კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტები | როგორია საერთაშორისო გამოცდილება

ნათია ამირანაშვილი

კანაბინოიდების გამოყენება მედიცინაში – მედიცინის დოქტორი კირსტენ მიულერ-ვალი საერთაშორისო გამოცდილებაზე გვესაუბრება.

ის ჰანოვერის უნივერსიტეტის პროფესორია, გერმანიის კანაბინოიდური მედიკამენტების ეროვნული ასოციაციისა (ACM) და კანაბინოიდური მედიკამენტების საერთაშორისო ასოციაციის (IACM) პირველი თავმჯდომარე. 1 ივლისს კირსტენ მიულერ-ვალი თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის, შემდგომ კი არაპროფესიული საზოგადოებისთვის დისკუსიას წარუძღვა.

სანამ ინტერვიუსა და მის მოხსენებაზე გადავალთ, მკითხველისთვის ინფორმაცია მეტად აღქმადი რომ იყოს, დასაწყისშივე აღვნიშნავთ, რომ მცენარე კანაფი სხვადასხვა ბუნებრივი ნივთიერებისგან შედგება – მათ შორისაა CBD, CBN, THC და მრავალი სხვა. მაგალითად, მარიხუანის მოხმარებისას ნარკოტიკულ თრობაზე პასუხისმგებელია THC, ხოლო კანაფში შემავალი სხვა ნივთიერებები ფსიქოაქტიური მოქმედებით არ ხასიათდება. მაგალითად, მარიხუანის სახასიათო სუნი დაკავშირებულია ნივთიერება ტერპენთან.

რაც შეეხება კანაფზე დაფუძნებულ მედიკამენტებს, თერაპიული მიზნებიდან გამომდინარე, არსებობს მხოლოდ THC-ის ან CBD-ის შემცველი მედიკამენტები, ასევე – პრეპარატები მათი კომბინაციით. დანიშნულებიდან გამომდინარე, განსხვავებულია მასში ამ ნივთიერებების კონცენტრაციაც.

კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტები 60-ზე მეტი მდგომარეობის სამართავად და გვერდითი მოვლენების შესამცირებლად გამოიყენება.

ისტორია

„კანაფი თერაპიული მიზნით ჯერ კიდევ ჩვენს  წელთაღრიცხვამდე გამოიყენებოდა“, – კირსტენ მიულერ-ვალი საუბარს ისტორიის მოკლე მიმოხილვით იწყებს:

მცენარის შესახებ დოკუმენტირებულ ცნობებს 6 000 წელზე მეტი ისტორია აქვს. მას სხვადასხვა კონტინენტზე, სხვადასხვა კულტურაში საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ.

დაახლოებით მე-19 საუკუნეში უფრო ფართოდ გავრცელდა მისი გამოყენება სამედიცინო მიზნით.

200 წლის წინანდელი მონაცემებით, კანაფი უკვე ნაცნობი იყო სააფთიაქო დანიშნულების დაწესებულებებისთვის. აფთიაქებში ის სხვადასხვა ფორმით იყიდებოდა, იქნებოდა ეს ზეთოვანი სახით, ნარევის თუ სხვა.

ეს ფოტო 1 900 წლითაა დათარიღებული – გერმანული კომპანია „მერცის“ წარმოების წამლის. მარცხენა მხარეს კი არის აშშ-ში ნაწარმოები მედიკამენტია.

ამის შემდგომ პერიოდში კანაფის სამედიცინო მიზნით გამოყენება თანდათან მცირდება. მიულერის განმარტებით, ამას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. უპირველეს ყოვლისა, იმ ეტაპზე საკმაოდ რთული იყო იმ სუბსტანციების/შემცველობის იდენტიფიცირება, რომელიც მცენარე კანაფშია, გამომდინარე იქიდან, რომ კანაფის სტრუქტურა მეტად კომპლექსურია და ბევრ სხვადასხვა ინგრედიენტს შეიცავს. ასევე, რთული იყო ზუსტი დოზირების დადგენა, ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, სხვადასხვა მიზნით სხვადასხვა დოზა გამოიყენება.

როგორც მიულერმა აღნიშნა, იმ პერიოდში ახალი სინთეზური პრეპარატების შემუშავებაც დაიწყო და ამანაც იქონია გავლენა კანაფის სამედიცინო მიზნით გამოყენების შემცირებაზე, შემდეგ ეტაპს კი დაემთხვა მარიხუანის მოხმარების აკრძალვა აშშ-ში (1937 წ.), რომელსაც პოლიტიკური და რასისტული რიტორიკა ახლდა თან.

ორი მნიშვნელოვანი თარიღი კანაფის ისტორიაში – მეცნიერი რაფაელ მეჩულამი პირველი იყო, ვინც 1964 წელს THC-ის სტრუქტურის იდენტიფიცირება მოახდინა.

შემდეგი მნიშვნელოვანი თარიღი  – 1988 წელი „კანაფის რენესანსის“ პერიოდს უკავშირდება, ენდოკანაბინოიდური სისტემის პირველი კომპონენტის იდენტიფიცირებას.

აღმოაჩინეს, რომ THC და კანაფის შემცველობაში არსებული ნივთიერებები ჩვენს თავის ტვინში არსებულ კონკრეტულ რეცეპტორებზე მოქმედებენ.

რა არის ენდოკანაბინოიდური სისტემა? – ეს არის სისტემა ჩვენს ორგანიზმში. როდესაც ჩვენ ვახსენებთ კანაბინოიდებზე დაფუძნებულ მედიკამენტებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში ეს სისტემა თამაშობს როლს და ჩვენ ვიცით, სხეულის რა ნაწილში არიან ისინი.

„ვახსენე, რომ 1988 წელს გამოავლინეს რეცეპტორი CB1; ასევე, არსებობს რეცეპტორი CB2. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ კომპლექსურ სისტემაში არსებობს სხვა რეცეპტორებიც. ენდოკანაბინოიდების სექტორები მდებარეობს სხვადასხვა ორგანოსა და სისტემებში. CB1 განსაკუთრებით ტვინში არის ჭარბად წარმოდგენილი, CB2 კი უფრო მეტად პერიფერიულ სისტემაშია“, – ამბობს ის.

კანაფი 500-ზე მეტი ნივთიერებისგან შედგება; მათგან 104 არის მხოლოდ კანაბინიოდი, რომელთაგან ორი – THC და CBD ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია. არსებობს კიდევ ბევრი სხვა კანაბინოიდი, რომლებზეც ჯერ კარგად არაა ცნობილი, რამდენად ეფექტიანია თერაპიული თვალსაზრისით.

როგორც მიულერი ამბობს, არსებობს მოსაზრება ე.წ. ანტურაჟის ეფექტისა, რომლის მიხედვითაც, კანაფის ამ სხვადასხვა ინგრედიენტის კომბინაცია ზრდის  THC-ის ეფექტიანობას და ამცირებს გვერდით მოვლენებს.

„როგორც ვახსენეთ, ეს ენდოკანაბინოიდური სისტემა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, არა მხოლოდ კოგნიტური შესაძლებლობებისთვის, ასევე, ქცევისა და ბევრი სხვა მიმართულებით. ეს არის სისტემა, რომელიც მთელ ჩვენს სხეულშია გაფანტული და დაავადებები, რომლებიც სხვადასხვა სისტემაშია, შესაძლოა, მართული იყოს კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტებით“, – ამბობს პროფესორი მიულერი.

რა დანიშნულებით გამოიყენება კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტები

მიულერის თქმით, ამჟამად საუბარი არ არის სხვადასხვა მდგომარეობის განკურნებაზე – ამ ეტაპისთვის კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტები სხვადასხვა დაავადების სიმპტომების შესამცირებლად გამოიყენება.

როგორც აღინიშნა, არსებობს მედიკამენტები, რომლებიც მხოლოდ THC-ის შეიცავს. ასევე, არსებობს მხოლოდ CBD-ის შემცველი პრეპარატები. არის კომბინირებულიც. გამომდინარე თერაპიული მიზნებიდან, THC/CBD-ის კონცენტრაცია განსხვავებულია. მედიკამენტებში THC-ის ყველაზე დიდი შემადგენლობა არის 25%, ხოლო ყველაზე დაბალი – 1%.

როგორც პროფესორმა მიულერმა მოხსენებისას აღნიშნა, ამ ეტაპისთვის არსებობს კანაფზე დაფუძნებული ლიცენზირებული მედიკამენტები და ისეთებიც, რომელთათვისაც ლიცენზია ჯერ არ მიუნიჭებიათ. რაც შეეხება ფორმებს, არსებობს როგორც აბის, ზეთისა და სპრეის სახით, ასევე საინჰალაციო მოხმარებისაც.

„გაფანტული სკლეროზისთვის ოფიციალურად ლიცენზირებული მედიკამენტები გამოიყენება; არის ქიმიოთერაპიის ან ეპილეფსიის დროს გამიზნული პრეპარატები – ეს გერმანიაში. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, დამატებით არსებობს სხვა ლიცენზირებული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ანორექსიის დროს, ასევე – ტვინის სიმსივნის დროს ტკივილის წინააღმდეგ. დისკუსია ამ მედიკამენტებთან დაკავშირებით აღარ მიმდინარეობს, ვინაიდან მათ ლიცენზია უკვე მიღებული აქვთ“, – ამბობს ის.

ჩვენებები, როდესაც THC-ის შემცველი მედიკამენტების
ეფექტიანობა დამტკიცებულია:
  • ქრონიკული ნეიროპათიური ტკივილი;
  • ქრონიკული სიმსივნური ტკივილი;
  • ქრონიკული არანეიროპათიური არასიმსივნური ტკივილი;
  • სპასტიურობა გაფანტული სკლეროზის დროს;
  • გულისრევა, ღებინება, ქიმიოთერაპიის შემდეგ;
  • აივ/შიდსით გამოწვეული წონაში კლება და ანორექსია;
  • პალიატიური მზრუნველობა;

სავარაუდო ეფექტიანობა:

  • სხვა სახის ტკივილი, როგორიცაა შაკიკი, კლასტერული თავის ტკივილი, ფიბრომიალგია;
  • სპასტიურობა სხვა ნევროლოგიური დაავადებების დროს;
  • ტურეტის სინდრომი და სხვა ქრონიკული ტიპის დარღვევები;
  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD);
  • აუტისტური სპექტრის აშლილობა (ASD);
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • მოუსვენარი ფეხების სინდრომი (RLS);

შესაძლო ეფექტურობა შემდეგი მდგომარეობებისთვის:

  • პოსტტრავმული სტრესული დარღვევები (PTSD);
  • დეპრესია;
  • შფოთვითი დარღვევები;
  • მეტყველების დარღვევა/Stuttering;
  • ტინიტუსი;
  • ეპილეფსია;
  • ძილის დარღვევა;
  • გლაუკომა;
  • აშლილობა, გამოწვეული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით;
  • აკნეს ინვერსია;
  • უტიკარია, იგივე ჭინჭრის ციება.

როგორც შესაძლო ეფექტიანობასთან დაკავშირებით პროფესორი მიულერი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი სამედიცინო მტკიცებულებები ამ დროისთვის ჯერაც არ დაგროვილა, რიგი დაავადებების დროს მათ პრაქტიკაში პაციენტის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ნახეს. მაგალითისთვის კი იხსენებს ეპილეფსიისა და ენის ბორძიკის ჩივილის მქონე პაციენტებს.

„ახალგაზრდა პაციენტი მძიმე ავარიაში მოჰყვა, მიიღო თავის ტრავმა და შედეგად განუვითარდა ეპილეფსია, გერმანიაში საუნივერსიტეტო კლინიკაში დადიოდა, დანიშნული ჰქონდა ყველა სახის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიისას, თუმცა არ იყო საკმარისად ეფექტიანი. მან სადღაც ამოიკითხა მარიხუანის შესაძლო ეფექტიანობის შესახებ, წავიდა ნიდერლანდებში, იყიდა და დღემდე განაგრძობს მოხმარებას; არანაირი ეპილეფსიური გულყრა მას შემდეგ არ ჰქონია. ეს იყო, დაახლოებით, 5 წლის წინ, როდესაც მან მოხმარება დაიწყო…

ასევე პაციენტები, რომლებსაც ენა ებმებათ, კომუნიკაციისას აქვთ კომპლექსი, შიში… ამგვარმა პაციენტმა მითხრა, რომ, როცა კანაფს მოიხმარს, მნიშვნელოვნად უმჯობესდება მისი მეტყველება. ვკითხე კოლეგებს, ჩაუტარდა ტესტი – როგორ საუბრობდა მოხმარებამდე და მას შემდეგ – და ჰქონდა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ცხადია, ეს არ არის საკმარისი მტკიცებულება, თუმცა ჩვენს ვნახეთ ასეთ შემთხვევებში პაციენტების ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება…

რაც შეეხება აკნეს, ამაზე კვლევა არ მახსენდება, თუმცა მყავს კოლეგა, რომელიც მკურნალობს აკნეს მძიმე ფორმას და ძალიან ბევრ პაციენტს მდგომარეობა გაუუმჯობესდა. მე მინახავს ფოტოსურათები მანამდე და მკურნალობის შემდეგ… მიმდინარეობს კვლევა სამედიცინო კანაფის, ამ შემთხვევაში უფრო CBD-ის, როგორც ანთების საწინააღმდეგო დანიშნულებაზე“, – ამბობს ის.

ჩვენებები, სადაც CBD-ის შემცველ კანაბინოიდებზე
ეფექტიანობა დამტკიცებულია:

ეპილეფსია ამ ჩვენების დროს:

  • დრავეტის სინდრომი (DS);
  • ლენოქს-გასტაუტის სინდრომი (LGS);
  • ტუბეროზული სკლეროზის კომპლექსი (TSC).

შესაძლო ეფექტიანობა:

  • აუტისტური სპექტრის აშლილობა (ASD);
  • ფსიქოზი/შიზოფრენია;
  • შფოთვითი აშლილობა;
  • ტკივილი.

როგორც პროფესორი მიულერი ამბობს, გერმანიაში მხოლოდ 3 კომპანიას აქვს კანაფის სამკურნალოდ მოყვანის ნებართვა. პაციენტების მიერ სამედიცინო კანაფის, კანაფის ექსტრაქტების თვითკულტივირება დაუშვებელია. ამასთან, THC შეიძლება დაინიშნოს, როდესაც სხვა (არანარკოტიკული) მკურნალობა მიუწვდომელია.

სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული მიდგომა აქვს დაწესებული

როგორია მისი რჩევა, საიდან უნდა დაიწყოს საქართველომ კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების გამოყენება:

„როდესაც გიწევთ, დაარწმუნოთ ადამიანები, რომლებიც სკეპტიკურად და კრიტიკულად არიან განწყობილნი, გირჩევთ, დაიწყოთ კანაფზე დამზადებული მედიკამენტების გამოყენება უკვე დადასტურებული ჩვენებებისთვის.

ესენია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტკივილი, პალიატიური მზრუნველობა, გაფანტული სკლეროზი. შემდეგ, როდესაც ცხადი იქნება მათი ეფექტი, ექიმებიც გაიგებენ, რომ კანაფზე დამზადებული წამალი ეფექტიანი და უსაფრთხოა ტკივილის სამკურნალოდ. სამწუხაროდ, ეს გერმანიაშიც პრობლემაა, რადგან ტკივილის მქონე პაციენტებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა კანაფზე დამზადებული მედიკამენტით მკურნალობას მხოლოდ მას შემდეგ აანაზღაურებს, თუ მანამდე უკვე ყველაფერი სცადეს. შესაბამისად, გიწევს ჯერ სტანდარტული მკურნალობა, რაც მოიცავს ფსიქოთერაპიას, ტკივილგამაყუჩებლებს, ოპიოიდებს, რაც, ჩემი აზრით, შეცდომაა. უნდა შეიცვალოს მიდგომა, რადგან ოპიოიდებთან შედარებით, კანაბინოიდები ნაკლებად ძლიერია ტკივილის შესამცირებლად, მაგრამ ბევრად უსაფრთხოა და გაცილებით ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს. ამიტომ, მე გირჩევდით, გამოიყენოთ კანაბინოიდები ტკივილის სამკურნალოდ, ეს თქვენი მკურნალობის სტრატეგიების სპექტრს გააფართოებს“, – ამბობს მიულერი „პუბლიკასთან“ საუბრისას.

მისივე შეფასებით, კანაბინოიდები ყველაზე უსაფრთხო მედიკამენტებია, რაც კი ოდესმე მედიცინაში გამოუყენებიათ. სედაცია და თავბრუსხვევა მისი ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტია, რომელთაც ორგანიზმი ადვილად უმკლავდება. მკურნალობის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ორგანიზმი მათ ეჩვევა.

მისივე თქმით, არც ერთი შემთხვევა კანაფის ან კანაფზე დამზადებული მედიკამენტის მიღებით მკვდარი ადამიანისა, ლიტერატურაში არ არის. ასე რომ, ის აბსოლუტურად უსაფრთხო წამალია.

„სამწუხაროდ, ამის შესახებ მხოლოდ იმ ექიმებმა ან პაციენტებმა იციან, რომლებმაც გამოიყენეს ის. სხვა ადამიანების უმეტესობას (სამწუხაროდ, ექიმების ჩათვლით) სჯერა, რომ ძალიან ბევრი სერიოზული გვერდითი ეფექტი აქვს. ასევე, არსებობს რაღაც სასწაულები, ცრუ ისტორიები…

ეს დაკავშირებულია წარსულში კანაფის აკრძალვასთან. ზოგიერთი ფიქრობს, რომ კანაფმა შესაძლოა, ფსიქოზი და სხვა მძიმე ფსიქიატრიული დაავადებები  გამოიწვიოს. თეორიულად, დიახ, THC-მ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზური რეაქციები, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ კანაფის [მედიკამენტზე] გავლენაზე, ეს ვერ მოხდება მოზრდილებში, რომლებსაც არ აქვთ ფსიქიკური აშლილობების მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობა. ასე რომ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვიღებთ კანაფზე დაფუძნებულ მედიკამენტს რაიმე სახით, შეუძლებელია, ეს შემდეგ რაიმე ზიანს გვაყენებდეს“, – ამბობს კირსტენ მიულერ-ვალი.