„ამ ადამიანებს [ლგბტ თემს] ამ ქვეყანაში არავინ ერჩის, მაგრამ მათ აქვთ გამოწვევები“.
თეა წულუკიანი
„ეს ადამიანები არსებობენ და მათ ჩვეულებრივად აქვთ ცხოვრების შესაძლებლობა ყოველგვარი პრობლემების გარეშე – არავინ დასდევს, არავინ ლახავს მათ უფლებებს“.
კახა კალაძე
„როდესაც 95% ჩვენი მოსახლეობის არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად, პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ“.
ირაკლი ღარიბაშვილი
ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო დღეებია აცხადებენ, რომ თითქოსდა ლგბტქი+ ადამიანებს საქართველოში არავინ ერჩის. პრემიერ-მინისტრი კი ცდილობს, ქვიართემი ერთგვაროვან პოლიტიკურ ჯგუფად წარმოაჩინოს – ამ საკითხზე სათემო ორგანიზაციებმა განცხადებაც გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ წლებია ყველა პოლიტიკური ძალა, ისევე როგორც საქართველოს საპატრიარქო, სწორედ ამ სპეკულაციაზე დაყრდნობით ცდილობს განიმტკიცოს ძალაუფლება, შეინარჩუნოს საზოგადოების პოლარიზების დღის წესრიგი და წაერთვას თემს აგენტობა სოციალურ პროცესში.
ჰომო/ბი/ტრანსფობია ქვიარების ყოველდღიურობის ნაწილია. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ბოლო დღეებში გახდა, როდესაც მოქალაქეები სიძულვილით მოტივირებულ თავდასხმებზე ალაპარაკდნენ – „თავდასხმა პარკში მაისურის ფერის გამო“; „დაპირისპირება მეტროში საყურის გამო“; „თავდასხმა ფერადი ჩანთის გამო“ – ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების სამიზნე არამხოლოდ ქვიარები, არამედ ისინიც ხდებიან, ვისი ჩაცმის სტილი თუ გარეგნული მახასიათებლები ძალადობრივ ჯგუფებს არ მოეწონებათ.
შემთხვევები, რომლებსაც სათემო ორგანიზაციები აღწერენ, სცდება რუსთაველის გამზირსა თუ 5-6 ივლისს, და შეგვახსენებს, რომ საქართველოში ჰომოფობია სივრცითა და დროით შემოსაზღვრული არ არის. ქვიარაქტივისტები ყურადღებას იმაზეც ამახვილებენ, რომ ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებში აქცენტი ნაკლებად კეთდებოდა იმაზე, რომ თბილისის ცენტრში ძალადობრივი ჯგუფები რეალურად ჰომო/ბი/ტრანსფობიური მოტივით შეიკრიბნენ და მათი ქმედებებიც სწორედ ამ სიძულვილით იყო განპირობებული.
„პუბლიკა“ სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სოცმუშაკებს ესაუბრა, ყოველი მათგანი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა შესაძლო სიძულვილის მოტივით ჩადენილი ძალადობის შემთხვევები.
„4 ივლისიდან ნაგულისხმევი ან რეალური სექსუალური ორიენტაციის გამო, ან გენდერული გამოხატვის ფორმების გამო ქუჩებსა და მეტროში ძალიან გართულებულია მდგომარეობა. ძირითადად ინციდენტები, რაც ჩვენამდე აღწევს, უფრო მძიმე შემთხვევებია, როდესაც ქირურგიულ განყოფილებაში ხვდებიან ადამიანები – ვიღაცას ფეხი აქვს ნაღრძობი, სხვას კბილები აქვს ჩამტვრეული და ა.შ. მაგრამ ზოგადი ფონიც ძალიან პრობლემურია“, – ამბობს სოციალური მუშაკი ბექა გაბადაძე.
მისივე თქმით, გახშირდა სოციალურ ქსელში მუქარის წერილებიც, ერთ-ერთი ასეთი შეტყობინების ადრესატი თავადაც გახდა და სამართალდამცავ უწყებასაც მიმართა.
„მაგალითად, მეც მომწერეს: „ვიცით, სადაც გადაადგილდები, სადაც ცხოვრობ და მოძრაობ და იგივე მოგელის, რაც იმ ადამიანს დაემართა, რომელიც დაიღუპა“. ძირითადად ასეთი ტიპის მესიჯებს იღებენ, უმეტესად, ალბათ, აქტივისტები და ისინი, ვინც სხვადასხვა მედიაგამოცემის კომენტარებში წერენ, მერე იღებენ ამ ტიპის გზავნილებს პირად შეტყობინებებად“, – ამბობს ბექა გაბადაძე.
სოციალური მუშაკი „პუბლიკას“ უყვება, რომ აგრესიული ატმოსფერო ადამიანების ქცევაზეც აისახა, ძალადობის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად კი მოქალაქეების ნაწილმა თვითგამოხატვის ფორმა შეცვალა, იხსნიან საყურეებს და ა.შ.
„მე, მაგალითად, სახლის კარს არ ვკეტავდი და ახლა 5-ჯერ ვამოწმებ ხოლმე, რომ ნამდვილად არის ჩაკეტილი“, – ამბობს ბექა გაბადაძე.
ბექა გაბადაძე აღნიშნავს, რომ ძალადობის შემთხვევები ძირითადად საჯარო სივრცეში – მეტროში, პარკში, მაღაზიაში და ა.შ. – ხდება.
„მაგალითად, ტრანსი ქალი არის ნაცემი, სავარაუდო მოძალადე სპორტსმენად იდენტიფიცირდებოდა. ქალს ყბისა და ცხვირის მოტეხილობა აქვს. ასევე არის გეი ბიჭი, რომელსაც დაზიანებული აქვს ფეხი, არის ნაცემი კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდათ“, – ამბობს გაბადაძე.
მისივე თქმით, ინციდენტი არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმსა და თელავშიც მოხდა.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა, შესაძლო სიძულვილით მოტივირებულ თავდასხმებზე მოქალაქეების ნაწილმა სათემო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობასაც“ მიმართა, ამ შემთხვევების შესახებ ინფორმაცია „პუბლიკამ“ ორგანიზაციისგან გამოითხოვა:
10 ივლისი
„დახმარების თხოვნით მოგვმართა 3-მა გეი მამაკაცმა. მათი განცხადებით, ღამის საათებში მაღაზიაში მყოფმა უცნობმა პიროვნებამ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ის მათ უწოდებდა „პიდარასტებს“ და აგინებდა. დაზარალებულებმა არ მიაქციეს ყურადღება, იყიდეს სურსათი და გამოვიდნენ მაღაზიიდან, რომელთაც მათთვის უცნობი პიროვნება გამოჰყვა და ერთ-ერთ მათგანს მოსთხოვა სიგარეტი, რაზედაც მან უთხრა, რომ არ ჰქონდა. ამის შემდგომ უცნობმა პიროვნებამ გააგრძელა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზედაც დაზარალებულები სთხოვდნენ, რომ თავი დაენებებინათ მათთვის, სიტყვიერი შეურაცხყოფა უცნობის მხრიდან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. იგი თავს დაესხა ჯერ ერთ პირს, შემდეგ კი მის დასახმარებლად მისულ თანმხლებს ხელი მოუჭირა ყელის არეში და ახრჩობდა. აღნიშნული ინციდენტის დროს მოვიდნენ სხვა პიროვნებებიც, რომლებმაც გააშველეს ისინი და შემდგომ დაზარალებულებს მათაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულები გამოერიდნენ შემთხვევის ადგილს, მათ გამოეკიდათ უცნობი პიროვნება, რომელმაც მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ეუბნებოდა რომ ყელს გამოჭრიდა მათ. დაზარალებულებმა მათ უთხრეს, რომ თავი დაენებებინათ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დარეკავდნენ პოლიციაში, რის შემდეგაც უცნობი პიროვნება გაუჩინარდა სახლის არკაში და იქიდან დიდი ქვით ხელში გამოედევნა დაზარალებულებს, როდესაც მიუახლოვდა მათ დასარტყმელ მანძილზე, გამოჩნდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ადგილზე დააკავეს მოძალადე და დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინეს.
დაზარალებულები გამოიკითხნენ, მათ პოლიციის განყოფილებაშივე ჩაუტარდათ სასწრაფო სამედიცინო შემოწმება, ხოლო 12 ივლისს – სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ისინი ცნეს დაზარალებულად სსკ–ის 126–ე მუხლი 1 ნაწილით „ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი“; და 151 მუხლის 1 ნაწილით „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“.
უცნობ პიროვნებას კი, რომელმაც აღნიშნულ სამ პირზე იძალადა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, 11 ივლისს აღმკვეთი ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
7 ივლისი
„დაგვიკავშირდა ტრანსგენდერი ქალი, მისი განცხადებით, მისთვის უცნობმა პირებმა ესროლეს კვერცხები. ვინაიდან და რადგანაც ქმედება არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არ დაწყებულა“.
5 ივლისი
I
„დაგვიკავშირდა ლესბოსელი ქალი. მისი განცხადებით, დაახლოებით დღის 14:00 საათზე რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც სცადა ლგბტქი+ დროშის ამოღება და გაშლა, თავს დაესხნენ მისთვის უცნობი პირები. ამ დროს მას ერთდროულად რამდენიმე ადამიანმა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისთვის უცნობი დაახლოებით 10-მდე ადამიანი რამდენიმე წუთის განმავლობაში ურტყამდა მას და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰომოფობიური მოტივით. პოლიციის დახმარებით ის გაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. საღამოს მან მისცა ჩვენება საგამოძიებო უწყებას, ხოლო მეორე დღეს ცნობილ იქნა დაზარალებულად 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის 1 ნაწილით. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება მოძალადე პირების დადგენის მიზნით“.
II
„დაგვიკავშირდა ორი პირი, მათი განცხადებით, დაახლოებით დღის 17:00 საათზე რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ მათთვის უცნობი პირები. ისინი მივიდნენ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე და მოძალადე ჯგუფებს უთხრეს, რომ ისინი იყვნენ მოძალადეები, ასევე ერთ-ერთმა მათგანმა გაშალა ლგბტქი+ დროშა. ამ დროს მათ ერთდროულად რამდენიმე ადამიანმა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. უცნობი პირები მათ აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰომოფობიური მოტივით რამდენიმე წუთის განმავლობაში. პოლიციის დახმარებით ისინი გაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. საღამოს მათ მისცეს ჩვენება საგამოძიებო უწყებას, ხოლო მეორე დღეს ცნობილ იქნენ დაზარალებულად 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება მოძალადე პირების დადგენის მიზნით“.
III
„დილის საათებში დაგვიკავშირდა პიროვნება, მისი განცხადებით Facebook-ის ერთ-ერთ ჯგუფში მას ემუქრებოდნენ მისთვის უცნობი პირები. ვინაიდან ამ პიროვნებამ არ ისურვა საკუთარი სახელით მიემართა შსს-სთვის, ჩვენ საგამოძიებო ორგანოებს მივმართეთ ანონიმური განცხადებით აღნიშნული ჯგუფების საქმიანობის შესწავლის მიზნით“.
12 ივლისს სათემო ორგანიზაციებმა ერთობლივ განცხადებაში კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება 5 ივლისს და შემდგომ დღეებში მომხდარ ძალადობათა ციკლზე, რომელიც, მათი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ იყო დაშვებული და ჰქონდა მათივე ხელშეწყობა, „რომელმაც არ უზრუნველყო ჯეროვანი გულისხმიერების სტანდარტით დანაშაულის ორგანიზატორთა იდენტიფიცირება, დასჯა, დანაშაულთა პრევენცია და მსხვერპლთა რეაბილიტაცია. ამ სასტიკი ძალადობის არ აღკვეთა და სამოქალაქო დაპირისპირების ხელშეწყობა პირდაპირ წარმოადგენს მთავრობის პასუხისმგებლობას“.