იძულებითი დეტოქსი - კვლევა ციხეში მეტადონის გრძელვადიანი თერაპიის დანერგვაზე

ლიკა ზაკაშვილი

„ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში: არსებული გამოწვევებისა და ბარიერების შესწავლა“, – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მიმდინარე წელს „ადიქციის კვლევების ინსტიტუტმა“ და დამოკიდებულების კვლევითი ცენტრმა, „ალტერნატივა ჯორჯიამ“  ჩაატარეს.

მკვლევრებმა სამაგიდე მიმოხილვისა  და  თვისებრივი  კვლევის  გამოყენებით  შეისწავლეს პენიტენციურ  სისტემაში  ოპიოიდური  ჩანაცვლებითი  მკურნალობის  მიწოდების ბარიერები.

სამაგიდე მიმოხილვის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო გაიდლაინებისა და საქართველოში მოქმედი მარეგულირებელი დოკუმენტების შესწავლა. კვლევის ავტორებმა ჩამოაყალიბეს რეკომენდაციები პენიტენციურ სისტემაში გრძელვადიანი ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის (ოჩთ) მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

საქართველოში 2018 წლის მონაცემებით, ოპიოიდების ჩანაცვლებით პროგრამაში ჩართული  იყო  12,179 ადამიანი, მათ  შორის  763 ადამიანმა  სერვისი  პენიტენციურ  სისტემაში მიიღო.

კვლევის ავტორთა თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ზიანის შემცირების სფერო ვითარდება და სამოქალაქო სექტორში ხელმისაწვდომობა ოჩთ-ზე იზრდება, პენიტენციურ სისტემაში მსგავს სერვისებზე წვდომა პატიმრებისთვის კვლავ შეზღუდული რჩება.

„საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ნარკოტიკის მომხმარებლებისთვის ოჩთ პროგრამებზე წვდომა გაცილებით დაბალია, ვიდრე მის გარეთ. რადგან პატიმრები გაცილებით მოწყვლადი არიან ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის მიმართ და ნარკოტიკის მოხმარების პატერნები გაცილებით სახიფათოა ციხეში, ვიდრე მის გარეთ (მაგ., საზიარო საინექციო აღჭურვილობის გამოყენება). აუცილებელია, მათ ჰქონდეთ, სულ მცირე, თანაბარი უფლება, რომ ოჩთ პროგრამებზე ისევე მიუწვდებოდეთ ხელი, როგორც ციხის გარეთ“, – ვკითხულობთ კვლევაში.

საქართველოში დღეისათვის მეტადონით მხარდაჭერილი დეტოქსიკაციის თერაპია ხელმისაწვდომია პენიტენციური სისტემის ორ მიმღებ დაწესებულებაში – თბილისის N8 და ქუთაისის N2 დაწესებულებებში და წარმოადგენს ახლად შემოსული პატიმრებისთვის ხანმოკლე დეტოქსიკაციის კურსს. ქალთა დაწესებულებაში ოპიოიდების ჩანაცვლებით თერაპია ხელმისაწვდომი არაა.

„ის პატიმრებიც, რომლებიც დაპატიმრებამდე ჩართული იყვნენ ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობაში, იძულებული არიან მედიკამენტის დოზის სწრაფი კლების რეჟიმში შეწყვიტონ მკურნალობა”, – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის ავტორთა თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებისთვის ოპიოიდების ჩანაცვლებითი სერვისებზე ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით კრიტიკულად მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

კვლევაში ყურადღება გამახვილებულია საერთაშორისო სტანდარტებზე და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე.

„საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, პატიმრებს პენიტენციურ  სისტემაში  ყოფნისას უნარჩუნდებათ უფლება, მიიღონ  მაღალი  ხარისხის  ჯანდაცვის  სერვისი, რაც მოიცავს შეუზღუდავ  ხელმისაწვდომობას  ჯანდაცვის  პრევენციულ  და  ზიანის  შემცირების პროგრამებზე”, – ნათქვამია კვლევაში.

საერთაშორისო გამოცდილების შესწავლასთან ერთად, კვლევის მთავარი მიზანი იყო, შეესწავლა, რა უშლიდა ხელს პენიტენციურ სისტემაში ოჩთ-ის სრულფასოვან დანერგვას და რა ბარიერებს აწყდებოდნენ ბენეფიციარები.

პროგრამაში ჩართვაგანსხვავებული გამოცდილებები

კვლევის მიხედვით, ბრძანება, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მეტადონის დეტოქსიკაციის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს ადგენს, პრობლემურია და სავარაუდოდ, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომ ბენეფიციართა გამოცდილება პროგრამაში ჩართვაზე განსხვავებულია.

პროგრამაში ჩართვა უპრობლემოდ შეუძლია პაციენტს, რომელსაც აქვს დამოკიდებულების სინდრომი (აქტიური დამოკიდებულება) და პირს, რომელიც დაწესებულებაში მოხვედრამდე სამოქალაქო სექტორში მეტადონის პროგრამით სარგებლობდა, თუმცა ეს ბრძანება არ განმარტავს იმ ბრალდებულთა მკურნალობის წესს, რომელთაც აღენიშნებათ ოპიოიდური აღკვეთის, ე.წ. ლომკის მდგომარეობა, მაგრამ არ უფიქსირდებათ აქტიური დამოკიდებულება ან არ არიან ჩართული სამოქალაქო სექტორში ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამებში.

იმ პირებისთვის, რომლებიც მეტადონის სამოქალაქო პროგრამაში იყვნენ ჩართული, პენიტენციურ სისტემაში პროგრამაში ჩართვის პროცედურა მარტივია. ვინც არ იყო სამოქალაქო ოჩთ პროგრამაში ჩართული, დაკავების შემდგომი გამოცდილება განსხვავებულია.

„ერთი რესპონდენტის თქმით, მას არ დაუჯერეს, რომ მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს და არ  იქნა მიწოდებული მისთვის დეტოქსიკაციის სერვისი. მეორე რესპონდენტი კი მიუთითებს, რომ იგი ჩაერთო მეტადონით დეტოქსიკაციის კურსში მას შემდეგ, რაც დროებითი დაკავების იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს. ამ შემთხვევაში იკვეთება დეტოქსიკაციის კურსში ჩართვის მნიშვნელოვანი ბარიერი, რასაც მოხმარებული ნარკოტიკული საშუალება ქმნის. კერძოდ, თუ პირი მოიხმარს ხანმოკლე მოქმედების ოპიოიდს (მაგ, ჰეროინს, სირეცს), მისთვის 72-საათიანი წინასწარი დაკავების პერიოდი ხშირ  შემთხვევაში (გააჩნია, როდის იყო ბოლო მოხმარება დაკავებამდე) საკმარისია, რომ მის ბიოლოგიურ მასალაში (შარდში) არ აღმოჩნდეს მოხმარებული ნარკოტიკის დაშლის მეტაბოლიტები. შესაბამისად, თუ პირი არ არის ჩართული სამოქალაქო ოჩთ-ში, მისთვის რაიმე სახით მხარდამჭერი მედიკამენტის მიღება პრობლემურია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ 72 საათის განმავლობაში, ბევრი არც განაცხადებს, რომ წამალდამოკიდებულია და ამიტომ ფაქტობრივად ყოველგვარი დახმარების გარეშე რჩებიან”, – ვკითხულობთ კვლევაში.

ბარიერებს აწყდებიან სუბოქსინის პროგრამის ბენეფიციარები – იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სამოქალაქო სექტორში სუბოქსონის პროგრამაში არიან ჩართული და დაკავების შემდეგ პენიტენციურ სისტემაში ხვდებიან, უწევთ პრეპარტის შეცვლა, ვინაიდან სუბოქსინი მხოლოდ სამოქალაქო სექტორშია ხელმისაწვდოდმი.

„უარყოფითი ის ჰქონდა, რომ ჩემთვის დოზა ვერ გაითვალისწინეს, სუბუტექსიდან იქით რომ გადამიყვანეს. დისკომფორტი მქონდა სადღაც ერთ კვირამდე და მერჩივნა იმ პროგრამაზე ვყოფილიყავი, რომელზეც ვიყავი. მე ნამყოფი ვარ 6 თვე მეტადონზე და არ არის ჩემი“, – ამბობს ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი.

პენიტენციურ სისტემაში ჩანაცვლებით პროგრამების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ნაწილში პრობლემაა ქალი პატიმრებისთვის ჩანაცვლებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საკითხი.

ქალთა პენიტენციურ დაწესებულებებში არ არსებობს ოჩთ პროგრამა და ეს უქმნის დიდ პრობლემებს ქალ პატიმრებს, რომლებიც სამოქალაქო სექტორში იყვნენ პროგრამაში.

„ასევე რთულია დეტოქსიკაციაში ჩართვა იმ ქალებისთვის, რომლებიც სამოქალაქო სექტორში ოჩთ-ში არ იმყოფებიან, რადგან ვერ ასაბუთებენ აქტიურ დამოკიდებულებას. ასეთ შემთხვევებში ზოგს „სუხოიზე“ ტანჯვით გადააქვს აღკვეთის მდგომარეობის პერიოდი.“ – ვკითხულობთ კვლევაში.

ზოგ შემთხვევებში, გამონაკლისის სახით, ქალები ქალთა დაწესებულებიდან სპეციალურად მიჰყავთ გლდანის 30 საპატიმროში, რომ მიიღონ მეტადონი.

 “ფიზიკურად არ იყო მეთადონის პროგრამა, მხოლოდ გლდანში იყო. მე რას ვფიქრობ იცი, იქ ვუთხარი კიდევაც ადმინისტრაციას, რომ ყოველდღე წასაყვანი რომ არ ვიყო, ჩაგაბარონ ვინმე პასუხისმგებელს, რაღაცა დოზა, 1 კვირის ულუფა მაგალითად, მაგრამ არა ესე წვალებით, უნდა მოსულიყო მანქანა, ველოდებოდი და ესე.” – იხსენებს ყოფილი პატიმარი.

„კი, დაბრკოლებას წავაწყდი აბა, მთელი ჭიდაობის და მთელი ამბების შედეგად ჩამრთეს. მაგრამ მაგალითად, ჩემს მეგობარს სუხოიზე მოუწია გადასვლა, არ ჩართეს“ – ამბობს ყოფილი პატიმარი.

მეტადონის დეტოქსის პროგრამის ხანგრძლივობა ციხეში 

რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ 2013 წლამდე პერიოდში პატიმრობაში მოხვედრილი რესპონდენტები ციხეში გავლილ თერაპიას დადებითად არ ახასიათებენ. ოფიცრებს შეეძლოთ პირის დეტოქსიკაციის პროგრამიდან მოხსნა, თუ ის შინაგანაწესს დაარღვევდა, ერთგვარი დასჯის მექანიზმი იყო.

2013 წლის შემდგომი გამოცდილება განსხვავებული და უფრო დადებითია. 2013 წლამდე დეტოქსიკაციაზე მხოლოდ 2 თვე იყვნენ პაციენტები და მედიკამენტების დოზის ძალიან სწრაფი კლების კურსს ასრულებდნენ, შემდგომ პერიოდში უკვე 5 თვე და მეტიც ყოფილა.

ფაქტს, რომ სურვილისა და ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად, იძულებულნი არიან გაიარონ დეტოქსიკაცია (ანუ მეტადონის დოზის თანდათანობითი კლებით შემდეგ გამოეთიშონ პროგრამას), მსჯავრდებულთა უმრავლესობა უარყოფითად აფასებს. მათ მიაჩნიათ, რომ პროგრამაში ყოფნის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს და გათვალისწინებული უნდა იყოს მათი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა.

„დაბალზე რომ ჩამოვედი მერე, მანამდე არა, შეწყვეტამდე სადღაც 30 მგ-მდე ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, აი 30-ს უკვე რომ ჩამოვუკელი, უკვე აღარ მყოფნიდა, დილით ლომკაში ვიღვიძებდი“.

„შიში გვაქვს დოზის კლების, შიშით ველოდებით დეტოქსის დამთავრებას“.

მეტადონის დეტოქსიკაციის დასრულების შემდეგ

დეტოქსიკაციის შემდგომ პერიოდზე ყოფილ პატიმართა გამოცდილებები განსხვავებულია წლების მიხედვითაც. 2013 წლამდე ყოფილი პატიმრები აღნიშნავენ, რომ არანაირი ყურადღება არ გამოუჩენიათ მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის ექიმებს დეტოქსიკაციის პროგრამის დასრულების შემდეგ. ხოლო 2014- 2015 წლებში პატიმრების გამოცდილება უფრო დადებითია.

„ციხეში ვიყავი წელიწადი და ერთი თვე და მერე აქედან 44 დღე ვიყავი დეტოქსზე. დანარჩენი პერიოდი მქონდა უძილობა დეტოქსის მერე, როგორც მახსოვს, სადღაც სულ სამი თვე დამჭირდა, რომ უძილობას გაევლო”.

„4 წელი ციხეში და აქედან პროგრამაში ვიყავი 2 თვე. აი ძალიან მაგრად ვიწვალე მერე, ამ ორი თვის მერე საშინელ დღეში ვიყავი”.

„ნუ, რა ვიცი ახლა, რომ ვსვამდი ხელს მიწყობდა მაინც და მერე 20 დღის მერე ძაღლივით ვეგდე  და  არაფერი  არ  მოუციათ, არაფერი”.

ციხიდან გამოსვლის შემდეგბარიერები პროგრამაში ჩასართავად

როგორც იკვეთება, პაციენტების გამოცდილება პრობლემურია ციხის დატოვების შემდეგ და ეს სამოქალაქო სექტორში ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამაში ჩართვას უკავშირდება.

სუბოქსონის პროგრამის პერსონალისთვის, მეტადონის პროგრამის პერსონალისგან განსხვავებით, შედარებით რთულია დაბრუნებული პაციენტების ჩართვა დოკუმენტაციის მოწოდების დაგვიანების გამო.

„მანამდე, სანამ ჩვენ ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ვიყავით, მეტადონის პროგრამა როცა გვქონდა, მაშინ ეს ორი სისტემა ერთმანეთთან ტელეფონით აგვარებდა, საქმეს ელექტრონულად აგზავნიდნენ, პენიტენციური გვიგზავნიდა ჩვენ. მაშინ იქ გლობალური ფონდი მუშაობდა, ახლა ხომ ფსიქიკური ჯანმრთელობა კურირებს, სახელმწიფო სტრუქტურაა, ამიტომ, ამ შემთხვევაში, პაციენტი უნდა მივიდეს ფსიქიკურ ჯანმრთელობაში, იქიდან უნდა აიღოს „ფორმა 100“, გათავისუფლების დოკუმენტი და მოგვიტანოს ჩვენ. არ გამოდის. ზოგჯერ „ფორმა 100-ის“ მომზადებას დრო სჭირდება, იმავე დღეს არ იძლევიან. შესაბამისად, პაციენტი იძულებულია, როცა ცუდადაა, ქუჩაში რაღაცა გაიკეთოს. ამასობაში შეიძლება კიდევ დააპატიმრონ, რაღაც უბედურება მოხდეს, შეიძლება ზედოზირება მოხდეს… ციხიდან დაბალი დოზით მოდიან და ასე უცბად, გაგიჟებულმა, ქუჩაში შეიძლება საშინელება ჩაიდინოს“, – ამბობს სამედიცინო სფეროს ერთ-ერთი წარმომადგენელი.

უნდა დაინერგოს თუ არა ციხეებში მეტადონის გრძელვადიანი ჩანაცვლებით თერაპია?

გამოკითხული პერსონალის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ციხეში პატიმრებს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთონ ხანგრძლივ თერაპიაში.

ძალიან მცირეა იმ რესპონდენტთა (სამედიცინო პერსონალი) რაოდენობა, რომლებსაც მიაჩნია, რომ პენიტენციურ სისტემაში არსებული მეტადონის დექოსიკაციური პროგრამა საკმარისია.

ციხის მეტადონის პროგრამის ყოფილი ექიმებისა და ნარკოლოგ-კონსულტანტთა აზრით, პაციენტების უმრავლესობას პროგრამის ბენეფიციარად ხანგრძლივად დარჩენა სურდა, მაგრამ, სამწუხაროდ, უმრავლესობა იძულებული იყო დეტოქსს დასჯერებოდა.

„პროგრამის დასრულების შემდეგ მეტადონის პროგრამის პერსონალს აღარ ეძლეოდა ყოფილი პაციენტის მოკითხვისა და კონსულტირების საშუალება; ასევე, მეტადონის პროგრამის თანამშრომლებს შეზღუდული ჰქონდათ ამავე პროგრამის პაციენტებთან კომუნიკაცია და სათანადო კონსულტაციის საშუალება, რაც უარყოფითად ფასდება მათი მხრიდან”, – ვკითხულობთ კვლევაში.

გამოკითხულ ნარკოლოგთა დიდი ნაწილი აღიარებდა, რომ ციხეებში გრძელვდიანი ოჩთ ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

პროგრამის ყოფილი ექიმები მიიჩნევენ, რომ ხანგრძლივი ჩანაცვლებითი თერაპიის დანერგვა აუცილებელია, თუმცა საჭირო იქნება პერსონალის დამატება და სივრცის გამოყოფა.

დასკვნები და რეკომენდაციები:

კვლევის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ეხება. განსაკუთრებით ხაზგასმულია ის ფაქტია, რომ ქალებისთვის მეტადონის დეტოქსიკაციის პროგრამა ხელმისაწვდომი არაა.

კვლევის ავტორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დააჩქაროს გრძელვადიანი მეტადონის მკურნალობის პროგრამის დანერგვა პენიტენციურ სისტემაში და უზრუნველყოს სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.

საქართველოს მთავრობას 2020 წლის პირველ იანვრამდე ციხეებში ხანმოკლე და ხანგრძლივი ჩანაცვლებითი შემანარჩუნებელი მკურნალობის დასანერგად ღონისძიებები უნდა გაეტარებინა. კვლევის ავტორთა თქმით, 2019 წლის დეკემბერში, როცა ერთ თვეზე ნაკლები რჩება დადგენილ ვადამდე, არ იკვეთება ნიშნები, რომ ამ მხრივ ქმედითი ღონისძიებები უკვე გატარებულია. ამიტომ კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და თემმა უნდა გააძლიეროს მომიტორინგი ბრძანების შესრულებაზე.

ერთ-ერთი რეკომენდაცია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის მონაცემთა დროულ და შეუფერხებელ გაცვლა-გამოცვლას ეხება.

კვლევის ავტორთა თქმით, რეკომენდებულია ციხიდან გათავისუფლებისთანავე პირს მიეწოდოს ციხეში ჩატარებული დეტოქსიკაციისა თუ სხვა ჩატარებული მკურნალობის ამსხაველი სამედიცინო დოკუმენტაცია, რათა თავიდან იქნას არიდებული ციხიდან გათავისუფლებული პირის დროში გაწელილი, დამატებითი კომუნიკაცია შუალედურ რგოლთან, რაც აფერხებს მკურნალობაში მის დროულად ჩართვას.

ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სერვისის არჩევანის უფლებას ეხება. დღეს ციხეში მხოლოდ ხანმოკლე დეტოქსიკაციის მკურნალობაა ხელმისაწვდომი, რაც დაპატიმრებული პირისთვის უალტერნატივო არჩევანია. კვლევის ავტორთა თქმით, ციხეში მკურნალობის ინტერვენცია არ უნდა შემოიფარგლებოდეს წამალდამოკიდებულების მხოლოდ ერთი რომელიმე მკურნალობისა თუ რეაბილიტაციის კურსით.

კვლევის ავტორები გათავისუფლების წინა და გათავისუფლების შემდგომი ზიანის შემცირებისა და ზრუნვის პროგრამების ხელშეწყობასა და დანერგვაზეც ამახვილებენ ყურადღებას.

 

კვლევის შესახებ:

თვისებრივი  მიდგომის ფარგლებში  ჩატარდა  დისკუსიები  ფოკუსჯგუფებში  და  ინდივიდუალური, ჩაღრმავებული  ინტერვიუები: თბილისში, თელავში, ბათუმში, ზუგდიდსა  და  ქუთაისში. (სულ 32 ტრანსკრიპტი, 41 მონაწილე)

კვლევის ავტორთა თქმით, თვისებრივი და მცირესამასშტაბიანი კვლევა შესაძლებელია სრულად არ ასახავდეს საქართველოს მასშტაბით არსებულ სიტუაციას და მიღებული შედეგების განზოგადებისგან შეზღუდული არიან. თუმცა მიღებული ინფორმაცია ქალაქებში არსებულ ზოგად ტენდეციებს სწავლობს. ამისთვის მკვლევრებმა გამოკითხეს ექსპერტები, პროგრამის ყოფილი ბენეფიციარები, ასევე გააანალიზეს საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩო.

კვლევის ავტორების ინფორმაციით, კვლევაში მონაწილეობაზე უარი თქვა იუსტიციის სამინისტრომ. შესაბამისად კვლევაში ვერ მიიღო მონაწილეობა და ვერ დაფიქსირდა პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის, ოპიოიდებით დეტოქსიკაციისა და პრობაციის სამსახურების სპეციალისტთა შეხედულებები. კვლევის ავტორთა განცხადებით, მათ ორჯერ მისწერეს იუსტიციის სამინსიტროს კვლევაში მონაწილეობაზე ნებართვის შესახებ, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.