19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანი 60 წლის გახდებოდა…
წარმოსახვა ოდნავ დაძაბეთ: როგორ წარმოგიდგენიათ ცოცხალი ირაკლი ჩარკვიანი, რომელსაც ახლახან, 19 ნოემბერს 60 წელი შეუსრულდა და იუბილე აქვს. ისევ ელექტროგიტარით ხელში ფილარმონიის დიდ სცენაზე? იქნებ, ექსპერიმენტული როკის დარაჯად, რომელიც შესატყვის ფორმებს ქუჩაში ეძებს ან ეთნომუსიკისა და ელექტრონული მუსიკის ლაბირინთში მოხეტიალე ორფეოსად (დაწერა კიდეც მუსიკა გიორგი შენგელაიას ფილმისთვის „ორფეოსის სიკვდილი“)? იქნებ, პოეტად, რომლის სოციალურ თუ პოლიტიკურ ტექსტებს ყოველდღე ტირაჟირებას უკეთებენ ტელევიზიები, სოციალური ქსელები, სმარტფონები? შესაძლოა, ქეთათოსთან ერთად ვერის ბარში მოსეირნედ, რომელსაც ახალგაზრდა თაყვანისმცემლები მაინც დასდევენ.
როგორც არ უნდა წარმოვიდგინოთ, ფაქტია, ირაკლი ჩარკვიანის „მეფობა“ ბუნებრივმა და მრავალმხრივმა ნიჭმა განაპირობა და ის დღესაც ამგვარი მეფური დამღით აღბეჭდილი იდგებოდა სცენაზე თუ იმღერებდა ქუჩაში. ის ჩემი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაა, რომლის შესახებაც, ალბათ, ყველაზე კარგად ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა, ბიძინა მაყაშვილმა გაზეთ „7 დღეში“ დაწერა 90-იან წლებში – „ირაკლი ჩარკვიანი როკისა და ვერის უბნის აშუღი“.
გასული საუკუნის ნაცრისფერ 90-იან წლებში ირაკლი ჩარკვიანი, ალბათ, ყველაზე გამორჩეული და „ფერადი“ პერსონა იყო. მისი ყოველი გამოჩენა საჯარო სივრცეში, სცენაზე თუ უბრალოდ ქუჩაში, საზოგადოების დიდ და ზოგჯერ არაჯანსაღ ინტერესსაც იწვევდა, რასაც თავისი მიზეზი ჰქონდა. მისი პერსონალური თავისუფლება, სრულიად განსხვავებული იმიჯი და ბოჰემური ცხოვრების წესი საზოგადობის ნაწილში საბჭოთა სისტემიდან შემორჩენილ ფსიქოლოგიურ ტრავმებსა და სოციალურ დისტანციას უკავშირდებოდა.
აქვე უნდა ვახსენოთ ირაკლის ბაბუა, პარადოქსული ცნობიერების კომუნისტი და ინტელექტუალი, კანდიდ ჩარკვიანი და შემდეგ მამა – უნიჭიერესი დიპლომატი, პუბლიცისტი და მთარგმნელი, გელა ჩარკვიანი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის დროის გამორჩეულ პერსონად მიაჩნდათ… თუმცა ამის მიღმაც იყო სიცოცხლეში მისდამი „რთული“ დამოკიდებულების მიზეზი, რაც გამორჩეულ და ორიგინალურ მუსიკალურ ნიჭს, არტისტულ თუ ავთენტიკურ ნონკონფორმიზმსა და არაორდინარულ პიროვნულ თვისებებს უკავშირდებოდა.
სხვათა შორის, 2006 წელს, როდესაც ირაკლი ჩარკვიანი გარდაიცვალა, პირველ რიგში ეს ხალხი – მისი ესთეტიკური თუ იდეური მოწინააღმდეგენი ალაპარაკდნენ მისი ძეგლის დადგმის შესახებ. ცხადია, მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლებიც აქტიურობდნენ. ცხარე დისკუსია დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ, 2016 წლის 19 ნოემბერს, მუსიკოსის დაბადების დღეს, „დედაენის“ ბაღში ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნა – დაახლოებით სამმეტრიანი, უჟანგავი ფოლადის ფურცლებისგან აგებული მართკუთხედი, რომელზეც განსაკუთრებული მეთოდით არის ამოკაწრული მისი პორტრეტი (ავტორები – ვლადიმერ იმერლიშვილი და როკო ირემაშვილი). იქვე დამონტაჟებულია ხმოვანი სისტემაც, რომელიც სკულპტურული კომპოზიციის შემადგენელი ნაწილია და მისი საშუალებით შესაძლებელია „მეფის“ მუსიკის მოსმენაც.
ჩემი თაობისთვის ირაკლი მაინც ექსტრაორდინარული, გამორჩეული და მაძიებელი მუსიკოსი თუ პოეტია; ცოცხალი და რეალური ადამიანი, თავისი ქარიზმითა თუ წინააღმდეგობებით. 21-ე საუკუნის 20-იანი წლების თაობისთვის ის უკვე უპირობოდ კლასიკოსია, რომლის წინააღმდეგობანი დროსა და პოლიტიკურ სისტემასთან მხოლოდ ამყარებს მითს – მეფე სიკვდილის შემდეგ უფრო ნამდვილი მეფეა.
ასე რომ, მშვიდად იცურე, მეფევ… შენს სიმღერებს არა მხოლოდ „ქვეშევრდომები“, არამედ ხალხიც მღერის. ლამის ყველა გაღიარებს და შენი ალბომები, დისკები, სტუდიური ჩანაწერები თუ პოეტური კრებული ნორჩებს უკვე „სასწავლო პროგრამებში“ აქვთ შეტანილი. მაგალითად ასეთი:
„ისევ დაბრუნდება ჩვენი გაზაფხული,
ისევ გამოჩნდება გზა:
ისევ გაანათებს სითბო არნახული,
ისევ გალურჯდება ზღვა“.