კორონაეპიდემია - ტესტი საქართველოს ტურიზმის სფეროსთვის

უტურისტოდ დარჩენილი ქვეყანა და კორონაარდადეგები ტურიზმში

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმი ის სფეროა, რომელიც ბოლო წლებში ქვეყანაში ყველაზე აქტიურად ვითარდება, სფეროს მესვეურები თავს იწონებენ ტურისტთა რიცხვის ზრდით, თუმცა კორონავირუსის გამოჩენა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დარგი, ფაქტობრივად, ჩამოშლილიყო.

კორონას ეპიდემიამ უკვე სერიოზული გავლენა მოახდინა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ  მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაზე – გაუქმდა არაერთი ავიარეისი, სასტუმროს ჯავშანი,  ტური, დაცარიელდა მსოფლიო ტურისტული ცენტრები.

საქართველოში გადაიდო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია. დროებით დაიკეტა ბევრი მუზეუმი, მუზუმ-ნაკრძალი, დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები. ტურისტულმა კომპანიებმა და სასტუმროებმა, აეროპორტებმაც დროებით შვებულებაში გაუშვეს თანამშრომლები.

ბოლო გადაწყვეტილებით დაიხურა სამთო-სათხილამურო კურორტებიც.

 

„მარტში ნორვეგიელების დიდ ჯგუფს ველოდი და აპრილში – იტალიელებს, ორივე ჯგუფი გამიუქმდა. ზაფხულის დაკვეთები ჯერჯერობით ძალაშია და ვნახოთ“, – ამბობს სამთო გიდი ოთო ჯაფარიძე.  ტურები გაუუქმდა გერმანულენოვან გიდ ირინა ლორიასაც.

ნინო გულიაშვილი გამყვანი ტურიზმის მიმართულებით მუშაობს და მარტში სამი ტური ჩაეშალა საფრანგეთის (პარიზის), ეგვიპტისა და იტალიის მიმართულებით.

რუსუდან ჯაფარიძე – გიდი, ტურიზმის სკოლა „ქარვას“ დამფუძნებელი: „ჩვენი სკოლა ტურიზმის შიდა ბაზრისთვის კვალიფიციურ კადრებს ამზადებს. ახლაც გვყავს ჯგუფი, მაგრამ, თუნდაც ზამთრის ნაკადისგან განსხვავებით, ძალიან შემცირდა რაოდენობა. ბევრი კორონას შიშით არ გამოდის სახლიდან, ან იმის შიშით, რა იქნება მერე, აღარ ცდილობს თანხის გადახდას“.

რთული სიტუაციაა რეგიონებშიც:

„ბათუმშიც კრიზისული სიტუაციაა, გაყინულია ყველაფერი“, – ამბობენ ბათუმელი გიდები სოფიო ჯაფარიძე და გურამ კახიძე.

ბათუმელი გიდის, ლელა გაბელაიას თქმით, ზოგადად ეს პერიოდი  ბათუმისა და აჭარისთვის, შავი ზღვის სანაპიროსთვის არ არის დატვირთული, მაგრამ ახლა ზღვისპირა კურორტები საერთოდ ცარიელია.

ივანე მახარაშვილი დღიურად აქირავებს ბინას ბათუმში უცხოელ ტურისტებზე. „შეიძლება ითქვას, რომ კატასტროფული მდგომარეობაა. ყველა ჯავშანი გამიუქმდა“.

გიდების ინფორმაციით, ბათუმის სასტუმროების უმეტესობას დაკვეთები გაუუქმდა და თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.

სასტუმროების დაუტვირთაობას უჩივიან სხვა რეგიონებშიც. სათხილამურო კურორტებზე კორონასთან ერთად უთოვლობა აწუხებდათ. თუმცა ახლა მთავრობის გადაწყვეტილებით ეს კურორტები დროზე ადრე დაიხურა.

ლევან ქურდიანს საოჯახო სასტუმროც აქვს მესტიაში და კურორტზე სამაშველო სამსახურშიც მუშაობს: „წელს ჩვენთან კარგი ზამთარი იყო, ხვალაც პროგნოზით კარგ თოვლს ველით, მაგრამ კორონას გამო ფაქტობრივად, ჯავშნების უმეტესობა გაგვიუქმდა. დღეს გავაცილე ბოლო ქართველი სტუმარი და უახლოეს დღეებში არც არავის ველით. მეც და ბევრ სხვასაც გვაქვს ბანკის ვალი, 20-ში მიწევს ბანკის პროცენტის შეტანა, მაგრამ ხელში თანხა არ მიჭირავს.

ტურისტები არიან მესტიაში, მაგრამ სულ უფრო იკლებს მათი რაოდენობა. სამთო გიდებისგანაც ვიცი, რომ ბევრს გაუუქმდა დაგეგმილი ტური“.

ეს პერიოდი ძალიან აქტიურია ხოლმე აღმოსავლეთ საქართველოს ისეთ დესტინაციებზე სასიარულოდ, როგორიც არის დავით-გარეჯი და ვაშლოვნის დაცული ტერიტორიები.

ნინო სეთურიძე ვაშლოვნის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტია. ნინო ამბობს, რომ მთავრობის დადგენილებისამებრ,  14 მარტიდან 10 დღით ვიზიტორთა ცენტრები იხურება და  ელექტრონულ მომსახურებაზე გადადიან. რაც შეეხება ამ დღეებში ტურისტების ვიზიტს:

„გუშინ გვყავდა ხალხი: ერთი ირანელი ტურისტი იყო, ასევე რუსებისა და გერმანლების ჯგუფები. თუმცა სხვა წლების ამ პერიოდებთან  შედარებით, ალბათ 70%-ით მაინც იკლო ტურისტთა რაოდენობამ“.

ზვიად ანანიაშვილი გარეჯის გიდია. გარეჯში ეპიდემიას პოლიტიკური სიტუაციაც ემატება. ზვიადიც, სხვებიც მსგავსად,  ივლისიდან მოყოლებული აღარ ყოფილა უდაბნოსკენ.  როგორც გიდი, ფაქტობრივად, ახლაც უმუშევარია:

„საზღვრის პრობლემა, ახლა ეს ვირუსი და ვინ ჩამოვა? ადრე ზამთარშიც დადიოდნენ, ქართველებიც და არაქართველებიც, მაგრამ ახლა თითქმის არ არის ხალხი. თვეში 2-3 ექსკურსია თუ მაქვს.

ცალკეული ჯგუფები მოდიან, მაგრამ ზოგადად, როგორც ვხედავ, გარეჯი ტურისტული თვალსაზრისით აღარ არის საინტერესო ობიექტი, ბევრმა ტურისტულმა კომპანიამ საერთოდ ამოიღო კიდეც მარშრუტიდან!“.

ზურა ბაუჟაძეც გიდია: „ათამდე ქვეყნის ტურისტულ კომპანიასთან ვთანამშრომლობ და ვმუშაობ ქართულ, თურქულ, რუსულ ენებზე. ამ დროს უკვე ძალიან დატვირთული ვიყავი ხოლმე. ახლაც წინანდალში ვარ ჯგუფთან ერთად და აქაც ამბობენ, რომ  მუზეუმი იკეტება. ამ დღეებში ვნახე როგორ ცარიელდება სასტუმროები, რესტორნები, ტურისტული ობიექტები. მეც ძალიან შემიმცირდა დაკვეთები.

არადა, ჩვენ უკან ოჯახები დგას. ყველაზე რთული ის არის, რომ მომავალიც არაპროგნოზირებადი და გაურკვეველია. არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.

ძალიან გული მტკივა, რომ ამ პროცესში თითქმის არ გამოჩენილა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. არანაირი პოზიცია, ან თუნდაც მხარდაჭერა არ გამოუხატავს დარგის წარმომადგენლებისადმი.  მერე ალბათ იტყვიან რამეს, მაგრამ ეს იქნება უკან მიდევნებული ლამპარი. ჩვენ ახლა გვჭირდება მათი სიტყვა.

ეკონომიკის მინისტრი საუბრობდა საგადასახადო შეღავათებზე, მაგრამ ეს შეეხო ტურისტული კომპანიებსა და სასტუმროებს. გიდებს რა გველის – უცნობია. მე და ბევრ ჩემნაირს ჰაერში გვტოვებენ“.

ხელოვანი, გიდი და ტურლიდერი ელენე რაქვიაშვილიც საუბრობს სფეროში არსებულ კრიზისზე. მისი განმარტებით, იტალია იტალიაა და კრიზისი კორონავირუსის გამო სამომავლოდ არ გაანადგურებს იტალიის ტურიზმს, ხოლო ჩვენს პატარა  ქვეყანას ნამდვილად  ავნებს, როცა არ გვაქვს ტურიზმის განვითარების  მკაფიო   სტრატეგიული ხედვა  და კრიზისის მართვის სტრატეგია.

„ამიტომ ჩამოიშალა ვითომ უცებ აწყობილი სისტემა. ვფიქრობ, ჩვენთვის დაუშვებელია უდიერი დამოკიდებულება და გაუაზრებლობა მასობრივი ტურიზმის შედეგების მიმართ“, – ამბობს რაქვიაშვილი.

რაში ხედავენ ტურისტული სფეროს წარმომადგენლები გამოსავალს?

„არსებობს ორი დონე, ერთი ლოკალურია: კარგია, რომ არსებობს გვერდი კორონავირუსზე, საიდანაც მოგვეწოდება ინფორმაცია. კარგია, რომ იდგმება გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ მიმაჩნია რომ ზოგი რამ ჩვენც უნდა ვაკონტროლოთ: მეტად უნდა გამოვიყენოთ და მეტი ხელმისაწვდომობა უნდა იყოს პირბადეებზე, ბახილებზე, ლატექსის ხელთათმანებზე.

პური შეფუთვის გარეშე საერთოდ არ უნდა იყიდებოდეს,  პროდუქტებთან მომუშავე ადამიანებს აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ ჯანმრთელობის ცნობა. კამერებით უნდა ვაკონტროლოთ სამზარეულოები და საპირფარეშოების შესასვლელები, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პროპაგანდა – ჰიგიენური ნორმების დაცვა“, – ამბობს გიდი და ტუროპერატორი ნატალი ანდრონიკაშვილი. 

მისი აზრით, ასეთი დონის კრიზისების მართვისას მთავარი მაინც ის არის, რომ ქვეყანაში არსებობდეს ერთი ორგანო ტურიზმის მიმართულებითაც, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში კი არ იქნება, თავიდან ბოლომდე იქნება მაკოორდინირებელი ამ სფეროში, თორემ, სამწუხაროდ, უწყებას, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჰქვია, რომელიც კრიზისებს ვერ მართავს, უფრო სიმბოლური სახე აქვს.

ლაშა ბერეკაშვილს, საქართველოს ახალგაზრდა გიდების  ასოციაციის თავმჯდომარეს, მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია ოფიციალური სტრუქტურების კომუნიკაცია კერძო სექტორთან:

„პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კი ახსენეს, მაგრამ არსად გაჟღერებულა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის პოზიცია. დუმილია რეგიონული ტურისტული ცენტრების მხრიდანაც. არადა, ჩვენ ამ ადამიანებს ვაფინანსებთ და მათგან მეტ აქტიურობაა საჭირო ასეთ დროს“.

რუსუდან ჯაფარიძე ამბობს, რომ ასეთ რთულ პერიოდში სახელმწიფომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავზე. „სხვა დროს მეც მომხრე ვიყავი, რომ სახელმწიფო ნაკლებად ჩარეულიყო ტურისტულ საქმიანობაში, ბაზრის მოძიება იქნებოდა, თუ განვითარებაზე ზრუნვა, მაგრამ მიმაჩნია, რომ სფეროს უსაფრთხოებაზე მეტი ფიქრია საჭირო. როცა პრემიერ-მინისტრმა ახსენა სასტუმროები და ტურისტული კომპანიები, არავის გახსენებია გიდები ან მძღოლები, რომელთაც ასევე სჭირდებათ მხარდაჭერა, თუნდაც საბანკო ვალების გადავადება“.

ელენე რაქვიაშვილიც წუხს სახელმწიფოს მხრიდან გიდების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამო. გიდები ამ კრიზისში სრულიად დაუცველნი აღმოჩნდნენ.  გიდი კი მნიშვნელოვანი რგოლია ტურიზმის აწყობის თუ დაშლის საქმეში.

ტურისტული კომპანის მფლობელი ალექსანდრე გიორგიძეც ამბობს, რომ ნებისმიერი კრიზისი შეიძლება განვითარების წინაპირობად იქცეს.  ჩვენც ეს მდგომარეობა სწორად უნდა გამოვიყენოთ. პირველ ყოვლისა, სწორი დასკვნები გავაკეთოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ კორონას გავრცელება ჩვენთან ისეთ მასშტაბებს არ მიაღწევს, როგორიც ბევრ ქვეყანაშია და ეს ჩვენს სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ. ერთი-ორი თვე, თუ როგორც იქნება, კარგად უნდა გამოვიყენოთ. სახელმწიფომაც და კერძო სექტორმაც შეთანხმებულად უნდა ვიმოქმედოთ:  კარანტინის მოხსნისთანავე აგრესიული სარეკლამო კამპანია უნდა დავიწყოთ და აქტიურად დავიწყოთ ჩვენი ღვინის, კულტურის, ბუნების პოპულარიზაცია, მზად გვქონდეს პაკეტები ფასებით, რომ ის ადამიანები, რომლებსაც სადმე წასვლის სურვილი ექნებათ, თუნდაც  დასავლეთ ევროპის მაგიერ საქართველოსკენ წამოვიდნენ. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს დრო განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ.

„ლივინგ ლუუტს ტრეველის“ დამფუძნებელი და ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარის, ია თაბაგრის აზრით, მაქსიმალური შეღავათები უნდა დაუწესდეთ სფეროს წარმომადგენლებს, საშემოსავლო გადასახადი 10%-მდე უნდა დავიდეს, შემცირდეს ქონების გადასახადიც. სახელმწიფომაც აუცილებლად უნდა მოიჭიროს ქამარი: წელს საჯარო სექტორში ნაკლებად გაიცეს პრემიები, შემცირდეს აპარატის ხარჯი, შემცირდეს ავტომანქანქებისა და კომუნიკაციის ხარჯი.

„ფაქტია, წლის პირველი ნახევარი იქნება ძალიან რთული, მაგრამ  გვაქვს შანსი, რომ კრიზისი ზაფხულში ამოვქაჩოთ, ამისთვის კი სწორი ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო“, –  ამბობს თაბაგარი.