„ინკლუზიური ხმების მხარდაჭერა აჭარის რეგიონში“ არასამთავრობო ორგანიზაცია საორსას მიერ განხორციელებული პროექტია, რომლის მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა, მოზარდთა და დედათა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობის ხარისხის ზრდა.
პროექტის მენეჯერის, ლანა სიხარულიძის თქმით, პროექტი „ინკლუზიური ხმების მხარდაჭერა აჭარის რეგიონში“ 6 თვის წინ დაიწყო. პროექტის იდეა ავტორთა გარშემო არსებული პრაქტიკებისა და დანახული საჭიროებების კვალდაკვალ დაიწერა. ორგანიზაციაში ფიქრობდნენ, რომ პროექტი მშობლებისთვის აღმოჩნდებოდა მხარდაჭერის შესაძლებლობა, რომლის ნაკლებობასაც ისინი განიცდიან.
„ჩვენ გვყავს ორგანიზაციაში ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, რომელიც ყოველდღიურობაში ხედავდა სსსმ და შშმ პირების მშობლების საჭიროებებს. მათ სჭირდებათ გაძლიერება, მხარდაჭერა, როგორც ფსიქო-ემოციური, ასევე, ძალიან ბევრ მათგანს არ აქვს ელემენტარული სერვისებზე წვდომის ცოდნა და ამან გადაგვაწყვეტინა, რომ განგვეხორციელებინა ეს პროექტი“, – განაცხადა ლანა სიხარულიძემ.
Პროექტმა, რომელიც “საორსამ” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ მხარდაჭერით განახორციელა, მოიცვა შემდეგი სამუშაოები:
- საინფორმაციო საგანმანათლებლო შეხვედრები მიზნობრივ ჯგუფებთან;
- სასწავლო ტრენინგ პროგრამა;
- საბიუჯეტო პროგრამების/ინიციატივების მომზადება და ადვოკატირება;
- ციფრული მედია ვიდეოების მომზადება.
ლანა სიხარულიძის თქმით, პროექტის ფარგლებში, შშმ და სსსმ პირების მშობლებთან ჯგუფური ტრენინგების სახით ონლაინ შეხვედრების რეჟიმში მუშაობდა ფსიქოლოგი. მშობლებს ტრენინგები ჩაუტარდათ სამოქალაქო სერვისებისა და უფლებების მიმართულებითაც.
„მიიღეს შესაბამისი ინფორმაცია და ასევე უფლებრივ ჭრილში, რა უფლებები აქვთ მათ შვილებს, თავად რა უფლებები აქვთ და როგორ განახორციელონ და გამოიყენონ პრაქტიკებში ეს უფლებები“, – ამბობს ლანა სიხარულიძე.
უფრო კონკრეტულად, აპრილისა და მაისის თვეში პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდათ ონლაინ ტრენინგები, რომელსაც უძღვებოდნენ საზოგადოებრივი განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, შშმ პირთა უფლებადამცველი და ადვოკატი და ბავშვთა უფლებადამცველი. ტრენერებმა დაფარეს სხვადასხვა თემატური მიმართულებები: ლიდერობა და ადვოკატირება; ბავშვის ფსიქოემოციური და კოგნიტიური განვითარება, მოზარდობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, ბავშვის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები (მასტიმულირებელი გარემო, აღზრდის სტილი, პოზიტიური მშობლობა, ძალადობა, ინკლუზიური განათლება), ფილმის ჩვენება და განხილვა, შვილის პიროვნების აღმოჩენა; მხარდაჭერის გაწევის სტრატეგიები; შშმ პირთა უფლებები, მშობლებისა და შშმ შვილების ურთიერთობების განხილვა უფლებრივ ჭრილში, პრაქტიკული გამოცდილებებისა და ქეისები განხილვა; ძალადობა და შემთხვევის მართვა, მექანიზმები და სერვისები, სოციალური უფლებები, შემთხვევითი სწავლების მეთოდი.
პროექტში ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებიდან 30 ბენეფიციარი იყო ჩართული.
„რადგან მცირე პროექტი იყო, ვერ მოვიცავით სრულიად მთელი აჭარის მასშტაბი. ინკლუზიური განათლების ცენტრები არსებობს ქედაში და ქობულეთში, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ ორ მუნიციპალიტეტში ყოფილიყო ეს პროექტი“, – ამბობს ლანა სიხარულიძე.
საორსას ინფორმაციით, ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს სსსმ და შშმ პირების ირგვლივ, დასტურია იმისა, რომ პროექტი ნამდვილად საჭიროებს განვითარებას და საპილოტე რეჟიმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გაგრძელება.
„ვინაიდან მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია მივწვდეთ მეტ მშობელს, გავააქტიუროთ ისინი და მივცეთ ის ცოდნა, რომელიც დაეხმარებათ სამოქალაქოს სერვისების შესახებ თავად მოიძიონ ინფორმაცია, შეიმუშაონ ინიციატივები და იცოდნენ სამოქალაქო უფლებები“, – ამბობენ ორგანიზაციაში.
საორსაში პრობლემად ასახელებენ იმასაც, რომ ბევრ სსსმ და შშმ პირს არ აქვს სტატუსი, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, მოკლებული არიან ინფორმაციასა და შესაძლებლობებს.
„მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ სსსმ და შშმ პირების მშობლებსა და მასწავლებლებს სურთ სხვა მშობლების გაძლიერება და თანადგომა, რომელსაც სასწავლო პროცესების დიალოგის ფორმატში და განაცხადის ერთ-ერთ ველშიც აღნიშნავდნენ: სპეც. მასწავლებელი: ,,ვარ სერტიფიცირებული სპეც. მასწავლებელი და მაქვს სურვილი შევძლო მხარდაჭერის გაწევა, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის” მშობელი: ,,პირველ რიგში უკეთესად შევისწავლო ჩემი შვილის მდგომარეობა, რომ უკეთესად ვმართო პროცესი და შესაბამისად ეს ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო ახალბედა მშობლებს” მშობელი: ,,დავეხმარო ჩემს და სხვის ბავშვებს“, – ამბობენ ორგანიზაციაში.
ლანა სიხარულიძის თქმით, პროექტის ფარგლებში შემუშავდა პეტიცია პროექტში მონაწილე მშობლების მიერ, რათა ქობულეთსა და ქედაში არსებობდეს საკურორტო ვაუჩერები შშმ პირებისთვის.
სასწავლო პროგრამა დასრულდა, ახლა კი იწყება ოჯახების დონეზე გასვლით ღონისძიებები, სადაც ისაუბრებენ უფლებებსა და სერვისებზე. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, რადგანაც საორსამ შეწყვიტა თანამშრომლობა სამთავრობო უწყებებთან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ადვოკატირების ფორმა, რომელიც საჯარო დიალოგს ითვალისწინებდა, შეეცვალათ ადვოკატირების ალტერნატიული ფორმით.