ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს უსვამენ, რაც მათ ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. ონკოლოგიური დაავადებების კვლევა ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სამეცნიერო მიმართულებად მიიჩნევა, რის შედეგადაც დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდოლოგია უწყვეტად იხვეწება. კიბოს ხილვადობისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე უწყვეტად ტარდება საინფორმაციო კამპანიები და საჯარო დემონსტრაციები. მიუხედავად ამისა, ავთვისებიანი სიმსივნეების შესახებ მცდარი შეხედულებები და მითები საზოგადოების ცნობიერებაში მაინც ღრმადაა ჩაბეჭდილი.
ამ სტატიაში ვისაუბრებ კიბოსთან დაკავშირებულ 7 მითზე და მოკლედ ავხსნი, თუ რატომ არ შეესაბამება ისინი სიმართლეს.
მითი #1 – წარსულში კიბო არავის ემართებოდა
ბევრი შეცდომით მიიჩნევს, რომ ავთვისებიანი სიმსივნე თანამედროვეობის მიერ მოტანილი დაავადებაა. ამ მცდარი მოსაზრების არგუმენტად ხშირად ის მოჰყავთ, რომ მათ წინაპრებს კიბო არასდროს ემართებოდათ, რასაც მაშინდელი შედარებით ჯანსაღი გარემო ფაქტორებითა და კვებითი რაციონით ხსნიან. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. რეალურად, კიბოს შემთხვევები დადასტურებულია არამხოლოდ პირველყოფილ ადამიანებში, არამედ მათ წინაპრებში, ჰომინინთა ოჯახის წარმომადგენლებშიც კი.
ამ აღმოჩენამდე მეცნიერები 2016 წელს მივიდნენ, როდესაც სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას 1,7 მილიონი წლით დათარიღებულ ფეხის ძვლის ფრაგმენტს მიაკვლიეს. როგორც შემდგომმა დიაგნოსტიკამ აჩვენა, მას ოსტეოსარკომის (ძვლის კიბო) ნიშნები აღენიშნებოდა. შედარებისათვის: აქამდე კიბოს ყველაზე ძველი დადასტურებული შემთხვევა 120 ათასი წლით თარიღდებოდა.
კიბოს შემთხვევების შესახებ უფრო მრავალფეროვან მტკიცებულებებს რამდენიმე მიზეზის გამო ვერ ვაწყდებით. ერთი ისაა, რომ ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა საკმაოდ მცირე იყო, რის გამოც ავთვისებიანი პროცესი სრულყოფილად ჩამოყალიბებას ვერ ასწრებდა – ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკი ასაკის მატების პროპორციულია. ამას გარდა, კიბოს დიაგნოსტიკა ძველ დროში საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ამ და სხვა მიზეზების გამო, იქმნება ილუზია, თითქოს კიბო ტექნოლოგიურმა პროცესმა გააჩინა და მის გავრცელებას სწორედ ამან შეუწყო ხელი.
თანამედროვე დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მეთოდოლოგია უკვე ისე დაიხვეწა, რომ ექიმებს საშუალება ეძლევათ ავთვისებიანი პროცესები ჯერ კიდევ მანამ აღმოაჩინონ, სანამ პირველი კლინიკური სიმპტომები გამოვლინდება. შესაბამისად, ზუსტი სტატისტიკური მონაცემების პირობებში იქმნება განცდა, რომ კიბო „გაახალგაზრდავდა” და ონკოლოგიური დაავადებების სიხშირემ იმატა.
მითი #2 – კიბო ყოველთვის გენეტიკურია/კიბოს ყოველთვის გარემო ფაქტორები იწვევს
„ოჯახში ვინმეს ონკოლოგიური დაავადება ხომ არ ჰქონია?” – ეს ერთ-ერთი საკვანძო კითხვაა, რომელიც ონკოლოგს პაციენტისთვის დაუსვამს და მისი მიზანი იმ ოჯახების გამოვლენაა, რომელთაც მემკვიდრეობითი კიბოს სინდრომის გენები აქვთ. ასეთ დროს ოჯახის წევრებში გარკვეული სახის კიბოს მიმართ გენეტიკური მიდრეკილება აღინიშნება. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითად BRCA1 და BRCA2 გენები გამოდგება, რაც ქალებში მკერდისა და საკვერცხის კიბოს რისკს ზრდის.
„ადამიანთა უმეტესობას, რომელთაც კიბო უვითარდებათ, ოჯახური ანამნეზი სუფთა აქვთ. შემთხვევები სპორადული ხასიათისაა”, – აღნიშნავს ბეილორის მედიცინის სკოლის პროფესორი, ჯულია ნანჯია. მის სიტყვებს სტატისტიკური მონაცემები ამყარებენ: კიბოს გამომწვევი გენეტიკური მუტაციების მემკვიდრული გადაცემა მხოლოდ 5-10%-ში აღინიშნება. ავთვისებიანი სიმსივნეების დანარჩენი შემთხვევების მიზეზები სიცოცხლის განმავლობაში განვითარებული მუტაციებია, რაც ასაკის მატებისა თუ გარემო ფაქტორების დამსახურებაა.
ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებაში გარემო ფაქტორების როლი ზოგჯერ გადაჭარბებით არის წარმოჩენილი. რა თქმა უნდა, ისეთ საშიშ ნივთიერებებთან მჭიდრო და ხშირი კონტაქტი, როგორიც ბენზინი და აზბესტია, კიბოს განვითარების რისკს ზრდის, მაგრამ მთელი ბრალეულობის მხოლოდ გარემო ფაქტორებზე გადატანა მაინც არასწორია. მეიოს კლინიკის ონკოლოგი, კართიკ გირიდჰარი აღნიშნავს, რომ ზოგჯერ არ არსებობს ერთი კონკრეტული მიზეზი, რის გამოც კიბო ვითარდება და პასუხი, სავარაუდოდ, რამდენიმე გამომწვევის ერთობლიობაში იმალება.
მითი #3 – გენმოდიფიცირებული საკვები კიბოს იწვევს
საკვებად გამოსადეგი სურსათ-სანოვაგის გენეტიკური მოდიფიკაცია მასზე ხელოვნურ ჩარევას გულისხმობს, რა დროსაც მისი გენების შეცვლა ან დამატება ხდება. აღნიშნული გენები ერთგვარი ინსტრუქციის მატარებლები არიან, რის შედეგადაც სურსათის სპეციფიკური მახასიათებლები იცვლება. ბევრისთვის ამგვარი ჩარევა შიშის მომგვრელია, რადგანაც მათი წარმოდგენით, გენმოდიფიცირებული საკვები არაბუნებრივი და პოტენციურად ზიანის მომტანია.
სინამდვილეში, გენური მოდიფიკაციით იზრდება ნათესი კულტურების მოსავლიანობა, უმჯობესდება ყინვისა და გვალვის მიმართ მედეგობა და იხვეწება მცენარეული დაავადებების მიმართ რეზისტენტულობა. ჩვენი წინაპრები საკვები პროდუქციის გენეტიკურ მოდიფიკაციას ხელოვნური სელექციის გზით ახდენდნენ, რასაც დიდი ძალისხმევა და დრო სჭირდებოდა.
სწორედ ამგვარი ზემოქმედების შედეგია, რომ დღეს საზამთრო, ბანანი, ბადრიჯანი თუ სიმინდი მისი „წინაპრებისგან” რადიკალურად განსხვავებულად გამოიყურება. ხელოვნური სელექციის გზით შეცვლილი გენების მქონე საკვები ჩვენს ყოველდღიურ რაციონშია, მაგრამ ამის გამო შიში ნამდვილად არ გვიპყრობს.
გმო-პროდუქტი ადამიანთა გენეტიკურ სტრუქტურაზე გავლენას ვერ ახდენს, რადგანაც ამ უკანასკნელს ჩვენს გენომში შეღწევა უბრალოდ არ შეუძლია. პედიატრი და კლინიკური ტოქსიკოლოგი, დენ გოლდშტეინი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ არსებობს კლინიკური შემთხვევა, რომელიც მიანიშნებდა, რომ გენმოდიფიცირებული საკვების მიღება კიბოს რისკს ზრდის. მიუხედავად ამისა, არსებობს პოპულარული შეხედულება, თითქოსდა ორგანულად მოწეული საკვები კიბოს საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა.
„ამჟამად არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც გაამყარებს მოსაზრებას, რომ ორგანული გზით მოპოვებული საკვები კიბოს საწინააღმდეგო დაცვას აძლიერებს”, – აღნიშნავს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის, მსოფლიოს კიბოს კვლევის ფონდის სამეცნიერო ნაშრომების ინტერპრეტაციის სამსახურის უფროსი, მიშელ მაკკალი.
მითი #4 – ანტიპერსპირანტების/დეოდორანტების გამოყენება მკერდის კიბოს იწვევს
ეს მკერდის კიბოსთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია. ბევრს არასწორად მიაჩნია, რომ ოფლის გზით ორგანიზმიდან „ტოქსინები გამოიდევნება”, ხოლო ანტიპერსპირანტით ოფლის ბლოკირება ამ მავნე ნივთიერებებს ორგანიზმში ტოვებს, რაც ლიმფური კვანძების „გაჭედვას “ იწვევს, რის შედეგადაც საბოლოოდ კიბო ვითარდება. ეს ასე ნამდვილად არ არის, თუნდაც იმ მარტივი მიზეზით, რომ ტოქსინები ორგანიზმიდან ოფლის საშუალებით არ გამოიყოფა, ხოლო ძუძუს კიბო ჯერ სარძევე ჯირკვლის ქსოვილში ვითარდება, რის შემდეგაც იღლიის ლიმფურ კვანძებში ვრცელდება და არა პირიქით.
რეალურად, არ არსებობს რაიმე სახის სარწმუნო სამეცნიერო მტკიცებულება, რომ ანტიპერსპირანტების/დეოდორანტების გამოყენება კიბოს განვითარების რისკს ზრდის.
ამის გარდა, ანტიპერსპირანტებისა და დეოდორანტთა მომხმარებლისთვის ხშირად პრობლემურია პროდუქციაში შემავალი ნივთიერებები: ალუმინი და პარაბენები.
ალუმინის ფუძეზე დამზადებული ნაწილაკების დანიშნულება კანის საოფლე ჯირკვლებზე ერთგვარი „საცობის” დამაგრებაა, რაც ოფლდენას ეფექტიანად აჩერებს. 2005 წელს რამდენიმე მკვლევარმა ივარაუდა, რომ შეიძლება კანმა ეს ნივთიერებები შეიწოვოს, რამაც სარძევე ჯირკვლის ესტროგენულ რეცეპტორებზე მოახდინოს გავლენა. რადგანაც ესტროგენი პასუხისმგებელია სარძევე ჯირკვლის როგორც სიმსივნური, ასევე არასიმსივნური უჯრედების ზრდაზე, ამგვარმა გამღიზიანებელმა შეიძლება ძუძუს კიბოს განვითარებაში რაღაც როლი ითამაშოს. თუმცა, ეს მოსაზრება კლინიკური კვლევებით არ დადასტურდა.
ანტიპერსპირანტების შემადგენლობაში ალუმინის ნაწილაკების უსაფრთხოებაზე ასევე მიუთითებს 2014 წელს გამოქვეყნებული სისტემური მიმოხილვა, რომელმაც თავის თავში 460-ზე მეტი კვლევის შედეგი გააერთიანა და ძუძუს კიბოსთან კავშირი ვერ გამოკვეთა.
იგივე შედეგამდე მივიდა პარაბენების (ნივთიერებას კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებაში აქტიურად იყენებენ) შესახებ ჩატარებული კვლევაც. მიუხედავად იმისა, რომ პარაბენები კანიდან შეიწოვება და მათ ესტოგენის მოქმედების იმიტირება სუსტად შეუძლიათ, 2008 წელს ჩატარებული კვლევით დადგინდა, ჰიგიენური საშუალებებიდან ორგანიზმში მოხვედრილი მათი რაოდენობა სრულიად უსაფრთხოა.
აღნიშნული მოსაზრება განამტკიცა 2021 წელს ამერიკის დერმატოლოგთა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამაც, სადაც მკვლევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ პარაბენების პროდუქციიდან ამოღების პარალელურად მნიშვნელოვნად გაიზარდა მის შემცვლელ ნივთიერებებზე გამოწვეული კონტაქტური დერმატიტის კლინიკური შემთხვევების რაოდენობა.
მითი #5 – შაქრიანი საკვების მიღება კიბოს გაზრდაში ეხმარება
უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შაქარი კანცეროგენულ ნივთიერებას არ წარმოადგენს. ჩვენს ყველა უჯრედს ენერგიის მისაღებად გლუკოზა სჭირდება. სიმსივნური უჯრედები თავიანთი სწრაფი ზრდის გამო მეტ ენერგიას საჭიროებენ, რის გამოც ისინი მეტ გლუკოზას მოიხმარენ.
სწორედ ეს პრინციპი უდევს საფუძვლად კიბოს სადიაგნოსტიკოდ გამოყენებულ ერთ-ერთ ყველაზე ინფორმატიულ კვლევას – პოზიტრონულ ემისიურ ტომოგრაფიას, რომლის დროსაც გლუკოზის ფუძეზე დამზადებულ რადიოაქტიურ ნივთიერებას იყენებენ. ადამიანის უჯრედები ამ ნივთიერებებს მცირე რაოდენობით შეიწოვენ, მაგრამ სიმსივნური ზრდის უბნებში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. შესაძლოა, აღნიშნული მითი სწორედ ამ პროცესის დამახინჯებულად გაგების გამო ჩამოყალიბდა.
სინამდვილეში, მკაცრად უშაქრო დიეტაზე იმ მიზნით ყოფნა, რათა სიმსივნური უჯრედები „დაიმშეს” არაეფექტიანია. არ არსებობს რაიმე სახის სამეცნიერო მტკიცებულება, რაც გვაფიქრებინებდა, რომ შაქრის მოხმარების შემცირება სიმსივნური პროცესის განვითარებას ანელებს და პირიქით. თუმცა, შაქრის ჭარბი რაოდენობით მოხმარება სიმსუქნისა და დიაბეტის განვითარების ალბათობას ზრდის, რამაც თავის მხრივ, შესაძლოა, კიბოს განვითარების რისკზეც იქონიოს გავლენა.
მითი #6 – ბიოფსია და ქირურგიული ჩარევა კიბოს გავრცელებას უწყობს ხელს
ბიოფსია ონკოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული კვლევის მეთოდია. ამ მანიპულაციის დროს ექიმი საეჭვო სიმსივნური უბნიდან ქსოვილის მცირედ ნაწილს იღებს, რასაც შემდეგ პათოლოგანატომი შეისწავლის და საბოლოო დიაგნოზს წერს. ბიოფსიის ჩასატარებლად რამდენიმე განსხვავებული მეთოდი არსებობს. მაგალითად: ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეზე ეჭვის დროს ულტრაბგერითი კონტროლით წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია ტარდება. ზოგჯერ, შესაძლებელია, მთლიანად საეჭვო უბნის ამოკვეთა გახდეს საჭირო, რასაც ექსიციზიურ ბიოფსიას უწოდებენ.
არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ ბიოფსიის ან ქირურგიული ოპერაციის გზით სიმსივნური უბანი ჰაერთან კონტაქტში მოხვდება, რის გამოც კიბო „მოითესება”. სინამდვილეში, ეს ასე ნამდვილად არ არის. შლადი სიმსივნური უბნის ბიოფსიის დროს არის აღწერილი ერთეული, ძალიან იშვიათი შემთხვევები, როდესაც სიმსივნური პროცესი ნაჩხვლეტ ტრაექტორიაზე მოითესა. აღნიშნულ თემაზე ჩატარებულმა დიდმა სისტემურმა კვლევამ დაადგინა, რომ მოვლენათა განვითარების ასეთი სცენარის ალბათობა 1%-ზე ნაკლებია.
2015 წელს მეიოს კლინიკის სამეცნიერო გუნდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოკვეთა, რომ ბიოფსიას ონკოლოგიური პაციენტების ლეტალობის რისკზე გავლენა არ ჰქონია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ბიოფსიის სარგებლიანობა მის რისკებს მნიშვნელოვნად გადაწონის. ავთვისებიანი სიმსივნის ბუნების რაობის გათვალისწინებით, თუ არსებობს ბიოფსიით სიმსივნის მოთესვის მცირე რისკი მაინც, ექიმები მანიპულაციისგან თავს იკავებენ.
ქირურგიული ოპერაციის დროს ჰაერთან კონტაქტის გამო კიბოს გავრცელების რისკის ზრდის შესახებ მოსაზრებას არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება არ ამყარებს. ბევრი ტიპის კიბოსთვის ქირურგიული ოპერაცია მკურნალობის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. მიუხედავად ამისა, ამ მითის ჩამოყალიბებაში რამდენიმე მიზეზმა ითამაშა როლი. ერთი ისაა, რომ ათწლეულების წინ, როდესაც ეს მცდარი შეხედულება ყალიბდებოდა, კიბოს დიაგნოსტიკის ისეთი დახვეწილი მეთოდოლოგია არ არსებობდა, როგორც დღეს. ამიტომაც, ხშირად უშუალოდ ქირურგიული ჩარევისას გამოიკვეთებოდა, რომ სიმსივნური პროცესი უფრო გავრცელებული ყოფილა, ვიდრე ეს დიაგნოსტიკის ეტაპზე ჩანდა.
„ოპერაციის შემდეგ კიბო პროგრესირებას სწრაფად აგრძელებდა და ჩამოყალიბდა მითი, რომ ამის მიზეზი ბიოფსია ან ქირურგიული ჩარევა იყო, მაშინ, როცა რეალურად ოპერაცია უბრალოდ იმის დოკუმენტირებას ახდენდა, თუ რა შორს იყო უკვე პროცესი გავრცელებული”, – აღნიშნავს ონკოლოგიური ქირურგი, ჯოელ მაიერსონი. მსგავსი დინამიკისგან არც თანამედროვე ონკოლოგიაა დაზღვეული, მაგრამ მიზეზი თვითონ კიბოს ბუნებაა და არა ოპერაციული ჩარევა, ან ბიოფსია.
მითი #7 – მცენარეული/ჰომეოპათიური საშუალებები კიბოს ამარცხებს
ქიმიოთერაპია და მისი თანმდევი არასასურველი მოვლენები ყველა ონკოლოგიური პაციენტისთვის შფოთვის მიზეზია. ასეთ დროს ზოგიერთი მათგანი უფრო „ბუნებრივი” ალტერნატივის ძიებას იწყებს. ბევრისთვის მთავარი არგუმენტი ის არის, „ნატურალური” ავტომატურად უკეთესს ნიშნავს, მაშინ, როცა ქიმიოთერაპიული მედიკამენტები ცალსახად დიდი ფარმაკოლოგიური კომპანიების მიერ იწარმოება და ისინი „მხოლოდ ფინანსურ სარგებელზე არიან ორიენტირებულნი”. დამამშვიდებელ და იმედისმომცემ ალტერნატივად ასეთ პაციენტებს ჰომეოპათიური საშუალებები წარმოუდგენიათ. რეალობა კი მოლოდინებისგან რადიკალურად განსხვავდება.
უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვკვეთოთ, თუ რას ვგულისხმობთ ტერმინში „კიბოს დამარცხება”. ბევრისთვის ეს სამუდამო განკურნებასთან ასოცირდება. სამწუხაროდ, ხშირად ეს ასე არ არის. როდესაც საუბარი სტატისტიკურ მონაცემებს ეხება, მკვლევრები „განკურნების” ნაცვლად სიტყვა „გადარჩენას” იყენებენ. მიუხედავად აზრობრივი მსგავსებისა, განსხვავება მცირე დეტალებშია – ამგვარად მეცნიერები აღწერენ იმ ადამიანთა პროცენტულ რაოდენობას, რომლებიც დიაგნოზის დასმიდან გარკვეული დროის შემდეგ (პირობითად: 1, 5 ან 10 წელი) კვლავ ცოცხლები არიან. ეს კი მცირე გამარჯვება ნამდვილად არ გახლავთ – მხოლოდ ბოლო 40 წელში გადარჩენის მაჩვენებელი გაორმაგდა, რაც ეფექტიანი სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შედეგია.
მიუხედავად ამისა, პაციენტთა ნაწილი „საბოლოო განკურნების” ძიებაშია, რადგანაც ამჟამინდელი მკურნალობის სტრატეგიები ხანგრძლივ თერაპიასა და რეგულარულ დიაგნოსტიკას გულისხმობს, რაც ბევრისთვის კიბოს დიაგნოზის უწყვეტი შეხსენებაა. ჰომეოპათიური საშუალებები, ხშირად, პაციენტებს საბოლოო განკურნების იმედებს უნერგავენ, რის გამოც ისინი, ზოგჯერ, ექიმების მიერ დანიშნული მკურნალობის კურსს წყვეტენ. ამჟამად, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჰომეოპათიური საშუალებები ეფექტიანია. ასევე, მათ არანაირი სარგებელი არ აქვთ ქიმიოთერაპიის თანმდევი არასასურველი მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლაში. 2015 წელს გამოქვეყნებულმა სისტემურმა ანალიზმა 1800-ზე მეტი კვლევის შედეგი გააანალიზა, რის შედეგადაც საბოლოოდ დაადგინა, რომ ჰომეოპათიური საშუალებებით ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობა არაეფექტიანია.