იორამ ღუდუშაური ჩემი ბავშვობიდან მახსოვს. იყო ასეთი საყმაწვილო გაზეთი „ნორჩი ლენინელი“ (შემდგომში „ნერგი“) და ამ გაზეთში ლამის გავიზარდე, რადგან ყველა მისი თანამშრომელი ჩემი უფროსი მეგობარი და გულშემატკივარი იყო. მათგან ერთი, ქალბატონი მედეა ღუდუშაური, საოცრად სიყვარულიანი და თავისებური ადამიანი, ძველი და გამოცდილი ჟურნალისტი ბრძანდებოდა. თვითონ თბილისში დაბადებული და გაზრდილი ხანდახან მაინც მშობლიურ კილოზე, მოხეურად, მოუქცევდა ხოლმე. მაგალითად, არასოდეს დამავიწყდება, როგორ მემშვიდობებოდა, რედაქციიდან ყოველი შინ წამოსვლისას: „აბა, გზამც გიყვაოდეს, ბალღო!“
სწორედ მედეა ღუდუშაურთან გავიცანი ბატონი იორამიც. ისინი ალალი ბიძაშვილები იყვნენ და ქალბატონ მედეას გამორჩეულად უყვარდა. იმ დღეს, როცა უნდა მოსულიყო, მედიკო დეიდა დილიდან ადგილს ვეღარ პოულობდა ხოლმე. „იორამი უნდა მოვიდეს“ იტყოდა დილით და მერე იჯდა, წერდა და ელოდა, როდის შემოაღებდა კარს ახოვანი და საოცრად მიმზიდველი კაცი, რომელსაც ძირითადად მშობლიური ბიძაშვილისათვის სნოდან ახალ-ახალი ამბები და ყვავილები ან მცენარეთა ჩითილები ჩამოჰქონდა. წერდა არაჩვეულებრივ წერილებს სწორედ ბუნებისა და მცენარეების შესახებ და მერე ეს წერილები საყმაწვილო გაზეთში იბეჭდებოდა.
იორამ ღუდუშაური 1933 წლის 1 მაისს სწორედ ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა.
მამამისი ივანე ღუდუშაური 1937 წელს დაუპატიმრებიათ და გადაუსახლებიათ. დედა, ტასო კობაიძე კი, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის დედის, ნატო კობაიძის და იყო.
სნოს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ იორამ ღუდუშაურს მხოლოდ თელავის რაიონის სოფელ კისისხევის სამეურნეო სკოლა ჰქონდა დამთავრებული მეფუტკრეობის განხრით, მაგრამ ჩემი ბავშვობიდან ისე მახსოვს, რომ იშვიათად შემხვედრია მასზე ნაკითხი და შინაგანად განათლებული ადამიანი.
1960-66 წლებში მუშაობდა სოფელ სნოს კოლმეურნეობაში მეფუტკრედ, შემდეგ კი ელექტრიკოსად დარიალის ხეობაში.
მოგვიანებით კი ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმში ფონდების მცველად.
წერდა ლექსებს და ეს ლექსები, ძირითადად, იბეჭდებოდა გორის სალიტერატურო გამოცემებში „კლდეკარი“ და „ლიახვი“, რადგან ამ გამოცემათა რედაქტორი, დიდი ქართველი მწერალი ოთარ ჩხეიძე იორამ ღუდუშაურის ნიჭსა და ადამიანურ სიღრმეს განსაკუთრებულად აფასებდა.
დარჩა რამდენიმე პოეტური თუ პროზაული წიგნი: „კრებული“, „სამშობლო“, „ფარული ცეცხლი“.
თავისთვის, მთაში უჩუმრად და უხმაუროდ მოფუსფუსე კაცი, იმდენად თვალისმომჭრელი პიროვნება იყო, ისეთი საინტერესო ადამიანი, რომ მის შესახებ დოკუმენტური ფილმი „იორამიც“ კი გადაიღეს (რეჟისორი ელდარ მდინარაძე).
მცენარეების სიყვარულთან ერთად, იორამ ღუდუშაურს გამოარჩევდა ქართული ენის, კონკრეტულად კი თავისი მშობლიური მოხეური დიალექტის ფანატიკური სიყვარული; მეტყველებდა ამ დიალექტზე და ამიტომაც მასთან პირველი შეხვედრისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ალექსანდრე ყაზბეგის რომელიმე მოთხრობის გმირს ვესაუბრებოდი. მოვინუსხე მისი პიროვნებით და სამუდამოდ დამამახსოვრდა.
დეიდა მედიკომ კი მაშინ ისიც მითხრა: „ჩვენი იორამი, ბალღო, დიალექტურ სიტყვებსა და გამოთქმებს აგროვებს და თავისთვის ინახავს რვეულებშიო“.
მოგვიანებით ამ მასალით როსტომ ჩხეიძე დაინტერესდა და ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების ეგიდით შესანიშნავი წიგნი „მოხეურ სიტყვათა ლექსიკონიც“ დაუსტამბა.
ამ დღეებში 2011 წელს გამოცემული ეს პატარა წიგნი კიდევ ერთხელ მომხვდა ხელთ, წიგნების თაროების მოწესრიგებისას.
პატარა მხოლოდ თვალდათვალ, თორემ ასეთი წიგნების მნიშვნელობა ძალიან დიდია და რაც უფრო მეტი იქნება და ყველა კუთხიდან, მით უკეთესი.
მით უმეტეს, თუ წიგნს სულხან საბა ორბელიანის „სიტყვის კონის“ მადლიც გადასდებია და თითოეული სიტყვის განმარტება, როგორც კარგი, თავისთავადი ლექსი ისე იკითხება.
აი, თუნდაც აბა ეს ნახეთ: „ვედნობა მოსაწონი ამინდიანობა“ („როგორი კარგი ამინდი დაიჭირა, ვედნობაა, ვედნობა)“.
ან ეს: იაბიაი უღირსი არაფრად ჩასაგდები პიროვნება. „მც ნახირნახირაო, ემაზეა ნათქომი, ამ იაბიას ვინღა ავეზირებს, ნეტარა?!“
ასეთი პოეტური ნიმუშებით არის სავსე იორამ ღუდუშაურის ნაღვაწი, რომელიც პირადად ჩემთვის ქართული ენის მთის კილოების საველე შესწავლის ნამდვილ მარგალიტს წარმოადგენს.
მაგალითად, იცით, რას ნიშნავს „გელაგჟუაი“?
არა უშავს! არც მე ვიცოდი ის, რასაც იორამ ღუდუშაური ასე განგვიმარტავს: „მოზვრებისა და ძროხების ერთმანეთში არევ-დარევა და იქვე ამ სიტყვის ცოცხალ მეტყველებაში გამოყენების მაგალითსაც მოაყოლებს: „რამ აყარა საქონელი, რაი გელაგჟუაია?!“
ანდა რას ნიშნავს სიტყვა „ბეხება?“
ეს თურმე წყვდიადში უგზოუკვლოდ სიარულს ნიშნავს.
იქვეა მაგალითიც: დაღამდა, ნისლი დეგვეცა და სულ უგზოუკვლოდ ვებეხენით, ვიარენით“. აფსუსია, რომ ეს შესანიშნავი სიტყვა არ ვიცოდი, როცა ყურანს ვთარგმნიდი, თორემ იქ ერთი არაბული ზმნა იაყმაჰუნა, რომელიც მე აღწერილობითად ვთარგმნე, სწორედ ამ ბეხებას ნიშნავს.
თუმცა დიალექტიზმების ზომიერებად გამოყენებას გვირჩევს დახვეწილი გემოვნება, მაგრამ ისეც კი არ უნდა ვქნათ, რასაც ახლა ვაკეთებთ, რომ მწერლობას საერთოდ თავი აქვს მინებებული დიალექტების სერიოზული კვლევისა და შემოქმედებითი ათვისებისათვის და თუ მაინცდამიანც ამ დიალექტების მხოლოდ გარეგნული მახასიათებლებით (მეიტანა/წეიღო; გააქ? რავა? და ა. შ) იფარგლება.
ამას ანუ საქმის შეუფერებლად ცუდად კეთებას მოხევეები „ბგოლვას“ ეძახიან.
კიდევ ერთი რამ: ეს წიგნი კი მოხეური დიალექტის ლექსიკონია, მაგრამ ძალიან ცოტა სიტყვაა ისეთი, რომელიც ქართლში (თუნდაც ოდნავ სახეცვლილი) არ გამეგონა. ჩემი ბავშვობის ქართლის ლექსიკაც სხვა იყო და მერე დედა მყავდა ისეთი მოქართულე, რომლის მსგავსი მეტყველებაც, თამამად შემიძლია ვთქვა, შემდგომში აღარ მომისმენია. ანდაზებისა და ხატოვანი სიტყვა-თქმების ნამდვილი საგანძური იყო. ჩვეულებრივად არასოდეს არაფერს იტყოდა. ლოცვის, მოფერებისა და ამასთანავე წყევლა-კრულვის დიდოსტატი გახლდათ. მაგალითად, მახსოვს რაღაცაზე თუ ვიღაცაზე ამბობდა: „ისეთ დღეში ჩამაგდო, სულ ცეცხლის პერანგი ჩამაცვაო“. ანდა: „სული ისე შემეხუთა, ჯოჯოხეთის შიშთვილით გამომსკვანჩაო“. ან ასეთი ფორმა: „მოვიდა და მეწუწუნება, ახლა მაგასა ჰგონია, თავზე ხელს გადავუსვამ და მივუდედავებო“ (ანუ დედობას გავუწევო).
მოკლედ, ახლა აღარც დედაჩემია და ქართლშიც, საერთოდ, ის ქართული აღარ ისმის, მაშინ რომ ისმოდა.
ალბათ ასეთივე ვითარებაა ხევშიც, რადგან ბევრი ის სიტყვა, რომელიც იორამ ღუდუშაურის ლექსიკონში არის აღნუსხული, იქნებ, დღეს უკვე აღარც იქ იხმარება და ამდენად ამ წიგნის და (საერთოდ ასეთი წიგნების) მნიშვნელობა განუზომელია, დროთა განმავლობაში კი მათი ფასი კიდევ უფრო გამოკვეთება.
გარდა თავისთავადი, ლექსიკოლოგიური მნიშვნელობისა, იორამ ღუდუშაურის წიგნი იმითაც არის ფასეული, რომ ის აცოცხლებს საქართველოს მთიანეთის ტრადიციულ ყოფასაც, რადგან სიტყვებისათვის მნიშვნელოვანია კონტექსტი, მათ შორის ყოფითი თუ სოციალური კონტექსტები. აქ იგულისხმება ის ყველაფერი (ყველა ის მოვლენა, წეს-ჩვეულება თუ საგანი) რაც ამა თუ იმ მხრისათვის ან ეპოქისათვის იყო დამახასიათებელი, დროთა განმავლობაში კი გაქრა და, სიტყვებიც, რაც ამ მოვლენებსა თუ საგნებს აღნიშნავდა, ნელ-ნელა დაიკარგა. ზოგად მაგალითად შეიძლება საყოველთაოდ გავრცელებული ისეთი საგნები და მათი დასახელებებიც კი გამოგვადგეს, როგორიცაა: გუთანი, აპეური, ორომი.
იორამ ღუდუშაურის „მოხეურ სიტყვათა ლექსიკონში“ კი ამგვარ ვითარებას ძირითადად მწყემსვასთან, საქონლის მოვლასთან, სასაქონლო ტრადიციულ მრეწველობასთან დაკავშირებულ ლექსიკაში წავაწყდებით.
მაგალითად, არა მგონია, საგანგებო განმარტების გარეშე, დღეს ვინმემ გაიგოს, რას ნიშნავს სიტყვა: დაწილდავება“, რომელიც თურმე „გარკვეული წესის შესაბამისად, გარკვეულ დრომდე, მეცხვარისათვის გარკვეული რაოდენობის ცხვრის მიბარება“ ყოფილა, „რომლის ნაწილსაც, შეთანხმებისამებრ, მწყემსი იღებდა, ნაწილი კი პატრონსვე უბრუნდებოდა (ვასუასთან დავაწილდავე ცხორანი და არ ვიცი კი, ბოლოს როგორ წოგივა საქმე)“.
ანდა: კიდუაი, რომელიც თურმე უბატკნო, მეწველ ცხვარსა ჰქვია („ემ დილით კიდუები გამოვარჩიე და დავწველე“).
ანდა: ბაჭკო „ველად სათევი ტყავნაბადი მწყემესებისა (ბაჭკო კარგა დაგულე, რო არ დოგვისველდეს, რო ხედავ, იღრუბლება“).
ან კიდევ: ბენჩაი, რაც უზომოდ გამძღარ-გაბერილი საქონელი ყოფილა და ადამიანზედაც იტყვიან: „ზუ ისრი გაიბენჩაო, მხრებჩი ვერ გაიჩეჩაო“.
სხვათა შორის, აქ ისევ ჩემი პროფესიული პარალელი წამომიტივტივდა.
სპეციალურ ლიტერატურაში არაერთგან შეუნიშნავთ, რომ არაბული სინონიმებით მდიდარი ენაა, თუმცა ეს სინონიმები, ძირითადად, ისეთ საგნებსა და მოვლენებს ასახავს, რაც ტრადიციულ არაბულ (ბედუინურ) ყოფას ახასიათებდა. მაგალითად, არაბულში უდაბნოს ათეულობით, ხოლო აქლემს ლამის ასეულობით სიტყვა აღნიშნავს.
რა თქმა უნდა, ეს სინონიმები არასოდეს არ არის აბსოლუტურად იდენტური და თითოეული სიტყვა რაღაც სპეციფიკურ ნიუანსს ანდა ერთი და იმავე საგნის რამე განსაკუთრებულ ნიშან-თვისებას გამოხატავს. მაგალითად, მამალ აქლემს კლასიკური არაბული ერთი სიტყვით აღნიშნავდა, დედალ აქლემს სხვა სიტყვით; აქლემს, რომელსაც მხოლოდ ერთი კოზაკი ჰყავდა მოგებული, მესამე სიტყვით; აქლემს, რომელსაც ცალი ყური ჰქონდა დადრეკილი მეოთხეთი და ასე უსასრულოდ.
უცხოელისათვის, რომელიც არაბულ ენას წიგნებიდან სწავლობს, ეს ვითარება კურიოზულად გამოიყურება და ასეთი დეტალიზება ღიმილის მომგვრელია, ერთი-ორ სერიოზულ მეცნიერთან ისიც კი წამიკითხავს, რომ გარკვეული ყოფითი ლექსიკის სინონიმთა სიუხვე ენისა და მისი მშობელი ხალხის პრიმიტიულობაზე მიგვანიშნებსო, მაგრამ ასეთ ქედმაღლურ დამოკიდებულებას ვერასოდეს ვიზიარებდი, რადგან პრიმიტიულობაზე ყოველთვის ენობრივი სიმწირე მიანიშნებს, ლექსიკური სიმდიდრე კი სწორედ საპირისპიროს მაჩვენებელია.
ისევე, როგორც ჩვენი ენობრივი სიმდიდრეა ქართული ენის მრავალფეროვანი დიალექტები და მათში ასახული ჩვენი ქვეყნის ამა თუ იმ კუთხის სინამდვილე, მათთვის დამახასიათებელი სპეციფიკა, მრეწველობის უფრო მეტად განვითარებული დარგები, ნაირფეროვანი ფლორა და ფაუნა და მათთან ამ კუთხეების მკვიდრთა დამოკიდებულება. სხვათა შორის, იორამ ღუდუშაურის ლექსიკონი ძვირფასი მასალაა ქართული ზოონიმებისა და ფიტონიმების კორპუსის შესასწავლად და საკვლევადაც. მაგალითად, ხევში ერთი-ორი თვის ძუძუთა ხბოსაც კი თავისი სახელი, მზორაი, ჰქონია, ცხოველს, რომელიც არ სუქდება, თავისი სახელი: ალხი და იქვე ავტორის მითითებული აქვს, რომ გადატანით ამას ადამიანზეც ამბობენ ხოლმეო. საილუსტრაციოდ კი ასეთი დიალოგი მოჰყავს: „როგორი გამხდარი ცხენი გყავ, სტეფანე? მე კი მსუქანი ვარ? ალხია, არ სუქდება!“.
გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რა მცენარეა „სასხეპიაი“, რომელიც როგორც იორამ ღუდუშაური განგვიმარტავს: „გემრიელი სამწინელ მცენარეა, ძირი ბოლქვიანი აქვს (ისიც გემრიელი) და ფხოლი ჰქვია.
ან: შირშაი, რომელიც თურმე დაბალი ნახევრად ხემცენარეა და ცხოველებმა თუ შეჭამეს, კუჭი ეშლებათ: შირშაიანი თივა საქონელს არ დაუყარა, თორო სუ თხაფთხაფით ივლიან“.
ან: ღორის ნაწყლაი, მცენარე, რომელსაც ღორები ეტანებიან საჭმელადა.
ან: „სადღობელაი, რომელიც ერთიანად მრგვალი იზრდება (დათვის ქაჩაჩაი). „ადრე, სადღობელას სოკოს რო სადმე შავხვდებოდით მწყემსები, ერთურთს ვსემდითკე, თურმე ერბოჩი შამწორი ძრიალ გემრიალი ყოფილა“.
ანდა: შალანი, იგივე პატარძალა, რომელიც თურმე ნაირნაირად მოყვავილე მცენარეა და მსუქან ადგილებში იზრდება. „შალანი გვიან შემოდგომამდი ყვავილობს და ფუტკარიც ეხვევა გაუვალადა“.
და იქვე მოსდევს კიდევ ერთი სიტყვა, რომლის განმარტებაც ჩემთვის უმაღლესი პოეზიის ნიმუშია:
შალარი აყვირებული ბალახი.
საოცრება არ არის?
„აყვირებული ბალახი“ ყველაზე კარგად გადმოსცემს გაზაფხულზე მოძალებული, მიწიდან თითქოს გულისხეთქებით ამომსკდარი მცენარეების ლივლივს.
სამწუხაროდ, ამ მცენარეების განმარტებისას, იორამ ღუდუშაურის ლექსიკონში მათი სალიტერატურო სახელწოდება ან თუნდაც ლათინური დასახელება მითითებული არ არის, შესაძლებელია, იმის გამო, რომ ეს ენდემური ჯიშებია და საქართველოში სხვაგან არსად ხარობს. თუ ასეა, მით უფრო დასაფასებელია მათი ადგილობრივი სახელწოდებები.
ცალკეა გამოსაყოფი ლექსიკა, რომელიც ადათებთან, მთაში და, კონკრეტულად, ხევში გავრცელებულ საყოფაცხოვრებო რიტუალებთან არის დაკავშირებული.
მაგალითად: საფენშაკმაზვა, რაც სამგლოვიაროდ ცხენის მორთვაშეკმაზვა ყოფილა.
ამ განმარტებას კი წიგნში მოსდევს შემდეგი ჩანაწერი: „შაკმაზული ცხენი მამაკაც მიცვალებულის დასაფლავებისას ხმით მატირლებს უნდა მიეყვანა. ხმით მატირალი გაავლებდა მარცხენას ხელს აღვირჩი ცხენსა, მარცხენაი ხელით კი თოფს დაეყრდნობოდა და თუკი ვისმე ერისთვის სასიკეთო საქმე ჰქონდა როდისმე გაკეთებული, იმათ იხსენიებდა და თან მიცვალებულს იმას ადარებდა, „შასადარო იმისაო“. ცხენზე გადაფარებული თალხი ფერის ქსოვილი კი ხმით მატირლებს რჩებოდა“.
ანდა: ჩილინგი თოფის სროლა სისხლის აღების ნიშნად. „ეამ დილით კორამ ჩილინგით აუწყ სოფელსა, რო სისხლი ავიღეო“.
ან „საიწლოოდ წასვლა“, რასაც თურმე ახალმოყვანილი პატარძლის რამდენიმე კვირით წასვლას ეძახიან მამისეულ სახლში: „როგორას გყავთ პატარძალი? აღარა ვიცი, რა, ეს მეორე კვირაა საიწლოოდ არის წასული“.
სხვათა შორის, ქართლში იმავე ჩვეულებას „ფეხის ბრუნებას“ უწოდებენ.
ასევე უაღრესად საინტერესოა ადამიანის შინაგან თვისებათა თუ გარეგნულ მახასიათებელთა აღმნიშვნელი ლექსიკა, რომელზეც დაკვირვებამაც შესაძლოა ფასდაუდებელი ინფორმაცია მოგვცეს საქართველოს მთიანეთის მკვიდრთა ესთეტიკურ თუ მორალურეთიკურ პრინციპებზე.
ამასთანავე, ამ ლექსიკური ერთეულების გააქტიურებამ და სალიტერატურო ენის სივრცეებში შემოტანამ ენის გამომსახველობითი და შინაარსობრივი დონეები კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოს.
მაგალითად: ფარდაახდილად ცუდი ქცევის კაცს თურმე „საკაშკარიოს“ ეძახიან, „სადაგდიაი“ კი უღირსი პიროვნება ყოფილა, რომელსაც არავინ არაფრად აგდებს. „ეგ სადაგდიაი კი, სადაც უნდა ეგდას. მაგისთავს ეგრეა: გინდ აქ იყავ, ტეტიავ, გინდ ბურახულ ტყეჩიაო“ ასეთი ფრაზით გაამყარებს იორამ ღუდუშაური ამ სიტყვის განმარტებას, თუმცა, ძალიან სამწუხაროა, რომ სათანადო ადგილას არა აქვს ახსნილი სიტყვა „ბურახული“, რომ გაგვეგო, ბურახულ ტყეს როგორ ტყეს ეძახიან ხევში. თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „დაბურულს“.
„ოზდანი“ თავმოუვლელი ყოფილა (შეხედეთ, შეხედეთ ახალგაზრდა კაცია და როგორი ოზდანი დადის!“) , „ოღრიალი“ გაცრუებული, იმედდაკარგული (რაზერა გაგანებს გუჯიაი?! არ იცოდა, რო კამუნისტები ოღრიალს დააგდებდეს?!) „პირყავლი“ უწმაწური მესიტყვე („აბა, რას სთხაფათხუფობ?! როგორი პირყავლისა ხარ, შე უბედურო!“), ქორცოლიობა სხვადახვა ხრიკით საქმისათვის თავის არიდება („იმთავით ამთავამდე ამან კი ვერ მოიშალა ეს ქორცოლიობა), ყარწიკი გაძვალტყავებული და თანაც მაღალი ტანის ადამიანი ყოფილა; თავისწვერაი თავნება, თავისგუნება; თავტალიკი მეტისმეტად თავდაჯერებული; თავანკარაი თავმოხელებული, პირველობისათვის მებრძოლი; ბაღირი ჭრელთვალა და თანაც ელამი ადამიანს, ბრიხი კი მხოლოდ ელამს რქმევია.
მაგალითების მოტანა კიდევ უხვად შეიძლება. დამეთანხმებით, როგორი სიმდიდრეა ეს ლექსიკა, როგორი მოსაფრთხილებელი და რაც მთავარია, შემოქმედებითად ასათვისებელი. მით უმეტეს, რომ თუკი ოდესმე ქართული დიალექტების ისეთი შედარებითი ლექსიკონი გვექნება, სადაც შესწავლილი და მითითებული გვექნება რომელი ლექსიკური ერთეული რამდენ და კონკრეტულად რომელ დიალექტებში გამოიყენება, ეს სალიტერატურო ენის განვითარებას კიდევ უფრო მეტად წაადგება.
მაგალითად, იორამ ღუდუშაურის ლექსიკონში არის ასეთი ერთეულიც: ბალბაწუაი „ძალიან თხელი, დაცრეცილი ქსოვილი“. და ამან გამახსენა სიტყვა, რომელიც ბავშვობის მერე აღარასოდეს მსმენია და რომელსაც ბებიაჩემი (ქართლელი ქალი) იყენებდა ხოლმე თავისი ერთი შალის „ბეჭი შალის“ აღსანიშნავად: „ბალბაწო შალი“, რომელიც სხვებთან შედარებით თხლად და უფრო ფაქიზად ნაქსოვი იყო.
დიალექტური სიტყვა-თქმების დამუშავებაზე ამ პატარა წერილში ამდენს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ჩვენს მწერლობას დღეს ეს საქმე, ფაქტობრივად, ბედის ანაბარა აქვს მიგდებული. წინა თაობისაგან განსხვავებით, ახლა ჩვენი მწერლები თითქოს საერთოდ გულგრილნი არიან ამ ბუნებრივი სიმდიდრისადმი, რომელიც სწორედ ჩვენი გულგრილობის გამო ნელ-ნელა ხელიდან გვეცლება და დავიწყების მტვერი ეფარება.
არადა, ვინ იცის, რამდენი სიტყვა გადაგვირჩინა, ვთქვათ, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძისა თუ წინა ასწლეულის ქართველ კლასიკოსთა შესაშურმა თავგამოდებამ.
რა თქმა უნდა, ყოველი ახალი სიტყვის სალიტერატურო ენის მიმოქცევაში შემოტანა ერთგვარი რისკია: ზოგი გაამართლებს, თუ ზოგ სიტყვას გაუმართლებს და დამკვიდრდება, ზოგიც ფეხს ვერაფრით მოიკიდებს, მაგრამ ვფიქრობ, ცდა ყველა შემთხვევაში ღირს და, თუ ეს ცდა გემოვნებასა და სიფრთხილეს დაეყრდნო, მაშინ შედეგიც უსათუოდ სასურველი იქნება.
იორამ ღუდუშაურის უნიკალურ წიგნზე ლაპარაკი კი მინდა „მოხეურ სიტყვათა ლექსიკონის“ რედაქტორის როსტომ ჩხეიძის შესანიშნავ ესეიზე საუბრით დავასრულო.
ეს წერილი, წიგნს ბოლოთქმად რომ ერთვის, იორამ ღუდუშაურის შთამბეჭდავ და მრავალმხრივად საინტერესო პორტრეტს გვიხატავს.
როსტომ ჩხეიძე ჰყვება, ხევში, იორამ ღუდუშაურთან სტუმრობისას, როგორ შეახტა გულზე მასპინძლის ეზოში შესულს იორამის მოშინაურებული მგელი. სამტროდ და რამის დასაშავებლად კი არა, მისალაქუცებლად, მისახაფიფებლად.
„რაღა მეო?!“ ჰკვირობს ჩვენი შესანიშნავი მწერალი, თუმცა უფრო ის გაჰკვირვებია, იორამმა მგელი როგორ მოიშინაურა: აკი ხალხური ლექსიც კი იმას გვასწავლის: „სამი რამ არ გაიწურთნების: მგელი, არწივი, კაი ყმაო“. და ფიქრობს: „ნეტავ ეს მგელი გამოდგა ასეთი თუ ამის მერე სულ ასე იქნება? ამასაც რომ უეცრად ძველმა ზნემ მოუაროს?.. ჯერ მხოლოდ არ მეშვება, ფეხებთან წამომიგორდა, ისევ წამოიტოტა. აგერ თხაც მოკიკინებს, ცხვარი უფრო დინჯად მიახლოვდება, გარშემო მიტრიალებენ და ისინიც მაწყდებიან“.
ამასობაში მკითხველი, რომელსაც ეს უაღრესად შთამბეჭდავი სურათი მონუსხავს და თავისი ემოციის სიღრმისკენ ეწევა, იმასაც ხვდება, რომ როსტომ ჩხეიძეს, რეალურად, მიწიერი სამოთხის სურათი აქვს აღწერილი: სივრცე, სადაც თხა და მგელი ერთად სძოვენ და ერთმანეთს არ ერჩიან.
ეს იორამ ღუდუშაურის სამოთხეა, რომელსაც როსტომ ჩხეიძე „მინდიას სულის ანათალს უწოდებს.
ამ სამოთხეში ყველანი თავანკარა, უაღრესად პოეტურ მოხეურ დიალექტზე მეტყველებენ….