ინფექციის გავრცელების ფარული დონე და ჭკვიანი კარანტინი – ინტერვიუ კაკი ზოიძესთან

ლიკა ზაკაშვილი

როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებზე მსჯელობა ძალიან აქტუალურია. არაერთი კვლევა ჩატარდა,  რომელიც ადასტურებს ეჭვს, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბი უფრო დიდია. სავარაუდოდ, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში არიან ინფიცირებული ადამიანები, რომელთა გამოვლენა სხვადასხვა ფაქტორის გამო რთულია. მათ ინფექცია ან უსიმპტომოდ გადააქვთ ან სიმპტომები ძალიან მსუბუქია.

როგორია ვირუსის გავრცელების ფარული დონე; რა კვლევებს მიმართავენ მსოფლიოში ამის დასადგენად; რას ცვლის ვირუსის გავრცელების მასშტაბების ცოდნა ვირუსთან ბრძოლის სტრატეგიაში; როდის უნდა ჩატარდეს სეროპრევალენტობის კვლევა და, სავარაუდოდ, რამდენი უსიმპტომო ინფიცირებულია საქართველოში. ამ საკითხებზე „პუბლიკა“ „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტს, კაკი ზოიძეს ესაუბრა.

კორონავირუსთან დაკავშირებით ახლა მსოფლიოში აქტიურად მიდის მსჯელობა ვირუსის გავრცელების რეალური მასშტაბის დადგენაზე. ჩატარდა კვლევები, რომლებიც ამბობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, რეგისტრირებულ შემთხვევებზე მეტია. რა კვლევები ჩატარდა აქამდე ამ თემაზე და რამდენად სარწმუნო სურათს ქმნის ამ კვლევის შედეგები?

რამდენიმე კვლევა ჩატარდა. ჯერ იყო ჩინეთში, თავიდანვე, შემდეგ – ბრიუსელში, ერთ პატარა ქალაქში, დიდმა საავადმყოფომ შერჩევითი პრინციპით 1000 მოქალაქეზე ჩაატარა კვლევა. ასევე, 1000 მოქალაქის შერჩევაზე ჩატარდა კვლევა კალიფორნიაშიც. უახლესია ნიუ იორკში ჩატარებული კვლევა 3 000 შერჩეულ პირზე.

ეს არის ანტისხეულების აღმოჩენაზე ორიენტირებული კვლევა, რომელიც მიუთითებს, აქვს თუ არა ადამიანს გადატანილი ეს ვირუსი. თუ აღმოჩნდა იმუნოგლობულინი M, მიუთითებს დაავადებების მწვავე მიმდინარეობის ეტაპზე და თუ აღმოჩნდება იმუნოგლობული  G- ეს ნიშნავს, რომ გადატანილი აქვს ინფექცია.

ჩატარდა, აგრეთვე, მეორე ტიპის კვლევებიც, რომლებიც, ასევე, გავრცელების მასშტაბებზე მიუთითებს და ადგენს, რა შემთხვევებში შეიძლება იყოს უსიმპტომო ან მცირესიმპტომიანი ადამიანი ინფიცირების წყარო. ეს ეპიდემიოლოგიური კვლევები ჩატარდა დადასტურებულ შემთხვევებში. აქაც სხვადასხვა პროცენტი გამოჩნდა, როცა ინფიცირების წყარო შესაძლოა, ყოფილიყო უსიმპტომო ან ძალიან მცირესიმპტომებიანი ადამიანი, რომელსაც არც ეგონა, რომ დაავადებული იყო.

ამ კვლევების მეთოდოლოგიას კრიტიკა მოჰყვა…

კი, ასეა. საუბარი იყო ტესტების სპეციფიკურობასა და სენსიტიურობაზე.

სპეციფიკურობაა ცრუ დადებითის მაღალი ალბათობა, რომ შეიძლება, ანტისხეულზე დადებითი ე.წ. ჯვარედინი იმუნიტეტის შემთხვევაშიც აჩვენოს [ამაზე კვლევები გაჩნდა], როდესაც ადამიანებს გადატანილი აქვთ არა ახალი კორონავირუსი, არამედ ის ოთხი ნაცნობი კორონავირუსის ფორმა, რომელიც სეზონური გრიპების პერიოდში ცირკულირებს, ხშირად არის გაციების მიზეზი და სურდოთი მიმდინარეობს. ანუ ეს ერთი პრობლემაა და მეორე სენსიტიურობა, როცა შეცდომა არის პირიქით – ანუ შეიძლება გაცილებით ნაკლები დაიჭიროს ამ ტესტებმა, ანუ ყველა, ვისაც რეალურად აქვს იმუნიტეტი, ვერ დაიჭიროს.

რაოდენობა ჩატარებული ტესტებისა და თავად შერჩევის პრინციპი თუნდაც იმ ქვეყნების მოსახლეობებზე, სადაც ეს კვლევებიი ჩატარდა განზოგადოების საშუალებას თუ იძლევა?

კი, გამოითქვა აქაც შენიშვნები. ფეისბუქის მეშვეობით როცა იწვევ მოხალისეებს, კვლევისთვის ის მოვა, უპირველეს ყოვლისა, ვისაც ეჭვი აქვს, რომ კორონავირუსი აქვს და სურს ტესტირება, მით უფრო მაშინ, როცა აშშ-ში ტესტირება არაა ხელმისაწვდომი. ეს შეზღუდვები ამ კვლევებს ახასიათებს და სანდოობის ინტერვალის გაზომვა რთულია.

მეცნიერებას ჯერ არ გამოუტანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული შედეგები, რომელიც მოგვცემდა გენერალიზების საშუალებას, რომ ეს მართლაც ასეა ან რომ არ არის ასე.

თუმცა ეს კვლევები ადასტურებს ეჭვს, სიკვდილიანობასთან დაკავშირებით. დადასტურებულ შემთხვევებში სიკვდილიანობის პროცენტი მაღალია და ეს კვლევები ადასტურებს იმას, რომ ეს შესაძლოა, ასე არ იყოს, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა რეგისტრირებულზე მეტია.

თუ მიიჩნევ, რომ მნიშვნელოვნად მეტია ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელთა დიდ უმრავლესობას მცირე სიმპტომები ახასიათებს, ამ შემთხვევაში სიკვდილიანობა 0.5% გამოდის, რაც მაინც ხუთჯერ აღემატება სეზონურ გრიპა, მაგრამ შეუდარებლად დაბალია იმ მონაცემებზე, რომლებიც ფიქსირდება სხვადასხვა ქვეყანაში დადასტურებულ შემთხვევებში.

მნიშვნელოვანია ის, რომ გამოჩნდა ანტისხეულების სანდო ტესტები. აქამდე FDA-მ [აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ] 5-6 ტესტზე გასცა საგანგებო თანხმობა, მაგრამ როგორც ადმინისტრაცია გვაფრთხილებს, საგანგებო ნებართვა ნიშნავს, რომ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები სამეცნიერო ანალიზის დაცული არაა და ამ შემთხვევებში ეს პროცედურა გავლილი არაა, თუმცა ერთ-ერთი ბოლო ტესტის მწარმოებელი კომპანია[Cellex ], რომელზეც მათ ნებართვა გასცეს, ამტკიცებს, რომ ტესტებს 93% აქვს მგრძნობელობა ისე სენსიტურობა. ანუ ცრუდადებითისა და ცრუ უარყოფითის ალბათობა 7 %-მდეა შემცირებული და ასეთი ტესტებით სეროპრევალენტობის ჩატარებას აზრი აქვს.

ამის გარდა, გამოჩნდა კვლევები, რომლითაც კანალიზაციაში ხდება ანალიზი. დიდი საზოგადოებრივი გავრცელების შემთხვევაში კანალიზაციაში შესაძლებელია დეტექცია ვირუსის მომატებული დონის, რომელიც წინ უძღვის ეპიდემიოლოგიურ დარტყმას. ესეც შეიძლება იყოს მეთოდი, რომ ვაკონტროლოთ ეპიდემიის მიმდინარეობა.

 აქამდე წარმოებული კვლევებიც, რაც უკვე ჩატარდა მსოფლიოში, იყო სეროპრევალენტობის კვლევები, თუმცა ტესტების ხარისხისა და შერჩევის მეთოდოლოგიის გამო, ძალიან სანდო არ არის. ხომ არ იგეგმება დიდ ქვეყნებში გამართული, სანდო მეთოლოგიითა და ხარისხიანი ტესტების გამოყენებით უფრო სანდო კვლევები?

კი, აშშ-შია დაგეგმილი. ინგლისმა დაგეგმა და ვეღარ განახორციელა, რადგან ის ტესტები, რომლითაც გეგმავდნენ, ეჭვს იწვევდა. სენტინელური ტიპის კვლევები, როგორც უკვე გითხარით, ჩატარდა. [სენტინელური კვლევა არის ეპიდზედამხედველობის სპეციალური მეთოდი, რომელისაც სპეციალური მეთოდოლოგიით (გეოგრაფიული ლოკაციაა ერთ-ერთ ფაქტორი) შერჩეულ დაწესებულებებში შემთხვევით არჩევის პრინციპით ტესტავენ].

მსოფლიოს ვირუსის გავრცელების რეალურ მასშტაბებზე ცოდნა რას მისცემს, როგორ შეცვლის ეს ინფორმაცია ვირუსთან გამკლავების სტრატეგიას? 

ადამიანს თუ გადატანილი აქვს, მას იზოლაცია აღარ სჭირდება და ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, რა ნაწილი გვყავს იმუნიტეტით. გვეცოდინება, სად ვართ იმ ამოცანის მიღწევაში, რასაც პოპულაციური, საზოგადოებრივი იმუნიტეტის განვითარება ჰქვია. ეს არის საბოლოო ამოცანა, რაც ჩვენ ამ ეპიდემიის დამარცხებაში დაგვეხმარება, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს, ვაქცინის მეშვეობით იქნება ეს, თუ იმით, რომ გავრცელების კონტროლირებადი მართვა შევძელით,  გამოუმუშავდეს იმუნიტეტი. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ანტისხეულებზე ტესტების ჩატარებას და სეროპრევალენტობის კვლევას აზრი აქვს, როცა ეპიდემია გავრცელებულია ფართოდ და როცა აკონტროლებ მის მიმდინარეობს.

რაც შეეხება გავრცელების კონტროლირებას, მართვის ნაწილს, ეს  უნდა მოხერდეს ისე, რომ არ დაანგრიოს საზოგადოება და ჯანდაცვის სისტემა.

ასევე, დასადგენია, იმუნიტეტი რამდენად მდგრადია და რამდენ ხანს გრძელდება. ესეც მნიშვნელოვანი თემაა, ვინც საუბრობს, რომ მხოლოდ ეს ტაქტიკაა [გავრცელების მართვადი კონტროლი]  მისაღები და სხვა შეზღუდვები უნდა მოვხსნათ. ამიტომ ეს რეკომენდაცია ჩემთვის ახლა უპასუხისმგებლობაა, რადგან შენ არ იცი, ეს პოპულაციური იმუნიტეტი როდის განვითარდება და რა ნიშნული იქნება საკმარისი, რომ ვირუსის გადადების ჯაჭვი შეწყდეს. ვაქცინა უფრო საიმედოა, რადგან ვიცით, რომ, რაც მეტი ვაქცინირებული გვეყოლება, იმუნიტეტის მქონე მოქალაქეც მეტი იქნება.

საქართველოში სეროპრევალენტობის კვლევა როდის იქნება რელევანტური?

ივნისში იქნება რელევანტური. რეპრეზენტატიული რომ იყოს, ისეთი ციფრი უნდა ავიღოთ და  რაღაც პერიოდულობით გავიმეოროთ, რომ მივადევნოთ თვალი ეპიდემიის გავრცელებას.

მთავარი დასკვნა არის ერთი – რატომ უნდა დავიცვათ დისტანცირება და რატომ უნდა ვატაროთ პირბადე საჯარო სივრცეში? იმიტომ, რომ შეიძლება იყოს უსიმპტომო ან მცირესიმპტომიანი, რომელმაც არ იცის, რომ აქვს ინფექცია და ამის გამო ნაკლებ სიფრთხილეს იჩენს კონტაქტების შეზღუდვის კუთხით, ამიტომ ეჭვმიტანილი უნდა იყოს ყველა ადამიანი, ვინც ჩვენ გვერდზეა.

ევროპის ქვეყნებში სიკვდილობის მიხედვით რეტროსპექტული კვლევა ჩატარდა, ანუ დაფიქსირებული სიკვდილობით გამოითვალეს COVID-19-ის სავარაუდო ინციდენტობა და პრევალენტობა (ანუ გავრცელება). სიკვდილიანობით გამოთვლა უფრო სარწმუნოა, ვიდრე ტესტირების რეზულტატებით, რომელთა მასშტაბებიც მერყეობს ქვეყნების მიხედვით.  ცხრილში წარმოდგენილია ევროპის ქვეყნებში ვირუსის გავრცელების შესაძლო მასშტაბები. იმავე მეთოდით, სიკვდილობის ანალიზითაც გაკეთდა პრევალენტობის რეტროანალიზი ჩვენთან და ძალიან მცირე პროცენტი გამოდის. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენთან გავრცელება მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებშია.

 

იმუნიტეტი რამდენ ხანს რჩება?

გარკვეული მეცნიერული არგუმენტებია. ცხოველებში მყარი იმუნიტეტია, ჯერჯერობით. ჯერ დროც არაა გასული, რომ დავადგინოთ, ვთქვათ, რომ, მინიმუმ, ერთწლიანი იმუნიტეტი აქვს. პირველ სარსზე ვიცით, რომ 2-წლიანი იმუნიტეტი ჰქონდა. ის სარსი ნაკლებად მუტირებდა. სარსის ამ ორ ვირუსს მუტაციის თითქოს მაღალი პოტენცია აქვს, თუმცა ვაქცინა ძალიან პერსპექტიულია და ის თვისებები არ მუტირებს, რომლებზეც ვაქცინა მოქმედებს. ვაქცინის პრინციპი რა არის? დამიზნება იმ კომპონენტზე, რომლითაც ვირუსი აღწევს უჯრედში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამიზნე ვაქცინებისთვის იქნება ის ცილა, რომლითაც ხდება ვირუსის შეღწევა ორგანიზმში.  მაგალითად, წითელას ვირუსის შემთხვევაში 60 წლებში გამოგონილი ვაქცინა დღემდე ეფექტიანია, მიუხედავად იმისა, რომ წითელას ვირუსი მუტირებს, ვერ შეძლო იმ მექანიზმი შეცვლა, რომლითაც ორგანიზმში აღწევს.

სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეპიმედიის გავრცელებას მხოლოდ პოპულაციური იმუნიტეტი შეაჩერებს, რომელიც ან ვაქცინით უნდა გამომუშავდეს, ან იმ გზით, რომ ვირუსი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გადაიტანოს და გამოუმუშავდეს იმუნიტეტი.

 რადგან ვაქცინის შექმნის პერსპექტივა შორეულია, სპეციალისტთა ეს ნაწილი ფიქრობს, რომ შეზღუდვით ცხოვრებას ვაქცინის შექმნამდე ვერ გავაგრძელებთ და აუცილებელია, ქვეყანა მკაცრი შეზღუდვებიდან გადავიდეს ვირუსის მართვადი გავრცელების კონცეფციაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ შენ იცი ჯანდაცვის სისტემის სიმძლავრეები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეზღუდვებს ხსნი და აღადგენ მაშინ, როცა რისკი იმის, რომ ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდება ინფიცირებულთა ნაკადის კონტროლს და მოვლას, იზრდება.  რას ფიქრობთ ამ კონცეფციაზე, შესაძლებელია ასეთი სიზუსტით ვირუსის კონტროლირებადი გავრცელების მართვა?

მე რამდენიმე პოსტულატში არ დავეთანხმებოდი ამ სპეცილიასტებს. როცა ძალიან კატეგორიულად ვამტკიცებთ ან ერთს, ან მეორეს. არსებობს ტაქტიკა, რომელიც დაფუძნებულია გარკვეულ ლოგიკაზე, მაგრამ მტკიცება, რომ ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, მიუღებელია. თვითონ კონცეფცია, რომ შენ შეეცადო, მაქსიმალურად, გააკონტროლო ეპიდემიის გავრცელება, თეორიულად კარგად ჟღერს, თუმცა გააჩნია, რა დონის მართვას გულისხმობ. ისეთი იუველირული სიზუსტით რომ ცოტა გაუშვა, შემდეგ ისევ მოკეტო, რთული იქნება. ძალიან ბევრ ფაქტორთან არის ეს დაკავშირებული. დაწყებული იქიდან, ერთხელ რომ აფეთქდება ვირუსი, მერე როგორი რთულია შეჩერება, ეს აჩვენა ბევრი ქვეყნის მაგალითმა და მათ შორის იმ ქვეყნების, რომლებიც კარგ მაგალითად იყო მოყვანილი, მაგალითად სინგაპურის, იაპონიის, სამხრეთ კორეის.

სანამ ვაქცინა გვექნება, პრინციპი ეს არის, მაგრამ ასეთი გათვლა, რომ  1200 მოვიდა და მე ახლა რაღაცას მოვუჭერ და უცებ შეგიმცირდება ნაკადი, არის ზღაპარი, ასეთი იუველირული სიზუსტით მართო ვითარება. მაგრამ ზოგად პრინციპად ამის აღება, რა თქმა უნდა, სწორია.

მეც მიმაჩნია, რომ დღეს უფრო ჭკვიანი კარანტინი და შეზღუდვები გვჭირდება, რომელიც იქნება უფრო დამიზნებული, ვიდრე გვაქვს. გარკვეული რეკომენდაციები, დღეს რაც მოვისმინე, გათვალისწინებულია. რაც მთავრობამ გაამჟღავნა, სადაც ითქვა, რომ ორ კვირაში ერთხელ ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლით გადაიხედება ვითარება. ეს კონცეფცია ჯდება ამ მიდგომაში, რაც შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა.  აქ მნიშვნელოვანია, სწორი შეფასება იყოს ეკონომიკურ სარგებელსა და ეპიდემიოლოგიურ ზიანს შორის და პირიქით, ეკონომიკურ ზიანსა და ეპიდემიოლოგიურ სარგებელს შორის. ოპტიმალური ბალანსის დაცვა იქნება, რომ, ერთი მხრივ, არ დავაზიანოთ ეკონომიკა და არ დაგვემართოს ესპანეთი, იტალია. დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამ კონცეფციას.

შეზღუდვების მოხსნის გეგმა, სავარადოდ, გადაიხედება ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით.

ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ახლავე დაწყებულიყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა შესაბამისი დაცვის ღონისძიებებით. დღეს ეს იმიტომ არ იყო, ჩემი აზრით, გაცხადებული, რომ ჯერ ისევ ფიქრობენ, როგორ დანერგონ შესაბამისი მაკონტროლირებელი მექანიზმები. ხომ ხვდებით, რაზეც არის საუბარი, რომ მეტროში ერთ ვაგონში და ავტობუსში უნდა დავიცვათ ეს წესები – იგივე ჯვარედინად დაჯდომის და ა.შ. თუ ეს არ გავაკეთეთ, მაშინ, რაც გავაკეთეთ, წყალში შეიძლება ჩაგვეყაროს. მკაფიო წესები უნდა ჩამოყალიბდეს და უნდა დავიცვათ.

საქალაქთაშორისო მარშუტკებზე შეიძლება შეზღუდვა დატოვო, მაგრამ ქალაქის შიგნით ტრანსპორტზე ამ პირობებით აღდგენა შესაძლებელია.

ამაზეა დამოკიდებული იმავე ბიზნესის აღდგენაც, მაგრამ აქაც ერთმანეთის პარალელურად უნდა გააკეთო, რომ ძალიან დიდი ნაკადი არ მოვიდეს ტრანსპორტზე, რომ, ელემენტარულად არ გართულდეს პირობების დაცვა. თუ ადამიანი მთელი დღე, მეტროს ვაგონში შესვლამდე რიგში იდგება, რა აზრი აქვს ასეთ გახსნას. ამიტომ ერთმანეთს უნდა მიუსადაგო ბიზნესაქტივობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა.