკრიმინაციას: ეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქალებს არ ანიჭებდა აკადემიურ ხარისხს (მხოლოდ უბრალო სერთიფიკატებს იმეტებდა მათთვის). განაწყენებულმა აირტონმა ლონდონის უნივერსიტეტს მიაშურა და იქ მოიპოვა მეცნიერების ბაკალავრის დიპლომი 1881 წელს. ოთხი წლის შემდეგ დაქორწინდა ინჟინერ უილიამ ედუარდ აირტონზე. ბარბარა ბოდიშონმა მთელი თავისი ქონება უანდერძა ჰერთას. ამ მოულოდნელმა ცვლილებამ სამეცნიერო მოღვაწეობის გაგრძელების საშუალება მისცა ქალს.

1884 წელს დააპატენტა თავისი ერთ-ერთი პირველი გამოგონება: ხაზგამყოფი, ანუ ერთგვარი საინჟინრო სახაზავი. ეს მეტად მოსახერხებელი ინსტრუმენტი შედგებოდა პარალელოგრამებისაგან და შეეძლო ხაზის ტოლ ნაწილებად დაყოფა (ნებისმიერი რაოდენობით), ფიგურების გადიდება-დაპატარავება და ა.შ. მის ამ ხელსაწყოს აქტიურად იყენებდნენ როგორც ხელოვანები, ასევე, არქიტექტორები და ინჟინრები. ჰერთას ფინანსურად უმაგრებდნენ ზურგს ქალთა მოძრაობის წარმომადგენლები, სუფრაჟისტები, ბოდიშონი, ჯორჯ ელიოტი (მამაკაცის ფსევდონიმს ამოფარებული ინგლისელი მწერალი ქალი. იგი ისე აღავსო შთაგონებით ჰერთამ, ისეთი წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მასზე, თავისი რომანის, „დანიელ დერონდას“, გმირადაც კი აქცია – პერსონაჟი მირა ჰერთას პროტოტიპია) და სხვები. მათ შეუგროვეს პატენტის გამოსატანად საჭირო თანხა. მისი გამოგონება წარადგინეს ქალთა ინდუსტრიულ გამოფენაზე, სადაც დიდი ყურადღება დაიმსახურა. ფრანგულმა სამეცნიერო გამოცემამ, „Revue Scientifique“-მა ასე შეაქო მეცნიერი 1885 წლის 14 მაისს: „ხშირად იჟინებენ, ქალს ოდენ მიბაძვისა და მიმსგავსების უნარი აქვს, გამოგონება კი არ ძალუძსო; ის ხელსაწყო, ახლა რომ აღვწერეთ, საპირისპიროს მათემატიკური მტკიცებულებაა!“ უამრავი გამოგონების დაპატენტება მოასწრო. მათ შორისაა: მათემატიკური ხელსაწყოები, გამყოფები, ელექტრულ-რკალოვანი ლამპები, ელექტროდები, ამძრავები, სამხედრო და სანაოსნო პროჟექტორები, ჰაერის ტუმბოები. გამოგონებათა დაპატენტება ძალზე თამამი ნაბიჯი იყო ცნობილ მეცნიერზე დაქორწინებული ქალისა. შეუპოვარი აღმოჩნდა იმ თვალსაზრისითაც, რომ პრეტენზია განაცხადა თავის ინტელექტუალურ საკუთრებაზე და კანონის ძალით დაიცვა საავტორო უფლებები, რაც ესოდენ აღმაშფოთებელი და მიუღებელი საქციელი იყო (ქალის მხრიდან) იმ ეპოქაში.

ელექტროინჟინერიის განვითარებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილი

რკალოვანი ნათურები ფართოდ გამოიყენებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს. ასეთი ელექტრული რკალი შედგებოდა ნახშირის ორი ელექტროდისაგან, რომელთა შორისაც პატარა სიცარიელე იყო დატოვებული, თუმცა, ეს ვიწრო სივრცე სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რათა დენის ნაკადს თავისუფლად ედინა წრედის გარშემო. წრედს რომ მაღალ ძაბვას მიუერთებდნენ, ნახშირის ელექტროდები ისე ხურდებოდა, აქროლას იწყებდა და ერწყმოდა ელექტროდებს შორის მოქცეულ ჰაერის ნაკადს. ჰაერისა და „აორთქლებული“ ნახშირის ეს ნაზავი იძლეოდა მეტად მკვეთრ შუქს. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ნათურები ხშირად ციმციმებდა, შიშინებდა, ბჟუტავდა, უსიამო ხმას გამოსცემდა და ა.შ. აირტონმა გამოწვლილვით შეისწავლა ეს ფენომენი, სიღრმისეული კვლევა დაიწყო და ექსპერიმენტების მთელი სერია ჩაატარა. შედეგად, 1895 წელს დაწერა რამდენიმე რევოლუცური სტატია და ახსნა მოუძებნა ამ მეტად შემაწუხებელ პროცესს. აი, ასეთ აღმოჩენამდე მივიდა: ყოველივე ეს იმის ბრალი იყო, რომ ჟანგბადი რეაქციაში შედიოდა რკალოვანი ნათურების ნახშირის ღეროებთან და იჭრებოდა აორთქლების შედეგად ნახშირის ზედაპირზე გაჩენილ ჩაღრმავებებში. ჰერთამ დაამტკიცა კვლევის შედეგად მიღებული დასკვნების სისწორე – სწორედ ჟანგბადისა და ნახშირბადის ურთიერთქმედება იყო რკალის უსიამოვნო ხმისა და ციმციმის მიზეზი. მეცნიერმა გამოსავალი შესთავაზა ინჟინრებს: კარგად უნდა დაეცვათ რკალოვანი ნათურა ჰაერის ნაკადისაგან. თუ ასე მოიქცეოდნენ და ჟანგბადს გამოდევნიდნენ რკალიდან, შიშინსაც აღარ დაიწყებდა. აირტონი სავსებით მართალი აღმოჩნდა, ოქსიდაციის პროცესით რომ ახსნა ნახშირის ელექტროდების უცნაურობა. ინჟინრებს წარუდგინა რკალოვანი ლამპებისა და ელექტროდების სულ სხვაგვარი მოდელი; დაწვრილებით აღწერა ის აუცილებელი ცვლილებები, უკვალოდ რომ გააქრობდა შიშინს და ციმციმს. ჰერთას კვლევა უდიდესი სამეცნიერო გარღვევა აღმოჩნდა. იგი გამოდგა პირველი ქალი, რომელმაც თავისი პიონერული სტატია წაიკითხა ინგლისის ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის წევრების წინაშე. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მათზე. მისი მტკიცებით, რკალი შიშინსა და ბჟუტვას არ დაიწყებდა, არც ფერს არ შეიცვლიდა, თუკი აზოტსა და ჰაერის შემადგენელ სხვა ელემენტებს ცალ-ცალკე (და არა ერთად) შეუშვებდნენ რკალის სარეაქციო არეში. მის ამ აღმოჩენას უდიდესი კომერციული და ინდუსტრიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ პიონერულ მიგნებებამდე, გადახურებული ელექტროდები ადნობდა მატერიას. ეს იყო დიდი გამოწვევა მათთვის, ვისაც სურდა მოსახერხებელი იზოლატორების გამოგონება. რაკი რკალის ელექტროდები იწვოდა და იღვენთებოდა, რკალის სიგრძეც მუდმივად იცვლებოდა. ეს კი მოითხოვდა განუწყვეტელ ჩარევას, შესწორებას, წრედის ხელმეორედ შეკვრას და ა.შ. ჰერთას წყალობით კი ყველაფერი შეიცვალა.

ჰერთამ აღმოაჩინა პირდაპირი კავშირი რკალში შეყვანილ ძაბვას, ელექტრულ პოტენციალს, დენის ნაკადსა და რკალის სიგრძეს შორის; დაადგინა: ფიქსირებული სიგრძის რკალზე დენის ნაკადის გადასაგზავნად საჭირო პოტენციალი, ძირითადად, დამოკიდებული იყო იმ ჩაღრმავების (კრატერის) ზედაპირის ბუნებაზე, რომელიც ყალიბდება დადებითი ნახშირბადის წვერზე ზემოქმედებისას. მისი ძალის, უნარისა და დიდოსტატობის ნათელი მაგალითი იყო მოშიშინე რკალის სისტემატური, კონცეპტუალური და ფუნდამენტური ანალიზი, რომელიც მანამდე არავის ჩაუტარებია. რკალის ეს უსიამოვნო ხმა და ციმციმი მიიჩნეოდა თითქმის გადაუჭრელ საინჟინრო პრობლემად, თავგზას რომ ურევდა სწავლულებს. მეცნიერმა იპოვა ამ საიდუმლოს გასაღები. აირტონმა თვალნათლივ უჩვენა ყველას: იმ ეპოქაში დამკვიდრებული მეთოდები და რკალების წარმოების არსებული პრაქტიკა იწვევდა შიშინს. ამიტომაც, მწარმოებლებს შესთავაზა ძირფესვიანი სტრუქტურული ცვლილებები და განახლებული დიზაინი. „ყველაზე ეფექტურ რკალოვან განათებას მივიღებთ, თუკი გამოვიყენებთ ნახშირის ბევრად უფრო თხელ ელექტროდებს და ბევრად უფრო მოკლე რკალებს“_დაწერა დასკვნის სახით თავის ფუძემბდებლურ წიგნში. ჰერთამ თხოვნით მიმართა ინგლისის სამეფო საზოგადოებას – უნდოდა, ამ დაწესებულების წევრთა წინაშე წაეკითხა საკუთარი ნაშრომი, მაგრამ უარი მიიღო. პრესტიჟულმა დაწესებულებამ სქესის გამო დაიწუნა აირტონი. აკადემიკოსებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ქალის ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებდნენ და ამიტომაც, ასეთი გამოსავალი იპოვეს: ჰერთას სტატია მის ნაცვლად წაიკითხა ინჟინერმა კაცმა, ჯონ პერიმ. აირტონის მითითებით გააუმჯობესეს რკალოვანი ნათურები; დახვეწეს რკალის სიგრძე, ზომა, ფორმა; შეცვალეს ელექტროდებისა და ნახშირის განლაგება ნახშირრკალოვან პროჟექტორებში. ჰერთას რეკომენდაციით, ბრიტანეთის საადმირალომ აწარმოა ნახშირის ელექტროდების, სამხედრო პროჟექტორებისა და რკალოვანი განათების ბევრად უკეთესი მოდელი. ასევე, ამ ინჟინერმა შექმნა დახვეწილი კინოპროჟექტორები, ნახშირის ელექტროდებიანი რკალოვანი ნათურები და პროჟექტორების ლამპის კორპუსები. აირტონმა 1913 წლიდან 1918-მდე დააპატენტა კიდევ რვა გამოგონება.

უზადო ექსპერიმენტების წყალობით, აირტონმა შეძლო რკალიდან ჰაერის გამოძევება და შედეგად მიიღო მდგრადი რკალი, რომელიც არც შიშინებდა და არც ციმციმებდა. მისი განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭი გამოვლინდა იმ თვალსაზრისითაც, რომ არა მხოლოდ ჩაატარა ურთულესი ექსპერიმენტების მთელი წყება, არამედ დაამტკიცა პირდაპირი კავშირი რკალის სიგრძეს, წნევასა და პოტენციალთა სხვაობას შორის. ამგვარად შეადგინა განტოლება, რომელსაც აირტონის განტოლებას უწოდებენ. ყველას დაუმტკიცა, რომ ნახშირისა და ჟანგბადის ურთიერთქმედების, ასევე, ნახშირის აქროლის შედეგად გაჩენილი ჩაღრმავება განსაზღვრავდა დენის ნაკადის პოტენციალს. ჰერთამ მიაღწია რკალის სტაბილურობას ელექტროდების ფორმების შეცვლით. მისი სიღრმისეული ანალიზი და ტექნიკური პროგრესი დაწვრილებითაა აღწერილი იმ თორმეტ სტატიაში, წამყვან სამეცნიერო ჟურნალში, “The Electrician“-ში რომ დაიბეჭდა 1895-96 წლებში. ამ ნაშრომებმა მოუტანა აღიარება და სახელი. ძალიან ცოტა ქალს ხვდა წილად ამგვარი პატივი იმ ეპოქაში. როცა ჰერთამ თავისი გარდამტეხი ნარკვევი წაიკითხა ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის წევრთა წინაშე, ჟურნალისტმა ასე შეამკო მეცნიერი: „ტანდაბალი, შავთმიანი, შავთვალება ლედი, პენსნე რომ ეკეთა… სენსაცია მოჰყვა მის გამოსვლას… გარკვეულწილად, ეს გამოიწვია იმან, რომ ამ დაწესებულების უჩვეულოდ ბევრი ახალგაზრდა წევრი (მეტადრე, კაცი) დაესწრო მოხსენებას“. „დეილი ტელეგრაფმა“ ასე აღწერა მისი გამოსვლა და საცდელი ჩვენება: „ეს მიმზიდველი და წარმტაცი სანახაობა იყო, რამეთუ ქალი წარუძღვა… ყველაფერი ახსნა…“.

ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, პროფესორი ტროტერი, იხსენებს: „სამწუხაროდ, ჰერთამ ისეთი სათაური შეურჩია თავის ნაშრომს („ელექტრული რკალის შიშინი”), დამსწრეთაგან მხოლოდ რამდენიმეს ჰქონდა წარმოდგენა ამ საკითხზე. ვისაც კი რამე გაეგებოდა ელექტრული რკალისა, ოდენ ის იცოდა, რომ რკალი შიშინებდა და ბჟუტავდა. ამიტომაც, დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ მისი აღმოჩენებისათვის. ლონდონურმა პრესამ მხოლოდ იმიტომ ატეხა მითქმა-მოთქმა, რომ ისტორიაში პირველად, ქალი გამოვიდა ამ დაწესებულების წინაშე სიტყვით“. ჩვენება ისეთი წარმატებული გამოდგა, სამეფო საზოგადოებამ შესთავაზა, ფართო საზოგადოების წინაშე შეესრულებინა ექსპერიმენტები 1899 წელს, საერთაშორისო სამეცნიერო გამოფენაზე, სახელწოდებით: “Conversazione”. ეს უდიდესი მოვლენა ასე აღწერეს ჟურნალისტებმა: „სტუმარი ქალები გაოცდნენ, რადგან აღმოაჩინეს თავიანთი სქესის წარმომადგენელი, რომელსაც დააკისრეს ყველაზე სახიფათო ექსპონატის წარდგენა; შიშს აღუძრავდა ადამიანს შუშაში გამომწყვდეული გოროზი რკალოვანი ლამპის დანახვა… მისის აირტონს ოდნავადაც კი არ შეშინებია… მშვიდად, აუღელვებლად უჩვენა ყველას, როგორ გაქრებოდა ყურთასმენის წამღები შიშინი, თუკი ჰაერს გამოდევნიდნენ რკალიდან. თვით ყველაზე გონებაჩლუნგ და აბეზარ ადამიანებსაც კი შეაგნებინა, რა იყო ამის მიზეზი“. ამ ინოვაციური შრომისა და აღმოჩენების წყალობით, 1899 წელს, ჰერთა გახდა გაერთიანებული სამეფოს ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის წევრი. მანამდე არცერთ ქალს არ დაუდგამს ფეხი იმ დაწესებულებაში. 1900 წელს, ფრანგულ ენაზე დაწერა მორიგი პიონერული სტატია, « L’intensité lumineuse de l’arc à courants continus » და ეს ნაშრომი წაიკითხა კიდეც ელექტროინჟინერიის საერთაშორისო კონგრესზე, პარიზში. მისმა ამ წარმატებამ აიძულა “British Association for the Advancement of Science”, ბოლოს და ბოლოს, მიეღო ქალები. 1901 წელს ჰერთამ მოამზადა კიდევ ერთი სტატია, „ელექტრული რკალის მექანიზმი“ და სამეფო საზოგადოებას გაუგზავნა. ექსპერიმენტების შედეგად მიღებული დასკვნები და აღმოჩენები შეაჯამა 1902 წელს გამოქვეყნებულ თავის წიგნში, „ელექტრული რკალი“, რომელიც დღემდე მიიჩნევა წამყვან სამეცნიერო ნაშრომად. აირტონმა დააპატენტა საჰაერო ხომალდების საწინააღმდეგო პროჟექტორები, რომელთაც აქტიურად იყენებდნენ საჰაერო თავდასხმებისას, ომიანობის ჟამს.

1902 წელს ინჟინრებმა მისი კანდიდატურა შესთავაზეს ინგლისის სამეფო საზოგადოებას. მაშინაც წააწყდა აკადემიურ სექსიზმსა და ქალთმოძულეობას: მისი კანდიდატურა დაიწუნეს არა კომპეტენციისა და ცოდნის ნაკლებობის, არამედ სქესის გამო. წევრებს არც კი დაუმალავთ სკეპტიკური დამოკიდებულება ქალისადმი და უარყოფითი გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელეს ის, რომ დაწესებულება „დაოჯახებულ ქალს“ ვერ აირჩევდა წევრად, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ არცერთი ,,დაუოჯახებელი“ ქალისთვის არ მიუნიჭებიათ წევრის ტიტული. არქივში დაცულ მასალებში ვკითხულობთ: „მივიღებთ თუ არა დაუოჯახებელ ქალებს? ეს საკითხიც მეტისმეტად საეჭვო ჩანს. ჩვენი წესდების თანახმად, მხოლოდ კაცის არჩევა შეგვიძლია“. ამ გადაწყვეტილების ამსახველი დოკუმენტები დაბეჭდეს და ყველა წევრს გაუგზავნეს, რათა სამომავლოდ მაინც აეცილებინათ თავიდან კიდევ ერთი ქალის კანდიდატურის წარდგენა. ჰერთას არჩევას განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდა უილიამ აირტონის კოლეგა, ჰენრი არმსტრონგი, რომელიც ამბობდა, რომ ქალებს არ უნდა მიეღოთ უმაღლესი განათლება; ეწინააღმდეგებოდა სქესთა თანასწორობის ყოველგვარ გამოვლინებას და საკანონმდებლო ცვლილებებს. ასევე, იგი « Chemical Society »-ს და « Biochemical Society »-ს მოუწოდებდა, არ მიეღოთ ქალები. მისი აზრით, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების კარი დახურული უნდა ყოფილიყო მდედრობითი სქესის წარმომადგენელთათვის.

მისის აირტონს მჭირდო კავშირი და ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა ნახშირის მწარმოებლებთან. მათ აღიარეს მისი მიღწევების უდიდესი მნიშვნელობა. ჰერთას რჩევა ჰკითხა კინემატოგრაფიულმა კომპანიამ, რომლის ხელმძღვანელებსაც სურდათ, როგორმე აეცილებინათ თავიდან პატარა რკალოვანი ნათურების ტკაცა-ტკუცი, შიშინი და ციმციმი. ჰერთა მათაც სიამოვნებით დაეხმარა და გადაუჭრა პრობლემა. კიდევ ერთი გამოგონება დააპატენტა პირველ მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე. „როცა მე ვიკვლევდი რკალებს, თავი ავარიდე ამ სირთულეებს… ჰერთამ თავის წიგნში ჩემზე ბევრად უფრო სწორად, გასაგებად და თვალნათლივ ჩამოაყალიბაჩემი რამდენიმე მოსაზრება“-აღნიშნავს პროფესორი ტროტერი და იხსენებს, რომ ჰერთამ ასეთი წერილი მისწერა: „შვებით ამოვისუნთქე: ბოლოს და ბოლოს, მოვრჩი წიგნის წერას. მეგონა, ვერასოდეს დავასრულებდი და გამოვცემდი… სიკვდილის წინ დავიბარებ, ერთადერთი სიტყვა, „რკალი“, წააწერონ ჩემი საფლავის ქვაზე, ვით გულში ჩამწვდომი და პათეტიკური ჩანაწერი, ნათელს რომ მოჰფენს ჩემს ტანჯვა-წამებას“. ჰერთას მტკიცებით, რკალი მდგრადი იქნებოდა, თუკი ნახშირის ელექტროდების დაბოლოებებს შეცვლიდნენ. კვადრატული ფორმის წვერებით გამორჩეულ ფართო ელექტროდებს (რომელთაც იყენებდნენ მისის აირტონის აღმოჩენებამდე), სულ მცირე, ოცი წუთი სჭირდებოდა მდგრადობის მისაღწევად. მთელი ამ ოცი წუთის გამავლობაში საშინლად შიშინებდა, ბჟუტავდა და ზუზუნებდა კიდეც. მეცნიერმა დაასკვნა: თუკი ისე შეცვლიდა წვერების ფორმას, როგორც საჭირო იყო, ელექტრული რკალის ანთებიდან სულ რამდენიმე წამში შეწყდებოდა ეს უსიამოვნო ხმაური და ციმციმი და მიაღწევდა სტაბილურობას. ასეც მოხდა. დაამზადა ახლებური, უხმაურო, მდგრადი რკალები და ძირფესვიანად შეცვალა ტრადიციული მოდელები. მისი მითითებით, საადმირალომ და ინგლისის „ომის ბიურომ“ შეცვალა წარმოების წესი. პროფესორი ტროტერი იხსენებს: „მისი გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ მისის აირტონის მიღწევებზე ვესაუბრე „სამეფო ინჟინერიის“ ერთ წევრს. ზიზღნარევი გამომეტყველება მიიღო. ურწმუნო კაცს ვერ დაეჯერებინა, რომ ქალმა შეცვალა სამხედრო პროჟექტორების წარმოება. მისი აზრით, მდედრობით სქესს არაფერი აკავშირებდა ამ საქმესთან. ალბათ, თავის დღეში არ უნახავს არც ერთი სხვაგვარი ნახშირის ელექტროდი“.

ჰერთას მეუღლე, უილიამ აირტონი, დამოუკიდებლად ატარებდა კვლევებს. ინგლისის საადმირალომ სთხოვა, ეპოვა სამხედრო-საზღვაო ფლოტის პროჟექტორების ზუზუნის, ციმციმის, ბჟუტვისა და უსამოვნო ხმის მიზეზი, მაგრამ სამწუხაროდ, ხელი მოეცარა – მისმა შრომამ შედეგი ვერ გამოიღო. კაცი ძალიან დაამწუხრა ამ მარცხმა. დაწერა სტატია, რომელიც არ შეიცავდა გადამწყვეტ დასკვნებს და რაც მთავარია, ნათელს ვერ მოჰფენდა მთავარ პრობლემას. ნაშრომის გადამუშავების სურვილიც კი გაუქრა. საქმეში ჩაერთო ჰერთა და მალევე იპოვა პრობლემის სათავე – ოქსიდაციის პროცესი პროჟექტორების ნახშირბადის ანოდის წვერზე. მისი მტკიცებით, ჰაერის ტალღის თავისუფალი ქროლა იწვევდა რკალის ცვალებადობას. მან მიაღწია გასაოცარ შედეგებს (რაც ვერ შესძლეს სხვა ექსპერიმენტალისტებმა); ისეთი ფორმა მისცა ელექტროდების დაბოლოებებს, აირიდა ოქსიდაციის პროცესი. საჭირო იყო ზემოხსენებული სანაოსნო დაბრკოლების აღმოფხვრა, რამეთუ დიდად დაზარალდა საადმირალო: ეს დაწესებულება კარგად ვერ იყენებდა სამხედრო პროჟექტორებს – ესოდენ მნიშვნელოვან აღჭურვილობას. მისის აირტონმა დასძლია ეს სირთულე, გამოიკვლია პროჟექტორების შიშინისა და ბჟუტვის მიზეზი, მიაღწია მიზანს და ნაყოფიერი ექსპერიმენტების შედეგად დაადგინა, როგორ მიიღებდა მდგრად რკალსა და მკვეთრ შუქს; როგორ გააქრობდა შიშინსა და ზუზუნს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს დიდი ნახტომი იყო მისთვის, რამეთუ ჩვეულებრივი რკალოვანი განათება (რომელსაც მანამდე შეისწავლიდა) და მისი სიმძლავრე ვერც კი შეედრებოდა ვეებერთელა პროჟექტორების უდიდეს ძაბვას. ჰერთამ მოახერხა ამ პრობლემის გადაჭრა და პასუხი გასცა საადმირალოს მთავარ შეკითხვას.

ჩიკაგოს ელექტროინჟინერთა კონფერენციაზე, მოსამსახურემ შემთხვევით დაწვა უილიამის სტატია, რომელიც საერთო ჯამში, დაუმთავრებელი, ნაკლული და ხარვეზიანი ნაშრომი იყო. კაცმა ვერცერთი კონკრეტული გამოსავალი, მიგნება, აღმოჩენა და დასკვნა ვერ შესთავაზა მეცნიერებს. ამიტომაც, მისის აირტონმა შეისწავლა რკალის უცნაურობანი. იგი ნელ-ნელა ცვლიდა დენის ნაკადის სიმძლავრეს. ხშირად, დილიდან საღამომდე უწევდა ფეხზე დგომა. დიდი მოთმინების, ნებისყოფისა და ოსტატური კონტროლის წყალობით შეინარჩუნა მდგრადი რკალი, დენის უცვლელი ნაკადი (ბჟუტვისა და შიშინის გარეშე) და რაც მთავარია, მიაღწია საბოლოოდ მდგრად ძაბვასა და „პოტენციალთა სხვაობას“ (როგორც თვით აირტონმა უწოდა); მოიპოვა უცვლელი შედეგები, რომლებიც ჩამოაყალიბა განტოლებებად და სხვა მკვლევრების მცდარი დასკვნებიც შეასწორა. მართალია, მისტერ აირტონის სახელი ეწერა საადმირალოსთვის გაგზავნილ სამ მოხსენებას (1904-1908 წლებში), მაგრამ სინამდვილეში, როგორც თავად კაცმა აღიარა, მისის აირტონმა უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ნაშრომებში და ქმრის უხეში შეცდომებიც შეასწორა, რადგან უილიამს ისე კონცეპტუალურად და სიღრმისეულად არ ესმოდა ელექტრული რკალი, როგორც ჰერთას. მეოთხე მოხსენებაზე მხოლოდ და მხოლოდ ჰერთას სახელი ეწერა, რამეთუ მის ქმარს ერთი სიტყვაც კი არ დაუწერია და არც დახმარებია ჰერთას ექსპერიმენტების ჩატარებისას. უილიამმა დაჟინებით მოსთხოვა საადმირალოს, ცხადად და გასაგებად აღენიშნათ ჰერთას უდიდესი ღვაწლი. იგი კეთილსინდისიერი აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ არ იკადრა ცოლის ნაშრომ-ნაღვაწის მითვისება. „როცა ჰერთას მოხსენება გაუგზავნეს ზემოხსენებულ უწყებას, ადმინისტრაციას გაუჭირდა იმის გააზრება, რომ მთელი ეს კვლევა არ ჩაუტარებია იმ კაცს, სწორედ ამ საქმისთვის რომ დაიქირავეს. მათი ფორმალურ-ბიუროკრატიული გონება ვერ ჩასწვდა პრობლემის სათავეს; ვერ გაისიგრძეგანა, რაოდენ ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ჰერთამ მათ. ამიტომაც, გასამრჯელო მაინც უილიამს გაუგზავნეს“,_აღნიშნავს ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, რომელიც პირადად იცნობდა ჰერთას და თვალყურს ადევნებდა მის ექსპერიმენტებს.

უილიამმა ცოლის კუზენს, დოქტორ ფილიპ ჰარტოგს, უთხრა: „მე და შენ მცოდნე დაგამჭრიახი ადამიანები ვართ, მაგრამ ჰერთა გენიოსია“. კაცი ყოველთვის არიდებდა თავს მეუღლესთან თანამშრომლობას, რადგან კარგად იცოდა, უთუოდ მას მიაწერდნენ ჰერთას მთელ დამსახურებასა და ღვაწლს. ამგარი გამიჯვნისა და დისტანციის წყალობით, აღარავის შეჰპარვია ეჭვი, რომ ნამდვილად ჰერთამ შეასრულა მთელი სამუშაო და რევოლუციურ აღმოჩენებამდე მივიდა. გარდა ამისა, უილიამი მხარს უჭერდა გენდერულ თანასწორობას, ქალთა განათლებასა და ემანსიპაციას, სუფრაჟისტების მოძრაობას, ამხნევებდა ჰერთას და აქებდა ფემინისტური ანგაჟირების გამო; სხვა ინჟინრები კი გაოგნებულნი და იმედგაცრუებულნი იყვნენ, ქალი ასე აქტიურად რომ იყო ჩართული ფემინისტურ მოძრაობაში. როგორც თავად იხსენებს, ხშირად უმეორებდნენ, რომ ,,ექსტრემისტული ფემინიზმით წაბილწავდა თავის სახელს“. ქალმა ყურად არ იღო მათი ბრიყვული შეგონებები და ბოლომდე უერთგულა თავის იდეოლოგიას, რადგან მემარცხენე იყო; მგზნებარედ უჭერდა მხარს ლეიბორისტულ პარტიას. 1912 წელს ფემინისტურ დემონსტრაციაზე დააკავეს მისი ქალიშვილი, ბარბარა (ბარბარა ბოდიშონის პატივსაცემად დაარქვეს ეს სახელი). მეცნიერმა ქვეყანას მოსდო ეს ამბავი და ნაცნობებს მისწერა: „ბარბი ჰოლოუეიშია… ძალიან ვამაყობ მისით!“ აირტონიც არაერთხელ აღმოჩნდა საფრთხეში, როცა ქუჩაში გამოსულ ქალებს შეუერთდა. ერთ წერილში წერს: „ფეხდაფეხ მივყვებოდი მისის პანკჰერსტს, როცა დაუნინგ-სტრიტზე შეუხვია, მაგრამ ვერ მიაღწია ათ ნომერს – პოლიციელმა შეუშალა ხელი და მისი მოხრჩობა სცადა. ერთი პოლიციელი ორჯერ ჩამაფრინდა ყელში. ჩემი გაგუდვა უნდოდა… იმ ქალების გმირული სულისკვეთება, განსაკუთრებით კი მოხუც ბანოვანთა თავდადება, სილაღე, გამბედაობა და შეუპოვრობა… ძალიან ძნელია საქებარი სიტყვების პოვნა. ადამიანის ენა უძლურია ამის აღსაწერად… ჩემს ძალებს აღემატებამათთვის ხოტბის შესხმა“.

აღსანიშნავია ისიც, რომ უილიამის პირველი ცოლიც ფემინისტი და მეცნიერი იყო: მატილდა ჩაპლინი შეუერთდა ქალთა მოძრაობას, „შვიდნი ედინბურგის წინააღმდეგ“. მისი წევრები იბრძოდნენ, რათა ქალებისთვის მიეცათ უმაღლესი სამედიცინო განათლება და სრულყოფილი სამეცნიერო ხარისხიც მიენიჭებინათ. მატილდამ პარიზში დაამთავრა სასწავლებელი, რადგან მშობლიურმა ინგლისმა არ მისცა ამის საშუალება. ხარისხის მინიჭების შემდეგ მატილდა იაპონიაში გაემგზავრა და იქ განაგრძო სამეცნიერო მოღვაწეობა. სამწუხაროდ, მალევე შეერყა ჯანმრთელობა და 1883 წელს გარდაიცვალა, სწორედ მაშინ, როცა მისი მოძრაობის წევრებმა, ბოლოს და ბოლოს, მიაღწიეს მიზანს – ინგლისელ ქალებს მიანიჭეს სამეცნიერო ხარისხები და უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების კარიც გაუღეს.

მარი კიურის ახლო მეგობრობა აკავშირებდა ჰერთასთან. აირტონის ბიოგრაფის, ეველინ შარპის, თანახმად, ამ ორმა ქალმა 1903 წლის ზაფხულში გაიცნო ერთმანეთი. მათი შეხვედრა ღირსსახსოვარი მოვლენა აღმოჩნდა. როცა ფრანგულმა პრესამ მხოლოდ პიერ კიურის მიაწერა რადიუმის აღმოჩენა (სინამდვილეში, მარის უდიდესი წვლილი მიუძღოდა ამ საქმეში. ეს პიერ კიურიმაც და ანრი ბეკერელმაც აღნიშნეს გარკვევით), ჰერთა აღაშფოთა ამ უსამართლობამ და ყველაფერი იღონა შეცდომის გამოსასწორებლად; წამოიწყო აქტიური კამპანია პრესაში, რათა ხალხს საკადრისად დაეფასებინა მარის განუზომელი წვლილი. კალამი იშიშვლა და სტატია დაწერა მეცნიერის დასაცავად. „საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძალზე რთულია შეცდომების გაქრობა და მოშთობა, მაგრამ კატაზე ბევრად მეტი სიცოცხლე აქვს იმ შეცდომას, კაცს რომ მიაკუთვნებს ქალის ნაშრომ-ნაღვაწს!“ – დაასკვნა მან. ცხადია, პარალელი გაავლო საკუთარ მდგომარეობასთან. პიერის თქმით, მარი იყო ის მეცნიერი, რომელმაც შეიმუშავა და დახვეწა მეთოდი, რომლის წყალობითაც რადიუმი გამოცალკევეს, გამოყვეს მისი რადიოაქტიური ნარჩენისაგან. „წმინდა სახით“ მიღებული რადიუმი ბევრად უფრო იოლი იყო შესასწავლად. აირტონი კი იხსენებს: „1900 წელი იქნებოდა… მისტერ ბეკერელი ელოდებოდა ჩემს ქმარს კოლეჯის მისაღებში… ელექტროსკოპი მოითხოვა და დამუხტა… ჯიბიდან ამოიღო დაკეცილი ქაღალდი, რომელშიც მცირეოდენი ფხვნილი ეყარა… მერე ეს შეკვრა დაიჭირა ელექტროსკოპიდან ერთი ფუტის მოშორებით და დამუხტული ხელსაწყო უეცრად განიმუხტა. ზედიზედ რამდენჯერმე დამუხტა და განმხუტა ამ ფხვნილის წყალობით. ვკითხე, ვინ აღმოაჩინა ეს გასაოცარი ნივთიერება და რა არის მისი სახელწოდება-მეთქი. ბეკერელმა მომიგო: „მადამ კიურიმ. რადიუმი ეწოდება“. დაწვრილებით ამიხსნა რადიუმის გასაოცარი თვისებები“. ისეთი უდავო მტკიცებულებები წარმოადგინეს, პრესამ შეასწორა უხეში შეცდომა და აღიარა მარის ღვაწლი და დამსახურება რადიუმის აღმოჩენის საქმეში.

როცა ასტრონომმა ნორმან ლოკიერმა მხარი დაუჭირა მარი კიურის და განაცხადა, რომ ქალი აუცილებლად უნდა გამხდარიყო სამეცნიერო დაწესებულების წევრი, ჰერთამ წერილი მისწერა მეცნიერს და მადლობა გადაუხადა თანადგომისათვის. „მადლობას გიხდით, ასე რომ უჭერთ მხარს თანასწორობას და მოითხოვთ, ერთნაირად მოეპყრან ნებისმიერი ადამიანის ინტელექტუალური შრომის ნაყოფს, მიუხედავად იმისა, ქალია მკვლევარი, თუ კაცი“. ჰერთას შთაგონებით, მარი კიურიმ ხელი მოაწერა საერთაშორისო პეტიციას და მოითხოვა იმ ბრიტანელი ფემინისტების ციხიდან გათავისუფლება, რომელთაც შიმშილობა გამოაცხადეს. აი, ასეთი წერილი მისწერა მარიმ აირტონს: „ძალიან ამიჩუყა გული თქვენმა ნაამბობმა. როგორ იბრძვიან ინგლისელი ქალები თავიანთი უფლებებისათვის! დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანებს და მათს წარმატებას ვნატრობ“. კიურიმ საკუთარი დისერტაციაც აჩუქა ჰერთას და ასეთი მიძღვნა წაუწერა ნაშრომის პირველ გვერდზე: „ვუძღვნი მადამ ჰერთა აირტონს, ნიშნად მოწიწებისა და ძალზე წრფელი კეთილგანწყობისა“.

სწორედ ჰერთამ შეიფარა მარი ინგლისში, ზღვისპირა კოტეჯში, როცა პარიზში გამოაშკარავდა, რომ ამ დაქვრივებულ მეცნიერ ქალს სასიყვარულო კავშირი ჰქონდა თავის კოლეგასთან, პოლ ლანჟევენთან. მეცნიერების ამ გიგანტს არ აპატიეს პიერ კიურის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ ცხოვრების გაგრძელება და რომანტიკული ურთიერთობის გაბმა. ისეთი „ეროვნული“ სკანდალის „ეპიცენტრში“ აღმოჩნდა, იძულებული შეიქნა, რამდენიმე თვით გადახვეწილიყო ინგლისში, რათა თავი დაეხსნა გავეშებული მიზოგინებისაგან (მარი კიურის ბიოგრაფიის ამ ეპიზოდს დაწვრილებით განვიხილავთ მის შესახებ დაწერილ სტატიაში).

როცა ჰერთას ჰიუზის მედალი მიანიჭეს, ინგლისელმა ასტრონომმა და სპექტროსკოპიის ერთ-ერთმა პიონერმა, მარგარეტ ჰაგინსმა, ასეთი წერილი მისწერა საბჭოს ერთ-ერთ წევრს: „ო, როგორ გაიხარებენ დატუსაღებული ქალები! (საუბარია დაპატიმრებულ ფემინისტებზე) სიხარულით ცას ეწევიან! გირტონისა და ნიუნჰემის კოლეჯის წევრები შუაღამისას წამოცვივდებიან საწოლებიდან და ღრეობას გააჩაღებენ ამ მოვლენის აღსანიშნად!“

ჰერთამ მილოცვა რომ მიიღო მარგარეტ ჰაგინსისაგან, ასეთი წერილი გაუგზავნა თავის მეგობარს: „მომნუსხველი წერილი მომწერა მისის ჰაგინსმა… ჩინებულად იშრომა და დიდი ღვაწლი დასდო ასტრონომიას თავის მეუღლესთან ერთად, მაგრამ არავინ დააფასა მისი წვლილი. წილად არ ხვდა აღიარება და პატივი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თუ ქალი და კაცი ერთად მუშაობენ, არავინ დაიჯერებს ქალის მიღწევებს. ყველა იფიქრებს, რომ ამ უკანასკნელს არაფერი გაუკეთებია… ამ თვალსაზრისით მუდამ მეტად სულგრძელი იყო პროფესორი აირტონი: არასოდეს მეხმარებოდა და არ ერეოდა ჩემს საქმეში ოდენ იმიტომ, რომ იცოდა, მას მიაკუთვნებდნენ მთელ წვლილს. უნდოდა, საკადრისი პატივი მხვდომოდა წილად და ყველას შეესხა ხოტბა ჩემთვის იმისათვის, რაც გავაკეთე. ასე იქცეოდა არა მხოლოდ ჩემ საკეთილდღეოდ, არამედ ყველა ქალისთვის სიკეთის მოსატანად“.

ჰერთამ თავისი მეგობრის, აქტიური ფემინისტისა და განმანათლებლის, ბარბარა ბოდიშონის, ნათელ ხსოვნას მიუძღვნა თავისი ფუძემდებლური და პიონერული ნაშრომი (რომელიც წიგნად გამოსცა); სამეცნიერო პუბლიკაციის შესავალში დაწვრილებით აღწერა, რაოდენ დიდი წვლილი მიუძღოდა ბოდიშონს ქალთა ემანსიპაციისა და განათლების საქმეში; როგორ გააქრო ის ბარიერები და დაბრკოლებები, რომელთაც გამუდმებით ეჩეხებოდა მდედრობითი სქესი არა მხოლოდ სამეცნიერო კარიერაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში; როგორ აღავსებდა შთაგონებით ბარბარა ყველას, ვისაც იცნობდა; როგორ შეცვალა და გაალამაზა ჰერთას ცხოვრება ბოდიშონთან მეგობრობამ და ა.შ.

 

პიონერული აღმოჩენები ქვიშისა და წყლის ჭავლების შესახებ – ჰიდროდინამიკის განვითარებაში შეტანილი წვლილი

ჰერთამ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კვლევა წამოიწყო 1901 წელს, როცა მისი მეუღლე ავად იყო. რაკი ექიმმა ზღვისპირა კურორტზე დასვენება ურჩია უილიამს, ცოლ-ქმარი მარგეითში გაემგზავრა. სანაპიროზე სეირნობისას ჰერთა მონუსხა ქვიშის იმ ნაოჭებმა, ნაპრალებმა და ჭავლებმა, ტალღის გადავლის შემდეგ რომ ჩნდებოდა. ექსპერიმენტებს შეუდგა, ურთულესი კალკულაციების ზღვაში გადაეშვა და ამ ფენომენის მათემატიკური მოდელი ააწყო. უბადლო გამოდგა მისი ცდები, ბინის მეპატრონის აბანოში რომ ჩაატარა, სასაპნეებით, თუნუქის ქილებით, ტაფებითა და მოკალული ჭურჭლებით. ლონდონში დაბრუნდა და თავის სხვენში მოწყობილ პაწაწინა ლაბორატორიაში განაგრძო საქმე: წარმოქმნა სხვადასხვა სიგრძის, მდგარი (სტაციონარული) ტალღები – წყლის ზედაპირზე ატორტმანებდა როგორც სითხით სავსე, ასევე, ცარიელ შუშის ჭურჭლებს (რომელთა სიგანეც 4-დან 44 დუიმამდე მერყეობდა); იყენებდა პერმანგანატს, საღებავებსა და მეტალის ფხვნილს. იმ ეპოქაში არავინ იყო მისი სადარი. „ჰერთას გარდაცვალებიდან ორ ათეულ წელზე მეტი იყო გასული, როცა ბოლოს და ბოლოს, სხვა მეცნიერებმა შესძლეს ესოდენ მაღალი ხარისხისა და დონის ექსპერიმენტების ჩატარება“, – იხსენებს პროფესორი ტროტერი. ჰერთას მეუღლე 1908 წელს გარდაიცვალა. ქალმა მისაღებ ოთახში გადაიტანა თავისი ლაბორატორია და გააგრძელა კვლევა. როცა შედეგების გამოქვეყნების დრო დადგა, აღმოჩნდა, რომ მისი დასკვნები საფუძველშივე ეწინააღმდეგებოდა ვოგან კორნიშისა და ჯორჯ დარვინის იდეებს. დარვინი მცდარ თეორიას უჭერდა მხარს, ხოლო ჰერთამ მართებული დასკვნა გამოიტანა. „კორნიშმა დაკვირვებით აღწერა ქვიშისა და თოვლის „ტალღები“ და „ჭავლები“, ფოტოებიც გადაუღო, მაგრამ ეს ზედაპირული აღწერა არ აღმოჩნდა საკმარისი მისის აირტონისათვის, რადგან უფრო ღრმა და მრავლისმომცველი კვლევა სურდა. კორნიშმა, ლამის, მთელი მსოფლიო შემოიარა ქვიშის ჭავლების გადასაღებად, ხოლო მისის აირტონს მარგეითის სანაპიროს ორიოდე კვადრატული იარდი ეყო; ეს მცირე მონაკვეთი იკმარა აღმოჩენებისთვის… ვერასოდეს დავივიწყებ მის იმ მშვენიერ ექსპერიმენტებს, თვალყურს რომ ვადევნებდი. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ფართო სასტუმრო ოთახი გადააკეთა ლაბორატორიად და აღჭურვა აკვარიუმებით. მისის აირტონის პრაქტიკული შენიშვნები ეწინააღმდეგებოდა თეორეტიკოსებისა და მათემატიკოსების მყარად ფესვგადგმულ იდეებს. როცა ჰერთამ თავისი ჰიპოთეზები წარუდგინა ინგლისის სამეფო საზოგადოებას, კრიტიკოსებმა თავი წამოჰყვეს. ჰერთას გული ატკინა ამან: აშკარა იყო კონფლიქტი და წინააღმდეგობა. მისი სტატია არ მიიღო შემფასებელმა, მაგრამ საქმეში ჩაერია ნობელიანტი ფიზიკოსი, ჯონ უილიამს სტრეტი, იგივე ლორდი რეილი და დაიცვა ჰერთას მოსაზრებები. ამის შემდეგ მიიღეს აირტონის ნაშრომი და ჰიუზის მედალიც უბოძეს“, – წერს პროფესორი ტროტერი. მალევე გამოირკვა, ჯორჯ დარვინმა შეცდომით რომ დაასახელა ქვიშის ჭავლების წარმოქმნის მიზეზი: მისი აზრით, მთავარი ფაქტორი იყო ქვიშისა და ფსკერის ხახუნი. ჰერთას კვლევამ თავდაყირა დააყენა ეს ჰიპოთეზა. დაამტიცა, რომ მთავარი ფაქტორი იყო მდგარი ტალღები და მორევები (vortex). ეს პროცესი ცხადად დაანახა მეცნიერებს, ექსპერიმენტის საჯარო ჩვენებისას დაფხვნილი შავი პილპილი, ალუმინის ფხვნილი და საღებავი რომ შეურია წყალსა და ქვიშას. მეტიც: მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ სწორ, ერთგვაროვან ზედაპირზე ჭავლები წარმოიქმნება იქ, სადაც წყლის სიგრძივი გადაადგილება მაქსიმალურია მდგარი ტალღების გავლენით (წყლის დონე უცვლელია ამ დროს). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნაკადი სტაციონარულია. ჭავლების თითოეული წყება წარმოქმნიდა ბორცვებს, ქვიშის „ზოდებს”. ამ ბორცვებს/ზოდებს შორის მანძილი უტოლდებოდა მდგარი ტალღების სიგრძის ნახევარს. მისის აირტონის თქმით, მორევი (vortex) უსწორმასწორო, არაერთგვაროვან ფსკერზეც წარმოქმნიდა ქვიშის მწყობრი ჭავლების წყებას „ქედის“ თითოეულ მხარეს, ხოლო შემდგომი „ქედები“ წარმოიშობოდა „თავდაპირველი“ ქედის ჩაღრმავებებში. ამგვარად, ჰერთამ დასკვნის სახით დაწერა: თუკი V ფორმის ჩაზნექილობა ეტყობოდა თავდაპირველ ქედს, ყოველი შემდგომი ქედი ამ ნიშნით იქნებოდა გამორჩეული. სანამ ჰერთა გამოჩნდებოდა სამეცნიერო ასპარეზზე, მკვლევრებს მცდარი ჰიპოთეზა ჰქონდათ. „გარდა ამისა, აირტონმა აღმოაჩინა, რომ ღრმა წყლებშიც მსგავსი პროცესი მიმდინარეობდა: სტაციონარული (მდგარი) ტალღები წარმოქმნიდა ქვიშის „ბორცვებსა“ და „გორაკებს“ ზღვის ფსკერზე. თავდაპირველად, ინგლისის სამეფო საზოგადოება სკეპტიკურად უყურებდა მის ნაშრომს, მაგრამ საბოლოოდ დაუჯერეს, როცა ჰერთამ საკუთარი ხელით ააწყო მინიატურული მოდელი, რომლის წყალობითაც, თვალსაჩინოდ დაანახა ყველას მორევების (vortex) ზემოქმედება ქვიშის ჭავლებზე“, – წერს პროფესორი ტროტერი. ჰერთამ თავისი რევოლუციური ჰიპოთეზები წაიკითხა “British Association“-ის ინჟინერიის განყოფილების წევრების წინაშე 1904 წლის აგვისტოში. 1907 წლის ივნისში კვლავ ჰიდროდინამიკის შესახებ დაწერილი საჯარო მოხსენებით გამოვიდა „საფრანგეთის ფიზიკის საზოგადოებაში“. მართალია, სამეფო საზოგადოებამ გაწევრებაზე უარი უთხრა აირტონს (სქესის გამო), თუმცა, ამ დაწესებულებამ 1906 წელს ჰიუზის მედალი მიანიჭა მეცნიერს „ორიგინალური აღმოჩენებისათვის ელექტრული რკალების, ქვიშისა და წყლის ჭავლების შესახებ“. აი, ასე გახდა ჰერთა პირველი ქალი, რომელსაც ეს ჯილდო უბოძეს. 1908 და 1911 წლებში აირტონმა კიდევ უფრო დეტალური და მრავლისმომცველი სტატიები დაწერა ქვიშის ჭავლებისა და წყლის შიდა მოძრაობების შესახებ და სამეფო საზოგადოებას წარუდგინა. მისი ეს ნაშრომები დღემდე ფუნდამენტურ და ავტორიტეტულ წყაროდ მიიჩნევა. ჰერთას დიდი დამსახურება მიუძღვის “Société Française de Physique”-ის წინაშე: საგანგებოდ მათთვის, ფრანგულად დაწერა რამდენიმე სტატია ქვიშის ჭავლების წარმოქმნის პროცესის თაობაზე. ისე ოსტატურად ფლობდა ფრანგულს, მისთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა ამ ენაზე სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადება. არც მძიმე დანადგარების გადატანა და არც ურთულესი ექსპერიმენტების შესრულება არ აღემატებოდა მის ძალებს. ჰერთამ სამეფო საზოგადოების წინაშე წაიკითხა თავისი სტატია, “Local Difference of Pressure near an Obstacle in Oscillation in Water”; ექსპერიმენტის საჯარო ჩვენებისას კი გამოიყენა მანომეტრი, რომლის მოდელიც თავად შექმნა და ხელსაწყოც საკუთარი ხელით ააწყო.

 

აირტონის გამოგონება, რომელმაც უამრავი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა

ქვიშისა და წყლის ჭავლებზე ჩატარებულმა პიონერულმა კვლევებმა ახალი ჰორიზონტი დაანახა ჰერთას: გამოიგონა ხელსაწყო, რომელიც პირველ მსოფლიო ომში გამოიყენეს. „ის, ვინც თვალს ადევნებდა მის სახლში გაჩაღებულ ექსპერიმენტებს და ნახა, რა შედეგი გამოიღო მისმა შრომამ, როგორ გამოიყენეს მისი კვლევები ფრონტის ხაზზე, ვერასოდეს შეძლებს ყოველივე ამის დავიწყებას, თუმცა, ახალ თაობას თითქმის არაფერი სმენია მასზე. ომი რომ დაიწყო, გერმანელებმა იწყეს იმ მომწამვლელი აირის გამოყენება, რომელიც ადგილზევე კლავდა ათასობით ბრიტანელ ჯარისკაცს… ჰერთა მივიდა დასკვნამდე, რომ შეძლებდა აირის განდევნას სანგრებიდან და ტრანშეებიდან“, – წერს ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი. გამოგონება, რომელსაც ხან აირტონის მარაოს უწოდებენ, ხან კი აირტონის ტკაცუნას, დიდი მიღწევა აღმოჩნდა. ამ ხელსაწყოს შეეძლო, უკუეგდო მომშხამველი ნივთიერება როგორც ღია, ასევე, დახურული სივრციდან, მიწისქვეშა თავშესაფრებიდან და ტრანშეებიდან. თავიდან ეჭვის თვალით უყურებდნენ აირტონის რევოლუციურ იდეას. პრესტიჟული სამეცნიერო წრეები, ჩინოსანი სამხედროები და აკადემიკოსი კაცები ამბობდნენ, რომ ქალი ვერ შეძლებდა ასეთი რამის გამოგონებას. მისის აირტონი კვლავ შეეჩეხა გენდერულ დისკრიმინაციას. ამ აგდებულმა დამოკიდებულებამ ძალიან გააწბილა, თუმცაღა, დაუღალავად იბრძოდა მიზნის მისაღწევად. “British Army’s General Headquarters”-ის კომიტეტმა უარი თქვა მის შეთავაზებაზე. პროფესორი ტროტერის, დევიდ ლოიდ ჯორჯისა და დუგლას ჰეიგის დაჟინებული მოთხოვნის წყალობით, მისი 100,000 ტკაცუნა გამოიყენეს დასავლეთის ფრონტზე. ამ გამოგონებამ უამრავი ჯარისკაცი იხსნა საშინელი წამებით სიკვდილისგან. გამოხდა ხანი და კიდევ 50,000 შეუკვეთეს. „მისის აირტონი ჯვაროსანივით გულმხურვალედ იცავდა თავის გამოგონებას… დეტალურად გამოიკვლია მომწამვლელი აირის გადაადგილება ჰაერში… ისე შეასრულა მთელი ეს სამუშაო, რიგიან ლაბორატორიაშიც კი არ დაუდგამს ფეხი… რაც მთავარია, მარტოდმარტო გაუმკლავდა ყველა სირთულეს… თავის სახლში მოაწყო ვიწრო სანგრებით დახუნძლული მინიატურული ბრძოლის ველი და ხელი მიჰყო ექსპერიმენტების ჩატარებას… სწორედ იქ გამოსცადა პაწაწინა ჯოხებითა და ბარათების ნაგლეჯებით აწყობილი ტკაცუნები“, იხსენებს პროფესორი ტროტერი და განმარტავს: „ყველას აბსურდულად მოეჩვენა მისი იდეა… მაგრამ ჰერთას ისე საფუძვლიანად შეესწავლა ეს საკითხი და ისეთი სიღრმისეული ცოდნა ჰქონდა ფიზიკისა… არად ჩააგდო წინააღმდეგობა… მისის აირტონმა მიზანს მიაღწია თავისი ორიგინალური ხედვის, შეუპოვრობისა და ენთუზიაზმის წყალობით… მაგრამ ამავე დროს, ძალიან გულგატეხილი და დათრგუნული მეჩვენა… მისმა ექსპერიმენტებმა ყველა დაარწმუნა, რომ სიმართლეს ამბობდა… მეც ვნახე ეს საცდელი ჩვენებები და სხვებმაც (მათ შორის, ჭკვიანმა ჯარისკაცებმა და მოიხიბლნენ კიდეც), თუმცა, ბევრმა არც კი იკადრა მოსვლა… არ აღიარებდნენ მის ღვაწლს და არც კი უცდიათ გამოგონების გამოცდა… ჰერთას ძალ-ღონე გამოეცალა, ისე ცდილობდა სხვების დარწმუნებას. ეს იყო ყველაზე მომქანცველი ჯაფა მისთვის და არა თავად გამოგონება“.

როცა საბოლოოდ დამტკიცდა, რომ მისი გამოგონება ეფექტური იყო, მისის აირტონმა დანანებით აღნიშნა, უფრო ადრე რომ დაეჯერებინათ ჩემთვის, ბევრად უფრო მეტი ჯარისკაცის ხსნას შევძლებდიო. მისი მეგობრები იხსენებენ, როგორ ჩიოდა – ჩემი გამოგონება ადამიანის გადარჩენის ნაცვლად სიცოცხლის მოსასპობად რომ ყოფილიყო გამიზნული, მყისვე ჭკუაში დაუჯდებოდათ ჩემი შეთავაზებაო. საბედნიეროდ, მისის აირტონმა ბრწყინვალე გამარჯვებით დააგვირგვინა თითქმის სამწლიანი ბრძოლა და დააპატენტა გამოგონება, რომელმაც განუზომელი სიკეთე მოუტანა კაცობრიობას.

ჰერთამ კიდევ ერთი კვლევა წამოიწყო სიცოცხლის უკანასკნელ წლებში და დაწერა რამდენიმე პიონერული სტატია. მისი ნაშრომების წყალობით გააუმჯობესეს საკანალიზაციო გაყვანილობების, მაღაროთა და საბადოთა სავენტილაციო სისტემა და შეძლეს იქ ჩაბუდებული მავნებელი აირების განდევნა. ეს იყო მისი უკანასკნელი დიდი მიღწევა. 1923 წლის აგვისტოს დამლევს გარდაიცვალა: სისხლი მოუწამლა მწერის ნაკბენმა. ორი წლის შემდეგ, მისმა მეგობარმა, ოტილი ჰენქოქმა, დააარსა ჰერთას სახელობის კვლევითი სტიპენდია, რომელიც დღემდე გაიცემა. 2007 წელს მისი სახლის შესასვლელთან ჩამოკიდეს მემორიალური დაფა; 2010 წელს ინგლისის სამეფო საზოგადოების წევრებმა და მეცნიერების ისტორიკოსებმა აირტონი დაასახელეს ყველაზე გავლენიან ათ ინგლისელ ქალს შორის; 2015 წელს “British Society”-მ დააარსა მისი სახელობის ჯილდო; 2016 წლის 28 აპრილს „გუგლმა“ აღნიშნა ჰერთას დაბადების 162-ე წლისთავი და საგანგებო „Google Doodle“ განათავსა ოფიციალურ საიტზე; 2017 წელს შეფილდის უნივერსიტეტმა გახსნა ჰერთას სახელობის მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის ცენტრი.

ჰერთა სიკვდილის შემდეგაც კი მიზოგინების სამიზნე გახდა, როცა ჰენრი არმსტრონგს სთხოვეს მისი ნეკროლოგის დაწერა. ცხადია, არმსტრონგისათვის ასეთი თხოვნით მიმართვა მცდარი გადაწყვეტილებაც იყო და ჰერთას შეურაცხყოფაც, რამეთუ როგორც უკვე ითქვა, სწორედ არმსტონგი იყო ის, ვინც თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდა ქალის არჩევას (სქესის გამო) ინგლისის სამეფო საზოგადოების წევრად. გარდა ამისა, სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებს მოუწოდებდა, არავითარ შემთხვევაში არ მიეღოთ ქალები. მისი აზრით, მდედრობით სქესს არაფერი ესაქმებოდა მეცნიერებაში.

ზემოაღნიშნული პატარა ნეკროლოგი გაზეთის ორიოდე გვერდს მოიცავს, თითქმის საერთოდ არ ახსენებს ჰერთას არცერთ პიონერულ კვლევას, არც აღმოჩენას, არც ფუნდამენტურ ნაშრომს, არც რევოლუციურ გამოგონებებს და ყველა „სიკეთესთან“ ერთად, ფაქტობრივი უზუსტობებითა და უხეში შეცდომებითაა სავსე. ამ პუბლიკაციამ აღაშფოთა წამყვანი ელექტროინჟინრები, ჰერთას კოლეგები და ინსტიტუტის წევრები. რამდენიმე მათგანმა დაწერა საპასუხო სტატია და ამხილა არმსტრონგის შეგნებული სიცრუე, მავნებლობა და უღირსობა. მოდით, ჩვენც დაწვრილებით განვიხილოთ ტყუილებით გაჯერებული ეს ტექსტი. ავტორი ასე მოიხსენიებს ჰერთას ნეკროლოგის შესავალში: „ჩემი ყოფილი კოლეგის ცოლი, რომელიც ამა წლის აგვისტოშიგარდაიცვალა“.

თუკი გავითვალისწინებთ არმსტრონგის მენტალობას, სულაც არაა გასაკვირი, კაცის მეუღლის სტატუსი რომ აკმარა უდიდეს მეცნიერს, რომელიც დიად აღმოჩენებამდე მივიდა, გამოგონებები დააპატენტა და ძირფესვიანად შეცვალა არაერთი დარგი. მის სექსისტურ წარმოსახვაში ჰერთა მარტოოდენ უილიამის არასრულფასოვანი დანამატი და ნეკნი იყო. „ნუთუ მეცნიერება ბოლოს მოუღებს მარად ქალურ ბუნებას?! მისის აირტონი იყო ერთ-ერთი იმ ქალებს შორის, რომლებიც ესწრაფვოდნენ იმის დამტკიცებას, რომ ქალს, ისევე, როგორც კაცს, შეუძლია, გახდეს ორიგინალური მეცნიერი და მკვლევარი. ნუთუ, მისის აირტონმა შეძლო ეს?!“-კითხვას სვამს არმსტრონგი. რას უწოდებს „მარად ქალურ ბუნებას“? მისი აზრით, ესაა ქალი, რომელიც შორსაა ლოგიკური, რაციონალური აზროვნებისაგან; მისტიკური ბუნების, უგონო, ბრმა, აბობოქრებული სტიქიის ნაწილია; მისთვის „ბუნებას“ არ მიუმადლებია მეცნიერული ნიჭი და ალღო. აი, ასეთნაირად წარმოუდგენია ქალი. დაამტკიცა თუ არა ჰერთამ ის, რაც მიზნად დაისახა? რა თქმა უნდა. ცხადად და უდავოდ. მისი გამოგონებების, ნაშრომებისა და მიღწევების მოკლე ჩამონათვალიც კი სრულიად საკმარისია ამაში დასარწმუნებლად. არმსტრონგის აზრით, უილიამ აირტონს მეტად „უჩვეულო ცხოვრებისეული გამოცდილება“ ჰქონდა: მისი ორივე ცოლი აქტიური ფემინისტი იყო და ორივე თავდადებით იბრძოდა ქალთა უფლებებისათვის. რაც მთავარია, რაციონალური ქალები გახლდნენ და მეცნიერულ კვლევა-ძიებას მიუძღვნეს ცხოვრება. ცხადია, არმსტრონგის აზრით, ეს „მარად ქალური ბუნებისათვის“ შეუფერებელი იყო. ავტორი არად აგდებს იმ ფაქტს, რომ უილიამ აირტონი სულაც არ მიიჩნევდა ამას „უჩვეულო გამოცდილებად“. პირიქით: მხარს უჭერდა როგორც მატილდა ჩაპლინის, ასევე ჰერთას ინტელექტუალურ მისწრაფებებს, ფემინისტურ ანგაჟირებას და თანადგომას უცხადებდა ქალებს თანასწორობისათვის ბრძოლაში. ეს სავსებით ბუნებრივი გამოცდილება იყო მისთვის და არა „უჩვეულო და განსაკუთრებული“, როგორც არმსტრონგი ირწმუნება. ავტორი წერს: „უილიამი და ჰერთა არ შეეფერებოდნენ ერთმანეთს, რადგან ორივე ენთუზიაზმით იყო სავსე. საერთო ინტერესები ჰქონდათ“. საკმაოდ ბრიყვული განმარტებაა „შეუფერებელი“ წყვილისა. ენთუზიაზმი, ერთი საქმის სიყვარული, საერთო იდეები და „მონათესავე“ ინტერესები სწორედ რომ ჰარმონიისა და ურთიერთგაგების საწინდარია. არმსტრონგის თქმით, უილიამს ჰერთას ნაცვლად უნდა შეერთო მოსაწყენი, უღიმღამო, არაფრით გამორჩეული ქალი, რომელიც ფლოსტებს მიართმევდა შინ დაბრუნებისას და გემრიელად ავახშმებდა. „ჩემი აზრით, ასე რომ მოქცეულიყო, ბევრად უფრო ხანგრძლივი, ბედნიერი ცხოვრებით დატკბებოდა და გაცილებით უფრო ნაყოფიერად იშრომებდა!“-წერს არმსტრონგი. ცხადია, იგი გვთავაზობს ტრადიციული პატრიარქალური ყაიდის ოჯახის კონცეფციას: ცოლი ქმრის მორჩილი მსახურია; მისი ერთადერთი დანიშნულება ქმრისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა; არა აქვს პრეტენზია კარიერაზე და შორსაა მეცნიერებისაგან, რომელიც მხოლოდ „კაცის საქმეა“. აი, ასეთ „დომინანტურ როლს“ და ანდროცენტრულ ოჯახს უსურვებდა არმსტრონგი უილიამ აირტონს, რომელიც არმსტრონგისა და სხვა ბევრის გასაკვირად, ქალთა ემანსიპაციას ქადაგებდა, ცოლის სამეცნიერო კვლევაშიც კი არ ერეოდა, თავს არიდებდა მასთან თანამშრომლობას და ყოველთვის დაჟინებით მოითხოვდა, საკადრისად დაეფასებინათ ჰერთას ღვაწლი.

არმსტრონგის რეტროგრადობა, სიბეცე, სრული ინტელექტუალური ფიასკო და ბანკროტობა აპოგეას აღწევს, როცა იგი მორჩილი, მოსაწყენი, უენო და არაფრით გამორჩეული ცოლის ყოლას მიიჩნევს კაცის უფრო ხანგრძლივი, ბედნიერი ცხოვრებისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობის საწინდარად. ამ სასაცილოდ პატარა ტექსტში არმსტრონგი მხოლოდ გაკვრით ახსენებს ჰერთას ცხოვრების იმ მონაკვეთს, როცა სქესის გამო უთხრეს უარი ინგლისის სამეფო საზოგადოების წევრობაზე, თუმცა, არაფერს ამბობს საკუთარ უდიდეს პასუხისმგებლობაზე. „რატომღაც“, არ წერს, თავადაც რომ იყო აირტონის მოწინააღმდეგეთა რიგებში; რომ მხოლოდ სქესის გამო უარყო კანდიდატი; რომ მუდამ ილაშქრებდა ქალთა თავისუფლების წინააღმდეგ და აცხადებდა, სხვა ინსტიტუციების კარიც დახურული უნდა იყოს მათთვისო. „უმეტესობა ჩვენგანი ფიქრობდა, რომ უილიამ აირტონმა და მისი კოლეგამ, ჯონ პერიმ, უგუნურება და წინდაუხედაობა გამოიჩინეს, როცა მხარი დაუჭირეს ჰერთას მოთხოვნას და სამეფო საზოგადოებას შესთავაზეს ქალის კანდიდატურა“,_წერს არმსტრონგი. რატომ იყო უგუნურება და წინდაუხედაობა? იმიტომ, რომ ჯონ პერიმ და უილიამმა ყურადღება არ მიაქციეს ჰერთას სქესს, აღიარეს მისი უდიდესი მიღწევები, უზადო ექსპერიმენტების შედეგად მიღებული პიონერული დასკვნები, ფიზიკისა და ელექტროინჟინერიის უნაკლო ცოდნა, ორიგინალური ხედვა და განაცხადეს, რომ აირტონი იმსახურებდა ამ საზოგადოების წევრობას (სქესის მიუხედავად); იმიტომ, რომ ისინი არ იზიარებდნენ არმსტრონგის პატრიარქალურ იდეებს და მიიჩნევდნენ, რომ ქალებიც იმსახურებდნენ სამეცნიერო დაწესებულებებში შესვლას; იმიტომ, რომ უილიამი ,,ფლოსტების მოტანას“ და ,,გემრიელი ვახშმის“ მომზადებას არ ავალებდა ცოლს, არ ზღუდავდა და თავისუფლებას აძლევდა. ერთობ საინტერესო განმარტებაა ,,უგუნურების“. როგორი იქნებოდა „წინდახედული“ და „გონივრული“ საქციელი მათი მხრიდან? ცხადია, არმსტრონგივით „რუპორით“ უნდა ეყვირათ, ქალს რა ხელი აქვს მეცნიერებასთან, ოჯახშია მისი ადგილიო. არმსტრონგი წერს: „მისის აირტონი არ იყო მებრძოლი სუფრაჟისტი, თუმცა, ყოველნაირად უჭერდა მხარს ქალთა ემანსიპაციის იდეას“. ესეც ტყუილია. აირტონი სწორედ რომ მებრძოლი სუფრაჟისტი იყო და არა მხოლოდ იზიარებდა ემანსიპაციის იდეას, არამედ ფემინისტურ დემონსტრაციებში იყო ჩართული, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც გახდა პოლიციელის მხრიდან და სამეფო საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლაც კი გადადო – შიშობდა, რომ მასაც ციხეში უკრავდნენ თავს სხვა სუფრაჟისტებთან ერთად.

მისტერ არმსტრონგს ან ძალიან უცნაურად ესმოდა „მებრძოლის“ მნიშვნელობა, ან საერთოდ არ სმენია ჰერთას ანგაჟირების შესახებ (არც ის, ციხიდან გამოსული ფემინისტები რომ შეიფარა თავისთან), ან შეგნებულად ცრუობს. მესამე ვარიანტი უფრო სარწმუნო ჩანს. ავტორი აგრძელებს მითებისა და ზღაპრების სერიას და წერს: „არასოდეს მჯეროდა, რომ მისის აირტონი რაიმე თვალსაზრისით ორიგინალური იყო; ვერასოდეს დავინახე ამის ერთი მიზეზიც კი“. არმსტრონგი უთუოდ დაინახავდა ჰერთას „ორიგინალობას“, ერთხელ მაინც რომ წაეკითხა მისი ფუძემდებლური ნაშრომები, სადაც აღწერილი იყო ისეთი გარდამტეხი აღმოჩენები, მანამდე რომ არავის დასიზმრებია. რასაკვირველია, იპოვიდა არა ერთ, არამედ ბევრად მეტ მიზეზს იმისა, თუ რატომ უნდა ერწმუნა მისი ,,ორიგინალობა“, რამდენიმე წუთით მაინც რომ დაეგდო ყური ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის წევრებისათვის, ან ამ დაწესებულების დირექტორისათვის, ან ჰერთას ნებისმიერი კოლეგისათვის; ერთხელ მაინც რომ ენახა მისი საჯარო ექსპერიმენტები; ნაჩქარევად რომ გადაევლო თვალი ქალის გამოგონებებისა და პატენტების ნუსხისათვის, სწორედ მისი ორიგინალობის, გამორჩეულობის ბრწყინვალე მაგალითი და ნათელი დასტური რომ იყო; არმსტრონგს ისიც ავიწყდება, ჰიუზის მედალი სწორედ „ორიგინალური აღმოჩენისათვის“ რომ გადასცეს ჰერთას. “In recognition of an original discovery”,-ვკითხულობთ ჯილდოს აღწერაში. არმსტრონგი არასოდეს დაინტერესებულა ამით; ხოლო ასეთი შეგნებული უმეცრება და მოზეიმე უტიფრობა კომენტარსაც კი არ იმსახურებს. ავტორი განაგრძობს: „მართალი გითხრათ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ იგი იმაზე უფრო მეტად ემორჩილებოდა ქმრის გავლენას, ვიდრე თავად მას, ან უილიამს წარმოედგინა“.

არმსტრონგის ამ სუბიექტურ აზრს და ურცხვ ტყუილს აცამტვერებს ის ფაქტიც, რომ უილიამი მუდამ არიდებდა თავს ცოლის კვლევაში ჩარევას. მეტიც: როცა მან ვერ შეძლო საადმირალოსაგან დავალებული საქმის შესრულება, ჰერთას სთხოვა დახმარება და თავად შეეშვა კვლევას. ამ უკანასკნელმა კი მალევე გადაჭრა პრობლემა. ისეთ აღმოჩენებამდე მივიდა, არა მხოლოდ პასუხი გასცა საადმირალოს მთავარ შეკითხვას, არამედ სამხედრო ფლოტის პროჟექტორებისა და საჰაერო ხომალდების საწინააღმდეგო პროჟექტორების სულ სხვაგვარი მოდელი შესთვაზა ინჟინრებს. რაც მთავარია, მისი ქმარი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა ამას და საადმირალოს მოსთხოვა კიდეც, გარკვევით აღენიშნათ ჰერთას დამსახურება. როცა უილიამმა ელექტრული რკალების შესახებ დაწერა არასრულყოფილი, ნაკლოვანი ნაშრომი და ვერავითარი გადამჭრელი დასკვნა ვერ შესთავაზა მეცნიერებს, სტატიის გადამუშავების სურვილიც კი გაუქრა და ხელი აიღო საქმეზე, ჰერთამ კი დაიწყო მუშაობა და დიდ წარმატებას მიაღწია. უილიამმა ცოლის კუზენს უთხრა: „მე და შენ შემძლე და გამჭრიახი ადამიანები ვართ, ფილიპ, ჰერთა კი გენიოსია“. არმსტრონგისდა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მისტერ აირტონმა „მარადი ქალური ბუნების“ შესახებ არსებული მითებით არ გამოუჭედა თავი ცოლს; „მოსაწყენი, უღიმღამო“ ცოლის ყოლასა და პატრიარქალურ „იდილიას“ არჩია იმ მეცნიერ და გამომგონებელ ქალზე დაქორწინება, შემოქმედებითად რომ იწვოდა დღემუდამ და სრულიად თავისუფალი იყო მისი ინტელექტუალურ-მენტალური გავლენისაგან.

არმსტრონგის ლეგენდებს ანადგურებს ის ფაქტიც, რომ ჰერთა უილიამის გაცნობამდეც აქტიურად იყო ჩართული მეცნიერულ კვლევა-ძიებაში და არაერთი გამოგონება დააპატენტა. საინტერესოა (მისტერ არმსტრონგის აზრით), როგორ „განიცდიდა“ ქალი კაცის გავლენას, როცა არც კი იცნობდა მას? ტელეპათიური კავშირი ჰქონდათ, თუ უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით აწვდიდა იდეებს მომავალ თანამეცხედრეს, რომელიც თვალით არ ენახა? აღსანიშნავია ისიც, რომ ჰერთამ დაიწყო იმ სფეროს კვლევა (ჰიდროდინამიკის), რომელსაც კავშირი არ ჰქონდა ქმრის პროფესიულ პროფილთან. უილიამის გარდაცვალების შემდეგაც განაგრძო ექსპერიმენტები, სტატიების გამოქვეყნება და მრავალი გამოგონება დააპატენტა. ამ ფაქტთან დაკავშირებით რას იტყვის პატივცემული არმსტრონგი? შესაძლოა, ომახიანად ამტკიცოს კიდეც, რომ განსვენებული ინჟინერი საიქიოდან ეხმარებოდა ცოლს იმ საქმის შესრულებაში, რომლისაც არაფერი გაეგებოდა. არმსტრონგის ამ ტყუილმა ისე განარისხა პროფესორი მათერი, ჟურნალ “Nature”-ში გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება და კორექტულობისაკენ მოუწოდა კაცს. მისი თქმით, სავსებით მცდარი იყო მისი მოსაზრებები. გარდა ამისა, ავტორს შეგნებულად შეჰყავდა შეცდომაში მკითხველი. არმსტრონგი ქსოვს ზღაპრულ ქარგას: „ალბათ, ამ ქალს არასოდეს ჰქონია კარგი სამეცნიერო აღჭურვილობა და არც ძლიერი მენტალური რესურსი; მართალია, შემძლე, ჭკვიანი მშრომელი იყო და სრულფასოვანი სპეციალისტი, მაგრამ არ გააჩნდა არც ფართო თვალსაწიერი, არც გაქანება, არც სიღრმისეული ცოდნა, არც გამჭრიახობა, არც წვდომის უნარი, რომელიც საჭირო იყო იმისათვის, რათა დაუფლებოდა საკვლევ საგანს…“.

არმსტრონგის საპირისპიროდ უნდა ითქვას: ჰერთას ყველა კოლეგა, ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის თანამშრომელი, დირექტორი, ნობელიანტი ფიზიკოსი, ლორდი რეილი და უკლებლივ ყველა მეცნიერი, რომელსაც პროფესიული ურთიერთობა აკავშირებდა მისის აირტონთან და იცნობდა მის ნაშრომებს, სწორედ მის ორიგინალურ ხედვაზე, ულევ მენტალურ შესაძლებლობებზე, ფართო თვალსაწიერზე, გაქანებაზე, სიღრმისეულ ცოდნაზე, კრეატიულობაზე, მდიდარ წარმოსახვაზე, გამჭრიახობასა და წვდომის განსაკუთრებულ უნარზე ამახვილებს ყურადღებას. მათ მტკიცებას რომ ავარიდოთ თვალი და ჰერთას სამეცნიერო მოღვაწეობას გადავხედოთ, უთუოდ დავრწმუნდებით ამაში. მიუხედავად ამისა, ერთი წამით მაინც დავუშვათ, რომ არმსტრონგი მართალია. მაშ, მისის აირტონმა, რომელსაც ზემოჩამოთვლილი უნარები არ გააჩნდა, როგორ შეძლო ესოდენ ღრმა კვალის დატოვება მეცნიერებაში? რატომ მიიჩნევა მისი ნაშრომები წამყვან, ავტორიტეტულ, პიონერულ და ფუძემდებლურ კვლევებად? როგორ მოხდა, რომ ამ „წვდომის უნარს, გამჭრიახობასა და სიღრმისეულ ცოდნას მოკლებულმა“ ქალმა ამდენი გამოგონება უსახსოვრა კაც-ქალობრიობას? როგორ მოხდა, რომ როცა აირტონმა თავისი პიონერული სტატია წაიკითხა ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის წევრთა წინაშე, ამ ამბიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, ეს მენტალურად „შეჭირვებული“ და „გაქანების არმქონე“ ადამიანი აირჩიეს დაწესებულების სრულუფლებიან წევრად? როგორ მოხდა, რომ ამ „არაორიგინალურმა“ მეცნიერმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მათზე თავისი ღრმა მეცნიერული ცოდნითა და რაც მთავარია, ინოვაციური, ორიგინალური მიდგომით? როგორც მოხდა, რომ ამ დაწესებულების მაშინდელმა დირექტორმა, ჯოზეფ სუონმა აღნიშნა: „მისი დასკვნები მიღებულია გულმოდგინე, სიღრმისეული, დეტალური, რთული, შრომატევადი სამუშაოს ჩატარებისა და უზუსტესი ექსპერიმენტული დაკვირვების შედეგად. უცხადეს განსჯასა და ნათელ აზროვნებას ემყარება ყოველივე ეს“. როგორ მოახერხა ეს იმ მეცნიერმა, რომელსაც არ გააჩნდა „ღრმა მეცნიერული ანალიზის“ უნარი? რატომ მიანიჭა ზემოხსენებულმა ინსტიტუტმა ესოდენ „სუსტ“ კანდიდატს საგანგებო ჯილდო სტატიის საჯაროდ წაკითხვიდან რამდენიმე დღის შემდეგ? როგორ მოხდა, რომ „კრეატიულ და წარმოსახვით უნარს მოკლებულმა“ ქალმა, ჰერთამ, სწორედ გასაოცარი შემოქმედებითი უნარი გამოავლინა და უამრავი რევოლუციური გამოგონება დააპატენტა, ხოლო თვით არმსტრონგმა, ჰერთას „მენტალურ უსუსურობას“ რომ ამტკიცებდა, ერთი გამოგონებაც კი ვერ უსახსოვრა მსოფლიოს? ერთი პატენტიც კი არაა ამ ერთობ „კრეატიული“ კაცის „ანგარიშზე“.

როგორ მოხდა, რომ ინგლისის სამეფო საზოგადოებამ წუნი ვერ დასდო აირტონის ცოდნასა და უბადლო ექსპერიმენტებს, ვერც საკითხის კონცეპტუალურ, სიღრმისეულ გაგებას, მხოლოდ და მხოლოდ სქესის გამო უთხრა უარი წევრობაზე და არა კომეპტენციისა და „შემოქმედებითი უნარის“ ნაკლებობის გამო? არც კი დაუმალავთ ეს ამბავი. როგორ მოხდა, რომ „კაცის გავლენის“ ბორკილებით დაბმულმა და ხელებშეკრულმა ქალმა კაცის, ჯორჯ დარვინის, მცდარი იდეები დაამხო ქვიშის ჭავლების წარმოშობის შესახებ და თერმოდინამიკაში თქვა თავისი სიტყვა? როგორ მოხდა, რომ „უნარს მოკლებული“ მეცნიერი ქალი აღმოჩნდა მართალი, კაცი კი შეცდა? ამ კითხვებზე პასუხი არა აქვს მისტერ არმსტრონგს. იგი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, ოქსიმორონების ხლართში ეხვევა და წერს: „მისტერ აირტონი გენიოსი იყო, მაგრამ არ გახლდათ ცოლის მეცნიერული შესაძლებლობებისა და ნიჭის კარგი მსაჯული. მისი თანამშრომელი, პერი კი სოლიდური წევრი გახლდათ დაწესებულებისა“. როგორ და რა ლოგიკით იყო გენიოსი (არმსტრონგის თანახმად) ელექტროინჟინერი, უილიამი, ცუდი მსაჯული სხვა ელექტროინჟინერის მეცნიერული შესაძლებლობებისა და ნიჭისა? არმსტრონგის არათანმიმდევრული მსჯელობა ლირიკულ ბოდვას ემსგავსება. რაც შეეხება მისტერ აირტონის გენიოსობას: მეცნიერმა გარკვევით აღნიშნა, რომ თავად შემძლე და გამჭრიახი მეცნიერი იყო, ჰერთა კი გენიოსი. ესეც რომ არ გავითვალისწინოთ, არმსტრონგის თქმით, ჯონ პერი იყო „დაწესებულების სოლიდური წევრი“ და შესაბამისად, იგი უფრო კარგი მსაჯული გახლდათ ჰერთას შესაძლებლობებისა. კეთილი: ამჯერადაც გაცამტვერდა არმსტრონგის მითი, რამეთუ ჯონ პერი ყოველთვის უმაღლეს შეფასებას აძლევდა ჰერთას, აღიარებდა მის ორიგინალობას, ბრწყინვალე ნიჭს, შესანიშნავ შესაძლებლობებსა და წვდომის ჩინებულ უნარს. სწორედ ამიტომ სთხოვა სამეფო საზოგადოებას პერიმ, წევრად აერჩიათ ჰერთა. მის ამ ნაბიჯს კი ,,უგუნურება და წინდაუხედაობა“ უწოდა არმსტრონგმა. საინტერესოა, რატომ არ იყო უილიამ აირტონი „დაწესებულების სოლიდური წევრი“, ან რას გულისხმობს არმსტრონგი. თუ თვალს გადავავლებთ უილიამის ბიოგრაფიას, ნათელი გახდება, რომ არმსტრონგი ტყუის: მისტერ აირტონი ინგლისის სამეფო საზოგადოების ,,სოლიდური“ წევრი იყო, ამ დაწესებულების პრესტიჟული ჯილდო, ჰიუზის მედალიც მიიღო და ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის დირექტორიც გახდა 1892 წელს; იყო “City and Guilds of London Institute“-ისა და „ცენტრალური ტექნიკური კოლეჯის“ პროფესორი; ინდოეთის მთავრობამ მიიწვია ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო დაწესებულებაში და იაპონიის ხელისუფლებამ ინჟინერიის სამეფო კოლეჯის საბუნებისმეტყველო ფილოსოფიისა და ტელეგრაფიის კათედრა გადააბარა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთობ მძაფრ ცნობისმოყვარეობას აღძრავს ეს საკითხი: რატომ არ იყო უილიამი ,,სოლიდური წევრი“? არც ამ კითხვაზე არა აქვს პასუხი ღრმად პატივცემულ არმსტრონგს. ჰერთას ქმრის „კარგი მსაჯულობა“ არც არის რელევანტური, რამეთუ იგი ქმრის გარდა, უამრავმა მეცნიერმა, ინჟინერმა, გაერთიანებული სამეფოს საადმირალოს წევრმა, სამხედრო მაღალჩინოსანმა, ჰიდროდინამიკის შესწავლით დაკავებულმა მეცნიერმა, ინგლისის სამეფო საზოგადოების წევრმა, ელექტროინჟინერიის ინსტიტუტში და სხვა რესპექტაბელურ დაწესებულებებში მოღვაწე სწავლულებმა და „მსაჯულებმა“ „განსაჯეს“ და უმაღლესი შეფასება მისცეს (ამასთანავე, ისიც უნდა ითქვას, რომ უამრავი სექსისტური დაბრკოლების გადალახვა მოუხდა, სწორედ არმსტრონგის მსგავსი კაცების გამოისობით). არმსტრონგი წერს: „დასასრულ ვიტყვი: ასეთია ჩემი დასკვნა: მისის აირტონმა ვერასგზის ვერ დასძლია მარად ქალური ბუნება. ჩვენ არც უნდა ვისურვოთ ესოდენ მშვენიერი და ფასდაუდებელი რამის გაქრობა“. რას ნიშნავს „მარად ქალური ბუნების დაძლევა“? როგორც უკვე ითქვა, არმსტრონგის აზრით, მარად ქალური ბუნება ლოგიკური და რაციონალური აზროვნებისაგან შორს დგომას ნიშნავს. ესაა ქალი, რომელსაც მეცნიერული ცოდნა არ გააჩნია და მთლიანად ინტუიციას, ინსტინქტებს, გრძნობებსა და ემოციებს ეყრდნობა. ჰერთას ცხოვრება და მოღვაწეობა სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. რა დასძლია ჰერთამ? პატრიარქალური სოციუმისაგან ქალებისათვის შექმნილი დაბრკოლებები; დამყაყებული მენტალობა, დრომოჭმული იდეები; გააცამტვერა ქალთმოძულეებისა და სექსისტების რეტროგრადული წარმოდგენები და მითები ქალთა სიჩლუნგისა და სიყეყეჩის შესახებ; ყველას დაუმტკიცა, რომ ქალს უთუოდ შეეძლო, დიდი მეცნიერი გამხდარიყო და ტოლი არ დაედო კაცისთვის; წყალი შეუყენა ფესვგადგმულ მიზოგინიურ მენტალობას. აი, ეს დაასამარა ჰერთამ. ხოლო, ის, რასაც პროფესორი არმსტრონგი „მარად ქალურ ბუნებას“ უწოდებს, არა ქალის ბუნება და „მშვენიერი და ფასდაუდებელი რამ“, არამედ პატრიარქალური აზრებით დამძიმებული გონების მონაჩმახია, რომელსაც ისტორიული რეალობა სპობს. ჩვენ ,,ესოდენ მშვენიერი და ფასდაუდებელი რამის გაქრობა“ კი არა, ზემოხსენებული რეგვენული აზრების გაქრობა-გადაშენება უნდა ვისურვოთ. რატომ „ემშვენიერება“ ასე ძალიან ქალურობის ამგვარი აღქმა არმსტრონგს? აი, ამიტომ: გულწრფელად აღიარებს კიდეც, რომ „მისის აირტონი კარგი ქალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერული შთაგონების ათინათი დასთამაშებდა“.

იგი ერთმანეთს უპირისპირებს „კარგ ქალობას“ და „მეცნიერულ შთაგონებას“ („მიუხედავად იმისა, რომ“), ანუ მისი აზრით, ეს ორი რამ შეუთავსებელია – ქალისთვის შეუფერებელია „მეცნიერული შთაგონება“. სწორედ ამგვარი მენტალობის ბრალია ისიც, ვერაფერი რომ გაუგეს მისის აირტონის გამოგონებას („მარაოს“, სხვაგვარად, „ტკაცუნას“) და განაცხადეს, ქალი ვერ შეძლებდა ისეთი დანადგარის გამოგონებას, ჯარისკაცების სიცოცხლე რომ იხსნასო. მოზეიმე უმეცრების თვალისმომჭრელი ათინათით გაცისკროვნებულმა რამდენიმე ყეყეჩმა ისიც კი იკითხა, როგორ შეიძლება, ფრონტის ხაზზე წასულ კაცებს დაეხმაროს მარაო – ეს სიფრიფანა, უცნაური, ახლართულ-ჩახლართული ხელსაწყო, რომელსაც ქალები ატარებენო?! აღშფოთებულმა პროფესორმა მათერმა საგანგებო განცხადებაში ამხილა არმსტრონგის უტიფარი სიცრუე და თავხედობა: „იგი ამცირებს და აკნინებს მათ ნაშრომ-ნაღვაწსა და შესაძლებლობებს. ჩემი აზრით, მეტისმეტად სამარცხვინო და დასაძრახისი საქციელია გარდაცვლილ მეგობრებზე ასეთი სტატიების წერა. იმედი მაქვს, სხვები არ მიჰბაძავენ პროფესორ არმსტრონგს. მისი სტატიის წაკითხვის შემდეგ ადამიანი იფიქრებს, რომ მისის აირტონს არ ჰქონია ორიგინალური ხედვა და ქმრის გავლენით შეასრულა მთელი სამეცნიერო სამუშაო. არცერთი ვარაუდი არ არის სწორი. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მისის აირტონმა არაერთი გამოგონება დააპატენტა, სანამ პროფესორ აირტონს შეხვდებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგაც განაგრძო ორიგინალური სამუშაო. ამის წყალობით, დამატებით 8 გამოგონება დააპატენტა 1913-18 წლებში. განსვენებულმა პროფესორმა აირტონმა არაერთხელ მითხრა, რომ როცა მისის აირტონმა ხელი მიჰყო ელექტრული რკალის შესწავლას, თავად განზე გადგა და  ცოლს გადაულოცა ეს საკითხი. ქალი მარტოდმარტო შეუდგა კვლევას, რადგან ერთად რომ ემუშავათ, უთუოდ კაცს მიაწერდნენ მთელ დამსახურებას და ჰერთას ნაშრომ-ნაღვაწს მიაკუთვნებდნენ; რომ თვითონ ეწვეოდა აღიარება მეუღლის ნაცვლად; რომ ყოვლად გაუმართლებელი იქნებოდა მისის აირტონის წვლილის ასე გაქრობა. უილიამ აირტონი სწორედ ამას აღნიშნავდა, როცა ლექციებს უკითხავდა თავის სტუდენტებს ელექტრული რკალის შესახებ. ეჭვგარეშეა, მისი არაერთი შეგირდი დაადასტურებს ამას. სავსებით შესაძლებელია, პროფესორ არმსტრონგს თავად უილიამ აირტონმაც მისცა მსგავსი შენიშვნები“, – წერს პროფესორი მათერი.

ძალზე უხვი მემკვიდრეობა დატოვა ელექტროინჟინერიის, ჰიდროდინამიკისა და ფიზიკის ამ გიგანტმა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აგულიანებდა ქალებს, მეცნიერების გზას გაჰყოლოდნენ და ტოლი არ დაედოთ კაცებისათვის. უდიდესი წვლილი მიუძღვის „ქალთა საერთაშორისო საუნივერსიტეტო ფედერაციის“ დაარსებაში (ეს დაწესებულება 1919 წელს გაიხსნა და მისი მთავარი მიზანია ქალთა განათლების ხელშეწყობა მსოფლიო მასშტაბით). დაუდგრომელმა, მებრძოლმა ჰერთამ შთაგონებით აღავსო თავისი სქესის წარმომადგენლები და გაუღო მეცნიერების სამყაროს კარი, დახშული რომ იყო მათთვის. უთუოდ წარუშლელი კვალი დატოვა როგორც მეცნიერებაში, ასევე, ფემინისტური მოძრაობის ისტორიაში. აირტონი მიიჩნევდა, რომ უდიდესი სიბრიყვე და აბსურდი იყო მეცნიერ ქალთა დისკრიმინაცია; რომ ადამიანის სქესს არავითარი კავშირი არ ჰქონდა მის მეცნიერულ შესაძლებლობებთან; რომ „ქალები და მეცნიერება“, როგორც იდეა და ცნება, სრული უაზრობა იყო, რადგან ქალი, ისევე, როგორც კაცი, ან არის კარგი მეცნიერი, ან არა; რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ქალს უნდა მიეცეს შესაძლებლობების გამოვლენის უფლება, მისი ნაშრომ-ნაღვაწი კი უნდა შეაფასონ მეცნიერული თვალსაზრისით და საერთოდ არ უნდა მიაქციონ ყურადღება მის სქესს, თუმცა, სამწუხაროდ, სამეფო საზოგადოებამ სწორედ სქესის საფუძველზე დაიწუნა, რაკი ნაკლი ვერ უპოვა მის ღრმა მეცნიერულ ცოდნასა და ბრწყინვალე ექსპერიმენტებს. აირტონი იდგა იმ პიონერ ქალთა რიგებში, რომელთაც წარმატებით შეაღწიეს იმ სფეროში, სადაც მამაკაცები დომინირებდნენ: იგი აღმოჩნდა ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის ერთადერთი წევრი ქალი 3,300 კაცს შორის. მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, ქალთმოძულენი რომ არ აღიარებდნენ მის დამსახურებას და ეგონათ, რაკი ქალი იყო, ვერაფერს გახდებოდა და ვერ შესძლებდა წარმატების მწვერვალების დაპყრობას. ჰერთამ იცოდა და მსოფლიოს დაუმტკიცა კიდეც, რომ ქალს შეეძლო, გამხდარიყო დიდი მეცნიერი. მთელი მისი მოღვაწეობა და ცხოვრება ამის ნათელი მაგალითია.

ეს აგნოსტიკოსი, სოციალისტი და პროლეტარიატის გულანთებული ქომაგი ოცდაოთხი საათიდან თორმეტს სწირავდა სამეცნიერო მუშაობასა და კვლევა-ძიებას. როცა გარდაიცვალა, წამყვან მეცნიერად, ურყევ ავტორიტეტად და რამდენიმე დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლად მიიჩნეოდა. სიკვდილის დღემდე თავდაუზოგავად შრომობდა. უნდოდა, რაც შეიძლება, მეტი რამის აღმოჩენა და გამოგონება მოესწრო, რადგან კარგად იცოდა, დათვლილი იყო მისი დღეები. პროფესორი ტროტერი იხსენებს: „ისე შეერყა ჯანმრთელობა, ხვდებოდა, დიდხანს ვერ იცოცხლებდა. სურდა, ყოველი წამი გაეტარებინა შრომაში, რადგან ხვდებოდა, თუ ასე არ მოიქცეოდა, შეიძლებოდა, ხელიდან გაეშვა გამაოგნებელი  აღმოჩენა. სისხლის მოშხამვას დაერთო საშინელი დაქანცულობა… გამუდმებით ლაბორატორიაში იყო, კვლევებს ატარებდა და ისუნთქავდა ათასგვარ მავნებელ აირს… ამან გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი“.

სულაც არაა გასაკვირი, რომ მისის აირტონს ხშირად ადარებენ თავის ლიტერატურულ სეხნიას, ჰერთას, შვედი ფემინისტი მწერლის, ფრედერიკა ბრემერის, რომანის ამბიციური და მიზანსწრაფული გმირი რომაა. საოცრად ჰგავდა ამ პერსონაჟს: ყველა დასახულ მიზანს მიაღწია, გაწბილებული დატოვა მიზოგინები, აიხდინა ოცნებები და დაიპყრო წარმატების მწვერვალები. მისი უდიდესი სამეცნიერო მემკვიდრეობა დიდი მონაპოვარია სამყაროსთვის. აი, ასეთია მისი ცხოვრება, სიკვდილის შემდეგაც რომ გრძელდება.