იაგო ხვიჩიას საჯარო სათქმელი

ზურა ვარდიაშვილი

თქვენ ამბობთ, რომ დროა, დახურულ კარს მიღმა საუბრები გადავიტანოთ საჯარო ფორმატში. რის თქმა გსურთ?

პროცესის საჯაროდ ჩვენება მინდა. ყველას რომ სცოდნოდა, რაზე მივაღწიეთ შეთანხმებას, მაგალითად, გიორგი ვაშაძესთან – რაზე ვერა; რაზე ჩამოვართვით ხელი; ჩემი აზრით, ბატონი გიორგი ვერ იკადრებდა, რომ ლაპარაკზე გვითხრა უარი. „გირჩს“, გიორგი ვაშაძემ.

გვსურს, ადამიანებს დავანახვოთ, რომ ესენი (პოლიტიკოსების ნაწილი), როდესაც საქმეზე ვსაუბრობთ, სხვაგვარად იქცევიან, ხოლო, როდესაც კამერა ირთვება, რაღაც პოზას იღებენ, როლში შედიან და ამ როლით გველაპარაკებიან.

რა როლია ეს?

არ ვიცი, არც ის ვიცი, ვინ მისცა მათ ეს როლი, მაგრამ, როდესაც ვაშაძემ ჩვენთან საუბარზე უარი თქვა, როლში იყო.

თქვენი ეს შეხედულება, როგორც ვხდები, მხოლოდ გიორგი ვაშაძეს არ ეხება.

რა თქმა უნდა. ამით დავიწყოთ. ეს ცუდი პოლიტიკური ყოფაქცევის შემდგარი მაგალითია.

ყველაფერი, რასაც  ორი თვე ვაკეთებდი, საჯარო რომ ყოფილიყო – როგორ ველაპარაკებოდი ამ ხალხს, რა ურთიერთობა მქონდა, გაგეცინებოდათ  ვაშაძის საქციელზე, ისე, როგორც მე მეცინება.

რას აკეთებდით ბოლო ორი თვის განმავლობაში?

 ჩვენი მიზნის მისაღწევად ვიბრძოდით. ესაა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვება, რომელიც კონსტიტუციის ცვლილებას დასთანხმდება იმ ნაწილში, რომ არჩევნები იყოს პროპორციული  და საარჩევნო ბარიერი, რომელიც 5%-იანია, იყოს ბუნებრივი ან მასთან მიახლოებული, 0,62%-იდან 1%-მდე.

მოლაპარაკებათა მაგიდაზე სხვა საკითხები იდო. ეს ჩვენ ჩავამატეთ. გვსურდა, ის კომპრომისის საგნად გვექცია. ჩვენი პირობა იყო: ჩვენ თქვენთან ერთად ვიბრძვით; პარლამენტში არ შევდივართ; თქვენ ხომ გინდათ ვადამდელი არჩევნები, ჩვენ გვინდა კონსტიტუციის ცვლილება; მოდი, ერთმანეთს დავეხმაროთ.

ვეთანხმებოდით პარტნიორების მოთხოვნებს, რომლებიც შესაძლოა ჩვენი დიდი ინტერესის სფეროში არ ყოფილიყო (მაგრამ მათი გვესმოდა) და ჩვენი მოთხოვნაც არსებობდა მოლაპარაკების მაგიდასთან.

თუმცა ჩვენი გულდაწყვეტა გამოიწვია იმან, რომ პარტნიორები ჩვენს საკითხზე ყურადღებას ნაკლებად ამახვილებდნენ. თითქოს ის რომელიმეზე ნაკლები საკითხი ყოფილიყო – ის, რისთვისაც მთელი საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში ვიბრძოდით.

ამის გამო, ხშირად ვამუნათებდით. ჩვენს მოთხოვნასთან დაკავშირებით ვითხოვდით მეტ აქტიურობას. ეს აქტიურობა არ მოვიდა.

წესი გვაქვს, რომ ადამიანებს ჯერ ინდივიდუალურად ველაპარაკებით. თუ ვთანხმდებით, შესაბამისად ვმოქმედებთ, თუ ვერა, ვამბობთ საჯაროდ, რატომ ვერ ვთანხმდებით, თუ შევთანხმდით და  არ სრულდება, ასევე ვამბობთ, რაზე შევთანხმდით, და ვინ არ ასრულებს შეთანხმების პირობებს.

ასე იყო ბატონი გიორგი ვაშაძის შემთხვევაში, ჯერჯერობით. მაგრამ ჩვენ ასე მივალთ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ჩვენი გარიყვა არავის გამოუვა.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა კოჟორიძის განცხადება მაქვს წაკითხული – რომ ინდივიდუალური შეხვედრები არ მიაჩნია სწორ ფორმატად.

ჩემი აზრით, „ლელოში“ არის ხალხი, რომლებიც, უბრალოდ, საქმის კურსში არ არიან.  ჩვენ ვხვდებოდით სამ ადამიანს: ბატონებს – ჯაფარიძეს, ხაზარაძეს, უსუფაშვილს. ჩემთვის უცნაურია, რომ ტელევიზორში გამოდის ხალხი, რომლებიც აზრზე არ არიან, რა ხდებოდა მოლაპარაკებებისას.

მათ არ ჩააყენებდნენ ლიდერები საქმის კურსში?

ასე არ ხდება, როდესაც ველაპარაკები ბადრი ჯაფარიძეს და მერე „ლელო“ მელაპარაკება საბა ბუაძის სახით რაღაც სისულელეებს, ეს, უბრალოდ, არარელევანტურია.

ეს პრობლემაა, მაგრამ აქამდე ჯერ არ მივსულვართ. ჯერ ვაშაძის საკითხზე ვმუშაობთ.

თქვენი გადმოსახედიდან, როგორია ძალთა განლაგება პოლიტიკური ჭადრაკის დაფაზე? სადაა თქვენი, ოპოზიციის და ასევე, ხელისუფლების  სუსტი წერტილები და უპირატესობები?

ჩვენს ვსხედვართ მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც თამაშს ვერ ვიგებთ და ამის აღიარება არ გვინდა. გვგონია, რომ ღმერთი ჩამოვა ზევიდან და მოგვცემს უპირატესობას, რასაც თვითონ ვერ მოვიპოვებთ, ცუდი თამაშის გამო. მე ძალიან შეწუხებული ვარ, როდესაც ღმერთის იმედად ვრჩები საჭადრაკო მაგიდასთან.

ამ ღმერთს რამე მიწიერი სახელი ჰქვია, თუ მართლა უფალზე ვსაუბრობთ?

თქვენ რაც გსურთ, ის დაარქვით,  მაგრამ ახლა მართლა ღმერთზე ვსაუბრობთ.

ვთქვათ, ბაიდენის ადმინისტრაციაზეც კი არა?

კი, ბაიდენის ადმინისტრაციაც ერთ-ერთი ღმერთია ოპოზიციის ნაწილისთვის. მე, ზოგადად, ამერიკის მწამს, მაგრამ ამ საქმეს ღმერთები ჩვენს სასარგებლოდ არ გადაწყვეტენ, რადგან მათი წარმომადგენელი აქ ზის და გვეუბნება, რომ პარლამენტში შევიდეთ. ოპოზიციის ნაწილს იმედი აქვს, რომ ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ ელჩი სხვაგვარად დაიწყებს ლაპარაკს. მტერი იყოს მაგ იმედად.

ამიტომ, უნდა ვილაპარაკოთ. მაინტერესებს, როგორ მეტყვიან უარს შეხვედრაზე აი, ამ პირობებში, ოპოზიცია, რომელსაც ჩემი პარტნიორობა სჭირდება. მე მათ გამო მანდატზე ვამბობ უარს, ასეთი ტიპის ადამიანი ვარ, პარლამენტის წევრი, ხალხის არჩეული. და ჩემი კოლეგა ოპოზიციონერები არ მელაპარაკებოდნენ? მე ასეთ ოპოზიციას დავშლი.

როგორ დაშლით?

ისეთ გაერთიანებულ ოპოზიციას რა შინაარსი აქვს, რომელიც ერთმანეთში არ ლაპარაკობს? დავშლი, როგორ? არ ვიცი, მაგრამ ნახავთ, რომ არ იქნება გაერთიანებული ოპოზიცია. ჩემი გარიცხვა გაერთიანებული ოპოზიციის იდეას ეწინააღმდეგება. მე თუ იქიდან გამოვალ და თუ ვინმე ამას იზამს, ხომ აღარ იქნება „გაერთიანებული“?!

თქვენი მიზანი ნათელია – გჭირდებათ 113 ხმა, საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, რათა მიიღოთ პროპორციული უბარიერო არჩევნები. ამისთვის გჭირდებათ „ნაციონალური მოძრაობის“ თანხმობა, მაგრამ საჯარო განცხადებებიდან ხომ ვიცით, რომ არ არიან თანახმა?

რაზე?

თუნდაც იმ იდეის განხილვაზე, რომ ადგილობრივი არჩევნები იქცეს პლებისციტად  – ჩატარდეს თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

ხომ არ უთქვამთ არგუმენტი, რატომ არ მოსწონთ?

მიზეზების მოფიქრებას რა უნდა?

რამდენი ხანი შეიძლება, საჯარო სივრცეში ჩვენნაირ ადამიანებს, რომელთაც ლაპარაკი, საკითხის ახსნა შეუძლიათ, გაუძლოს კოლეგამ, რომელიც, უბრალოდ, არაფერს ამბობს…

მაგალითად, „თვითმმართველობები სხვა ტიპის არჩევნებია და საპარლამენტოსთან კავშირში არაა.“

პლებისციტი, რომელიც მათი იდეა იყო, სხვა ტიპის არ არის?

კი, ბატონო. მაგრამ ამ დებატებში გამოყოლა რა პრობლემაა?

არა. ჩვენთან დებატებში გამოყოლა არ არის მარტივი. ჩვენ ბულერები ვართ.

ის კი დიდი პარტიაა.

აქ სიდიდეს არ აქვს მნიშვნელობა, თუ მართალი ხარ.

თქვენ მაინც გაქვთ მათი დარწმუნების იმედი?

ჩვენ, ჩემი აზრით, სამართლიან პირობაზე არწამოსულ ოპოზიციას გრძელვადიან პერსპექტივაში გავანადგურებთ. მათთან ერთად დავრჩებით, გარეთ. განსხვავებით ალეკო ელისაშვილისგან, არ შევალთ პარლამენტში ნაცმოძრაობის გარეშე, მაგრამ გვეცოდინება, რომ ოპოზიცია გარეთ დარჩა აუხსნელი და გაუგებარი მიზეზით და ჩვენ ვიქნებით მუდმივი ანთების წყარო ოპოზიციისთვის, გარეთ.

ეს პერსპექტივა საკმარის ბერკეტად მიგაჩნიათ საიმისოდ, რომ ახლა დაითანხმოთ?

ისინი უფრო და უფრო ნაკლებ ხმას მიიღებენ ყველა მომდევნო არჩევნებზე, თუ არ ახსნიან, არ დაასაბუთებენ და ისე არ წავლენ იმ შეთანხმებაზე, რომელიც ჩვენ სამართლიანად მიგვაჩნია.

თუ ვინმე პროპორციულ არჩევნებს (თუ დაიდო) ჩააგდებს აუხსნელად და დაუსაბუთებლად, ჩემი აზრით, ის ხალხი დანაშაულს სჩადის ქვეყნის წინაშე და ჩემი ამოცანაა, ამ დანაშაულის შესახებ მოვყვე. და მოვყვები.

მოცემულ მომენტში თქვენ, ოპოზიცია, არც ისე თავზარდამცემად გამოიყურებით. რატომ უნდა დაგითმოთ  ხელისუფლებამ საერთოდ რამე?

ეს სულ სხვა საუბრის თემაა.

გადავიტანოთ.

ჩვენ ცოტა ხანში გვექნება ვითარება, როდესაც ყოველგვარ წარუმატებლობაზე პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ ხელისუფლება. ეს წარუმატებლობა არ ასცდება ამ ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრს. ჩვენ კორონაკრიზისი გვაქვს, ეკონომიკური, პოლიტიკური… არ შემოვა ინვესტიციები. ვიქნებით არასტაბილურ გარემოში და ეს იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რადგან მან ჩაატარა არჩევნები ისე, რომ ვერ დაარწმუნა ვერც ერთი სეროზული ძალა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

მით უმეტეს, წასულია ბიძინა ივანიშვილი. ამ პირობებში ხელისუფლების ამოცანაა, რომ რაღაც  პასუხისმგებლობები, გადაანაწილოს ოპოზიციაზე.

რის გადანაწილებაზეა საუბარი? მართვას ოპოზიციას არავინ აბარებს…

ეგ ჩვენ ჯერ არ ვიცით. ის ამბავი, რაშიც ახლა ვართ, შეიძლება, იყოს დასაწყისი ხელისუფლების გადაბარებისა. ხელისუფლების გადაბარება ერთ დღეში არ ხდება.

რას გულისხმობთ?

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. სადაც ჩვენ თუ გაბანძებულები მივედით, არათანმიმდევრული ბოიკოტის რეჟიმში, სადაც ზოგი ხელფასს იღებს, ზოგი ნახევრად შესულია, ზოგს ფული აქვს აღებული – ჩვენ, დიდი ალბათობით, ყველა ადგილობრივ არჩევნებს წავაგებთ.

როგორ – არათანმიმდევრული ხარ; ქუჩაში ხარ; უცხოელები შენ გამტყუნებენ; ქოცები დაგცინიან, ერთი პროცენტი გაყალბება ვერ დაგვიმტკიცეთო; საარჩევნო კანონმდებლობა იგივე,თავისი ჟვანიათი… ადამიანებში ეს აჩენს ნიჰილიზმს.

ამის ნაცვლად, ჩვენ, პირიქით, უნდა შევძინოთ აზრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. უნდა ვთქვათ, რომ აი, აქ იცვლება ხელისუფლება. გამოდით, ხალხო, აი, ხელისუფლების ცვლილების გზა. ოღონდ, თუ ამას არ მივაბამთ საპარლამენტო არჩევნებს, ამას არავინ დაიჯერებს.

ამით უნდა გავზარდოთ ადგილობრივი არჩევნების აქტივობა, თორემ, მე რომ ვიყო ამომრჩეველი და დავინახო, ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, რაღაცას ჭიჭყინებს; საერთაშორისო საზოგადოება მის გვერდზე არ არის; ზოგი ფულს იღებს, ზოგი საერთოდ ბოიკოტშია და გთხოვენ, ადგილობრივზე გამოსვლას და საკრებულოში მხარდაჭერას, ეს ადამიანებში არასერიოზულობის განცდას იწვევს.

და მე არ მინდა, რომ ოპოზიცია ასეთ არჩევნებზე გავიდეს. მინდა, რომ იყოს დასინქრონებული, არა ისე, როგორც ახლა გავიდა და აღმოჩნდა, რომ ნახევარი კომისიის წევრები ბიძინას ჰყავდა მოსყიდული. ესაა წარმატების გზა და არა ის, ზოგს რომ ჰგონია, მშიერი ხალხი დაამხობს მთავრობას და თვითონ მოვლენ. მე ეს საერთოდ კოშმარი მგონია.

თქვენ როდესაც  ესაუბრებოდით კოლეგებს, დახურულ კარს მიღმა, შეკითხვაზე, რა გეგმა გვაქვს? ეს პასუხები დომინირებდა? ამერიკელი ღმერთები და/ან მშიერი ხალხი?

ასე გამოდის, იყო მშიერი ხალხის გამოვარდნა ქუჩაში და ადმინისტრაციის ცვლილება ამერიკაში და ეს ღმერთია, თუ რაცაა, თქვენ გადაწყვიტეთ. შინაარსი ესაა. მე ამერიკის ელჩის იმედი მაქვს. მგონია, რომ ის ვადის ბოლომდე აქ იქნება, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებშიც.

ის ჩვენი მეგობარია, მან ჩვენ კრიზისიდან არაერთხელ გამოგვიყვანა. მისი მეშვეობით ვსაუბრობთ ერთმანეთში და ჩვენგან ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს. ისევე, როგორც ქართველი ხალხი არ იმსახურებს, რომ ველოდებოდეთ, როდის მოშივდება.

არჩევნების ღამეს ოპოზიციურ ფლანგზე გაჩნდა განცდა, რომ არჩევნები ისე დრამატულად გაყალბდა, პრინციპში, მისი დამტკიცების სათუოობაზე არც არავინ საუბრობდა. ახლა რატომ გახდა შეუძლებელი თუნდაც ის 1%, რომელზეც, თქვენივე თქმით, კობახიძე დაგცინით.

განსხვავებით სხვა პარტიებისგან, ჩვენ არ შევერთებივართ ბოიკოტს იმ არგუმენტით, რომ არჩევნები გაყალბდა. ვამბობდით, რომ ჯერ არ ვიცით, რამდენად გაყალბდა – როგორ, რანაირად, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თუ არც ერთი ჩვენი კოლეგა პარლამენტში არ შედის, იქ არაფერი გვესაქმება.

მომდევნო პერიოდში კი, თუ ვინმემ გაყალბება დაამტკიცა, ეს ჩვენ ვიყავით. ჩვენ დავიბრუნეთ ზურა ჯაფარიძისთვის მოპარული 2 000 ხმა; ჩვენ ჩამოვაკლებინეთ კონკურენტზე 200 ხმა იმ უბანზე, დიდუბეში, სადაც ინტერესი გვქონდა; ამას გარდა, ჩვენ დაგვიბრუნეს ხმები რუსთავში, ბათუმში. სადაც კი გვყავდა წარმომადგენლები და შეგვეძლო ჩვენი პრეტენზიების დასაბუთება, ხმები დავიბრუნეთ. ჩვენ მტკიცებულებები გვქონდა, რომ არჩევნები გაყალბდა და ამას ვასწორებდით.

რაც შეეხება კობახიძის ნათქვამს, რომ 1% დამიმტკიცეთ და წავალთო, ეს შესაძლოა, ჩვენთვის სასაცილოა. ვიცით, რომ უჯრაში აწყვია ეს ოქმები და „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, როგორც სურს, გადაალაგოს, მაგრამ ამერიკელი ფასილიტატორებისთვის მტკიცებულების სტანდარტი არის სხვა, ვიდრე ტელემაყურებლისთვის.

ტელევიზიაში როდესაც ამბობ, რომ მე ოქმები გადამიკეთეს და ამიტომ არჩევნები გაყალბდა, იქ უნდა მიიტანო მტკიცებულება, რომელიც იმას გააბათილებს, რომ, მაგალითად, შენს წარმომადგენელს ამ ოქმზე ხელი აქვს მოწერილი. და ასეთი წარმომადგენელი გყავს ათასობით. „ქართული ოცნება“ სწორედ მაგას გპასუხობს, რომ შენებმა მოუწერეს ხელი. მერე შენ ეუბნები, რომ ისინი მოისყიდეს და ეს ხომ უნდა დაადასტურო.

ქუჩაში ხალხი ვერ გამოგვყავს. საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი თუ არ გვაქვს, გარეთ რის იმედად ვრჩებით? ეს მაინტერესებს.

რაზე მიანიშნებს ის, რომ ქუჩაში ხალხი არ გამოდის?

იმას, რომ ოპოზიციამ ვერ წარადგინა ნათელი გეგმა, თუ როგორი იქნება საქართველო ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, მათ ხელში და ხალხის ნაწილს ეშინია, რომ ისევ მიშა არ დაბრუნდეს და ისევ საგიჟეთი არ გახდეს.

ჩვენ ეს გარანტიები ვერ გავეცით სათანადოდ. გასაგებია, რომ ეს ხელისუფლება არ მოსწონთ, მაგრამ საერთოდ არ უნდათ, ვიღაც მოიყვანონ რევოლუციით.

რატომ მიიჩნიეთ, რომ დიდი პარტიები/პარტია თავს შეიწუხებდნენ თქვენთვის პრიორიტეტული, უბარიერო პროპორციული არჩევნებისთვის ბრძოლით? თქვენ ხომ მათაც ართმევთ წილს.

იმიტომ, რომ ყველა პარტია რომ შევსულიყავით, მათ ბოიკოტსაც აზრი არ ექნებოდა. გაჩნდა შანსი, რომ რაღაცნაირად  ჩვენს ორბიტაზე მოგვექცია. ჩვენ დავეხმარეთ დიდ პარტიებს ბოიკოტის სიმყარეში იმისთვის, რომ იქ ჩვენი მოთხოვნაც ჩაწერილიყო.

სხვა საკითხია, რომ იდეას, რომელზეც ადრე მთელი ქვეყანა აბოდებდა, საქმე საქმეზე რომ მიდგა, „გირჩის“ გარდა, მხარდამჭერი არ გამოუჩნდა.

თქვენ ამბობთ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან „ევროპული საქართველო“ ცდილობდა შეთანხმების ჩაშლას, არევას. ამას ერთი პარტია რა მეთოდით ახერხებდა?

წარმოიდგინეთ, რომ შეხვედრაზე მოდის 4 ადამიანი, რომლებსაც არ უნდათ, რომ შეხვედრა, ზოგადად, წარმატებით დამთავრდეს.  შენ საქმეზე იწყებ საუბარს  და ამ დროს ისინი სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა საკითხზე იწყებენ ლაპარაკს, რასაც საქმესთან კავშირი არ აქვს. ყველაფერს აკეთებენ, რომ შენ ბოლომდე არ მიიყვანო არც ერთი მოლაპარაკება. როგორც კი რამეს იტყვი, ეგრევე კონტრარგუმენტად მოაქვთ „ქოცების“ ცუდი ქცევა. „ქოცები“ რომ ცუდად იქცევიან, ეს ხომ ისედაც ვიცით. თუ თქვენ მოლაპარაკების წარმატებას დაუკავშირებთ იმას, რომ „ქოცები“ იდეალურები გახდნენ, ამით ხომ ცხადი ხდება, რომ შენ მოლაპარაკება კი არ გინდა, ეძებ „ქოცების“ ნაკლს და „ქოცების“ ნაკლი ყრია ქუჩაში. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ გახდა გასაგები, რომ ისინი ასრულებდნენ ტროლების როლს. როგორც ტროლინგის მიზანია, რომ რაღაც აზრი არ შეიკრას და სხვაგან წავიდეს საუბარი.

ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. მესმის მათი, ხომ შეიძლება, არსებობის უფლება ჰქონდეს აზრს, რომ მოლაპარაკება არ უნდა შედგეს, მაგრამ მე სხვა მიზანი მაქვს, ამიტომ მინდა, ინდივიდუალურად დაველაპარაკო პარტიის წევრებს, არამხოლოდ ლიდერებს. ამაში მორალურ პრობლემას ვერ ვხედავ.

თქვენი აზრით, ამას „ევროპული საქართველო“ იმიტომ აკეთებს, რომ თვითონ ლიდერები არ არიან წარმოდგენილები პარლამენტში?

სხვა რა არგუმენტი შეიძლება იყოს? 5 ადამიანია პარტიიდან. გასაგებია, რომ ეს კარგი შედეგი არ არის, თუმცა ეს 5 პარტიის ლიდერები რომ ყოფილიყვნენ, ჩემი აზრით, მივაღწევდით შეთანხმებას.

თქვენ საუბრობთ, რომ ოპოზიციის გეგმას ვერ ხედავთ. უშუალოდ თქვენი გეგმა რა არის იმ შემთხვევისთვის, თუ ვერ მიაღწიეთ წარმატებას და ვერ შეძელით 113 ხმის მოგროვება ცვლილებისთვის?

არ შევალთ პარლამენტში. დავრჩებით ოპოზიციასთან ერთად ქუჩაში და ვეცდებით, დავშალოთ ოპოზიცია.

ამით რას მიაღწევთ?

თუ ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, თან გაერთიანებული, რომელსაც საღი აზრი არ აინტერესებს, რაღაც ხუშტურებზე თუ ვიღაცის ჯინაზე იქცევა ასე, ასეთი ოპოზიცია არ წარმოადგენს ღირებულებას, არც ერთად და არც ცალ-ცალკე და ჯობს, ცალ-ცალკე იყვნენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვამხილოთ პოზიციათა განსხვავებები, არათანმიმდევრულობები და არაგულწრფელობები.

ბიძინა ივანიშვილის ბოლო გადაწყვეტილება ამ პროცესში რას ცვლის?

თუ ის ნამდვილია, და მე ვფიქრობ, რომ ნამდვილია, ჩემი აზრით, გამოიწვევს ტექტონიკურ ძვრებს და ამით ოპოზიციამ უნდა ვისარგებლოთ. როგორ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილის წასვლა გვწყინდეს ქართული პოლიტიკიდან, ამას არ მოვითხოვდით?

მე ვუშვებ იმ აზრს, რომ შეიძლება „ქართული ოცნება“ ჩამოიშალოს პარლამენტში. 90 კაცს ბიძინა აერთიანებდა და არა კობახიძე. ასეთ დროს ოპოზიცია პარლამენტში უნდა იყოს, რომ ხელისუფლება გადაიბაროს, თუ „ქართული ოცნება“ დაიშლება, თავისით.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ, მივიღოთ ისეთი პირობა, რაც „ქართული ოცნების“ დაშლას გამოიწვევს, შევიდეთ პარლამენტში და გადმოვიბაროთ ხელისუფლება, ეს ერთ-ერთი გზა მგონია.

რა ეტყობა ხელისუფლებას, რომ დაშლის საფრთხე შეიძლება დაემუქროთ?

როგორ შეიძლება, არ ეტყობოდეს. ბიძინა ივანიშვილი იყო უმაღლესი მსაჯული „ქართულ ოცნებაში“.

ზოგს არც სჯერა, რომ წავიდა.

მე მჯერა. შესაძლოა, სხვა დამამტკიცებელი საბუთი თუ ჩამივარდა ხელში, გადავიფიქრო, მაგრამ ახლა მჯერა. ისედაც, რატომ უნდა ვთქვათ, რომ არ წასულა? როდესაც ჩემი კოლეგა ოპოზიციონერები ამბობენ, რომ არ წასულა, ამით ვის პოზიციას ვაძლიერებთ? რად გვინდა ივანიშვილის უძლეველობისა და არსად წასვლის მითები. პირიქით, არ გვინდა, რომ ოპოზიცია დარჩა პატრონის გარეშე?! – ეს მითი არ ჯობს? წავიდა მათი ლიდერი, მთავარი მოთამაშე და ჩვენ ამ დროს თამაშზე უარს ვეუბნებით და რაღაც ულტიმატუმებს ვუყენებთ, რაც მათ ასაზრდოებს.

დაფის მეორე მხარესაც შეიცვალა რაღაც. ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარეა, რომელიც არ გამოიყურება ნომინალურ ლიდერად. ეს რას ცვლის?

ჩვენ ვგულშემატკივრობდით ნიკა მელიას. კარგი ურთიერთობა გვაქვს მასთან და პირველად გაჩნდა საშუალება, რომ იმის გასაგებად, თუ რა უნდა მთავარ ოპოზიციურ პარტიას, კიევში არ მოგვიწევს გარკვევა. დარწმუნებული ვარ, ბატონი ნიკა მელია ქართულ საზოგადოებას, ამ თვალსაზრისით, იმედებს არ გაუცრუებს.

ზურა ჯაფარიძესთან რა ტიპის ურთიერთოება დაგრჩათ?

სამწუხაროდ, არანაირი. თვითონ გადაწყვიტა ასე. მასთან დაკავშირებით ერთადერთი განცდა მაქვს – იმედგაცრუების. დანარჩენი… წარმატებებს ვუსურვებ და მინდა, რომ გამოუვიდეს.

შეგიძლიათ, რეალური მიზეზი თქვათ?

არა, რადგან მას არ უთქვამს და მე არ ვიცი, ამის შესახებ.

არ ეჭვობთ რამეს?

არა. რა ეჭვი უნდა მქონდეს. წარმოიდგინეთ, კარგი ურთიერთობა გვაქვს, კარგად ვგრძნობთ თავს, ვმეგობრობთ და უცბად ადამიანი მეუბნება, რომ ჩემთან ურთიერთობა არ უნდა. მე არაფერი დამიშავებია ზურა ჯაფარიძესთან. პირნათელი ვარ. თქვენ რა აზრი გაგიჩნდებოდათ? დანარჩენი მას უნდა ჰკითხოთ.

ხელისუფლებასთან შესახვედრად მაინცდამაინც ოპოზიციის მხარდაჭერის მოპოვება გჭირდებათ? ამის გარეშე არ დაიწყებთ „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციას?

ჩვენ ადეკვატურ დროს ველოდებით ოპოზიციისგან და მერე რა პასუხიც არ უნდა იყოს, ცხადია, შევხვდებით ხელისუფლებასაც. შეხვედრას წინ რა უდგას? არავის თანხმობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვინმეს შევხვდე. არავისთან შეხვედრა არ მაკომპლექსებს. როგორც ვთქვი, ბიძინა ივანიშვილთანაც მინდოდა შეხვედრა. გული დამწყდა, რომ ვერ მოვასწარი, სანამ პოლიტიკაში იყო.

თქვენი გამოცემით მინდა, ვისარგებლო და ხმა მივაწვდინო „ნაციონალური მოძრაობის“ იმ უცნაურ მხარდამჭერებს, რომლებიც გვაკრიტიკებენ ჩვენი პოზიციის გამო. რაღაცნაირად მინდა, მივაწვდინო ხმა მათ გონიერ ნაწილს, რომ, როდესაც რომელიმე პოლიტიკური პარტია თავის შესვლა-არშესვლის საკითხს თქვენს პარტიას უკავშირებს და შენ ამის გამო აკრიტიკებ, ჩანხარ, როგორც იდიოტი. მე ყველა ადამიანის იდიოტიზმი მამახსოვრდება.

ახლაც არ დამავიწყდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა კომენტარები (რომლებიც მე მაკრიტიკებენ), როგორც, იდიოტური. როგორ შეიძლება, არ მივიჩნიო იდიოტად „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, რომელიც მე მაკრიტიკებს ჩემი ნათქვამის გამო, რომ პარლამენტში მხოლოდ მათთან ერთად შევალ?!

მიუხედავად იმისა, რომ კითხვაზე, „შედის თუ არა „გირჩი“ პარლამენტში“, პასუხი მრავალჯერ გითქვამთ, მაინც ხშირად ისმენთ ამ შეკითხვას, ისევ და ისევ გისვამენ, თუნდაც, მედია. გიფიქრიათ, ამის მიზეზი რა უნდა იყოს?

როგორც პოლიტიკოსებს გვაქვს პრობლემები, ზუსტად იგივე პრობლემები აქვს მედიას. მე, მაგალითად, „ტვ პირველის“ ეთერში მქონდა აღსარება, ბოლო ორ-სამთვიან პროცესთან დაკავშირებით, რაშიც ვმონაწილეობდი, მოვყევი ამბავი, რომელიც არ იცოდა საზოგადოებამ, განა იმიტომ, რომ თავის დროზე არ მინდოდა ამის მოყოლა, არა, უბრალოდ, მედიას ეს არ აინტერესებდა. ყველა მედია იქ იყო, ამ პროცესის განმავლობაში. კართან მხვდებოდნენ, და მეკითხებოდნენ ერთადერთ რამეს – როდის შევდიოდი პარლამენტში.

ამას კვალიფიკაციის ნაკლებობას უკავშირებთ, თუ ინტერესებს?

ყველაფერს. და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი არასერიოზული იყო ჩემთვის ამ შეკითხვის მოსმენა, როგორ დავცინოდი მათ, ვინც დღეში ერთზე მეტჯერ მისვამდა ამ შეკითხვას? დღეში ერთს ვიტანდი.

შეცდომად არ მიიჩნევთ, რომ თუნდაც არაკვალიფიციურობის გამოვლენისას მედიას დასცინით? თქვენ ხომ მათ კეთილგანწყობას კარგავთ.

ჩვენ ერთად ვიზრდებით. ბევრ შეცდომას ვუშვებთ ცხოვრებაში. თუ ვინმე მიმითითებს ამ შეცდომაზე, როგორი უხეში ფორმითაც არ უნდა მითხრას ეს, მადლობას ვეტყვი მას, ვინც მიმახვედრა, რომ ვცდებოდი და სამყაროს არარეალისტურად ვუყურებდი.

როგორ შეიძლება, ჟურნალისტს არ ვუწოდო იდიოტი, როდესაც, როცა ვამბობ, რომ ქალები და კაცები განსხვავებულები არიან, ერევა იმაში, თითქოს ვამბობს, რომ უფლებრივად არათანასწორები არიან და ამ არევის გამო გეძახის სექსისტს. შეიძლება, ამ მედიას პატივისცემით ელაპარაკო?

წარმოიდგინეთ, მე ხომ სამი თვის განმავლობაში დღეში 5-ჯერ ვამბობ, რომ პარლამენტში არ შევდივარ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე და ამ დროს ისევ ჩემი აზელვა ალეკო ელისაშვილთან, რომელიც შევა პარლამენტში და მე არ შევალ. ეს იცის ქართულმა მედიამაც და ამას აკეთებენ შეგნებულად, არ გავაკრიტიკო? უნდა ვიყო გულწრფელი, თუ მედიას კოჭი გავუგორო. ჩვენ გულწრფელები ვართ.

და ეს პრაგმატულიც გგონიათ?

რა თქმა უნდა. ჩვენ არ გვქონია ტელერეკლამები, ფული. არ ვყოფილვართ წინა პარლამენტის წევრები. ჩვენ ამან მოგვიტანა ხმები – გულწრფელობამ.