ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობით, თბილისს კიბერსივრცის პოლიტიკისა და კიბერუსაფრთხოების წამყვანი ამერიკელი სპეციალისტი მელისა ჰეთეუეი სტუმრობდა. მელისა ჰეთეუეი აშშ-ის ორი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა კიბერსივრცის პოლიტიკისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. იმყოფებოდა სამი კომპანიისა და სამი არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოში და არის მრავალი საჯარო და კერძო კომპანიის სტრატეგიული მრჩეველი.
როგორც მელისა ჰეთეუეი ამბობს, საქართველოში მისი ვიზიტი მრავალ საკითხს ეხებოდა. მან შეხვედრები გამართა თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროში, კერძო და არასამთავრობო სექტორთან. ასევე, ქალი ლიდერის როლში საუბრობდა, რის გაკეთება შეუძლიათ ქალებს ტექნოლოგიების სფეროში და თავიანთ კარიერაში წარმატების მისაღწევად.
თბილისში ყოფნისას მელისა ჰეთეუეის „პუბლიკა“ კიბერუსაფრთხოების არსებულ გამოწვევებზე, ბავშვებში ტექნოლოგიური უნარების განვითარების მნიშვნელობასა და ტექნოლოგიების სფეროში ქალების გაძლიერების გზებზე ესაუბრა.
კიბერუსაფრთხოების განვითარებასთან ერთად იცვლება და იზრდება კიბერსაფრთხეებიც. როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევებია დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი კიბერუსაფრთხოების კუთხით?
ვფიქრობ, ამ შეკითხვას შეიძლება ორნაწილიანი პასუხი ჰქონდეს. პირველი, ნებისმიერი ქვეყნის ციფრული ეკონომიკა იმაზეა დაფუძნებული, თუ რამდენად მაღალი კავშირია ქვეყანაში ინტერნეტის კუთხით.
ინტერნეტის დაკავშირებულობას თუ შევაფასებთ, ამ კუთხით საქართველოში სიტუაცია საკმაოდ კარგია. კარგია ტელეკომუნიკაციის ინფრასტრუქტურა, რაც გაციფრულების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს.
მეორე ნაწილია ის, რომ ჩვენ სულ უფრო მეტად ვაკავშირებთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა თუ მოქალაქეებზე ორიენტირებულ სერვისებს ინტერნეტთან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაძლიეროთ და დავრწმუნდეთ მის მდგრადობაში.
ეს კი ბევრი ქვეყნისთვის გამოწვევად რჩება. მათი კრიტიკული ინფრასტრუქტურა და სერვისები მოწყვლადია ისეთი აქტორების მიმართ, რომლებიც აწარმოებენ მავნე ქმედებებს. ასეთი ქმედებების დიაპაზონი კი ფართოა – დაწყებული წართმეული მონაცემების სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხის მოთხოვნით, დამთავრებული ისეთი თავდასხმებით, რაც ამ სერვისების ინტერნეტიდან გამოთიშვას იწვევს.
ვფიქრობ, კიბერუსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში აქ, საქართველოში, აღნიშნულია, რომ მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ქვეყნის ძირითადი ინფრასტრუქტურისა და სერვისების უსაფრთხოების მდგრადობის განვითარებაზე. ასევე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ხდება როლებისა და პასუხისმგებლობების განაწილება სხვადასხვა დეპარტამენტსა და სააგენტოს შორის. ასე ხდება სხვა ქვეყნებშიც.
დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ რამდენადაც ჩვენ სულ უფრო მეტ რამეს ვაკავშირებთ ინტერნეტთან, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებებმა ბაზარზე უკეთესი პროდუქტი მოითხოვონ.
ამ კუთხით, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროპაში, ევროკავშირმა ჩამოაყალიბა კიბერმდგრადობის აქტი, რომელიც ბაზარზე მაღალი ხარისხის პროდუქტის შემოტანას უწყობს ხელს. ეს პროდუქტები მკაცრ შეფასებას გადიან. ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობები იყოფა იმის მიხედვით, თუ რა დონის შემოწმება უნდა გაიარონ – მაღალი, საშუალო თუ დაბალი.
ბაზარზე გატანამდე შეფასებისას მკაცრი სტანდარტების დაკმაყოფილება უწევთ ისეთი ტიპის პროდუქტებს, რომლებიც კომუნიკაციების სფეროშია საჭირო ან ენერგეტიკის ხერხემალია, განსხვავებით უბრალო მაცივრის ან მიკროტალღური ღუმლისგან, რომლებსაც უფრო დაბალი სტანდარტების დაკმაყოფილება ევალებათ.
ვფიქრობ, ეს ევროპისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივაა და შესაძლოა, საქართველოსაც დაეხმაროს სამომავლო პოლიტიკის დაგეგმვაში.
ერთია, რომ ხელისუფლებას აკისრია პასუხისმგებლობა ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად. მაგრამ როგორ ხედავთ სამოქალაქო საზოგადოების როლს კიბერუსაფრთხოების კუთხით, რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ?
ახლა იყო კიბერუსაფრთხოებაზე ცნობიერების ამაღლების თვე. ეს როგორც მინიმუმ აშშ-ში და ვფიქრობ, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც მნიშვნელოვანი მოვლენაა. რადგან ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ცნობიერება გაიზარდოს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ვიცოდეთ, რა საბაზისო ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ ადამიანებს?
მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ სათანადოდ გაქვთ დაცული პრივატულობა Facebook-ზე თუ სოციალური მედიის სხვა ანგარიშებზე. თუ სახლში იყენებთ Google Assist-ს, Amazon-ის Alexa-ს ან სხვა მსგავს მოწყობილობას, ყურადღება მიაქციეთ, ვინ ისმენს თქვენს ბრძანებებს და რა ინახება თქვენს მოწყობილობებში.
დაიცავით პაროლით თქვენი სახლის Wi-Fi, რადგან სხვანაირად ეს ღია კარში ცხოვრებას ჰგავს. თითქოს ეპატიჟებით უცხოებს – გთხოვთ, მობრძანდით და მოუსმინეთ ჩემს ყველა საუბარს. ასე რომ, არის ისეთი საბაზისო საკითხები, რომელთა შეცვლაც მოქალაქეებს შეუძლიათ. დააყენეთ ჩამკეტები თქვენს ციფრულ მოწყობილობებზე ისე, როგორც სახლს კეტავთ. დარწმუნდით, რომელი მოწყობილობა რა ინფორმაციას ინახავს, ეს არის კიბერუსაფრთხოების კუთხით ზოგადი ცნობიერება.
ამის შემდეგ, შეგიძლიათ კიბერუსაფრთხოების კუთხით უფრო მაღალ დონეზეც ახვიდეთ. თუკი სამსახურში ან სასწავლებელში ხართ, გამოიყენეთ მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაცია. ეს შეიძლება იყოს თქვენი თითის ანაბეჭდი ან მოკლეტექსტური შეტყობინება თქვენს ტელეფონში დამატებითი კოდით.
ასევე დაშიფრეთ თქვენი მონაცემები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გააკეთეთ სარეზერვო ასლები. იცით, არის შემთხვევები, როცა, მაგალითად, ხალხს კომპიუტერი უვირუსდება და კარგავენ ყველა ფოტოს. ეს ლამის სახლში გაჩენილი ხანძრის ტოლფასია. ასე რომ, არის ზოგადი საკითხები, რომელთა გადაჭრაც შეგიძლიათ თქვენი პრივატულობისა და ციფრული უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ეს ყოველთვის ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ არის, თქვენც გეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ საკუთარი თავი დაიცვათ.
თუმცა ბევრი ადამიანისთვის აქ, საქართველოში, კიბერუსაფრთხოებაზე ზრუნვა არ არის უბრალოდ ნების ნაწილი. ჩემთვის უთქვამთ, რომ, მაგალითად, ლიცენზირებული ციფრული პროდუქტები ძვირია. საქართველოს არ აქვს ისეთი შესაძლებლობები, როგორიც დასავლეთ ევროპას, აშშ-ს, როგორ უნდა გაზარდოს კიბერუსაფრთხოება შედარებით ღარიბმა ქვეყანამ?
ჩემი აზრით, ჩვენ, სავარაუდოდ, ახლა ისეთ პერიოდში ვართ, როცა ბაზარი იცვლება. ერთი მხრივ, ხელისუფლებები მოითხოვენ უკეთეს პროდუქტს, უფრო დაცულს, მეორე მხრივ კი, ყველაზე ძლიერი კომპანიები თავიანთ ბიზნესმოდელებს ცვლიან.
მხოლოდ ლიცენზირებულ პროგრამებზე აქცენტის გაკეთება არაა აუცილებელი. მაგალითად, თუკი Microsoft პროდუქტზე ორიენტირებულ მიდგომას ირჩევს, Amazon მეტ მნიშვნელობას სერვისებს ანიჭებს. შესაბამისად, თუკი ჩემი ინფორმაციის განსათავსებლად AWS-ს ავირჩევ, მასთან ერთად მივიღებ სხვა სერვისებსაც.
ასე რომ, დღეს უკვე შეიძლება კომპანიების მხრიდან მიდგომების ცვლილება მკაფიოდ დაინახოთ და მიიღოთ იმის შესაძლებლობა, რომ მეტი დაცულობა ნაკლებ ფასად მიიღოთ. იქნება ეს პროდუქტის შეძენა, თუ ე.წ. ღრუბელზე დაფუძნებული სერვისის მიღება, ვფიქრობ, ახლა ჩვენი უსაფრთხოება და მდგრადობა უფრო ხელმისაწვდომი ხდება.
თქვენ საუბრობდით, რომ კიბერუსაფრთხოების ზრდისთვის საჭიროა ასევე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის ამაღლება. ამ მხრივ, თანამედროვე გამოწვევებს ალბათ STEM-განათლება უპასუხებს. ფიქრობთ თუ არა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვებს ამ უნარების განვითარებაში დავეხმაროთ?
STEM, ანუ მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა ბევრი ქვეყნისთვის გახდა პოპულარული. თუმცა როგორ უნდა გაზარდო, ერთი მხრივ, ახალგაზრდების და, მეორე მხრივ, უფრო ხანდაზმული ასაკობრივი ჯგუფების ჩართულობა?
რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. სერბეთში შეიქმნა ტექნიკური აკადემია, ისინი ეძებენ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, ვისაც STEM-ის მიმართულებით აქვს უნარები განვითარებული. ასეთ მოსწავლეებს ეხმარებიან, რომ ჩააბარონ, მაგალითად, პოლიტექნიკურ სკოლაში და სწრაფად გაიკვალონ გზა კერძო სექტორში. ამ მიდგომით, ახალგაზრდები უნივერსიტეტის ნაცვლად პირდაპირ პოლიტექნიკურ სასწავლებელში ხვდებიან, სადაც სწავლობენ კიბერუსაფრთხოებას და სხვა ასეთ საკითხებს.
საფრანგეთში მუშაობენ იმაზე, როგორ დაეხმარონ არსებულ სამუშაო ძალას, განავითარონ თავიანთი ტექნიკური უნარები, რომ იპოვონ კარგი სამსახური და გადაინაცვლონ ტექნოლოგიების სფეროში. ამისთვის, რამდენადაც ვიცი, უკვე 12 ქალაქშია შესაბამისი სკოლა, მათ ბიზნესმენები უჭერენ მხარს და სწავლაც არ ღირს ძალიან ძვირი.
მსოფლიო ბანკისთვის მე ვმუშაობდი კვლევაზე, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას ასეთი უნარების განვითარებაში. ამ კვლევისას აღმოვაჩინე ბევრი პროგრამა, რომლებიც უფასოა. არის პროგრამები შეღავათიანი ფასებით, რომლებსაც ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო გაერთიანება და Google უჭერენ მხარს.
მაგალითად, არსებობს ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების ცენტრი ტექნოლოგიების მიმართულებით სწავლებისთვის, რომელსაც აქვს ექვსთვიანი უფასო პროგრამა საბაზისო უნარების განსავითარებლად.
არის პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია მოზარდებზე. რათა ადრიდანვე დაეხმარონ მათ, დაეუფლონ STEM-ის უნარებს და უნივერსიტეტში სწავლა არც კი დასჭირდეთ, რომ კონკურენტუნარიანი სპეციალისტები იყვნენ შრომის ბაზარზე. ბევრი პროგრამა არსებობს მსოფლიოში, ზოგი მათგანი არც ისე შორს შეიძლება იყოს აქედან.
როგორ შეუძლიათ მშობლებს, ოჯახის წევრებს, დაეხმარონ ბავშვებს, STEM-უნარების განვითარებაში?
მაგალითად, ნიდერლანდებში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილია კომიქსების წიგნი. ამ წიგნში განხილულია, როგორ უნდა დაიცვა შენი პირადი სივრცე და უსაფრთხოება ინტერნეტში.
ასეთივე წიგნი, ოღონდ ავატარებით შექმნილი, აქვთ იაპონიაშიც. პრინციპი ერთია, უბრალოდ სხვადასხვა ქვეყანა იყენებს ისეთ პერსონაჟებს, რომლებიც იქ არის პოპულარული.
ხოლო გაერთიანებულ სამეფოში 12-დან 16 წლამდე მოზარდები თამაშობენ თამაშს, რომელშიც კოდი უნდა გატეხო, შეავსო „ფაზლი“. თუკი მოზარდები ამას მოახერხებენ, ისინი ჯილდოდ 100 გირვანქა-სტერლინგს მიიღებენ. ეს კი რეალური ფულია და მოზარდებსაც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია აქვთ, რომ შეასრულონ დავალება.
საფრანგეთშიც აქვთ რაღაც მსგავსი პროგრამა. ეს არის სატელევიზიო გადაცემა, რომელშიც გთხოვენ, რომ გადაჭრა პრობლემა ან გატეხო კოდი და ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, ვინც პირველი შეძლებს ამას, საჩუქრებს იღებს.
ჩვენც შევიმუშავეთ პროგრამები აშშ-ში, რომლებშიც ბიჭი და გოგო სკაუტები არიან ჩართული. ამ პროგრამის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ, თავად შექმნათ რაღაც პროდუქტი და მიიღოთ ჯილდო. ასე რომ, არსებობს შემოქმედებითი გზები, რომლებიც ბავშვებს STEM-უნარების განვითარებაში ეხმარება.
ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ქალების როლის ზრდა ტექნოლოგიების სფეროში. თქვენ როგორც წამყვანი ქალი სპეციალისტი, როგორ ხედავთ, რა უნდა გაკეთდეს ქალების როლის გასაზრდელად?
მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა ქალებისთვის ჩვენ უნდა შევქმნათ შესაძლებლობები, რომ ვასწავლოთ მათ. ეს შეიძლება იყოს კლასგარეშე, დამატებითი პროგრამები სკოლაში ან ონლაინსწავლება, რაც დღეს არაერთ ქვეყანაშია უკვე წარმატებით დანერგილი. უნდა დავეხმაროთ მათ, რომ ჰქონდეთ შესაბამისი უნარების არსენალი.
დღეს ბევრი შესაძლებლობაა აპლიკაციებისა თუ პროგრამირების სხვადასხვა ენის ასათვისებლად. მე თბილისში შევხვდი ახალგაზრდა ქალებს ტექნოლოგიების სფეროში და ვკითხე მათ – შეუძლიათ ზოგიერთი ასეთი ენის თარგმნა?
მსოფლიოში ბევრმა იცის სხვადასხვა ენა. მაგალითად, თქვენ იცით ქართული და საუბრობთ ინგლისურადაც, შეიძლება სხვა ენაც იცით. ასე რომ, მე ვეკითხები ყველას, შეუძლიათ თუ არა ესა თუ ის ტექნიკური ენა გადაიტანო სხვა სივრცეში და შექმნა პროდუქტი ან განსაზღვრო პოლიტიკა?
და თუ დაფიქრდებით, მაშინ ეს არ არის უბრალოდ რაღაც კომპიუტერული მეცნიერება, არამედ თქვენ აქცევთ, ვთქვათ, მათემატიკურ მონაცემებს პროდუქტად.