ჯეიმს ბოლდუინის რჩევები წერასა და შემოქმედებით პროცესზე

პუბლიკა

ფრაგმენტები ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჯეიმს ბოლდიუნის ინტერვიუებიდან, სადაც ის წერის პროცესსა და შემოქმედებითობაზე საუბრობს:

განაგრძე წერა

„წერე. იპოვე გზა, რომ ყურადღება მოიკრიბო და წერო. თუ მწერლობას აპირებ, ისეთს ვერაფერს გეტყვი, რაც ამას გადაგაფიქრებინებს; თუ მწერლობას არ აპირებ, ისეთს ვერაფერს გეტყვი, რითაც დაგეხმარები. დასაწყისისთვის რაც ნამდვილად გჭირდება – არის ვინმე, ვინც მიგახვედრებს, რომ ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს“.

წერე, რათა გაარკვიო

„როცა წერ, ცდილობ, რაღაც ისეთი გამოარკვიო, რაც არ იცი. ჩემთვის წერის მთელი არსი იმის გარკვევაა, რაც არ გინდა, რომ იცოდე, რისი გარკვევაც არ გსურს. თუმცა რაღაც მაინც გაიძულებს, ასე მოიქცე“.

იცოდე, როდის გაჩერდე
„როცა რომანის წერას ასრულებ, ეს ნიშნავს, რომ „მატარებელი აქ ჩერდება, აქ უნდა ჩამოხვიდე“. ვერასოდეს დაწერ ზუსტად ისეთ წიგნს, როგორიც გინდოდა. ყოველთვის მქონდა განცდა, რომ წიგნის დასრულების შემდეგ, რაღაც გამომრჩა და ჩვეულებრივ, როცა ამ აღმოჩენას ვაკეთებ, უკვე საკმაოდ დაგვიანებულია“.

შრომისმოყვარეობა ნიჭზე უფრო მნიშვნელოვანია

„ის, რაც მოსვენებას არ გაძლევს, არ მოგეშვება. ეს ტანჯვაა. დაწერე ეს წიგნი, ან მოკვდი. ეს უნდა გადალახო. ნიჭი უმნიშვნელოა. ბევრი გაფუჭებული ტალანტი ვიცი.  ნიჭის მიღმა ჩვეულებრივი სიტყვების რიგი დგას: დისციპლინა, სიყვარული, იღბალი, თუმცა ყველაზე მეტად – გამძლეობა“.

იკითხე რაც შეიძლება მეტი

„მე ყველაფერს ვკითხულობ. ამ გზით ადამიანი კარგად სწავლობს წერას. პირველ რიგში იგებ, რამდენად ცოტა რამ იცი. ის სიმართლეა, რაც მეტს სწავლობ, უფრო ხვდები, რამდენად ცოტა იცი. მე ისევ ვსწავლობ, როგორ ვწერო. არ ვიცი, რა არის ტექნიკა. ის ვიცი, რომ მკითხველს ეს უნდა დაანახო. ეს მე დოსტოევსკიგან, ბალზაკისგან ვისწავლე”.

მოერიდეთ სლოგანებს

„მწერლისთვის რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რაც მან უნდა გააკეთოს, ეს სლოგანებისთვის თავის არიდებაა. გამბედაობა უნდა გეყოს, რომ სლოგანები გააპროტესტო. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კეთილშობილურად ჟღერს ის. იგი ყოველთვის მალავს რაღაცას; მწერალმა კი უნდა ეცადოს, გააშიშვლოს ის, რაც მის უკან იმალება.”

დრო საწერად

„მუშაობა დაიწყე მაშინ, როცა ყველა დასაძინებლად გაეშურება. ამის გაკეთება ახალგაზრდობიდან მიწევდა – უნდა დამეცადა, სანამ ბავშვები დაიძინებდნენ. შემდეგ დღის განმავლობაში კი სხვადასხვა სამუშაოს ვასრულებდი. ყოველთვის ღამით მიწევდა წერა. და ახლა, როცა თავი დავიმკვიდრე, ღამით იმიტომ ვწერ, რომ მარტო ვარ“.

სიმარტივე

„ტექსტის გადამუშავება ძალიან მტკივნეულია. როცა ნაწერს მეტს ვეღარაფერს შეჰმატებ, ხვდები, რომ ტექსტი დასრულდა, თუმცა ის ზუსტად ისეთი არასდროს გამოდის, როგორიც გინდოდა, რომ ყოფილიყო… სამყაროში ყველაზე რთული და ასევე ყველაზე შემზარავი რამ სიმარტივეა. შენ უნდა გათავისუფლდე ყოველგვარი თვალთმაქცობისგან, მათ შორის ისეთისგანაც, როგორზეც ფიქრობდი, რომ არ გაგაჩნდა. გინდა, რომ ძვალივით გასუფთავებული წინადადება დაწერო. ეს არის მიზანი“.