ავტორი: ანი კილაძე
გულწრფელობა ალბათ არსად ისეთი საჭირო და აუცილებელი არ არის, როგორც კინოში. სწორედ უსაზღვრო გულწრფელობაა ნინო ჟვანიას 2020 წლის ფილმის, „აღლუმის“ ერთ-ერთი მთავარი ღირსება, რომელიც 3 ბავშვობის მეგობრის პატარა მოგზაურობაზე გვიყვება. ეს უკანასკნელი ოდისეაა ხსოვნის სახელით, რომელსაც არ გააჩნია საბოლოო დანიშნულება. მთავარი სწორედ გზა და სამკაციანი აღლუმია, რომელიც მთავარი აღლუმის პარალელურად მიმდინარეობს. აღლუმის, რომელიც პერსონაჟებში გაუცხოებასა და გაუგებრობას იწვევს, თუმცა შეუძლებელია ბოლომდე დააიგნორონ და გაიქცნენ მისგან. თანამედროვე ცხოვრების სახე კვალდაკვალ მოსდევს სიბერეში შესულ მეგობრებს, რომლებსაც ერთმანეთთან მხოლოდ წარსულის მოგონებები აკავშირებთ.
კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი გურამი, მსახიობი ტრულაილა და რომანტიკოსი მხატვარი თაზო იმ შესანიშნავ ტრიადას ქმნიან, რომელსაც რთულია მოსწყდეს მაყურებელი. ქართულ კინოში ხშირად კრიტიკის ქარცეცხლში მოქცეული დიალოგები და ლექსიკა ამ შემთხვევაში სრულიად ძალდაუტანებელი და ბუნებრივია, რაშიც სცენარისტთან ერთად მსახიობების წვლილიც დიდია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მაყურებელი ძველი მეგობრების წრეში მოხვედრილი შემთხვევითი ადამიანია და ინტერესით უსმენს ყოველ შემდეგ ისტორიას, რომელსაც კაცები მათი საერთო თუ დამოუკიდებელი წარსულიდან გაიხსენებენ. სამივე პერსონაჟი საკმაოდ დამახასიათებელი და პროტოტიპულია საქართველოს 90-იან წლებში გაზრდილი კაცებისათვის. გზა, რომელიც აირჩია თითოეულმა საკუთარი ცხოვრებისათვის, ერთი მხრივ ანიჭებს მათ იდენტობას, მეორე მხრივ კი – პირიქით, აქცევს გარკვეულ ჩარჩოებში, საიდან თავის დაღწევაც ერთმანეთის გარემოცვაშიც კი უჭირთ.
სწორედ ერთგვარი თავის დაღწევის აქტია სპონტანურად დაგეგმილი მოგზაურობაც, რომელიც პერსონაჟებს საშუალებას აძლევს, გადაუხვიონ უსიამოვნო ყოველდღიურობას და დრო ბავშვობის მეგობრებს დაუთმონ. კომპლექსური, თუმცა ბუნებრივია, დინამიკაც, რომელიც იმ ადამიანებს შორის არსებობს, რომლებიც ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. რამდენად განსხვავებულიც არ უნდა იყოს მათი ცხოვრება დღეს, არ იცვლება ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, რომელიც ოდესღაც, წლების წინ გაჩნდა. შესაბამისად, ბევრია წყენაც, აგრესიაც და ბრაზიც თბილ თუ დადებით გრძნობებთან ერთად. მაყურებელიც სწორედ ამ კომპლექსური გრძნობებისა და ემოციების ბურუსში ეხვევა, რაც ხშირად დაჰყვება ოჯახურ ურთიერთობებსა თუ მრავალწლიან მეგობრობას. გარემო, რომელიც, ერთი მხრივ, გაძლევს საშუალებას, იყო ყველაზე ბუნებრივი თუ რეალური, მეორე მხრივ კი, გზღუდავს და გაქცევს შენ მიმართ არსებული მოლოდინების უბრალო მიმდევრად.
ფილმში მოულოდნელ მხიარულებას აჩენს ტრულაილას ნამდვილი სახელიც – ფრიდონი, რომელიც სრულიად ლოგიკურად მაყურებელმა შესაძლოა გარკვეულ ალუზიად ჩათვალოს რუსთაველის ლეგენდარულ სამ მეგობართან. თუმცა თანამედროვე ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი ვერ ჩადიან საგმირო საქმეებს და ვერც ქაჯეთის ციხიდან იხსნიან მშვენიერ ნესტან-დარეჯანს. მათი ოდისეის ძირითადი ნაწილი მოცულია „ბოზებითა“ და ნანგრევებით, თუმცა სწორედ ამ ირონიულ და აბსურდულ გარემოში ფილმში ყველაზე მეტად შემოდის პოეზიისა თუ რომანტიკის ელემენტები – სიყვარულის ძებნა დესტრუქციული და ფუნქციადაკარგული ოჯახისგან შორს; უკანასკნელი გაბრძოლება უსიყვარულობისა და მარტოობის წინააღმდეგ.
ნინო ჟვანიას ფილმი გარკვეულწილად არღვევს ერთგვარ კედელს, რომელიც საზოგადოებასა და კონკრეტულ ადამიანებს შორის აღმართულა ურთიერთგაუგებრობისა თუ მიუღებლობის სახელით. უპირისპირდება ტოქსიკურ მასკულინურ ხატებსა თუ ურთიერთობებს და ახლო კადრიდან გვიჩვენებს სამი შუახნის კრიზისში მყოფი მამაკაცის ქცევას. შესაძლებელს ხდის, მაყურებელმა თანაუგრძნოს და გაუგოს პერსონაჟებს; დაიჯეროს, რომ მართლა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც წარსულში კაცი დაუუთოებიათ, თუმცა ახლა ლოკოკინაც კი ეცოდებათ. „აღლუმი“ წარმოადგენს წარსულის ხსოვნისა და გააზრების საჭიროების ერთგვარ მონუმენტს, რომელიც სავსეა პოეზიით, იუმორითა და არაერთი სევდიანად ბედნიერი მომენტით; შეგრძნებებით, რომლებიც გაბრუნებს ყველაზე მშობლიურთან და ნამდვილთან.