კორონა ვირუსის გავრცელების ყველაზე ცხელ წერტილად მსოფლიოში ჩინეთის შემდეგ დღემდე იტალია რჩება. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში Covid -19-ის 35,713 შემთხვევაა დაფისქირებული, აქედან გამოჯანმრთეებულთა რიცხვი ამ ეტაპზე 4,025-ია, გარდაცვლილთა კი 2,978.
მძიმე და უკონტროლო ვითარების გამო, 8 მარტს იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში კარანტინი გამოცხადდა. მომდევნო დღიდან კი, პრემიერ ჯუზეპე კონტეს განკარგულებით, კარანტინი მთელ ქვეყანას შეეხო. დახურულია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება, თავშეყრის და გასართობი ადგილები. დაწესებულია მთელი რიგი შეზღუდვები გადაადგილებაზე.
იტალიის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები პუბლიკასთან ჰყვებიან, თუ რა ხდება ქვეყანაში, როგორ ართმევენ თავს კრიზისს და რისი გათვალისწინება უწევს მოსახლეობას ვირუსისგან თავის დასაცავად.
თეა კაკაურიძე – ვენეცია, მესტრე
თებერვალში ვენეციასთან ახლოს, ერთ-ერთ პროვინციაში ერთდროულად ბევრ ადამიანს აღმოაჩნდა ვირუსი, რამაც პირველი განგაში გამოიწვია აქ, თუმცა მაშინ მძიმედ ჯერ 1-2 ადამიანი იყო. მალე დაინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა და მესტრეს ჰოსპიტალში სამედიცინო პერსონალის ნაწილიც დაავადდა, რადგან წინა ხაზზე უწევდათ დგომა.
ამის მიუხედავად, გარკვეული დროის განმავლობაში ქალაქში ცხოვრება ნორმალური რიტმით მიდიოდა. კი იყო გაფრთხილება, რომ შორს ყოფილიყვნენ ხალხმრავალი ადგილებიდან, მაგრამ, რატომღაც, მოსახლეობამ მსუბუქად მიიღო ეს ყველაფერი და არ ითვალისწინებდნენ რეკომენდაციებს. მეც, პირადად, და სხვებსაც ჩემ ირგვლივ, გვეგონა რომ გადაივლის, ჩვეულებირვი ვირუსია და არაფერი ისეთი არ მოხდება. განსაკუთრებით ახალგაზრდობის დარწმუნება იყო ძნელი, მაინც დადიოდნენ გასართობად. როცა ფაქტის წინაშე დგები, მერე ხვდები, რომ სიფრთხილე აუცილებელია. დღეს ქალაქი მოჩვენებად არის ქცეული. ვენეცია, რომელიც ტურიზმით ცხოვრობს, ცარიელია. რესტორნები, კაფე-ბარები, თითქმის ყველაფერი დაკეტილია.
შემთხვევების სწრაფი ზრდის შემდეგ სახელმწიფო იძულებული გახდა, მკაცრი განკარგულებები გაეცა, რამაც მოსახლეობაში დაბნეულობა გამოიწვია. იტალიელებისთვის, კულტურიდან გამომდინარე, განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ერთმანეთისგან დისტანცირება. ხალხი, რომელიც მიჩევული იყო, რომ საღამოს სამსახურს დაამთავრებდა და მერე სადღაც ბარში გაჩერდებოდა, მეგობრებთან ერთად აპერიტივოს დალევდა ან საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად გაისეირნებდა, ახლა ძალიან უჩვეულო მდგომარეობაშია.
დღეს ერთი კომუნიდან მეორეში ან ქალაქიდან ქალაქში რომ წახვიდე, სერტიფიკატი უნდა შეავსო. იგივე წესი მოქმედებს ქუჩაში მანქანით გასვლის დროსაც. უნდა მიუთითო, რის გამო გადიხარ გარეთ. აუცილებლობა თუ არ არის, მაგალითად, სამსახურის, სამედიცინო დაწესებულების ან საკვების გამო, არ არის მიზანშეწონილი, რომ გარეთ იარო. მაქსიმალურად კონტროლდება ყველაფერი, პოლიციის ბლოკებია ბევრგან. სუპერმარკეტები ღიაა საღამოს 6 საათამდე, შაბათ-კვირას დაკეტილია. ამაზე თავიდან ერთი ამბავი ატყდა, დიდი რიგები დადგა. აქაურებისთვის სამყაროს აღსასრულია, საჭმელი თუ შემოაკლდათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს პირველი რეაქცია იყო. ახლა ასე აღარ არის. ჩვეულებრივად გავედი რამდენიმე დღის წინ და ყველაფერი ვიყიდე მარკეტში.
სამსახურების დიდი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. ღიაა მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები და ის დაწესებულებები, რომლებიც დისტანციურად ვერ იმუშავებს. მე მაკდონალდსში ვმუშაობ მენეჯერად და ამიტომ მიწევს სიარული, თუმცა 24 საათის ნაცვლად დილიდან საღამოს 6 საათამდე ვმუშაობთ. ვცდილობთ, ყველა წესი მაქსიმალურად დავიცვათ, როგორც ჰიგიენის, ისე დისტანციის. სალაროსთან ვინც დგას, ყველა თანამშრომელს ხელთათმანები აცვია, რომ ფიზიკური შეხება არ ჰქონდეს ფულთან. რეკომენდაციაა, რომ, შეძლებისდაგვარად, ბარათებით იყოს გადახდა, თუმცა ნაღდი ფული ცირკულაციაში ისევ არის და ყველანაირად ვიცავთ სიფრთხილის ზომებს.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახა, მაგრამ სახელმწიფო იღებს ზომებს, რომ ადამიანებს, ვინც ამ პერიოდში უმუშევარი დარჩა, რაღაც დახმარება გაუწიონ და, შეძლებისდაგვარად, ზარალი შეუმსუბუქონ.
განსაკუთრებით ცოდოები არიან ბავშვები, რადგან, ძირითადად, სახლში გამოკეტილებს უწევთ ყოფნა. მშობლებმა პედაგოგობაც შევითავსეთ და ონლაინსწავლის პროცესში ვეხმარებით.
ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ იტყვიან, ქალაქსაც დაეტყო ეს კარანტინი. იმის გამო, რომ ვენეციაში მუდმივად დადიან ვაპორეტოები, წყალზე მოსიარულე ტაქსები და ა.შ. არხები ძალიან ჭუჭყიანი იყო. ახლა იმდენად კამკამა გახდა წყალი, რომ თევზები გამოჩნდნენ შიგნით. ასეთი რამ, როგორც ამბობენ, ათეული წლებია, არავის ახსოვს, შეიძლება საუკუნეც კი.
რეკომენდაციები აქაც იგივეა, რაც ყველგან: გვაფრთხილებენ, რომ ხელები ვიბანოთ ხშირად, გამოვიყენოთ სადეზინფექციო საშუალებები და სახლში შესვლისთანავე ტანსაცმელი გავანიავოთ ნახევარი საათით მაინც. როგორც ამბობენ, დაახლოებით 30-40 წუთი რჩება ვირუსი მასზე. ჯერჯერობით, ამ კარანტინმა და წესებმა დიდი შედეგი ვერ გამოიღო. მაინც ძალიან ბევრი შემთხვევაა ყოველდღიურად როგორც ინფიცირების, ისე გარდაცვალების. საავადმყოფოებში ადგილები აღარ ჰყოფნით ფიზიკურად, ვირუსით დაავადებულების გარდა სხვადასხვა მწვავე გართულების მქონე ადამიანებიც ხომ შეჰყავთ იქ. ამიტომ ინტენსიური რეანიმაციის განყოფილებები გადატვირთულია, თუმცა ყოველდღე ველოდებით, რომ რაღაც გაუმჯობესება იქნება. ამბობენ, რომ თვის ბოლოსკენ თანდათან გადაივლის ეს ბუმი და ჩაცხრომას დაიწყებს სიტუაცია. ვნახოთ, რა იქნება.
თაკო გალოგრე – მილანი
პირველად რომ კრანტინი გამოცხადდა ლომბარდიის რეგიონში, რატომღაც, ხალხმა ზერელედ მიიღო, არ დაუჯერეს რეკომენდაციებს. თავშეყრის ადგილები მილანში ისევ ისე იყო გადატვირთული, ღია იყო ღამის კლუბები, კაფეები, ბარები. მეც ვიყავი ერთ-ერთ კლუბში, მაგრამ იმის შემდეგ ფეხი აღარ გამიდგამს არსად.
ინფექციის მასშტაბური გავრცელება იმანაც გამოიწვია, რომ, როცა ლომბარდიის რეგიონში ასეთი ამბავი ატყდა, ვინც აქ არ ცხოვრობდა, თავიანთ ქალაქებსა და ოჯახებს მიაშურეს თავის დაცვის მიზნით და ვინც დაინფიცირებული იყო, სხვებს გადასდო.
პირველი კარანტინის გამოცხადებიდან, ვიდეოები რომ გავრცელდა დაცლილი სუპერმარკეტების, მეორე დღეს ისევ ყველაფერი იყო. ერთადერთი, რისი დეფიციტიც არის დღემდე, ნიღბები და ხელის სადეზინფექციო საშუალებებია. ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა დღეს. სხვა ყველაფერია, აბსოლუტურად ყველა პროდუქტი, რაც საჭიროა. უბრალოდ, გარკვეული შეზღუდვაა – 8-10 ადამიანს უშვებენ ერთდროულად მარკეტში. რიგში მოხმარებლებს შორის უნდა იყოს 1 მეტრი დაშორება, მათ შორის, სალაროსთანაც. ფასი არ გაზრდილა თითქმის არაფერზე, ცოტა ლიმონის ფასმა მოიმატა მარტო. დანარჩენი იგივეა. მედიკამენტებც, მათ შორის. ზოგიერთ კვების ობიექტს სპეციალური შემოთავაზებებიც აქვს, მაგალითად, Take Away 30-პროცენტიანი ფასდაკლებით და ა.შ.
მილანში პირველ ეტაპზე ჯერ კიდევ იყვნენ ტურისტები. ახლა, პრაქტიკულად, ცარიელია ქალაქი. მაღაზიები დაკეტილია. კაფეები და რესტორნების უმეტესობაც დაკეტილია. მას შემდეგ, რაც იტალია მთლიანად წითელ ზონად გამოცხადდა და საზღვრები ჩაიკეტა, მთავრობამ მოითხოვა, სახლიდან გასვლისგან მაქსიმალურად შევიკავოთ თავი 3 აპრილამდე. ქუჩაში ჩვეულებრივზე ბევრად მეტი პოლიციელი დადის.
მეც და ჩემ ირგვლივ, კერძოდ ვინც მუშაობდა, ამ ეტაპზე აღარ ვმუშაობთ. გვითხრეს, რომ ჩვეულებრივად გადაგვიხდიან ამ თვის ხელფასს. ამიტომ, სულ სახლში ვარ. ელექტრონული წიგნები მაქვს ბევრი და ვკითხულობ, ფილმებს ვუყურებ და იტალიურს ვმეცადინეობ.
აქაურ სიტუაციას რაც შეეხება, ინტენსიური თერაპიის ადგილები არ ჰყოფნით. რესურსი აღარ აქვთ უკვე საკმარისი, იმდენი პაციეტია. კლინიკაში თუ მიხვედი სხვა რამის გამო, დიდი ალბათობაა, რომ მისაღებშივე დაინფიცირდე, რადგან შეიძლება, რამდენიმე საათი მოგიწიოს ლოდინმა. მიუხედავად ამისა, აპოკალიპტური გარემო არაა. ხალხი ნერვიულობს, მაგრამ იმედი აქვთ, რომ მალე წამლები იქნება და დაეხმარებათ. საქართველოში უფროა იტალიის მიმართ აპოკალიპტური განწყობა, ვიდრე აქ. უამრავი ადამიანი მწერს, რას შვრები, როგრ ხარ, ხომ არ გშია. დედაჩემის დამშვიდებაც ყოველდღე მიწევს, საათ-ნახევარი ველაპარაკები ხოლმე. ზოგადად, კარანტინის შემდეგ უფრო მობილიზებულები გახდნენ და თავდაცვითი მექანიზმებიც შეიმუშავეს. ქუჩაშიც ძალიან ცოტა ხალხი დადის ახლა.
ირაკლი ცხადაძე – რომი
როდესაც ჩრდილოეთის რეგიონში დაიწყო ვირუსმა გავრცელება, ყველა საინფორმაციო არხი აშუქებდა, მაგრამ რომისთვის დიდად არაფერი შეცვლილა. სიფრთხილისთვის გადაწყვიტეს კონტროლის დაწესება ლეონარდო და ვინჩის სახელობის აეროპორტში. რამდენიმე დღეში გამოვლინდა დაავადების შემთხვევები ტურისტებში. უკვე მარტის დასაწყისში საგრძნობლად იკლო ტურისტების რაოდენობამ და რესტორნების, პიცერიებისა თუ სასტუმროების მეპატრონეები ძალიან ჩიოდნენ ამ ამბავს. ამბობდნენ, რომ ყოველდღე რამდენიმე მილიონს კარგავდა რომი.
ლომბარდიის რეგიონის წითელ ზონად გამოცხადების შემდეგაც რომში მუზეუმები, კინო-თეატრები, ბარები და სხვა თავშეყრის ადგილები ისევ ისე მუშაობდა. ჩვეულებრივ ვაგრძელებდით ცხოვრებას. სპორტდარბაზებიც სავსე იყო. არანაირი პანიკა არ ყოფილა. კი აფრთხილებდნენ ასაკოვან ხალხს, რომ მორიდებოდნენ გარეთ გასვლას, მაგრამ სავსე იყო კაფეები პენსიონერებით. დილით ყავა და გაზეთის კითხვა აქ ტრადიციაა. ახალგაზრდები ბოლო დრომდე დიდად არ აქცევდნენ ყურადღებას აკრძალვებს, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ რისკჯგუფში არ შედიოდნენ.
როცა აქაც გამოცხადდა კარანტინი, ზუსტად იმ დილით მუზეუმში წასვლას ვაპირებდი – რაფაელის გამოფენაა ძალიან კარგი, 500 წლის თავს მიეძღვნა, მაგრამ ყველაფერი დაიკეტა. ჯერ მუზეუმები და კინო-თეატრები, მერე უკვე რესტორნები და კაფე-ბარებიც. იმავე საღამოს ხალხი გავარდა 24-საათიან მარკეტებში და გადაუარეს ყველაფერს. ისტერიულად ყიდულობდნენ, ძირითადად, 99%-იან ალკოჰოლს, სადეზინფექციო საშუალებებსა და მსგავს ნივთებს. რამდენიმე დღე მთავრობის წევრები გამოდიოდნენ და არწმუნებდნენ ხალხს, რომ სურსათი არ გამოილეოდა, მარკეტები არ დაიკეტებოდა და არ იყო აუცილებელი ერთი თვის პროდუქტის მომარაგება. ამან კარგად იმუშავა.
სახლში ჩარჩენილმა ხალხმა, განსაკუთრებით ბავშვებით ვინც იყვნენ, დაიწყო პარკებში, ბაღებში სიარული და ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. ბოლოს იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი პარკებში, იფიქრებდი, მთელი რომი აქეთ გადმოსახლდაო და მთავრობას მოუწია, კიდევ უფრო გაემკაცრებინა წესები და საჯარო პარკებიც დაიკეტა.
შეიძლება, ფეხით მოსიარულე გაგაჩეროს პოლიციამ და გკითხოს მიზეზი, რატომ ხარ გარეთ. მანქანით თუ გადაადგილდები, სერტიფიკატი უნდა გქონდეს და შეავსო, სად მიდიხარ. საპატიო მიზეზის არქონის შემთხვევაში არის ფულადი ჯარიმა.
გარეთ გასვლა შეიძლება აუცილებლობის შემთხვევაში, მარკეტში ან აფთიაქში, ან შეგიძლია გაისეირნო, ოღონდ მარტომ. მარკეტში რომ გავდივარ, ერთი კვირის საკვებს მაინც ვყიდულობ, რადგან ზოგჯერ დიდი რიგი გხვდება. მაღაზიის შესასვლელთან დგას ადამიანი, რომელიც გაძლევს ხელთათმანებს და სადეზინფექციო ხსნარს. ფოსტა და ბანკებიც ღიაა, მაგრამ იქაც რეგულირდება რიგი. ქუჩებში ხალხი თითქმის არ დადის, ერთი-ორ ადამიანს თუ შეხვდები.
მთავრობამ ოჯახებისთვის, ვისაც ბავშვები ჰყავს სახლში, გადაწყვიტა დახმარება – 500-600 ევრომდე აძლევს. თვითდასაქმებულთათვისაც წესდება შეღავათები: სესხებზე, კომუნალურებსა და ა.შ. მეც თვითდასაქმებული ვარ, მაგრამ არ მიმიმართავს ამ ეტაპზე. ძირითადად, ტურისტებთან ვმუშაობდი და სანამ კარანტინი არ მოიხსნება და უსაფრთხო არ გახდება მიმოსვლა, ამ საქმეს არაფერი ეშველება. ალბათ, მერე სერიოზული აფეთქება იქნება, ბევრი მოგზაური და ტურისტი ჩამოვა მონატრებული იტალიის სანახავად.
გამოყოფილია ფონდი და მუშაობენ გეგმაზე პროფკავშირებთან ერთად, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ადამიანი. ხალხს არწმუნებენ, რომ არც ერთი სამუშაო ადგილი არ დაიკარგება. კონტრაქტი ვისაც აქვს, ყველას შეუნარჩუნდება სამსახური და ხელფასი. მთავრობა ასევე მუშაობს, რომ დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს, რადგან მათ ძალიან იზარალეს.
სამსახურებში, სადაც დისტანციურად ვერ მუშაობენ, გამკაცრებულია სანიტარული ზომები და მოქმედებს შეზღუდვები. ჩემი მეგობარი, მაგალითად, „რადიო ვატიკანში“ მუშაობს. ოფისში ჩვეულებრივ დადის, მაგრამ სტუმრებს აღარ შეუძლიათ შესვლა.
ადვილი არაა სახლში დაჯდომა, როცა სულ სხვანაირად ცხოვრებას ხარ მიჩვეული. ამიტომ მეგობრებმა გადავწყვიტეთ, საერთო ჩატის შექმნა და კალათბურთს ვთამაშობთ ერთად. ასევე, იდება ფოტოები, ვინ რა გააკეთა და მოამზადა. სხვათა შორის, პროფესიონალი მზარეულებიც გვყავს. ერთი-ორმა სასწორი მოისროლა, დღეში, საშუალოდ, 1.5 კგ. მატება მაქვსო.
3 აპრილამდეა ამ დეკრეტის ვადა, მაგრამ თუ შესამჩნევი კლება არ იქნება, შეიძლება, გააგრძელონ. ამათი ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ ძლიერია, მაგრამ ვერ გაუძლო დატვირთვას, არ ეყოთ სასუნთქი აპარატები და მედპერსონალი. ბოლოს გადაწყვიტეს, სამედიცინო ფაკულტეტის ბოლო კურსელებიც ჩაერთოთ საქმეში. მედიისგან სრული ინფორმაცია გვაქვს დაავადებაზე, პროგრესსა თუ შეფერხებებზე. ახლა ველოდებით, რომ შეზღუდვების ეს ფორმა დადებით შედეგს გამოიღებს.
ეთუნა მოსეშვილი – ნეაპოლი
ნეაპოლში კარანტინის გამოცხადებისას თავიდან რიგები დადგა სუპერმარკეტებსა და აფთიაქებთან. მაღაზიის თანამშრომლები მაქსიმალურად ცდილობდნენ მობილიზებას და ყველა წესის დაცვას, 3 ადამიანზე მეტს არ გვიშვებდნენ მარკეტში. ხელთათმანები და პირბადე გვეკეთა, დისტანციას ვიცავდით. იყო შეზღუდვა პროდუქტზე, რომ იმაზე მეტი რაოდენობით არ გვეყიდა, ვიდრე საჭიროა. ძალიან რთულად იშოვება პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები. ქალაქი თითქმის ცარიელია. სანამ კარანტინს გამოაცხადებდნენ, მანამდეც, ძირითადად, ფეხით დავდიოდი, საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვერიდებოდი. ეს დღეები სახლიდან საერთოდ არ გავდივარ. მგონია, რომ ზუსტად წესების დაუცველობამ გამოიწვია ეს ყველაფერი. მილანიდან განუწყვეტლივ მოდიოდა ხალხი სამხრეთისკენ. ახლა შეწყდა მიმოსვლა, მაგრამ თავიდანვე ცოტა მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა ხალხსაც და მთავრობასაც, ასეთი საფრთხის წინაშე არ დადგებოდა ყველა რეგიონი.
სანაპიროსთან ახლოს ვცხოვრობ და ჩვეულებრივ დღეებში სულ სავსეა ხოლმე აქაურობა. ახლა საერთოდ ცარიელია. ქუჩებშიც პოლციის მანქანების გარდა, თითქმის არავინ დადის. აქ მყოფი ქართველებიც სახლში არიან ჩაკეტილები. სახლი ახლა ყველაზე უსაფრთხო ადგილია, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში წასვლით თავს უშველის. მე ვფიქრობ, ეს უარესი საფრთხეა თვითონ მათთვისაც და საქართველოში მყოფი მოსახლეობისთვისაც. მე წამოსვლა არც მიფიქრია. ნამდვილად არ არის სახუმარო ამბავი, რაც აქ ხდება, მაგრამ არც გადამეტებული პანიკაა საჭირო. მთავარია, რეკომენდაციები გავითვალისწინოთ.