თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი რეჟისორ თემურ ჩხეიძის ხსოვნას ეძღვნება.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სტარტს 26 სექტემბერს აიღებს. კოვიდპანდემიის გამო გასულ წელს დადუმებული დარბაზები მალე გამოცოცხლდება და მაყურებელს ისევ მოუხმობს თეატრალური ხელოვნების ლაბირინთებში გზების გასაკვლევად. ოპტიმიზმის მიუხედავად, 2022 წელი ქართული თეატრისათვის მაინც ტრავმებით დაღდასმული აღმოჩნდა – ივნისში 78 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი რეჟისორი, თემურ ჩხეიძე.
ის ჩვენი ეპოქის ერთ–ერთი გამორჩეული ხელოვანია, რომელმაც თითქმის 50-წლიანი კარიერის განმავლობაში 80-ზე მეტი დრამატული თუ საოპერო სპექტაკლი დადგა თბილისში, სანქტ–პეტერბურგში, მილანში, პარიზსა თუ მოსკოვში. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო თეატრალური ჯილდო და პრიზი, რომელთა ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს… 2014 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრს, რომელიც ახალგაზრდა დრამატურგებსა და რეჟისორებს პროფესიული განვითარების შესანიშნავ საშუალებას აძლევდა.
ფესტივალზე, ქართული შოუს–ქეისის პროგრამაში რეჟისორის ბოლო ნამუშევარს ვიხილავთ: ცნობილი ფრანგი დრამატურგის, ერიკ–ემანუელ შმიტის პიესა „იდუმალ ვარიაციები“ თემურ ჩხეიძემ მარჯანიშვილის თეატრში დადგა. ის კვლავ კამერული, დახვეწილი და ლამის „ხელით ნაქსოვი“ ატმოსფერული თეატრის ერთგული რჩება და გვაზიარებს მსახიობთა შესანიშნავი ნამუშევრებით გამდიდრებულ, ცოცხალ და ფსიქოლოგიური დინებით გამორჩეულ თხრობას, რომელიც დიდი ხანია, ჩვენთან დეფიციტია (ან, როგორც ამბობენ, მოდაში აღარ არის)… თუმცა რასაც თემურ ჩხეიძე ამ ორკაციან, კამერულ სპექტაკლში ქმნის (მთავარ როლებში გია ბურჯანაძე და ალეკო მახარობლიშვილი), უბრალოებაში ჩატეული პერფექციონიზმის მაგალითია. ასე რომ, მაყურებელს ვურჩევ, ფესტივალზე დიდი რეჟისორის ბოლო „ვარიაცია“ არ გამოტოვოს.
კლასიკოსებს მიანდო თავისი კონცეფცია რეჟისორმა ლევან წულაძემ, თემო კუპრავასთან ერთად. ესაა ტრილოგია ძალადობის თემაზე: ტოლსტოის „კრეიცერის სონატა“, ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“ და ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“. ამ ტრილოგიის პირველი და მეორე ნაწილები ერთგვარად ერითმება ერთმანეთს და ოჯახური ძალადობისა და ქალის მიმართ ძალადობის თემებს თანამედროვე ენით ასახავს.
კლასიკოსის, რეზო გაბრიაძის წლების წინ შესრულებული რეჟისორული ნამუშევარი – „ალფრედი და ვიოლეტა“, ირონიისა და სევდიანი პასაჟების განახლებული შრეებით აავსო რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა, მარიონეტების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლეო გაბრიაძემ. ამ სპექტაკლით ასევე ვიგრძნობთ ჯადოსნური მარიონეტების განახლებულ სუნთქვას.
რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ჩეხოვის „თოლიაში“ („ახალი თეატრის“ პრემიერა, 2022 წლის ივნისი) მოულოდნელი ირონიის, თანამედროვე ენის, გროტესკისა და ფსიქოლოგიზმის მიღმა, თანამედროვე თეატრის ჭირვეული და სწრაფწარმავალი ფორმები დაინახა… რასაც ასე დრამატულად ეძებდა ჩეხოვის პიესაში კონსტანტინ ტრეპლევი (ამ როლს ახალგაზრდა და უკვე ძალიან პოპულარული, გივიკო ბარათაშვილი ასრულებს).
საბა ასლამაზიშვილი „ავადმყოფობის სიმულაციაში“ ( მოლიერის „ეჭვით ავადმყოფი“ ჭიათურის თეატრში) ცდილობს ადამიანის გამონაგონ, ილუზორულ ცხოვრებას რეალური და მტკივნეული რეალობა დაუპირისპიროს. სოფო ქელბაქიანი სტრინდბერგის ცნობილ პიესაში „ფრეკენ ჟული“ („თეატრი ათონელზე“ ) ცდილობს, რეალობა კიდევ უფრო მტკივნეული გახადოს, ვიდრე ილუზორული ცხოვრებაა (უნდა აღვნიშნოთ ორი ახალგაზრდა მსახიობის, ანასტასია ჭანტურაიას და თაკი მუმლაძის კარგი ნამუშევარი).
კლასიკოსების „დასავლური ფრონტი“ ასე თუ ისე, ცნობილია და დრამატურგიაც ათვისებული. რაც შეეხება თანამედროვე ქართულ დრამატურგიას და პიესების დადგმების ტენდენციებს, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ რეჟისორ გოჩა ხვიჩიას „მარინა რევია“ (ალექს ჩიღვინაძის პიესა), რომელიც მარნეულის კულტურის ცენტრში დაიდგა და რომელმაც გასულ სეზონში კრიტიკოსთა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რეჟისორული ნამუშევრით, სცენოგრაფიითა და მსახიობთა თამაშით. რეჟისორი და დრამატურგი პაატა ციკოლია მედეას მითის სრულიად მოულოდნელ გააზრებას გვთავაზობს და თავისსავე დაწერილ და დადგმულ პიესაში – „მედეა“ მითს მტკივნეული და პროვოკაციული ფორმითა და შინაარსით ავსებს. მაყურებლის ყურადღებას ნამდვილად იპყრობს ეკატერინე დემეტრაძისა და სანდრო სამხარაძის სამსახიობო ნამუშევარი.
გასული სეზონის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გერმანიაში მცხოვრები, აღიარებული ქართველი დრამატურგის, ნინო ხარატიშვილის პიესა „მსახურთა შემოდგომა“, რომელიც მან სამეფო უბნის თეატრში დადგა. სამოქალაქო ომის გამო მიტოვებული სასახლე, და მსახურები ამ სასახლის ატმოსფეროში, ერთგვარ პარალელს აღძრავს ჟენესა და მროჟეკის პიესებთან, თუმცა ნინო ხარატიშვილის სურვილი, გააფართოოს და გაამდიდროს ეს ჟანრი და მას დაძაბულობისა და სოციალურობის მასშტაბი შესძინოს, უდავოდ დასაფასებელია.
„სამს პლუს სამი“ მანანა დოიაშვილის პიესაა, რომელიც რეჟისორმა იოანე ხუციშვილმა ოზურგეთის განახლებულ თეატრში დადგა. სპექტაკლი გასული საუკუნის 90-იანი წლების სისასტიკის, სიყვარულისა და ადამიანური კონტაქტების დაკარგვის ატმოსფეროს ასახავს. რეჟისორმა თითქოს „ტრავმირებული დროის“ აჩრდილები გამოაღვიძა, რომელთა ხელახლა ჩვენება ჩვენს გამოსაფხიზლებლად ასევე აუცილებელია…
2022 წელს თბილისის საერთაშორისო ფესტივალი (სულ 35 სპექტაკლი, პრემიერა და სპეციალური ჩვენება გაიმართება), გარკვეულწილად, პოსტპანდემიური ტკივილებისა თუ ტრავმების შესახებ რეფლექსიაა. ფესტივალი პირველ რიგში, თემურ ჩხეიძის ხსოვნას ეძღვნება, რომლის მრავალფეროვანი შემოქმედება მომავალში იმედია, არაერთი ქართველი რეჟისორის, დრამატურგისა თუ სცენოგრაფის შთაგონების წყარო გახდება.