ირინე ქურდაძე: „გამოხატვის თავისუფლების რეალიზების გარეშე ჩვენი სხვა უფლებების დაცვა შეუძლებელი იქნება“ 

პუბლიკა

ავტორი: მარიამ გერსამია

რა უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი უფლებები უფრო მეტად იყოს დაცული? 

გამოხატვის თავისუფლებაზე და მის მიმართებაზე სხვა უფლებებთან, საერთაშორისო სტანდარტებზე, სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და სხვა აქტუალურ თემებზე ვსაუბრობთ თსუის პროფესორთან, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორთან, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელთან ირინე ქურდაძესთან.

როდესაც გვესმისგამოხატვის თავისუფლება“, ყველა ვგულისხმობთ საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების უფლებას, თუმცა არსებობს სამართლებრივი გაგებაც, მათ შორის საერთაშორისო სამართლის მიერ დადგენილი კრიტერიუმები. რას მოიცავს ამ კუთხით გამოხატვის თავისუფლება?

ზოგადად, სიტყვა განსაკუთრებულ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენც ხშირადგამოხატვის თავისუფლებისნაცვლად ვხმარობთ ტერმინსსიტყვის თავისუფლება“. ეს უბრალო დამთხვევა არაა. ბუნებრივია, ჩვენი აზრის გამოხატვა უმნიშვნელოვანესია და ეს ყველა ეპოქაში სხვადასხვა დოზით იყო დაცული. თუმცა, თანამედროვე საზოგადოებაში თითქმის ვერ ნახავთ მწერალს, საზოგადო მოღვაწეს, ფილოსოფოსს, მეცნიერს, რომელიც არ შეხებია, ან არ დაუფიქსირებია საკუთარი აზრი იმაზე, თუ რას ნიშნავს სიტყვის თავისუფლება. თუმცა, ყველას ერთი რამ აერთიანებს: გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უმნიშვნელოვანესი უფლებაა. ეს ხდება არა იმიტომ, რომ სხვა უფლებები ნაკლებ მნიშვნელოვანია, არამედ იმიტომ, რომ ამ უფლების რეალიზების გარეშე რთული იქნება სხვა უფლებებით სარგებლობა. 

გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება, მას აქვს მრავალი შრე და მასზეც შეიძლება გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. რაც შეეხება საერთაშორისო სამართლის სისტემას, ის ასახავს კაცობრიობის მიერ შემუშავებულ იმ ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებს, რომლებიც მოცემული მომენტისთვის უკვე არსებობს და სწორედ აქედან დგება ეს სტანდარტიც. 

საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი დოკუმენტი ფორმულირებას, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების უფლების განმარტებას, რამდენიმე წინადადებით ახერხებს, თუმცა ამას მოსდევს ის, თუ როგორ მოქმედებს უფლებები ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში. საერთაშორისო სამართალი იმისთვისაც არის საჭირო, რომ მის სტანდარტებთან ეროვნული სამართლის შედარება მოხდეს. 

საბჭოთა სისტემაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამ ძალიან დააზარალა ადამიანის განვითარება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს შეზღუდვა მოიხსნა თუმცა, ამ უფლების გააზრება ხომ მარტივი პროცესი არ არის. თქვენი აზრით, რა პროცესებია საჭირო იმისთვის, რომ მოქალაქემ კარგად გაიაზროს მისი ეს ფუნდამენტური უფლება.

იმ ქვეყნებს, რომლებიც რეალურად იძულებით მოხვდნენ საბჭოთა სისტემაში, ნამდვილად ბევრი აქვთ სამუშაო, არამარტო გამოხატვის თავისუფლების მხრივ. საკანონმდებლო ცვლილებები უმნიშვნელოვანესია. მეორე საკითხია, როგორ ხდება მათი შესრულება და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება. ეს მნიშვნელოვანია, რათა სწორად მოხდეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინფორმირება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. 

საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ გამოხატვის თავისუფლებასაც მოჰყვება გარკვეული პასუხისმგებლობა. აქაც გარკვეული ნორმებია დასაცავი. სხვა საკითხია, რა შეიძლება და უნდა მოვთხოვოთ სახელმწიფოს? მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გამოხატვის თავისუფლება დაირღვა და სახელმწიფო დონეზე ვერ მოვახერხეთ თავის დაცვა, რა ინსტრუმენტები გვაქვს იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი უფლებები. 

საქართველოში ყველაზე პოპულარული საერთაშორისო  სამართლებრივი მექანიზმი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოა და ეს ნამდვილად ერთერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის სასამართლო, რომელიც ანაცვლებს ეროვნულ სასამართლო სისტემას (არცერთი საერთაშორისო სასამართლო არ არის ზოგადად ეროვნული სასამართლოს ჩამნაცვლებელი). ჩვენი ამოცანაა, ეროვნული სასამართლო სისტემა იყოს მოწესრიგებული, მივმართოთ მას, როდესაც გვჭირდება და გამოვიყენოთ საერთაშორისო სამართლის მექანიზმებიც, როდესაც ეროვნულ სასამართლოს არ შეუძლია დაცვა. თავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ბევრჯერ გაუსვამს ხაზი იმაზე, რომ მათი კომპეტენციაა, იყოს დამატებითი მექანიზმი. 

თქვენ ახსენეთ, რომ გამოხატვის თავისუფლება ეს არ არის აბსოლუტური უფლება. ანუ, არსებობს გარკვეული პირობები, როცა ის უნდა შეიზღუდოს?

სანამ შეზღუდვებზე გადავალთ, მოდით, აღვნიშნოთ, რატომ არის ასეთი განსაკუთრებული გამოხატვის თავისუფლება. ჯონ სტუარტ მილის სიტყვების პერიფრაზი რომ გამოვიყენო, ის ამბობდა, რომ გამოხატვის თავისუფლება გვაძლევს საშუალებას, რომ ახალი იდეები განვავითაროთ. ანუ, ეს პროცესი პირდაპირ კავშირშია საზოგადოების განვითარებასთან. მართალია, ადამიანის განვითარებას ვერცერთი ტოტალიტარული სისტემა ვერ შეზღუდავს, მაგრამ საბჭოთა სისტემა იყო ისე მოწყობილი, რომ გამოხატვის თავისუფლებას ახშობდა და ისევ ის დრო რომ არ დაგვიდგეს, ამიტომაა მნიშვნელოვანი ამ უფლების განსაკუთრებით დაცვა. 

საერთაშორისო სამართალი გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით სამ ელემენტზე ამახვილებს განსაკუთრებულ ყურადღებას. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს რაღაც იდეა და ამაში ვერცერთი სახელმწიფო ვერ ჩაერევა. მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის მოძიება შევძლოთ და შეგვეძლოს ინფორმაციის გავრცელება. აი, ამ ელემენტებზეა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული. თუმცა, გარკვეულ შემთხვევაში, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, არსებობს შეზღუდვები და საერთაშორისო სამართალიც გვეუბნება, რომ სახელმწიფოს შეუძლია დააწესოს ეს შეზღუდვები. ეს შეზღუდვები აუცილებელია, გაწერილი იყოს კანონით და რიგით მოქალაქეს უნდა ესმოდეს – რატომ, რა შემთხვევაში და რისთვის ზღუდავს სახელმწიფო ამ უფლებას. რაც მთავარია, აუცილებელია, რომ ეს შეზღუდვები (არსებობის შემთხვევაში) ლეგიტიმური იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს მიზნებისთვის, ისევ იმიტომ, რომ გამოხატვის თავისუფლების დონე განსაზღვრავს რამდენად დემოკრატიულია სახელმწიფოს განვითარება. შეზღუდვებთან ასევე ყურადსაღებია, გავითვალისწინოთ, რა ხდება სხვა პირთან მიმართებით. ეხება თუ არა ეს სხვა ადამიანის ღირსებას, თუმცა აქაც სტანდარტი არაერთგვაროვანია. მოგეხსენებათ საჯარო პირებს თმენის ვალდებულება უფრო მეტი აქვთ, რადგანაც ეს ის ჯგუფია, რომელიც ყველაზე მეტ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე და თმენის ვალდებულებაც სწორედ ამიტომ მეტი აქვთ.

გამოდის, რომ უფლებათა კონფლიქტი შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, საინტერესოა რწმენის და რელიგიის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების ურთიერთმიმართება. შეიძლება თუ არა, ერთმა განაპირობოს მეორის შეზღუდვა თუ არის რაიმე იერარქია ამ უფლებებში, ან თუ შეიძლება საერთაშორისო სტანდარტით რომელიმეს მიენიჭოს მეტი მნიშვნელობა?

ამ უფლებებსთაობებადვყოფთ, მაგრამ რთულია, სასწორზე დადო უფლებები და თქვა რომელი უფრო მნიშვნელოვანია. საერთაშორისო სამართალში გვაქვს  უფლებათა ბლოკი“, რომელიც განაპირობებს დანარჩენი უფლებების ხარისხს. ბუნებრივია, გამოხატვის თავისუფლება უკავშირდება დანარჩენ უფლებებს. აი, თქვენ ახსენეთ რელიგიის თავისუფლება. თუმცა, ეს შეიძლება იყოს პირადი ცხოვრების უფლებაც ან სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლება. გააჩნია კონტექსტს და გარემოებას. სამართალი არ არის სტაგნაციური, ის ვითარდება. 

გარკვეული უფლებები ერთმანეთთან ბმაშია და ისინი ერთმანეთიდან გამომდინარეობს. მაგალითად, საფრანგეთის შემთხვევაში, თუკი გავიხსენებთ საყოველთაო სამწუხარო ეპიზოდსშარლი ებდოსთანდაკავშირებით, უნდა გვახსოვდეს ისიც, რა დამოკიდებულებაა ამ ქვეყანაში კარიკატურების მიმართ. მაგალითად, საბჭოთა კავშირში აკრძალულ ბიბლიასთან ჩემი პირველი შეხება, სწორედ ფრანგული კარიკატურებით მოხდა და საბჭოთა კავშირში, სადაც ბიბლიაზე წვდომა შეზღუდული იყო, ეს პირადად ჩემთვის, გახდა გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომის რესურსი. თუმცა, ამ მაგალითთან მიმართებაში არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ რაც არ უნდა მიუღებელი და თუნდაც შეურაცხმყოფელი იყოს სხვისი აზრი, ამისათვის არის სამართლებრივი მექანიზმები და სასამართლო ინსტრუმენტი, რომ დავადგინოთ, სინამდვილეში რას ჰქონდა ადგილი. ზოგადად გამოხატვის თავისუფლება, შეიძლება ითქვას, უშვებს უხეში გამონათქვამების თავისუფლებასაც. მაგალითად, ერთერთმა ისლანდიელმა ჟურნალისტმა საკმაოდ უხეში ფორმით გააპროტესტა სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმა, რომელიც ეხებოდა პოლიციურ სისტემას და შემდეგ მას წარედგინა ბრალი. ამის შემდეგ, სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა მეათე მუხლის დარღვევა. 

ჩვენთან ძალიან ხშირად ახსენებენ ევროპული ქვეყნების სტანდარტს, სადაც გარკვეული დოზით ხდება რეგულირება და განსაზღვრება, თუ რა არის სიძულვილის ენა და როგორ შეიძლება ის კანონით იყოს დარეგულირებული. ნიშნავს თუ არა ეს, რომ გარკვეული რეგულაციის საქართველოში გადმოტანას ექნება რაიმე თუნდაც მსგავსი ეფექტი, რაც ევროპის ქვეყნებშია? 

სიძულვილის ენა ძალიან კომპლექსური საკითხია. ზოგადად და მისი განსაზღვრება არ შეიძლება მხოლოდ ვერბალურად. მისი გამოხატვა შეიძლება როგორც ვერბალურად, ასევე არავერბალურად, მიმიკებით, ემოციებით და სხვა,  კონტექსტს აქაც მნიშვნელობა აქვს. ერთი და იმავე წინადადების სხვადასხვა ტონალობაში წარმოთქმაც კი განსაზღვრავს, არის თუ არა ის სიძულვილის ენის შემცველი. 

სიძულვილის ენის საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს არა მარტო ევროსაბჭო, არამედ ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციებს გამოცემული აქვთ სპეციალური დოკუმენტები. სიძულვილის ენას სამართლებრივი დეფინიცია არ აქვს, თუმცა შეგვიძლია გარკვეული ნიშანთვისებებით შევაფასოთ, ჰქონდა თუ არა ადგილი სიძულვილის ენას.  ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ასეთი ენის შინაარსი არის საეჭვო, ურთიერთწინააღმდეგობრივი და როგორც წესი, სიმართლეს არ შეესაბამება. მიმართულია თუ არა რომელიმე ჯგუფის წარმომადგენლის მიმართ, რომელიც განსხვავდება  შენგანდა ესშენგანხომ არ არის დომინანტი და უმრავლესობა. სიძულვილის ენის გამოყენების მიზანი არის დამცირება, შეურაცხყოფა ამ ჯგუფის წარმომადგენლის. რიგ შემთხვევაში, ეს შეიძლება უნებლიედ მოხდეს, რასაც კვლავ ცნობიერების ამაღლებასთან მივყავართ. მეტი უნდა ვიცოდეთ, რა არის დამაკნინებელი უმცირესობათა ჯგუფებისთვის. 

ამ პროცესში ტერმინებიც ფორმირდება, იცვლის კონტექსტს, იმიტომ, რომ ის ტერმინები, რაც დღეს დაუშვებლად მიიჩნევა, ადრე შესაძლოა ლიტერატურულ ტერმინებადაც გამოეყენებინათ. უბრალოდ რაღაც მოვლენების შემდეგ, ამ სიტყვებმა ნეგატიური კონოტაცია შეიძინა. თუმცა, არის ტერმინები, რომლებიც მორალური თვალსაზრისით (შეიძლება არა საკანონმდებლო დონეზე) ყოველთვის იყო მიუღებელი. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიძულვილის ენასთან მიმართებაში, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლების სურვილი, რომ  გარკვეული რეგულაციები შემოიღონ სიძულვილის ენასთან დაკავშირებით. პირადად ჩემი აზრი, ამასთან დაკავშირებით უარყოფითია, რადგან ჩვენი წარსულიც გვაჩვენებს, რომ ამ უფლების ბოროტად გამოყენება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ სიძულვილის ენის ხარისხს, რადგან სიძულვილის ენა პროვოცირებას უკეთებს სიძულვილის დონეზე ჩადენილ დანაშაულს (ქმედებას – უკვე სისხლის სამართლის დანაშაულს). ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ პრევენციული ღონისძიების მეშვეობით ჩვენ ამ ეტაპამდე არ მივიდეთ. 

ერთი საკითხია, რომ ადამიანი ვითარდება თავისი უფლებების გააზრების კონტექსტში და მეორეა, მედიის როლი, რომელიც ცნობიერების ამაღლებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რა მნიშვნელობა ენიჭება მედიას გამოხატვის თავისუფლების, როგორც ფუნდამენტური უფლების დაცვაში. არის თუ არა მედიის შეზღუდვა ამ ფუნდამენტური უფლების შეზღუდვაც?

მედია ისევე ახალგაზრდაა, როგორც ჩვენი საზოგადოება და მან გარკვეული ეტაპები გაიარა, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებზეც საფიქრალიც და სამუშაოც ბევრია. გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრისას აღვნიშნე, რომ ორი კომპონენტია მნიშვნელოვანი: ინფორმაციის მოძიება და  გავრცელება. რა თქმა უნდა, ორივე მიმართებაში მედია გადამწყვეტ როლს თამაშობს და მედიას აქვს ამის რესურსი. მედიას აქვს უფლება არ გასცეს წყაროს ვინაობა და კონფიდენციალურად დატოვოს ის და მეორეა, გავრცელების მომენტიინფორმაცია დროულად უნდა მივიდეს საზოგადოებამდე. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ინტერესიც არსებობს, რომ მე როგორც ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია მოვიპოვო. 

აქ გარკვეული შეზღუდვების ნაწილი მედიაზეც ვრცელდება. მაგალითად, როდესაც საქმე სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება. ტექნოლოგიურმა განვითარებამ კიდევ ახალი თემები წამოწია წინა პლანზე, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება ინტერნეტსივრცეში და ეს კიდევ ცალკე თემაა. ინტერნეტსივრცეში აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები უკვე განხილულია, ანუ ამის პრეცედენტი არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. იყო მსჯელობა იმაზე, შეუძლია თუ არა სახელმწიფოს, დააწესოს შეზღუდვები ან აკრძალვები,; რამდენად სწორია, შეეზღუდოთ მოქალაქეებს გარკვეულ აპლიკაციებთან წვდომა  და სახელმწიფომ ცალსახად თქვა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები არ უწყობს ხელს სახელმწიფოს დემოკრატიზაციის პროცესს. ასევე, თუ სახელმწიფო რაიმე ქმედებას თვლის საფრთხის შემცველად, ეს წინასწარ უნდა იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი. ანუ, მანამ, სანამ ამ აკრძალვას შემოიღებს. 

ჩვენთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთგვარი პანაცეაა, მაგრამ ეროვნულ დონეზე, რა მიმართულებით უნდა იმუშაოს ყველაზე მეტად მედიამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, და, რაც მთავარია, სახელმწიფომ იმისთვის, რომ ჩვენი უფლებები უნდა იყოს დაცული?

სამუშაო ადგილობრივ დონეზე ბევრი გვაქვს. აქ მნიშვნელოვანი კითხვაა: ჩვენი წევრობა საერთაშორისო სამართლებრივ სისტემაში, ჩვენი მზაობა, რომ ვიყოთ ამ თანამეგობრობის წევრი, რითაა განპირობებული?  და პასუხია, რომ ეს სისტემა გვეხმარება, რომ ჩვენთ თავად შევძლოთ გაზრდა, განვითარება. დემოკრატიაც გვჭირდება იმაში, რომ ჩვენი უფლებები ყოველდღიურობაში იყოს დაცული და გვქონდეს ნაკლები, მათ შორის, სამართლებრივი პრობლემა. ევროპული სასამართლო არ უნდა იყოს პანაცეა. ჩვენი საზოგადოება თავად უნდა შეთანხმდეს უფლებებზე და წესებზე, ხოლო როდესაც ვერ ხდება შეთანხმება, სწორედ მაშინ გვჭირდება საერთაშორისო მექანიზმები. 

ასევე, არის საკითხები, მაგალითად, პირთა ჯგუფთან დაკავშირებით, როდესაც შეიძლება ბევრად უფრო ეფექტური იყოს სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება. ერთერთ მნიშვნელოვან მექანიზმს, გარდა სტრასბურგის სასამართლოსა, წარმოადგენს, ე.წ სახელშეკრულებო ორგანოები. მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის კონკრეტული საერთაშორისო დოკუმენტები, რომლითაც გაწერილია, რა ტიპის უფლებები არსებობს და მათ გააჩნია შესაბამისი სტრუქტურა. მათ აქვთ იმის რესურსი, რომ ჩვენი, ინდივიდუალური განაცხადი განიხილონ.

რუსეთუკრაინის ომმა ,შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის სისტემიდანამოაგდო“. თქვენთვის, როგორც საერთაშორისო სამართლის ექსპერტისთვის რა შეცვალა რუსეთის ამ ბარბაროსულმა ქმედებამ? 

ეს საკითხიც ძალიან სიღრმისეულია და აქაც მნიშვნელოვანია, რა როლი ითამაშა მედიამ. სამწუხაროდ, 2008 წელს და კიდევ უფრო ადრე, საერთაშორისო სისტემას სათანადო რაოდენობის ინფორმაცია არ ჰქონდა. ჩვენ უკვე ვიცით, რის გამკეთებელია რუსეთი და  ვიცით რუსეთი ბოლო წლების განმავლობაში სადაც მივიდა, არ მომხდარა ერთ დღეში. მათ შორის იყო სიგნალები საკანონმდებლო დონეზე. ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ხდებოდა რუსეთში მაჩვენებელი იყო იმის, თუ სად მიდიოდა ქვეყანა და ეს კარგად იყო ცნობილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთთან დათმობა და მათთვის მოლაპარაკებების მაგიდასთან ჯდომა არ ახდენს ამ ქვეყანაზე ზეგავლენას. 

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ბევრად უფრო ადრე უნდა დაეწყო ფიქრი და რეაგირება ასეთი ტიპის ქვეყანასთან ურთიერთობის კონტექსტში და შესაძლებელია, ამის შედეგად უკრაინასთან მიმართებაში მსგავსი ტრაგედია აგვერიდებინა. ჩემი აზრით, უკრაინასთან მიმართებაში ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს. რამდენად აქვს მას ეს რესურსი, ცოტა ხანში გამოჩნდება.  იმედი ვიქონიოთ, რომ ეს რეაგირება შედეგს გამოიღებს. 


პოდკასტიმედიახმახორციელდება მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის მიერ, საქართველოს უნივერსიტეტისა და ონლაინ გამოცემაპუბლიკასმხარდაჭერით. პოდკასტის ავტორია მარიამ გერსამია.