ცხოვრება სანატორიუმში
თბილისის ზღვის დასახლებაში, ყოფილი სანატორიუმის შენობასთან ბოლო დღეებია, ხალხმრავლობაა. აქ მარტივად ვერ მოხვდებით, პატარა დასახლება თითქოს თბილისის არც ერთ უბანს არ ეკუთვნის. რამდენიმე შენობა ზღვის პირას, ქალაქიდან მოშორებით სანერგესა და სასაფლაოს შორის არის მოქცეული.
დასახლების შუაგულში დიდი კორპუსია; ფართო აივნები აგურით ამოუშენებიათ; კედლებზე ბზარებსა და შეშის ღუმლის საკვამურებს დაინახავთ. კორპუსი ბზარებით რამდენიმე ადგილას იხსნება, შეშის ღუმელი კი გათბობის ძირითადი საშუალებაა. კორპუსში ბუნებრივი აირი არ აქვთ.
წლების წინ აქ სანატორიუმი იყო. შენობას სანატორიუმის კვალი ისევ შერჩენია – ხვეული, ლამაზი, მაგრამ მოუხერხებელი კიბე, ჩაბნელებული, ვიწრო დერეფნები და ვერანდა თბილისის ზღვის ხედით.
დევნილთა კომპაქტური ჩასახლება „ქართლში“ 1993 წელს დაიწყეს. „კომპაქტურიც“, როგორც ჩანს, კარგად აღწერს სიტუაციას. „ქართლის“ ერთ-ერთი მცხოვრები აკაკი თოფურია ჰყვება, რომ მოსახლეობის ნაწილს 12 კვადრატული მეტრის ზომის ბინაში უწევს ცხოვრება. სანატორიუმი ხომ მხოლოდ მცირე ხნით დასვენებისთვის იყო განკუთვნილი – პატარა ნომრებითა და აბაზანებით, თუმცა, წლებია, უკვე ბინებად ქცეულა.
„12 კვადრატულია სახლი და ცხოვრობს 4-5 ადამიანი. დაბერდნენ აქ ადამიანები, ბავშვები მოვიდნენ და დაბერდნენ. სტუმარი რომ მოდის, სირცხვილი უჭამია ხშირად ხალხს, ყავა რომ ტუალეტიდან გამოუტანია და სტუმარს აღარ დაულევია.
გაზიც კი ვერ შემოვიყვანეთ. ავარიულია კორპუსი და აქ რაღაცების გაკეთება არ შეიძლებოდა. მხოლოდ რამდენიმე ოჯახს აქვს, ალბათ 3-4-ს, რომლებიც კორპუსის ძირში, ფაქტობრივად, კერძო სახლებში ცხოვრობენ.
წყლის პრობლემაც არის. მე, მაგალითად, აქაურ ონკანის წყალს ვერ ვსვამ, ჯანმრთელობაზე მოქმედებს. ასე რომ, არც გაზია, წყალიც პრობლემურია. არ ვცხოვრობთ ისე, როგორც უნდა იყოს თბილისში.
„ზედა სართულებზე წყალიც ჩამოდის“, – ერთვება საუბარში ვლადიმერ არჩაია, რომელიც ჩვენს საუბარს ისმენს. „მეოთხე სართულის ფოიედან თუ ჩაიხედავთ ძირს, ეზო ჩანს თვალნათლივ. იშლება უკვე კორპუსი, საყრდენი აღარ აქვს. ამას გრძნობ, რომ დადიხარ ფოიეში. იატაკი ირყევა და მალეც დაიშლება, სიმაგრე არ აქვს და ვერ იჭერს.
ეს არ იყო საცხოვრებელი კორპუსი. დიდი, ღია აივნები ჰქონდა, რომელიც ამოაშენა მოსახლეობამ და ეს სიმძიმეც რომ დაემატა, კორპუსს უჭირს უკვე გაძლება“, – დასძენს ვლადიმერ არჩაია.
აკაკის და ვლადიმერს კორპუსის გადასწვრივ მდებარე დარბაზში ვესაუბრები. აქ ცოტა ხნის წინ პრესკონფერენცია ჰქონდათ. უკან თოკზე პატარა ფურცლებია ჩამოკიდებული, წარწერებით – „აფხაზეთში ჩვენ დავისაჯეთ ქართველობისთვის, რისთვის ვისჯებით აქ?“; „სანატორიუმი „ქართლი“ განწირულია…“; „30 წელია, ვიცდით. როდემდე?“
ეს სანატორიუმის ძველი დარბაზია. საღამოებს აწყობდნენ ამ დარბაზში და ბანკეტებს იხდიდნენო, მიყვებიან ადგილობრივები. ახლა დარბაზს პატარა ნათურა ანათებს და შეშის ღუმელი ათბობს. საბანკეტო დარბაზი უკვე აქციის მონაწილეთა თავშეყრის ადგილად ქცეულა. აქ ვიკრიბებით და სხვადასხვა საკითხს ვწყვეტთო, მიყვებიან აკაკი და ვლადიმერი.
უკვე ღამეა და რამდენიმე ადამიანია დარჩენილი. საუბრობენ პროტესტზე, კორპუსზე, სოციალურ პირობებზე. ერთ-ერთს ტელეფონში საინფორმაციო გამოშვება ჩაურთავს და უყურებენ, ტელევიზიაში როგორ აშუქებენ მათ ამბავს.
აკაკი ამბობს, რომ რამდენიმე მეზობელი მორიგეობით რჩება დარბაზში, ღამისთევით. შენობაში ცხოვრება სახიფათოა და ვინმემ მაინც უნდა იფხიზლოს, რომ მეზობლები გააფრთხილოს.
„რამე რომ მოხდეს, არც ვიცი, რა უნდა ვქნათ. მე კარგი, ახალგაზრდა ვარ, რამეს ვიზამ, გადმოვხტები მაინც, ბოლოსდაბოლოს. აქ მოხუცები არიან. ბავშვები ჰყავს ხალხს, იმათ რა უნდა ქნან?!“ – ამბობს აკაკი თოფურია.
აკაკი ჰყვება, რომ ჩასახლების შემდეგ დროთა განმავლობაში ოჯახების ნაწილი გაიყვანეს. ძირითადად, მრავალშვილიანი მოსახლეები. მაგრამ სანატორიუმის დევნილთა დასახლებაში ჯერ კიდევ ცხოვრობს დაახლოებით 140 ოჯახი. მდგომარეობა კი უკვე სავალალოა.
„აქამდე მოდიოდნენ ხოლმე, გვპირდებოდნენ, რომ დაელოდეთ და იქნება. ტყუილი დაპირებები ყოფილა“, – განაგრძობს ვლადიმერ არჩაია.
რას მოითხოვს ხალხი?
„ქართლის“ მცხოვრები ლევან ლეჟავა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. იხსენებს, როგორ გამწვავდა პროტესტი, რატომ მოუწიათ ქუჩაში გამოსვლა და ასეთი გზით ბრძოლა.
„ჩვენ აქ ვცხოვრობთ 1993 წლიდან და მას შემდეგ შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა მხოლოდ ერთხელ. ჩვენ გვაქვს სამხარაულის დასკვნა 2015 წლით დათარიღებული, რომ ეს შენობა არის ავარიული და აქ ხალხი ვერ იცხოვრებს. შესაბამისად, სულ გვქონდა ეს მოთხოვნა – ადამიანების სახლებით დაკმაყოფილება.
კედლებზე სულ უფრო მეტი ბზარი ჩნდება, ბათქაში ცვივა და ისე წვიმს ხოლმე, როგორც გარეთ. ამ ბოლო დროს ჩამოინგრა სადარბაზოს ჭერიც. ახლოს ვიყავი და თავად შევასწარი მაგ ფაქტს. აი, ამ უკიდურესად გართულებულმა მდგომარეობამ გვაიძულა, გარეთ გამოვსულიყავით და ასე გვებრძოლა ჩვენი მოთხოვნებისთვის“, – ამბობს ლევანი.
ჯანდაცვის სამინისტროს „ქართლის“ დევნილებისთვის სამი შეთავაზება აქვს. უწყებაში აცხადებენ, რომ დევნილებისთვის ბინების შეძენას გეგმავენ, მაგრამ სამინისტროს ბინებით დაკმაყოფილებაზე კონკურსი თებერვლის ბოლომდე აქვს გახანგრძლივებული. ასე რომ, შესყიდვას გარკვეული პერიოდი დასჭირდება.
თუკი დევნილებს მოცდა არ შეუძლიათ, სამინისტრო სთავაზობს, მათ თავად შეიძინონ ბინები, გარკვეული პირობების შესაბამისად და შემდეგ სახელმწიფო გადაუხდის გადასახადს.
დაბოლოს, სანამ შეისყიდიან ბინებს დევნილებისთვის, სამინისტრო სთავაზობს მათ, „ქართლიდან“ ქირით გავიდნენ, რასაც ასევე სახელმწიფო აანაზღაურებს.
თუმცა თამარ საუთიევა, რომელიც პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორია, ამბობს, რომ ხელისუფლების არც ერთი შეთავაზება არ მიესადაგება მათ საჭიროებებს და მხოლოდ ილუზიას ქმნიან, თითქოს სამინისტრო დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად ქმედით ნაბიჯებს დგამს.
„ხელისუფლება გვეუბნება, რომ გვთავაზობს 550 დოლარს კვადრატულ მეტრზე, მაგრამ ბაზარზე ამ თანხით იმ პირობების დაკმაყოფილება, რასაც ისინი გვიყენებენ – კორპუსის ექსპლუატაციაში ყოფნა, რომელშიც ბინას შევიძენთ, წინასწარი ხელშეკრულება მყიდველსა და გამყიდველს შორის და ა.შ. – შეუძლებელია. ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად შევიძინოთ ბინები.
მათი ლოგიკა არაა ადეკვატური. ჩვენ რომ გვქონოდა საკმარისი თანხა, აქ, სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში არ გაჩერდებოდა არც ერთი ადამიანი. არ გვაქვს ბინის შესაძენად საკმარისი ფული, თუნდაც შემდეგ ხელისუფლებამ რომ დაგვიბრუნოს. ამიტომ, ჩვენი პასუხი ამაზე ისაა, რომ თავად შეისყიდონ არსებულ კორპუსებში ბინები და გადმოგვცენ.
ეს ძალიან მარტივად მოაგვარებდა პრობლემას და დაანახებდა საზოგადოებას, რომ ხელისუფლება ცდილობს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ პირიქით, მათი განცხადებები ერთი-მეორეზე უტიფარია და არანაირი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებენ. ჯერჯერობით ასე ჩანს“, – ამბობს თამარ საუთიევა.
რაც შეეხება სამინისტროს შეთავაზებას, დროებით ქირით გადასვლის შესახებ, „ქართლში“ მცხოვრები დევნილები არ ენდობიან. თამარ საუთიევა მიყვება, რომ წლებია, ხელისუფლება არაფერს აკეთებს პრობლემის მოსაგვარებლად, ქირის შეთავაზება კი მათ დროებით გაჩუმებას ემსახურება. საუთიევა ამბობს, რომ სანატორიუმში ხალხს უკვე აღარ სჯერა ხელისუფლების.
„ხელისუფლებას აღარ ვენდობით“
ხელისუფლებისადმი უნდობლობაზე საუბრობენ აკაკი თოფურია და ვლადიმერ არჩაიაც. ჩივიან, რომ დაპირებების მოსმენა-დაჯერებაში წლები გაატარეს, საცხოვრებელს ვერ იღებენ, ვითარება კი სულ უფრო მძიმდება.
გვრჩებოდა მხოლოდ ტყუილი დაპირებები. რამდენიმე ადამიანი ისე გარდაიცვალა, ბინა ვერ მიიღო ცხოვრების ბოლომდეო, ამბობს ვლადიმერი.
„რამდენი ხანი უნდა იხადონ ქირა? წელიწადში იმხელა თანხაზე ავდივართ ამდენი ოჯახისთვის, რომ გამოყოფილი ბიუჯეტი უმიზნოდ დაიხარჯება ამ ერთ წელში. მაშინ, როცა ჩვენ გვჭირდება არა დროებით გადასვლა ქირით, არამედ ბინებით უზრუნველყოფა. თუ ასახლებენ სხვებს, დევნილებს, ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენ არ ვართ დევნილები?!
აქამდეც უნდა ეზრუნათ, მაგრამ აქამდე თუ არა, რაც აქციები დავიწყეთ, სამი თვეა უკვე. მოსულები იყვნენ აქამდეც. მიხეილ ყაველაშვილი და ვიღაცები კიდევ. მოვიდა და „9 წელი“ გაიხსენა, აქამდე როგორ ცხოვრობდით, ისე იცხოვრეთ ახლაცო. ასე თქვა პირდაპირ. იმ 9 წლის მეტზე არაფერზე უსაუბრია“, – დასძენს აკაკი თოფურია.
თამარ საუთიევა ამბობს, რომ ახლა მხოლოდ დაპირებებს აღარ მიიღებენ. ხელისუფლებისგან გარანტიები უნდათ, რომ მათი მოთხოვნები სამართლებრივად დაცული იქნება. სურთ დაინახონ, რომ ნამდვილად დაიწყებენ მათი პრობლემების მოგვარებას.
„ჩვენ კი მხოლოდ იმას ვხედავთ, როგორი ღიმილით საუბრობდა მინისტრი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ამიტომ ძალიან რთულია ვისაუბროთ მის ღირებულებებზე, მაგრამ დევნილების კეთილდღეობაზე მუშაობა მისი მოვალეობაა და მოვითხოვთ, შეასრულოს ის ვალდებულება, რაც ხალხის წინაშე აქვს“, – ამბობს თამარი.
რატომ მოიკლა თავი ზურაბ ჭიჭოშვილმა
თამარის მსგავსად, სანატორიუმთან ახლა ყველა ზურაბ ჭიჭოშვილზე საუბრობს. ზური, როგორც მას ადგილობრივები მოიხსენიებენ, 52 წლის იყო, როცა 16 იანვარს კორპუსის სახურავიდან გადმოხტა.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ეს მისი საპროტესტო ნაბიჯი იყო, სასოწარკვეთა, რადგან დიდი ხანი იბრძოდა ავარიული კორპუსიდან ხალხის გასასახლებლად, მაგრამ დევნილებმა სათანადო ყურადღება აქამდე ვერ მიიქციეს.
აქაურები კი ყველაზე მეტად იმან გააბრაზა, რომ ხელისუფლებამ ეს უბედურ შემთხვევად შეაფასა. სამძიმარიც კი დაენანათო, ამბობს ჩემთან საუბარში ლევან ლეჟავა, რომელიც ზურის კარის მეზობელი იყო და დარწმუნებულია, რომ ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა.
თამარ საუთიევა კი მეუბნება, რომ ზური რეალურად ხელისუფლების უმოქმედობის მსხვერპლია. რადგან მისი ბინით უზრუნველყოფა ამდენი წელია ვერ მოახერხა. სანატორიუმში კი ისევ რჩება ათობით ოჯახი, რომელიც ისევ სახიფათო გარემოში ცხოვრობს და ჯერ კიდევ იბრძვის ნორმალური პირობებისთვის.
„ჩვენ არა მარტო ზური, არამედ ბევრი ადამიანი ვიცით განწირული და მკვდარი სოციალური პრობლემების გამო. ამიტომ, დღეს იმაზე საუბარი, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, არის დაცინვა და ამორალური ქმედება.
თაობები გარდაიცვალნენ ამ მოლოდინში. იმ მოლოდინში, რომ რაღაც მაინც სასიკეთოდ შეიცვლებოდა, მათთვის თუ არა, მათი შვილებისთვის მაინც. ეს უიმედობა, იმის განცდა, რომ არაფერი იცვლება, ბუნებრივია, ადამიანებში იწვევს აპათიას.
აი, ამაზე არ სვამენ აქცენტს და გვესაუბრებიან თითიდან გამოწოვილ თემებზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფოში დღესაც კი, როცა ადამიანმა თავი მოიკლა, არ არსებობს თვალთახედვა, რომ არსებობდეს ადამიანებზე მიმართული პოლიტიკა. პოლიტიკა, რომელიც დევნილთა პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს“, – წუხს თამარ საუთიევა.
„აქციები გაგრძელდება“
დღეს სანატორიუმის მცხოვრებლები სამომავლო გეგმებს განიხილავენ. ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება. სხვა გზა უკვე არ გვაქვსო, ამბობენ.
შეკითხვაზე, აქვთ თუ არა წარმატების მოლოდინი, მპასუხობენ, რომ არ აქვთ იმედი ხელისუფლების კეთილი ნების, მაგრამ იმისიც სჯერათ, რომ ბრძოლა უშედეგოდ არ ჩაივლის. ბრძოლისთვის კი მოტივაცია აქვთ.
„გპირდებით მასშტაბური აქციები იქნება. ამ კორპუსიდან კი არა, გვერდით კორპუსებიდანაც მოვლენ, ჩვენი მეგობრები მოვლენ და ნათესავები, მოვლენ სხვა დევნილები და ნახონ მერე ჩვენი რაოდენობა.
ბოლოს და ბოლოს, ადამიანი გარდაიცვალა. ვის დაავიწყდება ზური ჭიჭოშვილი? ბინაც რომ მოგვცენ და შევიდე შიგნით, ყოველ შესვლაზე მაშინვე ის უნდა გამახსენდეს. თუნდაც ნასვამი ყოფილიყო იმ მომენტში, ხომ ვიცით, რომ ამის გამო გადადგა ეს ნაბიჯი.
აქამდეც დაღუპულან ადამიანები და რას აკეთებდნენ, ვიცით. ამიტომ, არ მგონია, რომ რაიმეს იზამენ. ყოველ შემთხვევაში ჩუმად მაინც არ ჩაივლის ჩვენი პროტესტი. თუ გააკეთებენ რამეს, ისევ იმის გამო, რომ ჩვენ ვაიძულებთ. ჩვენ რომ გავჩერდეთ ახლა, გამოდის, რომ ტყუილად გარდაცვლილა ის კაცი“, – ამბობს აკაკი თოფურია.
თამუნა საუთიევა კი დასძენს, რომ სურთ, საზოგადოებამ გაიგოს, რატომ ვერ მოხერხდა აქამდე და რა უშლის ხელს მათი პრობლემების დაკმაყოფილებას. ამბობს, რომ პროტესტი არ შეწყდება და თავიანთი მოთხოვნებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
„ჩვენი პროტესტი იქნება მრავალმხრივი და მოვიცავთ ყველა იმ უწყებას და დონორ ორგანიზაციას, რომლებიც აფინანსებენ ბინებით უზრუნველყოფას, მაგრამ ეს თანხა ჩვენამდე არ მოდის. გვინდა, რომ ყველას მივაწვდინოთ ხმა იმ კორუფციის შესახებ, რაც აფერხებს ჩვენამდე თანხის მოსვლას, ბინებით უზრუნველყოფის პროცესს.
ჩვენი აქციები იქნება პერმანენტული. თუ ისევ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, ბუნებრივია, შემდეგ სხვა ეტაპზეც გადავალთ. დავიწყებთ შიმშილობას, ასევე გავშლით კარავსაც და გადმოვინაცვლებთ ქუჩაში ან იმ უწყებების წინ, რომლებიც ვალდებულნი არიან, მიიღონ გადაწყვეტილებები ადამიანების საკეთილდღეოდ“, – მეუბნება თამარ საუთიევა, რომელთან ერთადაც კორპუსის დასათვალიერებლად მივდივარ.
შორიდან მაჩვენებს იმ ადგილას, საიდანაც ზური ჭიჭოშვილი გადმოხტა. იქ, კორპუსის სახურავზე ახლაც ხალხია შეკრებილი და ჩვენკენ, ეზოში იყურებიან. კორპუსში შევდივართ. თამუნასთან ერთად ბზარებს ვათვალიერებ. ბზარები ჩაბნელებულ დერეფნებშიც ჩანს. ჩანს ის ორმოც, რომელიც ერთ-ერთ ფოიეში ჩანგრეული იატაკის ადგილას გაჩნდა.
პროტესტი დღეს შეჩერდა. ხალხის ხმა ახლა სანატორიუმის დერეფნებში იმ პატარა ოთახებიდან ისმის, რომლებშიც წლების წინ შევიდნენ იმედით, რომ დროებით გაჩერდებოდნენ.
„აი, აქ ჩანს ძალიან კარგად, რომ საზოგადოებაში დევნილი აღქმულია მეორეხარისხოვან ადამიანად, რომელმაც ყველაფერი უნდა აიტანოს“, – ამბობს თამარი, რომელიც დევნილთა საცხოვრებლიდან მაცილებს, წლების წინ სანატორიუმი რომ იყო.