თამთა ჩხაიძე
,,მადლობა, რომ იყავით ამ თავგადასავლის ნაწილი… საქართველოს გაუმარჯოს“ – დაწერა ,,ბუშმალამ’’ სოციალურ ქსელში და მომხმარებლებს დაემშვიდობა. სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე სწრაფი კვების ობიექტის გახსნა და-ძმამ კულინარიული შოუს მოგების შემდეგ, 2023 წელს გადაწყვიტა. საოჯახო ბიზნესის სახელი, ისევე როგორც კონცეფცია, მათ ბავშვობასთან ასოცირდებოდა. ,,ბუშმალას ხე ზესტაფონში, ჩვენი სახლის ეზოს “მთავარი ხე” და ჩვენი ერთ-ერთი პირველი მეგობარია. მასზე ავრბოდით, როდესაც ბებო გვიბრაზდებოდა, იქ ვთამაშობდით, გავყურებდით უბანს, ვესროდით კურკებს ერთმანეთს და ასე შემდეგ. მისი მენიუს კონცეფცია კი თავიდან ბოლომდე იმ გემოების სინთეზი და მოდერნიზებული ვერსიები იყო, რაზეც ვიზრდებოდით.’’ – გვიყვება ნოდარ ტურაშვილი, ,,ბუშმალას’’ თანადამფუძნებელი.
,,ბუშმალაში’’ ოჯახის 3 წევრი და 3 დაქირავებული თანამშრომელი მუშაობდა. როგორც ნოდარი გვეუბნება, ბიზნესი მუდმივად მზარდი იყო – ,,ნოემბრის ბოლოს უკვე მივაღწიეთ იმ ნიშნულს, რომელსაც შემოსავალი გაუტოლდა ხარჯს და ამის შემდეგ მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის ეტაპი იწყებოდა, სად მისასვლელადაც 1.5 წელი და ყველა რესურსის ჩადება მოგვიწია, რომელიც გაგვაჩნდა. თუმცა დეკემბრის პირველი რიცხვიდან ვაჭრობა 7-ჯერ შემცირდა და დავდექით კითხვის ნიშნის წინაშე, გავაგრძელოთ ოპერირება და ყოველდღე ვალი დავიმატოთ თუ დავიხუროთ. რადგან მომავალი ძალიან ბუნდოვანი ჩანდა, ამოწურული რესურსების ფონზე, ვალის დამატება ვერ გავრისკეთ’’.
ბიზნესის დახურვის საბოლოო გადაწყვეტილება გუნდისთვის ემოციური აღმოჩნდა: ,,სიმართლე გითხრათ, გული ვერ მიგვიწევდა იმისკენ, რომ ნეტა ეს მალე მორჩეს, გული იქეთ მიდიოდა, ნეტა ეს საქართველოს საკეთილდღეოდ მორჩეს. ,,ბუშმალა’’ თუ რამე იყო როგორც იდეა, იყო ერთი ქართული ოჯახის ერთი ტრადიციული გემოები და ეს კონცეფცია აზრგამოცლილი რჩება თუკი მისგან სიტყვა “ქართულს” გავაქრობთ’’- ამბობს ნოდარი.
მომავლის პროგნოზირება ,,ბუშმალას’’ დამფუძნებლებს უჭირთ, თუმცა როგორც ნოდარი გვეუბნება, მომხმარებლების უკუკავშირი მათთვის გამამხნევებელი აღმოჩნდა: ,,უამრავი მომხმარებელი გვწერდა, დღეში რამდენი უნდა შევუკვეთო, რომ არ დაიხუროთო? მთავარი ეს იყო რეალურად, ჩვენ შევძელით და უცხო ადამიანების გულის კარი გავაღეთ. ამ პირობებში არათუ მომავალი, საღამოს რა მოხდება იმის პროგნოზირებაც რთულია. თუმცა, მომავალს იმედიანად ვუყურებთ. ღრმად გვწამს, რომ იმ გულში, სადაც უკვე გვქონდა ადგილი, მომავალშიც მიგვესვლება, როდესაც დავბრუნდებით.’’
,,ბუშმალა’’ არ არის ერთადერთი, რომელიც 2024 წლის ნოემბრის შემდეგ დაიხურა. კრიზისზე საუბრობენ რესტორატორთა ასოციაციაშიც, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 650 კვების ობიექტს აერთიანებს. როგორც ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე ამბობს, ,,რიცხვებზე საუბარი რთულია, თუმცა ყოველდღე იღებენ ინფორმაციას, მინიმუმ ერთი რესტორნის დახურვის, გაყიდვის ან გაქირავების შესახებ’’. ბურჯანაძის თქმით, ჰორეკა სექტორის პრობლემებზე გავლენა როგორც ადგილობრივი მომხმარებლის, ისე ტურისტული ნაკადის შემცირებამ იქონია.
,,2023-2024 წლებში ჰორეკა სექტორიდან ხშირად გვესმოდა, რომ ბაზარზე კადრების დეფიციტი იყო და ვეძებდით ადამიანებს, რომლებიც იმუშავებდნენ. ახლა კი ისეთი სიტუაციაა, რაც არასდროს ყოფილა. ბევრად მეტ ადამიანს სურს დასაქმება, ვიდრე ამის რესურსია. მოთხოვნა მიწოდებაზე ბევრად მაღალია.’’ – ამბობს შოთა ბურჯანაძე.
როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი გვიყვება, იხურება მცირე ზომის კაფეები და შედარებით დიდი ზომის რესტორნებიც – ,,რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს რა ზომის კვების ობიექტი იხურება. ყველას თავისი გამოწვევები აქვს. დიდი ზომის რესტორნებს ხარჯიც დიდი აქვს, თუმცა ხშირ შემთხვევაში, იჯარის გადასახადი არ აქვთ, რადგან ფართს თავად ფლობენ. შედარებით მცირე ზომის ობიექტებში კი, კომუნალურ და სხვა ხარჯებს ფართის ხარჯიც ემატება’’.
გამოსავალზე და სამომავლო გეგმებზე საუბარი რესტორატორთა ასოციაციაში უჭირთ. როგორც ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს, სექტორმა ერთი დიდი კრიზისი კოვიდ პანდემიის დროს გაიარა, თუმცა ,,ახლა განსხვავებული მდომარეობაა, რადგან გაურკვევლობაა და რა იქნება მომავალში, არ ჩანს’’.
სარესტორნო ბიზნესი არ არის ერთადერთი, რომელიც კრიზისზე და გაურკვევლობაზე საუბრობს. ,,მომხმარებელი აბსოლუტურად აღარ არის. ღვინის დეგუსტაციაზე მაინც გვყავდა ხოლმე ჯგუფები, რომლებიც გიდებს მოჰყავდათ. ამ თვეში (თებერვალი), თითქმის არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ დეკემბერთან შედარებით, კიდევ უფრო უარესი სიტუაციაა.’’- გვეუბნება ნიკოლოზ შეყრილაძე, სასტუმროს ,,ვილა მოსავალი’’ გენერალური მენეჯერი.
,,ვილა მოსავალი’’ თბილისთან ახლოს, სოფელ ახალუბანში მდებარეობს. იქვეა ვენახი და ღვინის მარანი. სხვადასხვა სეზონზე, სასტუმროს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლები სტუმრობდნენ. სასტუმრო აქტიურად მასპინძლობდა კონფერენციებს, დაინტერესებულ სტუმრებს კი მარნის ტურებსაც სთავაზობდა. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი გვიყვება, სიტუაცია 2024 წლის ბოლოდან მნიშვნელოვნად შეიცვალა: ,,შარშან, ამავე პერიოდში, ტურისტული ნაკადის აქტივობა თუ გვქონდა სამ-ოთხ დღეში ერთხელ, მთელი თვე გადის და მხოლოდ ერთი ნაკადი გვყავდა. ეს ეხება უცხოელ ვიზიტორებს. ღვინის სექტორი, დეგუსტაცია, მარნის დათვალიერება ძირითადად მაინც უცხოელ ტურისტებზეა გათვლილი. მთელი თვის განმავლობაში სულ ორი დეგუსტაცია გვქონდა და ორჯერ იყო მოსული ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი. შარშან, ამავე პერიოდში, ოთხ დღეშ ერთხელ მაინც ტარდებოდა დეგუსტაცია’’.
შეყრილაძის თქმით, გაუქმდა სასტუმროში დაგეგმილი კონფერენციები და მსგავსი ტიპის ჯავშნებიც – ,,უხეშად რომ ვთქვა, 2024 წლის დეკემბრიდან, დაახლოებით, 50 ათასი ლარის კონფერენცია და მსგავსი ღონისძიება გაგვიუქმდა.’’
,,ვილა მოსავალში’’ 70 ადამიანია დასაქმებული. კომპანიაში გვეუბნებიან, რომ კრიზისის მიუხედავად, სასტუმრო კადრების შენარჩუნებას ცდილობს. ,,კადრებს ჯერ-ჯერობით ვინარჩუნებთ. სამსახურიდან არავინ გაგვიშვია, თუმცა ძირითადად სეზონური თანამშრომლები გვყავს. დავამატეთ ახალი აუზი და იმედი გვაქვს, ზაფხულის სეზონიდან აუზიც თავის წვლილს შეიტანს ბიზნესის გადარჩენაში’’ – ამბობს ნიკოლოზ შეყრილაძე.
ის, რომ ტურისტული ნაკადები შემცირებულია, ადასტურებენ ტურისტულ კომპანია Winglet-შიც. ,,მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ევროპის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა, რა თქმა უნდა, შემცირდა. ევროპაზე იმოქმედა და ბევრი ჯავშანი გაუქმდა. თუ რაიმე ახალი შემოდის, კითხულობენ, რა ხდება ქვეყანაში და ხომ არ არის საშიში. ჩვენც ვუხსნით, რომ დემონსტრაციები გრძელდება, მაგრამ ტურისტისთვის საშიში მდგოამრეობა არ არის, მაგრამ მაინც თავს იკავებენ. ევროპის ბაზრიდან უპირველესი უსაფრთხოებაა. ‘’ – ამბობს თამუნა დოლიძე, კომპანიის საოპერაციოს ხელმძღვანელი. მისივე თქმით, მცირე განსხვავებაა აზიელ ვიზიტორებთან – ,,დიდი ცვლილება არ გამოწვეულა მაგ. ინდოეთიდან და ჩინეთიდან ჯავშნებზე. ისინი იშვიათად კითხულობენ არის თუ არა საშიში საქართველოში მოგზაურობა, მაგრამ ჩვენს ნათქვამს ენდობიან. ევროპიდან კი უფრო მეტად ფრთხილობენ’’.
სტატისტიკა ზრდაზე საუბრობს, კერძო სექტორი – კრიზისზე
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს საქართველოს 6.5 მილიონი საერთაშრისო ვიზიტორი ეწვია, მათგან 5.1 მილიონი ტურისტი იყო, 1.4 მილიონი კი ერთდღიანი ვიზიტორი, რაც პირველად გაუტოლდა პანდემიამდე, 2019 წლის მონაცემებს.
ტურისტული ნაკადის ყველაზე დინამიკური აღდგენა 2024 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა, შემდგომ კვარტლებში კი ტემპი შენელდა. საინვესტიციო ბანკი ,,გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში აღნიშნული ,,მნიშვნელოვანწილად ქვეყნის პოლიტიკური არასტაბილურობითაა’’ ახსნილი, რამაც განსაკუთრებით ევროკავშირიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობაზე იმოქმედა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორთა ზრდა ძირითადად აზიური ბაზრებიდან მომდინარე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა, რომელთა შორის ლიდერობს ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, საუდის არაბეთი და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები.
6 თებერვალს, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრეზენტაცია გამართა და 2024 წელი შეაჯამა. შეხვედრას სექტორის 150-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
პრეზენტაციაზე ითქვა, რომ 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდულად დიდი, 9%-იანი ზრდა იყო, ტურიზმიდან კი ქვეყანამ ასევე რეკორდულის, 4.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. მოგვიანებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ სამომავლო პროგნოზზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2025 წელი ,,ძალიან კარგი ტურისტული წელი იქნება და ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება.’’
ტურიზმის ადმინისტრაციისგან განსხვავებულ აზრზეა კერძო სექტორი. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ადმინისტრაციას სასტუმროების ფედერაციის თანადამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა მიმართა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უთხრა, რომ რიცხვები და რეალობა განსხვავებულია. მისივე თქმით, ,,დამცინავია’’, როდესაც ტურიზმის ადმინისტრაცია ბოლო კვარტალში რეკორდულ შემოსავალზე საუბრობს, რადგან სასტუმროების ფასები ,,ისტორიულ მინიმუმზეა’’, რომ ,,უბრალოდ გადარჩნენ’’.
ის, რომ ,,ასეთი დაბალი ფასები ბოლო 30 წელია, თბილისში არ ყოფილა’’ შალვა ალავერდაშვილი ჩვენთან საუბარშიც ადასტურებს. როგორც სასტუმროების ფედერაციის თანადამფუძნებელი ამბობს, ყველაზე რთული მდგომარეობა თბილისის სასტუმროებშია. მისი თქმით, ეს საკადრო პოლიტიკაზეც აისახა და იძულებულები გახდნენ, კადრებიც შეემცირებინათ – ,,ჩვენ მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ დეკემბერი იყო -35% 2023 წლის დეკემბერთან შედარებით და იანვარი -38% 2024 წლის იანვართან შედარებით.’’
შალვა ალავერდაშვილის აზრით, ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გამართული პრეზენტაცია და რიცხვები რეალობას აცდენილია – ,,ჩვენთან მოვიდნენ პრეზენტაციისთვის და ჩვენივე გაკეთებულ საქმეზე გვეუბნებიან, რომ გვქონდა რეკორდული წელიწადი. მე მეუბნებიან ჩემს თავზე, რომ მე მქონდა თურმე რეკორდული წელიწადი. იქ მსხდომ 150 ადამიანს უთხრეს, რომ თქვენ არ იცით, მაგრამ თქვენ გქონდათ რეკორდული წელიო. ამ 150 კაცში ერთი არ აღმოჩნდა, რომელიც იტყოდა, რომ კი, მართალი ხარ. როგორ შეიძლება 150 ადამიანში ერთიც არ დაგეთანხმოს’’ .
სასტუმროების ფედერაციის თანადამფუძნებელის აზრით, შეხვედრა ნაყოფიერი იქნებოდა ,,ადმინისტრაციას რომ კრიზისი ეღიარებინა’’ – ,,ადმინისტრაცია რომ მოსულიყო და ეთქვა, როგორც მინისტრმა ბრძანა დეკემბრის დასაწყისში, ვიცით, რომ ტურიზმს შეეხო პრობლემები, ტურიზმის სექტორი არასახარბიელო მდგომარეობაშია და მოდით, ერთად ვიპოვოთ გამოსავალი, ეს იქნებოდა ყველაზე მაგარი ტურიზმის ადმინისტრაცია, რაც კი ოდესმე ყოფილა. 150-ვე კაცი დაეთანხმებოდა და ყველა იქნებოდა კონსტრუქციული, საქმეზე და პრობლემის მოგვარებაზე მომართული.’’ – გვეუბნება ალავერდაშვილი. მისივე ინფრმაციით, პრეზენტაციის შემდეგ არანაირი შეხვედრა ან შეხვედრაზე მზაობა საჯარო სექტორიდან არ ყოფილა.
6 თებერვალს, კერძო სექტორის კრიტიკას გამოეხმაურა მაია ომიაძე. ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პრობლემას ,,სასტუმრო ოთახების მიწოდების ზრდით’’ ხსნის. ,,საქართველოში ტურისტი კი არ დააკლდა, სასტუმრო ოთახების რაოდენობა, ბიზნესის მიწოდება გაიზარდა ამ კუთხით და შესაბამისად, ადამიანს რომ დააკლდა სტუმარი, ქვეყანას კი არ დააკლდა, სხვა სასტუმროში გადავიდა.’’ – განუცხადა ომიაძემ ჟურნალისტებს.
,,გალტ ენდ თაგარტის’’ კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის მე-4 კვარტალში თბილისში სასტუმროების ძირითადი მაჩვენებლები (KPIs) შემცირდა, რაც სასტუმროების მიწოდების სწრაფმა ზრდამ, ტურისტული ნაკადის შემცირებამ და ქალაქის ცენტრში მიმდინარე პროტესტმა განაპირობა. შედეგად კი, საშუალო დატვირთულობა 2023 წლის მე-4 კვარტალის 51.4%-დან 2024 წლის იმავე პერიოდში 48.5%-მდე შემცირდა, საშუალო დღიური ტარიფი კი 95 აშშ დოლარიდან 85 აშშ დოლარამდე დაეცა.
ინფოგრაფიკა 3:
თბილისში ასევე შემცირდა Airbnb-ის ფასები – 2024 წლის კვარტლური დღიური ტარიფი 50 აშშ დოლარი იყო, რაც წლიურად 4.6%-იანი კლებაა.
ტურისტული ბუმი თუ ეკონომიკური კრიზისი?
რამდენიმე კვირის წინ, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ’’ კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის ,,რა გავლენა აქვს პოლიტიკურ კრიზისს საქართველოს ეკონომიკაზე’’ თანახმად, დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები და შიდა პოლიტიკური კრიზისი საქართველოს ეკონომიკაზე ნაწილობრივ უკვე აისახა, რაც ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებაში, ლარის გაუფასურებაში, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შემცირებასა და საინვესტიციო გარემოს გაუარესებაში გამოიხატა.
პროგნოზებზე საუბრისას, გასათვალისწინებელია ორგანიზაცია PMCG-ის მიერ იანვარში გამოქვეყნებული ,,საქართველოს ეკონომიკური კლიმატის’’ კვლევაც. დოკუმენტის მიხედვით, ეკონომისტები ნეგატიურად აფასებენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას და მომდევნო ექვს თვეში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასაც მოელიან. ,,ზოგადად, ეკონომიკაში მოლოდინი დიდ როლს თამაშობს. როდესაც ნეგატიური მოლოდინია, ინვესტიციები კლებულობს, ბიზნესი და მოსახლეობა გაურკვევლობის დასრულების მოლოდინის რეჟიმში გადადის და ეკონომიკურ აქტივობას ამცირებს’’ – წერს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო’’.
ექსპერტების აზრით, ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება მოსალოდნელი სანქციების მასშტაბსა და შინაარსზეა დამოკიდებული. ორგანიზაციაში არ გამორიცხავეენ, რომ საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, საგარეო ბალანსის გაუარესებამ ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება და ინფლაციის ზრდა გამოიწვიოს.
ტურიზმისა და ჰორეკა სექტორი ამჟამად ორ პარალელურ რეალობას შორის არის გაჭედილი – ოფიციალური მონაცემები ზრდაზე საუბრობს, მაგრამ ადგილობრივი ბიზნესი მკვეთრ კრიზისს განიცდის. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2019 წლის დონეს მიაღწია, თუმცა კერძო სექტორი ამას რეალურ შემოსავლებში ვერ გრძნობს. სასტუმროები და რესტორნები იძულებულნი არიან, შეამცირონ ფასები, შეამცირონ თანამშრომლები ან საერთოდ დახურონ ობიექტები.
ყველაზე დიდ გავლენას, როგორც ჩანს, პოლიტიკური კრიზისი და გაურკვევლობა ახდენს. კერძო სექტორის წარმომადგენლები ღიად აკრიტიკებენ ტურიზმის ადმინისტრაციას რეალობისგან მოწყვეტილი სტატისტიკის გამო და ითხოვენ, რომ მთავრობამ არსებული პრობლემები აღიაროს. საინტერესოა, როგორ აისახება ეს კრიზისი საქართველოს ეკონომიკაზე უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში და მოახდენს თუ არა ხელისუფლება რეაგირებას კერძო სექტორის სიგნალებზე.