წინანდლის მუსიკალური ფესტივალის დღეები: ბრიუს ლიუ, როგორც ფორტეპიანოს ბრიუს ლი და მიხაილ პლეტნიოვის დაბალი სიხშირის პიანოები.
ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დაარსების სიმბოლურ თარიღად 2017 წელი შეიძლება მივიჩნიოთ. „სილქ როუდ ჯგუფმა“, რომელიც მანამდე დაახლოებით ათი წელი ზრუნავდა წინანდლის მამულის განვითარებასა და სხვადასხვა პროექტზე, პირველად საქართველოში ლეგენდარული მაესტრო – ზუბინ მეტა და ისრაელის ფილარმონიის ორკესტრი მოიწვია.
2017 წლის სექტემბერში ახლად აშენებულ ამფითეატრში, რომელიც ათას კაცს იტევს, მაესტრო ზუბინ მეტამ ცნობილ ქართველ პიანისტ ხატია ბუნიათიშვილთან ერთად, რობერტ შუმანის საფორტეპიანო კონცერტსა და პეტრე ჩაიკოვსკის მეხუთე სიმფონიას უდირიჟორა. ეს შთამბეჭდავი უვერტიურა გამოდგა კლასიკური მუსიკის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალის დაარსებისთვის, რომელიც ვერბიეს (შვეიცარია) ცნობილი მუსიკალური ფესტივალის ანალოგიითა და მასთან თანამშომლობით მოხერხდა.
2019 წლიდან მოყოლებული, უკვე მეექვსე წელია, რაც სექტემბრში წინანდალში თავს იყრიან მსოფლიოში აღიარებული სოლისტები – პიანისტები, მევიოლინეები, ჩელისტები… არანაკლებ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თუ ხანში შესული ვირტუოზების საფესტივალო გარემოში ერთად ყოფნა, ისევე, როგორც ცნობილი დირიჟორებისა თუ ვოკალისტების მასტერკლასები ახალგაზრდებისათვის.
წინანდლის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს ჯუზეპე ვერდის „რეკვიემით“ გაიხსნა, რომელსაც ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დირიჟორობდა. აღსანიშნავია პანკავკასიური ორკესტრიც, რომელიც „რეკვიემში“ შთამბეჭდავად ჟღერდა და რომელიც რამდენიმე ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებს აერთიანებს (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ყაზახეთი).
მუსიკის მოყვარულებმა და სტუმრებმა ამფითეატრის სცენაზე საერთაშორისო ფესტივალებსა თუ საოპერო სცენებზე გამოცდილი ვოკალისტები იხილეს – ერიკა გრიმალდი (იტალიელი დრამატული სოპრანო), აგნეშკა რელისი (პოლონელი მეცო–სოპრანო), ჩარლზ კასტრონოვო (ამერიკელი ტენორი) და მარკო მიმიკა (ხორვატიელი ბანი). ფესტივალის გახსნის პატივი ასევე წილად ხვდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდს, რომელმაც უნდა ვაღიარო, რომ ვერდის „რეკვიემში“ მაინც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
წინანდლის წლევანდელ მუსიკოს–ვარსკვლავთა შორის განსაკუთრებული ელფერით გამოირჩევა კორეული წარმოშობის კანადელი პიანისტი, 2021 წელს შოპენის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, ბრიუს ლიუ, რომელსაც წინანდალში ხუმრობით მუსიკის მოყვარულები „ბრიუს ლის“ უწოდებენ.
სწორედ მისი რაფინირებული და ტექნიკური „ილეთები“ ვიხილეთ, უფრო ზუსტად მოვისმინეთ, ჟან–ფილიპ რამოს მცირე ფორმის პიესებში. გამჭვირვალე, ელეგანტური და აბრეშუმის სიმსუბუქის ბგერები და ბაროკოთი მოვარაყებული ტრელები, მართლაც, ტოვებდა ჯადოსნური ილეთების შთაბეჭდილებას. თუმცა მუსიკალური ბაროკოს ამ შედევრის დაწყვილება ფრედერიკ შოპენის N2 საფორტეპიანო სონატასთან (სი–ბემოლ მინორი, თხზ. 35) ცოტა უცნაური იყო. იმდენად, რომ რომანტიკული მუსიკის ეს შედევრი და განსაკუთრებით მეორე ნაწილი (ცნობილი „სამგლოვიარო მარში“), სრულ ემოციურ გაუცხოებას ქმნიდა რამოს მუსიკასა და ზოგადად, შთამბეჭდავ შესრულებასთანაც.
ბრიუს ლიუს ტექნიკა და მუსიკის გააზრების მასშტაბი განსხვავებული იყო ბეთჰოვენის მესამე საფორტეპიანო კონცერტის შესრულებისას (თხზ. 37, დო მინორიო). გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და დირიჟორი კლაუდიო ვანდელი უფრო ლირიკულ განწყობას ჩაუღრმავდნენ, ვიდრე ბეთჰოვენის ამ კონცერტისათვის დამახასიათებელ ეპიკურ და დრამატულ ხასიათს. შედეგად უფრო გამოიკვეთა პიანისტის ბგერადი სამყარო და ლირიზმი, ვიდრე ორკესტრის სიმფონიური აზროვნება და მასშტაბი.
ახალგაზრდა ვარსკვლავის ფონზე მეტ–ნაკლებად გამოიკვეთა ძველების ნათებაც. 70-იან წლებში ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულის, პიანისტ მიხეილ პლეტნიოვის მოწვევა წინანდალში მაინც გარკვეულ რისკს შეიცავდა უკვე ჩავლილი სანდალების შემდეგ, რომელიც 67 წლის რუსი პიანისტის პირად ცხოვრებას უკავშირდებოდა ტაილანდში. ამდენად, მისი გამოჩენა წინანდლის ამფითეატრის სცენაზე, უფრო ფსიქოლოგიურ თვითჩაღრმავებას და მუსიკალური რეაბილიტაციის სეანსს ჰგავდა.
პლეტნიოვმა ჯერ სკრიაბინის 24 პრელუდია შეასრულა, რომლის ლირიზმითა და კიდევ უფრო ფაქიზი პიანოებით ატმოსფერო თითქოს მსუბუქი სუნამოთი გაიჟღინთა. მეორე ნაწილში ერთგვარი სიმეტრიის პრინციპით, შოპენის 24 პრელუდია დაუკრა, ოღონდ ლირიკული მელანქოლიის აშკარა ოვერდოზით, კვლავ განსაცვიფრებელი პიანოებით და ნოტებს შორის ოდნავ გაწელილი პაუზებით. რითაც ერთგვარად შეგვახსენა, რომ სპეციალურად იაპონური წარმოების როიალზე – „კავაიზე“ უკრავდა.
ცნობილია, რომ დიდი ხანია პლეტნიოვი მხოლოდ „კავაის“ როიალზე უკრავს, მაშინ როცა მსოფლიოს ლამის ყველა ცნობილი პიანისტი „სტეინვეის“ ამჯობინებს და წინანდლის ამფითეატრშიც და კამერულ დარბაზშიც მხოლოდ „სტეინვეი“დგას. თუმცა როდესაც პლეტნიოვის დაკვრას ისმენთ, გასაგები ხდება რატომ ირჩევს სწორედ ამ ინსტრუმენტს და რატომ დაჰყავს ყველა ქვეყანაში გასტროლზე როიალის ამწყობი. უკიდურესად ფაქიზი, ყურისთვის ძლივს გასარჩევი პიანოები „კავაიზე“ მაღალი მგრძნობელობისა და დაბალი სიხშირის რადიოტალღებს ჰგავს, რომელთა წყალობით პლეტნიოვს მელომანების გარკვეული კატეგორია ექსტაზში მოჰყავს.
ეს „ტალღები“ უფრო უკეთესად შეიგრძნობოდა ფესტივალის კამერულ დარბაზში შესრულებული ფრანც შუბერტის სონატა–არპეჯიონეს შესრულებისას (სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, ლა მინორი, D.821). პლეტნიოვს პარტნიორობას უწევდა ცნობილი ბრიტანელი ჩელისტი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, სტივენ ისერლისი, რომელიც დღეს ნამდვილი ჩელისტი–ვარსკვლავია და მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან ერთად (ბერლინის, ვენის, ლონდონის, ვაშინგტონის ფილარმონიის ორკესტრები) ხშირად ჩნდება მსოფლიოს საკონცერტო ესტრადაზე. ამდენად ორი ცნობილი მუსიკოსის კამერული გაბაასება შუბერტის ცნობილი სონატით, უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე პლეტნიოვის მიერ რაფინირებული და ნახევარსიჩუმიდან გამოძერწილი პიანოები.
ოდნავ ამბიციური განაცხადივით ჟღერდა თავად პლეტნიოვის მიერ დაწერილი სონატის (ჩელოსა და ორკესტრისათვის) შესრულება, რომელიც მსუბუქად, მაგრამ უინტერესოდ მერყეობდა პოსტრომანტიკულ, რახმანინოვის მსგავს მელოდიებსა და ილუსტრაციულ მუსიკას შორის, თუმცა თავად მუსიკოსთა გარჯამ და პერფექციონიზმმა ეს ნაკლი აშკარად წაშალა უკვე თავად რახმანინოვის შესრულებით ბისზე.
წინანდალში შეკრებილი დანარჩენი ვარსკვლავების ელფერებზე მოგვიანებით კიდევ მოგითხრობთ… წინ რამდენიმე საინტერესო, საფესტივალო დღეა.