არ ვიცი სხვები როგორ, მაგრამ პირადად მე, როდესაც პუტინმა დონეცკის და ლუგანსკის თვითმარქვია რეჟიმების დამოუკიდებლობა აღიარა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ უკრაინაში ომი აღარ იქნებოდა.
მართალია, სამხედრო საკითხებში კი ვარ დილეტანტი, მაგრამ ომს პოლიტიკური განზომილებაც აქვს და ამ თვალსაზრისით უკრაინაში სამხედრო მოქმედების დაწყება რუსეთისთვის ყველა ვარიანტში კატასტროფული შედეგების მომტანი ჩანდა.
დისპოზიციები
ომის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია კატეგორიულად და ცალსახად აცხადებდა, რომ მათი ინფორმაციით რუსეთი აპირებს სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში და ეს მას ძალიან ძვირი დაუჯდება. ამერიკა პირობას დებდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ აქამდე არნახული მასშტაბის სანქციები იქნებოდა მიღებული. აგრესიის შემთხვევაში მკაცრი პოზიციის დაჭერაზე მიუთითებდა რუსეთს აგრეთვე ევროკავშირი და ნატო.
რა დასკვნა შეიძლებოდა რუსეთს გამოეტანა აქედან? აქ წმინდა თეორიულადაც კი იყო მხოლოდ ორი ვარიანტი, ან მთელი დასავლეთი ბლეფობდა, ან ომის დაწყებას მართლა მოჰყვებოდა მძაფრი რეაგირება. პირველი ვარიანტის სერიოზული განხილვა არც ღირს, რადგან ამხელა ქვეყნები ასეთ თემებზე არასდროს არ ბლეფობენ. მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ რომ რუსეთის ეკონომიკური მაჩვენებლები ცალკე აღებულ კალიფორნიის შტატსაც კი ჩამორჩება, დასავლეთთან დაპირისპირება და ახალი ცივი ომის წამოწყება რუსეთისთვის უკიდურესად არასასურველი უნდა ყოფილიყო.
გარდა ამისა, უკრაინა დიდი ქვეყანაა, ექვსას ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობით და ორმოც მილიონზე მეტი მოსახლით.
მართალია, ომის დაწყებამდე რუსეთის სამხედრო პოტენციალი უკრაინისას ბევრად ჭარბობდა, მაგრამ ჯერ ერთი თავდასხმისას სამჯერ მეტი ძალები გჭირდება ვიდრე თავდაცვისას და, გარდა ამისა, სამხედრო წარმატებას რომც მიაღწიო, ამ წარმატების შენარჩუნება, მარიონეტული ხელისუფლების დასმა და შემდგომ ქვეყნის კონტროლი იმხელა ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, რომ ამის საშუალება რუსეთს ისედაც არ ჰქონდა და დასავლეთთან ეკონომიკურ-პოლიტიკური დაპირისპირების შედეგად კი ორჯერ უფრო მეტად არ ექნებოდა.
არშემდგარი ბლიცკრიგი
ზემოთქმულიდან გამომდინარე, რუსეთს თითქოს ომის დაწყება არანაირად არ აწყობდა, მაგრამ აქ, ვფიქრობ, რუსეთისთვის საბედისწერო აღმოჩნდა ყირიმის ანექსიის გამოცდილება. კერძოდ, რახან ყირიმის შემოერთება ძალიან სწრაფად და უმტკივნეულოდ მოხდა და ამას რამე განსაკუთრებულად მძაფრი რეაგირება დასავლეთის მხრიდან არ მოჰყოლია, როგორც ჩანს აქაც იფიქრეს, რომ ბლიცკრიგის შემთხვევაში დასავლეთი ვერ მოასწრებდა სერიოზულ რეაგირებას და როცა უკვე აზრზე მოვიდოდა, კიევში უკვე ნაფტალინიდან ამოღებული იანუკოვიჩი იჯდებოდა „ტახტზე“, ან რომელიმე მისი მსგავსი მარიონეტი.
2008 წელს საქართველოს ტერიტორიების დაბომბვის და ოკუპაციის შედეგად რუსეთმა ხელისუფლების შეცვლა ვერ შეძლო, მაგრამ მის ამ ქმედებებს ასევე არ მოჰყოლია ხელშესახებად მტკივნეული სანქციები.
მაგრამ რუსეთში ვერ გაითვალისწინეს ერთი „უმნიშვნელო“ გარემოება: ომებს იგებენ არა ტანკები და ზარბაზნები, არამედ ადამიანები და თუ დაპყრობილ ტერიტორიაზე მოსახლეობა შენი წინააღმდეგია, ვერანაირი ტექნიკა ამას ვერ გადაწონის, ყირიმში რუსებს ფორსირებული ანექსია გამოუვიდათ იმიტომ, რომ იქ უკრაინელები პრაქტიკულად არ ცხოვრობენ და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რუსია, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველო ორგანოების ხელმძღვანელებიც. ანუ ყირიმში ადგილობრივი მოსახლეობაც და ადმინისტრაციაც რუსეთის მხარეს იყო და მათ რუსი სამხედროებისთვის არათუ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, არამედ თავად მოითხოვეს მათი შემოსვლა თვითმმართველი ორგანოების შესაბამისი დადგენილებებით.
ამჯერად კი მოხდა სრულიად საპირისპირო. მთელი უკრაინა შეკრულია ერთ მუშტად და სასტიკ წინააღმდეგობას უწევს ოკუპანტებს. რუსეთის ხელმძღვანელობას აშკარად არასწორი წარმოდგენა ჰქონდა ხალხის საბრძოლო სულისკვეთებაზე უკრაინაში. ბლიცკრიგი არ შედგა. საბრძოლო მოქმედებები გაჭიანურდა და ამასობაში დასავლეთის სანქციებიც და უკრაინისადმი დახმარებაც აგორებული ზვავივით იზრდება.
სანამდე მივა სიტუაცია და როდის დამთავრდება ეს ყველაფერი, რთული სათქმელია. თუმცა, ქვემოთ შევეცდები ორიოდ სიტყვით შევეხო იმას, თუ როგორ დამთავრდება, ანუ იმ რეალობას, რომლებიც უკვე მოიტანა ამ ომმა და იმ ტრენდებსა და ტენდენციებს, რომლებიც აშკარად გამოიკვეთა.
დამდგარი და მოსალოდნელი შედეგები
პირველი და ყველაზე თვალსაჩინო შედეგი რაც მოიტანა რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინაში, არის ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი კვლავ გახდა მთავარი საფრთხე დასავლეთისთვის.
აქამდე რუსეთის ამბიციები და პრეტენზიები დასავლეთის მიერ არ განიხილებოდა პირველი რიგის პრობლემად და უფრო რეგიონულ მასშტაბებში განიხილებოდა ვიდრე გლობალურში. ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის მკვეთრი დამოკიდებულება რუსეთის იმპერიული ზრახვების მიმართ კი უფრო ამ ქვეყნების ისტორიული ტრავმების გამოძახილად მიიჩნეოდა, ისევე როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია მის პირად პრობლემად. თუმცა, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა უახლესი ისტორიის მოკლე კურსი ჩაგვიტარა ყველას საკუთარი, უფრო სწორად ცარისტულ-იმპერიალისტური ინტერპრეტაციით, დასავლეთში როგორც იქნა გააცნობიერეს, რომ რუსეთი ისევ ისაა, რაც ორმოცი, ორმოცდაათი თუ ასორმოცდაათი წლის წინათ იყო.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მასშტაბის ცვლილება დასავლეთის აღქმაში, რაც აუცილებლად გამოიწვევს მასშტაბურ ცვლილებებს დასავლეთის პოლიტიკაშიც რუსეთის მიმართ და საერთოდ მსოფლიო პოლიტიკაში პრიორიტეტების გადაწყობას, იმისდა მიუხედავად, თუ რა მოხდება უკრაინაში და როგორ დასრულდება საომარი მოქმედებები,
მეორე შედეგი რაც ასევე თვალსაჩინოა უკვე არის ის, რომ უკრაინა შედგა როგორც შეკრული და ერთიანი ერი. არადა არცთუ დიდი ხნის წინ განწყობები დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიმართ საკმაოდ განსხვავებული გახლდათ და თუ ლვოვში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ვერ იტანდნენ ვერაფერ რუსულს, ხარკოვი ბოლო დრომდე რუსულენოვანი ქალაქი იყო. დღეს რუსეთის აგრესია აღმოჩნდა ის გამაერთიანებელი საფრთხე, რომელმაც ყველა უკრაინელი ერთ პატრიოტულ ტალღაზე მომართა. არაფერი ისე არ ადუღაბებს და კრავს ადამიანებს, როგორც საერთო განსაცდელი და საერთო მსხვერპლი
ეს არ არის მარტივი ამბავი. გაივლის წლები და ეს ომიც ისეთივე ლეგენდა გახდება, როგორც დღეს მეორე მსოფლიო ომი ან უფრო ადრინდელი ომებია, მაგრამ უკრაინა უკვე არასდროს აღარ იქნება დიდი რუსეთის რეგიონული გარეუბანი, როგორც ეს პუტინს და მის წინამორბედ რუს იმპერიალისტებს წარმოედგინათ და არ იქნება უპირველეს ყოვლისა სწორედ ამ ომში გაღებული მსხვერპლის გამო. არავინ არ აპატიებს რუსეთს ათასობით დაღუპულს.
ამ რეალობაში, რუსეთმა რომც მიაღწიოს გარკვეულ სამხედრო წარმატებას, უკრაინას ის მაინც ვერასდროს დაიპყრობს, რადგან, როგორც ზემოთ ითქვა, ომებს ტანკები და ზარბაზნები კი არ იგებენ, არამედ ადამიანები.
თუმცა რა სამხედრო წარმატებას შეიძლება მიაღწიოს რუსეთმა, როდესაც მან სამი კვირის მანძილზე უკვე დაკარგა თითქმის იმდენივე ჯარისკაცი რაც სამი წლის მანძილზე ავღანეთში და ვერცერთი დიდი ქალაქის და რაიონული ცენტრის დაკავება ვერ მოახერხა ხერსონის გარდა, სადაც ქალაქის მთელი მოსახლეობა მიტინგებს უწყობს და ოკუპანტებო შინ წაეთრიეთო, უყვირის.
და ეს არის კიდევ ერთი შედეგი: რუსეთის უძლეველობის მითის ნგრევა. აღმოჩნდა, რომ რუსეთის სამხედრო მანქანა არც ისე ძლიერია როგორიც თვით პენტაგონში ეგონათ, რომლის ექსპერტების პროგნოზითაც კიევი მაქსიმუმ ხუთ დღეში უნდა დაცემულიყო. აღმოჩნდა, რომ ხალხის საბრძოლო განწყობას ომში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და როცა ამ განწყობას კიდევ დასავლეთიდან შემოსული ფული და შეიარაღებაც ემატება, რუსეთის სამხედრო უპირატესობა დღითი დღე ილევა.
ცხადია,ჯერ კიდევ ბევრი რამ წინაა და სამწუხაროდ მსხვერპლიც კიდევ იქნება, მაგრამ რუსეთის უძლეველობაზე წარმოდგენები აშკარად წარსულს ბარდება. ეს არაა უბრალო ამბავი, ეს საკმაოდ სერიოზული სტიმულია იმ ქვეყნებისთვისაც, რომელთაც რუსული ინტერვენციის საფრთხე ემუქრებათ.
ასევე შემდგარი ფაქტია უკვე მთელი დასავლური სამყაროს უპრეცედენტო ერთიანობა რუსეთის წინააღმდეგ. ასეთი ერთსულოვანი დასავლეთი ცივი ომის დასრულების შემდეგ არასდროს ყოფილა. ცხადია, დღეს ბევრია იმით უკმაყოფილო, რომ დასავლეთი უფრო აქტიურად არ ახდენს რუსეთზე ზეწოლას, არ კეტავს უკრაინის ცას და ა.შ., მაგრამ თუ ტენდენციებზე ვლაპარაკობთ, აქ ალბათ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სულ რაღაც თვენახევრის წინ მთელ დასავლეთში არავინ მიიჩნევდა რუსეთს გლობალურ საფრთხედ და საფრანგეთი და გერმანია კი რუსული გაზის იმპორტს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა, ვიდრე ყირიმის ანექსიას.
ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს ცოტა ზედმეტი სიფრთხილე და შიშიანობაც კი ატომური იარაღის მქონე აგრესიული რუსეთის მიმართ, რომელიც ამ იარაღს თან ხანგამოშვებით აჟღარუნებს კიდეც, მაგრამ ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ როგორც ფინანსურ-ეკონომიკური, ისე პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე განუხრელად იზრდება და ასევე იზრდება უკრაინის სამხედრო დახმარებაც: იარაღის მიწოდება, მოხალისეები და ა.შ. ისიც ცხადია უკვე, რომ ეს დახმარებაც და სანქციებიც. თუ რუსეთი უკან არ დაიხევს და აგრესიას არ შეწყვეტს, კიდევ უფრო გაიზრდება და გაფართოვდება. არც იმას გამოვრიცხავ, დახევის შემდეგაც არ შეწყდეს.
შეჯამებით სახით, ამ პირველადი შედეგების საფუძველზე ისიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ რამდენი ხანიც უნდა გაგრძელდეს სამხედრო მოქმედებები და როგორადაც უნდა წარიმართოს, რუსეთმა ეს ომი უკვე წააგო და მომავალში მოხდება მხოლოდ ამ წაგების ამა თუ იმ სახით გაფორმება და ლეგიტიმაცია. პრინციპულად და არსებითად შეუძლებელია რუსეთმა აჯობოს მასზე ასჯერ უფრო მძლავრ დასავლურ სამყაროს ეკონომიკურ ომში, მით უმეტეს, ამ სამყაროს მიერ მხარდაჭერილი უკრაინელი ხალხის და უკრაინული არმიის თავდადებული ბრძოლის ფონზე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ყველა ვადევნებთ თვალს რუსეთის იმპერიული ამბიციების დასასრულის დასაწყისს და ეს ასევე არის შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოსთვისაც. ომი უკრაინაში – იმპერიის უკანასკნელი ომია.
შანსი საქართველოსთვის: ჩვენ
რუსეთის კრახი ამ სამხედრო ავანტიურაში და მისი გარდაუვალი დასუსტება, რასაკვირველია არის სერიოზული შანსი საქართველოსთვის. ეს ისტორიულადაც ყოველთვის ასე იყო: გარე მტრის დასუსტება ავტომატურად ზრდის მისი გავლენისგან თავის დაღწევის შესაძლებლობას და არც ახლანდელი სიტუაციაა გამონაკლისი.
უკრაინის მოვლენებს აუცილებლად მოჰყვება გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილება, რაოდენ პოლიტკორექტულადაც არ უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ რეალური პოლიტიკის ამ ცნებას, ეს მაინც მოხდება და შესაძლებლობის ფანჯარაც საქართველოსთვის სწორედ ეს არის. ჩვენ გვეძლევა შანსი თავი დავაღწიოთ რუსეთის პოლიტიკურ გავლენას და შევუერთდეთ ერთიან ევროპულ ოჯახს.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული შანსი, მაგრამ რამდენად ვართ მზად ამ შანსის გამოყენებისთვის?
ამ კითხვაზე ცალსახად პასუხის გაცემა არც ისე იოლია, რადგან ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, თუ ვინ ვართ „ჩვენ“.
თუ აქ ვიგულისხმებთ ხალხს და საზოგადოებას, რასაკვირველია, მზად ვართ. ყველა გამოკითხვით დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მომხრეა და ასეც რომ არ იყოს, უკრაინისადმი სოლიდარობის აქციებზე მიმსვლელთა სიმრავლეც კარგი ინდიკატორია. დიდი ხანია ამდენი ხალხი რუსთაველზე არ შეკრებილა და, რაც მთავარია, იმ შეკრებილთა აბსოლუტური უმრავლესობა ახალგაზრდობა იყო, ის თაობა, რომელიც ამ ქვეყნის მომავალია და რომელმაც ხვალ-ზეგ ეს ქვეყანა უნდა მართოს.
მეორე მხრივ, ჩვენ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ბოლო დრომდე იყო ის, რომ ოცნება რუსეთს არ აღიზიანებს და მისი მმართველობის პირობებში ომი არ გვემუქრება. უკრაინაში დაწყებულმა ომმა ცხადყო, რომ პუტინისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს გააღიზიანებ მას თუ არა. დასავლეთში სისტემატურად უსვამდნენ ხაზს, რომ რუსეთის სამხედრო შეჭრა იყო არამოტივირებული, ხოლო პუტინის პროპაგანდისტული ზღაპრების უკრაინის ნაცისტურ რეჟიმსა და მშვიდობიანი დონბასის დატერორებაზე არავის სჯერა. შესაბამისად, ხელისუფლებამ ამ მხრივ ლეგიტიმაცია დაკარგა. აღმოჩნდა, რომ მისი ფრთხილი და ხშირ შემთხვევაში მფრთხალი და მხდალი პოლიტიკა რუსეთის მიმართ არანაირად არ არის მშვიდობის გარანტია, მაგრამ სხვა საგარეო პოლიტიკა ამ ხელისუფლებას არა აქვს და არც უნდა რომ ჰქონდეს, რადგან რუსეთისგან მკაფიო დისტანცირება ავტომატურად გულისხმობს დასავლეთის პოლიტიკური სივრცეში მეტ ინტეგრაციას და მეტ ევროპას და ამერიკას საქართველოში, რაც, თავის მხრივ გულისხმობს ისეთი დემოკრატიული რეფორმების გატარების ვალდებულებას, რომელიც გამორიცხავს არჩევნების გაყალბებას და შეუძლებელს გახდის ერთპიროვნულ მმართველობას, მით უმეტეს არაფორმალურს.
შანსი საქართველოსთვის: ჩვენ და ისინი
აქ არ ვაპირებ განვიხილო ის მოსაზრება, თუ რამდენად პრორუსულია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, არის ის მიზანმიმართულად პრორუსული თუ არ არის. ეს სხვა თემაა. ფაქტი კი ნებისმიერ შემთხვევაში არის ის, რომ ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის უფრო ხელსაყრელია ძლიერი რუსეთი და გაუბედავი დასავლეთი. სხვანაირად „რუსეთი არ გავაღიზიანოთ“ თეზისი არ მუშაობს.
სწორედ ამიტომ ხელისუფლება დღემდე ჯიუტად ებღაუჭება ლეგიტიმაციის ძველ წყაროს, ანუ კვლავ ცდილობს წარმოაჩინოს, რომ მისი ბრძნული პოლიტიკის წყალობით რუსეთისგან საქართველოს არაფერი ემუქრება, მაგრამ როგორი დასაჯერებელია ეს, როდესაც ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ემუქრება და მერე როგორ?
მთელმა მსოფლიომ გადააფასა რუსეთის მიმართ დამოკიდებულება. ამ დროს კი საქართველოს პრემიერი გვამშვიდებს, რომ ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, საქართველოს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, იქვე ამტკიცებს, რომ თურმე იმიტომ არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, იმიტომ ვერ ბედავს რუსეთის ხსენებას უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში და იმიტომ ლაპარაკობს ქართული ბიზნესის პერსპექტივებზე რუსეთში, რომ რუსეთიდან საფრთხე არ დაგვემუქროს.
ასეთი დამოკიდებულება, გარდა იმისა, რომ არანაირი მშვიდობის გარანტია არ არის, იმდენად ამოვარდნილია ზოგადპოლიტიკური მსოფლიო ტრენდიდან, რომ ფაქტობრივად პრორუსული და კოლაბორაციონისტულია.
როდესაც ქვეყნის მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ერთის მხრივ არაფერ კრიტიკულს რუსეთზე არ ამბობენ და მეორეს მხრივ აკრიტიკებენ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, ამის დაბალანსება საერთაშორისო არენაზე საქართველოს წარმომადგენლობის პოზიციებით და პრეზიდენტის განცხადებებით პრაქტიკულად შეუძლებელია. მით უმეტეს, როცა თავად პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი პოზიცია მთავრობისგან განსხვავებულია.,
უფრო მეტიც, ასეთი „ნეიტრალური“ პოზიცია არა მხოლოდ ამორალურია და უღირსი, მით უმეტეს იმ ქვეყნისგან, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, არამედ არაპრაგმატულიც, რადგან ამ დროს პუტინს უჩნდება განცდა, რომ რაც უფრო მიაწვება, მით უფრო მეტ დათმობას მიიღებს საქართველოსგან. შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთმა კვლავ წამოწია ლუგარის ლაბორატორიის მიმართ აბსურდული ბრალდებები.
მშიშრებს მოძალადეები პატივს არ სცემენ და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა კი არ ამცირებს რუსეთის აგრესიის საფრთხეს, არამედ პირიქით, ზრდის მას, თუ რასაკვირველია, ისედაც არ აპირებს რუსეთის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, კერძოდ ნატოზე ოფიციალურად უარის თქმას, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეჟიმების აღიარებას და საერთოდ რუსეთის ყმადნაფიცობას.
საბედნიეროდ, ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა დამდგარიყო რეალურად დღის წესრიგში, რუსეთს უკრაინაში ბლიცკრიგი რომ გამოსვლოდა და იქ მარიონეტული რეჟიმი დაესვა. ბლიცკრიგის კრახი და დასავლეთის მზარდი ზეწოლა რუსეთზე საქართველოს ხელისუფლებასაც აიძულებს საკუთარი პოზიციის გადახედვას. მართალია, მათ ეს ძალიან უჭირთ, მაგრამ უწევთ. სხვა გზა არცა აქვთ, რადგან ომის პირობებში დაბალანსების და ნეიტრალიტეტის პოლიტიკა არ მუშაობს. ომის დროს ყველა ვარიანტში მხარე ხარ და რაოდენ ძლიერიც უნდა იყოს კოლაბორაციონისტული განწყობები საქართველოს ხელისუფლებაში, ბიძინა ივანიშვილს იმდენი გამოცდილება ბიზნესში კი აქვს, რომ წაგებულის მხარეს არ დადგეს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საჯარო მოხელეთა და ოცნების ამომრჩეველთა უმეტესობაც პროდასავლური ორიენტაციისა, რუსეთისკენ ზედმეტად ძლიერმა გადახრამ შეიძლება ხელისუფლების სრული მარგინალიზაცია გამოიწვიოს და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებიც კი შემოიღონ დასავლეთში.
ამიტომაც იყო, რომ ხელისუფლებამ ვერ გაბედა უარი ეთქვა ევროკავშირში განაცხადის შეტანაზე, თუმცა, ზუსტად ერთი დღით ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრიად დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ ასეთი განაცხადის საჭიროება არ არსებობს.
შანსი საქართველოსთვის: ბოლოთქმა
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური მარცხის და დასავლეთის სანქციების პირობებში საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაბედავს ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას. ხალხის ნება კი სრულიად ცალსახაა: უკრაინის მხარდაჭერა და ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში. ეს, რასაკვირველია ოცნების ერთპიროვნული მმართველობისთვის კარგი არ არის, რადგან ძველებურად ვეღარ „იგულავებენ“, მაგრამ ნებისმიერი სხვა გზა კიდევ უფრო უარესია პირადად ივანიშვილისთვის და მისი პარტიისთვისაც.
ასე, რომ მოუწევთ ევროინტეგრაციაზე წასვლა და რუსეთთან გამომშვიდობება. როგორი კოლაბორაციონისტული მიდრეკილებებიც უნდა ჰქონდეს მის ხელისუფლებას, არსებულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საქართველო გამორიცხულია დარჩეს რუსეთის გავლენის სფეროში.
ასეა ეს და ამას არაფერი არ შეცვლის.