უკვე ერთი კვირაა, რაც მსოფლიოს მედია ჩილელი რეჟისორის, პაბლო ლარაინის ახალი ბიოგრაფიული ფილმის კადრებს ავრცელებს, რომელშიც მარია კალასის როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს.
ლარაინის ფილმის სახელწოდებაა „მარია, ღვთაებრივი“ (Maria, La Divina) – სწორედ ასე უწოდეს თავის დროზე, აღფრთოვანებულმა თაყვანისმცემლებმა მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს საოპერო მომღერალს.
„კალასისტებმა“, და არამხოლოდ მათ, უკმაყოფილება პირველი ფოტოების გავრცელებისთანავე გამოხატეს. კადრებში ჩანს ანჯელინა ჯოლი (მარია კალასი), რომელიც პარიზული ბინის ფანჯრიდან იყურება. ასევე, ვნახეთ მისი ფოტოები, ნაქსოვი ჟაკეტითა და დიდჩარჩოიანი სათვალით. ცოტა მოგვიანებით მედიამ პარიზის ქუჩებში პუდელთან მოსეირნე ანჯელინა ჯოლის ფოტოებიც გაავრცელა (როგორც ცნობილია, კალასს სიცოცხლის ბოლოს ჰყავდა ძაღლი), რამაც ირონიული კომენტარები კიდევ უფრო გაამძაფრა.
კალასის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი ინტერესი სწორედ ახლა გასაგებია – 2023 წლის 2 დეკემბერს ბერძნული წარმოშობის ამერიკელი მომღერლის დაბადებიდან 100 წელი სრულდება. ამდენად, ლარაინის ფილმი მარია კალასის შესახებ შექმნილი მხატვრული თუ დოკუმენტური კინომითოლოგიის გაგრძელების კიდევ ერთი მცდელობაა, რომელიც მომღერლის ცხოვრების ბოლო თვეებს ასახავს. კალასი პარიზში, თავის ბინაში, 1977 წლის 16 სექტემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა.
ბრიტანელი სცენარისტი, მწერალი და რეჟისორი სტივენ ნაითი, რომელმაც ამ ფილმისათვის სცენარი შექმნა, ჰოლივუდის მწერალთა გილდიის გაფიცვის გამო თავიდან არ სთანხმდებოდა რეჟისორის პირობებს, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება მაინც მოხერხდა. გადაღება დაახლოებით შვიდი-რვა კვირის განმავლობაში გაგრძელდება პარიზში, ათენში, ბუდაპეშტსა და მილანში.
„ოსკაროსანი“ ანჯელინა ჯოლის გარდა, მთავარი როლებს შეასრულებენ: ცნობილი იტალიელი მსახიობი ვალერია გოლინო (მარიას უფროსი და, იაკინთა კალასი) და თურქი მსახიობი ჰალუკ ბილგინერი (არისტოტელე ონასისი). კინოს მოყვარულებს ის შეიძლება ახსოვდეთ ცნობილი თურქი რეჟისორის, ნური ბილგე ჯეილანის ფილმიდან „ზამთრის ძილი“. ჯერ არ არის დადასტურებული, იმღერებს თუ არა ანჯელინა ჯოლი ფილმში, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მზადაა ამ გამოწვევისთვის… აი, მაშინ კი ნამდვილად ვნახავთ და გავიგონებთ კალასის ფანების ხმაურსა და მძვინვარებას.
„მე სერიოზულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ მარიას როლის გამო და ვცდილობ, ბოლომდე გავიაზრო მისი ცხოვრება და შემოქმედება“, – აცხადებს მსახიობი. რაც შეეხება თავად ლარაინს, როგორც ამბობს, ორი ყველაზე ღრმა და პირადი ვნების – კინოსა და ოპერის – გაერთიანების შესაძლებლობა მიეცა, რაც მისი დიდი ხნის ნანატრი ოცნება იყო.
პაბლო ლარაინი უკვე გაწაფულია ბიოგრაფიულ ფილმებში – გადაიღო „სპენსერი“ (ფილმი პრინცესა დაიანას შესახებ, რომელშიც მთავარ როლს კრისტენ სტიურტი ასრულებს) და „ჯეკი“ (ნატალი პორტმანის მონაწილეობით, რომელშიც მან ჟაკლინ კენედის როლი განასახიერა). აღსანიშნავია, რომ ორივე მსახიობის ნამუშევარი წარდგენილი იყო „ოსკარზე“, საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში.
მარია კალასის გარდაცვალებიდან 45 წელი გავიდა და შეიძლება ითქვას, რომ მითები და რეალობა მისი ცხოვრების შესახებ არ დასრულებულა. პირიქით, ეს მითები ერთმანეთს შეერია. ყოველი ახალი მცდელობა, ეს იქნება მოგონებები კალასის შესახებ, ახალი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმი, მხოლოდ შეგვახსენებს დიდი მომღერლის ფენომენალურ ვოკალურ და ტრაგიკულ ტალანტს!
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში ჰქონდა განზრახული ვისკონტის მისი მონაწილეობით ფილმის გადაღება, თუმცა მხოლოდ საოპერო დადგმებით შემოიფარგლა. სამაგიეროდ, პიერ-პაოლო პაზოლინიმ კალასის დრამატული სამსახიობო ტალანტი უკვდავყო ფილმში „მედეა“ (1970). თავისი ოცნება დიდი ხნის დაგვიანებით აიხდინა ფრანკო ძეფირელიმაც, რომელმაც მეოცე საუკუნის საოპერო დივას ოდნავ მოჭარბებული სენტიმენტებით გაჯერებული მხატვრული ფილმი – Callas forever („მუდამ კალასი“) მიუძღვნა. კალასის როლს ფილმში ფანი არდანი ასრულებდა.
2018 წელს ბრიტანელმა სცენარისტმა, ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა, ტომ ვოლფმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი Maria by Callas („მარია კალასის შესახებ“). კალასის შესახებ შექმნილ ამ ფილმში კერძო კოლექციებში დაცული, უცნობი ვიდეომასალა და იშვიათი ფერადი კადრები შევიდა. მაგალითად, 1958 წლის 19 დეკემბერს პარიზის „გრანდ ოპერაში“ გამართული დაუვიწყარი კონცერტი, რომელიც აქამდე მხოლოდ შავ-თეთრი სატელევიზიო ჩანაწერით იყო ცნობილი; ასევე, 1964 წელს ლონდონის „კოვენტ გარდენის“ სცენაზე, ფრანკო ძეფირელის მიერ დადგმული „ტოსკას“ იშვიათი საარქივო კადრები. აქვე შეიძლება გავიხსენოთ 2007 წელს, რეჟისორ ფილიპ კოლის მიერ გადაღებული და ნაკლებად ცნობილი დოკუმენტური ფილმი Callas assoluta („აბსოლუტური კალასი“).