„კიდევ რა არ ჩანს პირბადიდან, ბატონო რექტორო“ | როგორ აღიქვეს სტუდენტებმა შარვაშიძის ნათქვამი

პუბლიკა

„We are smiling behind our masks“ – ამ ფრაზას ციტირებს თსუ-ის წარმომადგენელი facebook-პოსტში და ეხმაურება 13 აპრილს სტუდენტებსა და რექტორს შორის შეხვედრას. ნატა ასათიანი ამით ცდილობს, განმარტოს რექტორის რეპლიკა – „მეღიმება პირბადის მიღმა“, რომელიც სწავლის რეჟიმის პროტესტის პარალელურად, კვლავ განხილვისა და სტუდენტთა ბრაზის საგანია.

სრულად სააუდიტორიო ფორმატში სწავლის ბარიერებზე სასაუბროდ გამართული შეხვედრა, სტუდენტების შეფასებით, უშედეგოდ დასრულდა. ამას გარდა, შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ისინი იმასაც ამბობდნენ, რომ დამცინავი დამოკიდებულებაც იგრძნეს, მიზეზად კი რექტორის პოზიციას და რეპლიკებს ასახელებენ. როგორც შეხვედრის მონაწილე სტუდენტები „პუბლიკასთან“ აცხადებენ, სხვა სტუდენტებისთვის ამ დამოკიდებულების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ გააქტიურდა და ორგანიზებული სახე მიიღო არსებულმა უკმაყოფილებამ.

რა მოხდა შეხვედრაზე? რა თქვა რექტორმა?

გაზაფხულის სემესტრში 7 მარტიდან 18 ივნისამდე სასწავლო პერიოდია. შემდეგ კი საგამოცდო პერიოდი იწყება. 7 მარტიდან 2 მაისამდე სწავლა სტუდენტებს ჰიბრიდულ რეჟიმში შეეძლოთ – ლექციები ან სრულად ონლაინ იყო, ან სააუდიტორიო დასწრებასთან ერთად ხელმისაწვდომი იყო Zoom-ჩართვა, 2 მაისიდან კი (ანუ დარჩენილი ნახევარი სემესტრი) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სრულად აუდიტორიაში გადადის.

სტუდენტები მოითხოვენ, რომ დარჩენილ პერიოდშიც იყოს შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, დისტანციურად ისწავლონ, ვინაიდან აუდიტორიაში დაბრუნება ბევრისთვის უამრავ სოციალურ-ეკონომიკურ ბარიერთანაა დაკავშირებული, რომლის მოგვარებაც სტუდენტებისთვის მიცემულ პერიოდში ვერ მოხდება.

13 აპრილს ამ საკითხებზე სასაუბროდ ერთმანეთს რექტორი, 4 სტუდენტი, ადმინისტრაციის 2 წარმომადგენელი და ერთიც „პროგრესის ცენტრის“ უფლებადამცველი შეხვდა. სოფო მოლაშხია და მარიამ გულუა ამ სტუდენტთა შორის იყვნენ. „პუბლიკასთან“ ისინი იხსენებენ შეხვედრის დეტალებს.

როგორც მოლაშხია ამბობს, ისაუბრეს პრობლემებზე – რომ რეგიონში მცხოვრები სტუდენტები 2 თვის გამო ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, აწყდებიან ბევრ ბარიერს გაძვირებული ქირის გამო. ისაუბრეს ბაგების საერთო საცხოვრებელში არსებულ მძიმე ვითარებაზეც – რომ, მასშტაბიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული 150 ადგილი არაადეკვატურია. დასვეს შეკითხვები – რატომ არ აქვს უნივერსიტეტს რესურსი, რომ დარჩენილი 2 თვეც ჰიბრიდულად გააგრძელონ სწავლა, რატომ არ შეიძლებოდა, რომ პანდემიის პერიოდში დაკეტილი აუდიტორიების შედეგად დაზოგილი თანხა სტუდენტთა ამ საჭიროებას მოხმარებოდა და ა.შ.

„ამ ყველაფერზე რომ ვილაპარაკეთ, შემდეგ უკვე ჩაერთო რექტორი და დაიწყო საუბარი. მან ყურადღება სწავლის ხარისხზე გაამახვილა, ისაუბრა იმაზე, რომ აუცილებელია, დავბრუნდეთ აუდიტორიაში; რომ პანდემია დასრულდა. მოიყვანა მაგალითი, რომ არქეოლოგიური გათხრების გარეშე ვერ გახდები არქეოლოგი. ჩვენს შეკითხვებზე – თანხებსა და რესურსთან დაკავშირებით, პასუხი ვერ მივიღეთ“, – ამბობს მოლაშხია.

გიორგი შარვაშიძემ მათ ასევე გაუზიარა იდეა – „სტუდენტების დაბინავების“ პროცესში თსუ-ის კურსდამთავრებულების ჩართულობაზე. სტუდენტები ამბობენ, რომ რექტორის ფრაზა – „ორ სტუდენტს მეც შევიფარებ“ მათთვის არადეკვატური და დამცინავი დამოკიდებულებაა.

„ასევე აღნიშნა, რომ რამე პროექტი დავიწყოთ, მივმართოთ ჩვენს კურსდამთავრებულებს, იქნებ, ვინმემ შეიფაროს ეს სტუდენტები, მეც შევიფარებ ორ სტუდენტსო. ეს ნამდვილად ასე თქვა. ასევე აღნიშნა, რომ სტუდენტურ თვითმმართველობასაც მიაწვდიდა ინფორმაციას, რომ რამე ღონისძიება დააანონსონ ამ პროექტზეო.

მას მერე გავიდა 3 კვირაზე მეტი და არც რექტორის მიერ შერჩეული სტუდენტი არ დაბინავებულა მის სახლში, არც სტუდენტური თვითმმართველობიდან ყოფილა გამოხმაურება. გამოდის, რომ ეს იყო თავიდან მოშორების მიზნით გამოთქმული იდეა, რასაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია“, – იხსენებს მოლაშხია.

„ბატონო რექტორო, გამოდი და შეიფარე შეპირებული ორი სტუდენტი. გელოდებით ჩემოდნით“, – ისმოდა 28 აპრილს გამართულ აქციაზე.

„კიდევ რა არ ჩანს პირბადიდან, ბატონო რექტორო“, „თქვენ მალავთ ღიმილს, ჩვენ ტკივილს“, „თსუ Turkish Airlines არ არის“, – სტუდენტური მოძრაობის ეს სამი სლოგანიც ამავე შეხვედრიდან რექტორის ფრაზას უკავშირდება:

„რექტორმა ასევე გვითხრა, რომ  თქვენი ამ საუბრის დროს მეღიმებოდა, პირბადე მიკეთია და ამას თქვენ ვერ დაინახავდითო, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი, რაზეც თქვენ მესაუბრეთ, განხილული გვაქვს; ეს პრობლემები გასაგები და ცნობილია ჩვენთვის, მაგრამ 2-ში მაინც უნდა დავიწყოთ აუდიტორიაში სწავლაო.

ჩვენ ეს ყველაფერი დაცინვად აღვიქვით, რადგან ისე გამოვიდა, რომ ჩვენს იქ ყოფნას, ამ პრობლემებზე საუბარს, აზრი აღარ ჰქონდა და ის მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით გვისმენდა. ამავდროულად, ალბათ, ყელში ჰქონდა ეს ინფორმაცია ამოსული, განცხადებაშიც გვეწერა მსგავსი არგუმენტები… ასევე, ჩვენ თუ ვერ დავინახავდით მის ამ ღიმილს, შეეძლო, არც გაემახვილებინა ამაზე ყურადღება. რა საჭირო იყო ეს? მაგრამ, რატომღაც, ხაზი გაუსვა იმას, რომ თვითონ პირბადეში ეღიმებოდა და ჩვენ ეს ვერ შევამჩნიეთ…

…მეტი რაღა უნდა გაგვეკეთებინა, მოვისმინეთ მისი პოზიცია, საუბრის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. რექტორი მაინც მყარად იდგა თავის აზრზე“, – ამბობს მოლაშხია.

იმავეს ამბობს მარიამ გულუაც. ის ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს და შეხვედრაზე ყურადღება იქ არსებულ მძიმე მდგომარეობაზეც გაამახვილა. როგორც აღნიშნავს, რექტორის უკუკავშირი წამოჭრილ პრობლემებთან დაკავშირებით მისთვისაც ცინიზმის გამომხატველი იყო.

„ჩემთვის ეს იყო ცინიკური, რადგან, პირადად მე 10 წუთის განმავლობაში გაუჩერებლად ვლაპარაკობდი, რათა ადეკვატურად მიმეწოდებინა ყველა ის პრობლემა, რაც ამდენ სტუდენტს გვაქვს. ვილაპარაკეთ; ყველა ასპექტს შევეხეთ; ვცდილობთ, გამოსავალზე ვიფიქროთ… ამ დროს გვპასუხობს ამას, რომ იმდენჯერ მოუსმენია ასეთი წინადადებები, იმდენჯერ უფიქრია ამ პრობლემებზე, რომ გისმენთ და პირბადეში მეღიმებოდა, მაგრამ არ ჩანდაო.

რომ ეუბნები გულწრფელად, რომ 10-სანტიმეტრიანი ბზარებია საერთო საცხოვრებელში, ყოველდღე რაღაც მიფეთქდება, დამტენის შესაერთებელიც გადამეწვა, რომ საფრთხე მექმნება იქ ცხოვრებით და ამის მერე გეუბნება – „მეღიმება“.

ლოგიკურ და ადეკვატურ მიზეზს ვერ ვპოულობ, რატომ შეიძლება, ეღიმებოდეს ადამიანს თავისი ათასობით სტუდენტის პრობლემებზე“, – ამბობს მარიამ გულუა.

27 აპრილს სტუდენტთა მოთხოვნებს თსუ-მ ვრცელი განცხადებით უპასუხა. ასევე, როგორც აღვნიშნეთ, რექტორთან შეხვედრის საკითხებს დამატებითი ყურადღება დაუთმო facebook-პოსტში თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მრჩეველმა, ნატა ასათიანმა. როგორ ის წერს, ბევრი საკითხის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა და სურს, განმარტოს.

„ბრალდება N2 – სტუდენტებს შეხვედრაზე რექტორმა დასცინა. რეალობა: რექტორმა სრულიად პოზიტიური კონტექსტით უთხრა სტუდენტებს, რომ ნიღბის მიღმა ეღიმებოდა, რადგან ყველა ეს არგუმენტი ჰქონდა გააზრებული და კარგად ესმოდა. ეღიმებოდა, რადგან პოზიციების თანხვედრას ჰქონდა ადგილი. ეს შეხვედრა ყველამ კმაყოფილმა დატოვა. მერე რა მოხდა კი ნამდვილად არ ვიცი…

Turkish Airlines-ს აცხადებს ხოლმე „we are smiling behind our masks“ – ღიმილი დაცინვა არ არის. ღიმილი სხვა რამ არის და არ მეგონა ამის ახსნაც თუ იქნებოდა საჭირო“, – წერს ასათიანი.

მისივე თქმით, რექტორი მზადაა, თავად ჩაუდგეს სათავეში კამპანიას, რომლის საშუალებითაც კურსდამთავრებულები და ბიზნესის წარმომადგენლები შეაგროვებენ თანხას და ეს ფონდი დაეხმარება სტუდენტებს დაბინავებაში – „ამ საქმეში სტუდენტები უნდა ჩართულიყვნენ, თუმცა ძირითადი რესურსი სწავლის სააუდიტორიო პროცესის ჩაშლაზეა მობილიზებული და არა გამოსავლის ერთად ძიებაზე“, – წერს ის.

რაც შეეხება სწავლის დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებს და მათზე განმარტებებს, ასათიანი წერს:

„პირველ რიგში: უნივერსიტეტის მიზანია ხარისხიანი განათლების მიცემა, რაც სრულყოფილად მხოლოდ აუდიტორიებშია შესაძლებელი. თსუ-ს უცხოური პარტნიორი უნივერსიტეტების დიდმა ნაწილმა უკვე დაიწყო სააუდიტორიო სწავლება, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია – ამაზე, იმედია, არ ვდავობთ… პანდემია დასრულდა და უნდა დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას.

ახლა მთავარი სათქმელი:

  • სტუდენტებს რომ ჰქონოდათ მომზადებისთვის დრო, ორი თვით ადრე გამოვაცხადეთ, რომ 2 მაისს დაიწყებოდა აუდიტორიებში სწავლა.
  • მხოლოდ რამდენიმე კვირისთვის არ ვიწყებთ დასწრებულად სწავლებას – დარჩენილია სემესტრის სრულად ნახევარი;
  • არავინ იძლევა გარანტიას, რომ სექტემბრიდან (ახალი სემესტრიდან) ბინები გაიაფდება“, – წერს ის.

უნივერსიტეტის ვებგვერდზე 27 აპრილს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სრული სააუდიტორიო სწავლება განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებაა, რადგან ვერანაირი სხვა ფორმატი – ვერც სრულად დისტანციური და ვერც ჰიბრიდული – ვერ იძლევა სწავლა-სწავლების საჭირო ხარისხს.

„უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი და თანასწორი შეფასება, რაც ჰიბრიდულ / ონლაინ რეჟიმში  სრულყოფილად ვერ ხერხდება. ამასთან, ჰიბრიდულ რეჟიმში სასწავლო პროცესის წარმართვა და მათ შორის გამოცდების ჩაბარება, არათანაბარ პირობებში აყენებს სტუდენტებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ფინანსურ ხარჯთან დაკავშირებით შეკითხვებს, უნივერსიტეტი წერს: „პანდემიის პერიოდში თსუ-ს დაეზოგა გარკვეული ფინანსური რესურსი, თუმცა, არც თუ დიდი ოდენობის, რადგან არც ერთი სასწავლო კორპუსი ამ ხნის განმავლობაში არ დაკეტილა, თანამშრომლები შემუშავებული გრაფიკით, რეკომენდაციების სრული დაცვით დადიოდნენ და ასრულებდნენ ადმინისტრაციულ საქმიანობას, რაც აუცილებელი იყო და არის სასწავლო პროცესის წარმართვისთვის.

ამავე დროს, ზოგ მიმართულებებზე ჰიბრიდული სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა იურიდიული პირებისთვის (მათ შორის უნივერსიტეტებისთვისაც) კომუნალური გადასახადები და ზოგადად, ქვეყანაში საქონლის შესყიდვის ხარჯები. ეს იმ ფონზე, როცა არ გაზრდილა შემოსავლები. მიუხედავად ამისა, თსუ-მ მოახერხა  მცირედი რესურსის დაზოგვა, რაც მიემართა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში. უნივერსიტეტის პასუხი საცხოვრებელთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე;

ხვალ, 2 მაისს თსუ-ში სწავლა აუდიტორიაში გადაინაცვლებს. სტუდენტთა ნაწილმა კი აქციები კვლავ დაგეგმა – მათი უფლებებისთვის, ვინც უნივერსიტეტს არ ადარდებს“. „განათლება პრივილეგია არ არის! განათლების უფლება აქვს ყველას!“, – აცხადებენ ისინი.

სტუდენტები ამბობენ, რომ:

  • „არ გავჩერდებით, სანამ არ მივიღებთ პასუხებს!
  • სანამ არ მივიღებთ არჩევანის უფლებას!
  • არ გავჩერდებით, სანამ არ მივიღებთ ღირსეულ საერთო საცხოვრებელს!
  • სანამ არ აღვადგენთ სამართლიანობას!
  • სანამ უნივერსიტეტისთვის კვლავ არ გავხდებით მთავარი ღირებულება!
  • სანამ პასუხს არ აგებთ იმისთვის, რადაც აქციეთ ქართული სახელმწიფოებრიობის დაბადების ადგილი!“.