კორონავირუსის გამოჩენის პირველ დღეებში ყოველდღიური ცხოვრება პოსტაპოკალიპსური ფილმის სცენარს უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას. სახლიდან მაღაზიაში საყიდლებზე გასვლა ლამის სასიკვდილო მისიაზე წასვლას უტოლდებოდა: უკან დაბრუნებულებს ტანსაცმელი შემოსასვლელშივე უნდა გაგვეხადა და სარეცხ მანქანაში შეგვეყარა, ჩვენ კი მაშინვე შხაპი უნდა მიგვეღო, რის შემდეგაც ნაყიდი პროდუქტები სადეზინფექციო ხსნარით უნდა დაგვემუშავებინა. მთელი დღით სახლში გამოკეტილებს ღამით ქუჩების მრეცხავი მანქანებისა და საგულდაგულოდ შეფუთული დამსუფთავებლებისთვის შეგვეძლო გვეყურებინა. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ყოველივე კომიკურად გვეჩვენება, მაგრამ მაშინ სასაცილოდ მართლა არავის ეცალა. ამ დროის განმავლობაში დაგროვილმა ცოდნამ პანდემიის შესახებ ბევრი რამ გვასწავლა და ჩვენი თვალთახედვის არეალიც მნიშვნელოვნად გააფართოვა.
ამ სტატიაში კორონავირუსის შესახებ ხუთ რადიკალურად შეცვლილ შეხედულებას წარმოგიდგენთ.
-
და მაინც: როგორ დაიწყო პანდემია?
„ახლა ყველა თანხმდება, რომ მე მართალი ვიყავი” – შენიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 1 თვის წინ. ახალი ტიპის კორონავირუსის მოულოდნელ გამოჩენას მისი გუნდი ჩინეთზე პოლიტიკური ზეწოლის იარაღად თავიდანვე აქტიურად იყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახური და სამეცნიერო საზოგადოება ვირუსის ხელოვნურად შექმნის თეორიას გამორიცხავდა, ტრამპი მის პირველწყაროდ მაინც ვუხანის ვირუსოლოგიურ ლაბორატორიას ასახელებდა. ამ ბრალდებებს მაშინდელი პრეზიდენტი სამეცნიერო მტკიცებულებებით ვერ ამყარებდა და აღნიშნავდა, რომ მას ამაზე საჯაროდ საუბრის უფლება არ ჰქონდა. მის დაუსაბუთებელ შეხედულებებს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ახლახან მეორე სუნთქვა შთაბერა – კორონავირუსის ბუნებრივ გარემოში აღმოცენებას აშშ-ის მთავრობაში სულ უფრო სკეპტიკურად ეკიდებიან.
კორონავირუსის დეტექტივთა ჯგუფმა ჩინეთში პანდემიის საწყისი დღეების კვლევა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. სი ძინპინის კომუნისტური რეჟიმისთვის ეს არც ისე სასიამოვნო პროცესია, რადგანაც ჩინეთი მისკენ მიმართული ისრების დასავლეთისკენ გადაწევას დიდი ხანია ცდილობს. მიუხედავად ამისა, მკვლევართა გაკეთებული პირველი განცხადება მათ წისქვილზე ასხამდა წყალს: ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ალბათობა ძალზედ ნაკლებად სავარაუდო გახლდათ. თუმცა, სამეცნიერო აკადემიაში ეს დასკვნა ნაჩქარევი ეჩვენათ. აქვე უნდა ითქვას, რომ ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორიის დამტკიცება შეიძლება საერთოდაც ვერ მოხერხდეს. სი ძინპინმა ერთ-ერთ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ „მეცნიერებას საზღვრები არ აქვს, მაგრამ მეცნიერებს აქვთ სამშობლო”. ჩინეთისთვის კი სამთავრობო ნარატივი ყოველთვის სამეცნიერო ფაქტებზე წინ დგას.
რეალურად, მეცნიერებს ხელჩასაჭიდი მტკიცებულება არ გააჩნიათ, რომ ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ფაქტი სრულად გამორიცხონ. ამის გამო ეს ყბადაღებული თეორია აქტუალობას ამ დრომდე ინარჩუნებს და იგი მუდმივი პოლიტიკური სპეკულაციისთვის არის განწირული.
-
წვეთოვანი VS ჰაერწვეთოვანი
კორონავირუსი წვეთოვანი ინფექციების ჯგუფს მიეკუთვნება, ანუ იგი ადამიანებს შორის დიდი ზომის რესპირატორული წვეთებით ვრცელდება. ეს უდევს საფუძვლად პირბადის ტარების, სოციალური დისტანციისა და ხელებისა თუ ზედაპირების რეგულარული დამუშავების რეკომენდაციებს. პანდემიის მიმდინარეობის პარალელურად დაგროვილმა კლინიკური გამოცდილებამ მკვლევრები განსხვავებული რეალობის წინაშე დააყენა – სულ უფრო ნათელი ხდებოდა, რომ ვირუსს ჰაეროვანი გავრცელების პოტენციალიც ჰქონდა, თუმცა ამ საკითხზე ერთიანი პოზიციის შეჯერება მარტივი არ გამოდგა.
მეცნიერთა უმეტესობა აეროზოლად 5-10 მიკრონზე მცირე ზომის წვეთებს განიხილავს. ეს უკანასკნელნი გარემოში გამოყოფის შემდგომ ჰაერში შეწონილ მდგომარეობაში არსებობენ, განსხვავებით დიდი ზომის წვეთებისგან, რომლებიც თავიანთი წონისა და გრავიტაციის გამო ზედაპირებს ეხეთქებიან. თუმცა, მსგავსი განსაზღვრება რამდენადმე გაურკვეველი ხდება, როცა საქმე მცირე დისტანციაზე წვეთების ჰაერში შეწონვას ეხება. აეროზოლების მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ბუნებაში ასე მკვეთრად გაყოფილი საზღვრები არ არსებობს. მეცნიერთა ნაწილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) ღია წერილით მიმართა და მას კორონავირუსის გავრცელების კრიტერიუმების გადახედვისკენ მოუწოდა. მანამდე ორგანიზაცია მკაცრი კრიტიკის ქვეშ პირბადეების ფართო გამოყენებაზე არაერთგვაროვანი პოზიციის გამოც მოექცა, როცა ისინი თავიანთ მოზომილ პოზიციას სამედიცინო ეკიპირების დეფიციტითა და მათი მიზნობრივი გამოყენების აუცილებლობით ხსნიდნენ.
საბოლოოდ, WHO-მ აღნიშნა, რომ ხალხმრავალ, დახურულ სივრცეებში, სადაც ცუდი ვენტილაციაა, კორონავირუსის ჰაეროვანი გზით გადაცემა არ უნდა გამოვრიცხოთ. აღნიშნული განცხადების თანმდევად თავისი რეკომენდაციები აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმაც (CDC) განაახლა.
ჰაეროვანი გავრცელების შესახებ მტკიცებულების დაგროვების პარალელურად, ნათელი გახდა, რომ ზედაპირებიდან კორონავირუსის გადაცემის ალბათობა ძალიან მცირეა და აქტიური დასუფთავების საჯარო კამპანიები რეალურად მხოლოდ „ჰიგიენის თეატრის” როლს თამაშობდა. მიუხედავად ამისა, ამ სამეცნიერო მტკიცებულების ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვა გართულდა, რადგანაც იგი სრულიად განსხვავებული კონტრ-ზომების გატარებას საჭიროებდა. ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალის (BMJ) სარედაქციო წერილში ხაზგასმით არის აღნიშნული, თუ რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს კორონავირუსის ჰაეროვანი გავრცელების აღიარებას. სწორედ ამ სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე უნდა მოხდეს საზოგადო ჯანდაცვის პოლიტიკის ფორმირება, რაც რეკომენდაციების დახვეწასაც გულისხმობს: უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ვენტილაციის სისტემების მოდერნიზებას, სამედიცინო პერსონალისთვის პირბადეების შერჩევასა და პაციენტთა პალატების მოწყობას.
-
ასიმპტომური მტარებლები და მათი როლი პანდემიის დინამიკაში
ყოველწლიურად, გრიპის სეზონზე ინფიცირებულთა 5 – 25%-ს კლინიკური სიმპტომები არ უვლინდება. გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ნაწილი ვირუსის ასიმპტომური მტარებელი და გამავრცელებელიც ყოფილიყო. თუმცა, ეს თეორიული დაშვება ასე მარტივად დასაჯერებელი არ გამოდგა. კორონავირუსის ასიმპტომური მტარებლობა გერმანიაში დაფიქსირებული პირველი შემთხვევის ეპიდკონტაქტების კვლევამ გამოკვეთა. თუმცა, სამეცნიერო საზოგადოებამ გერმანელი მეცნიერების მოსაზრება კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა და კვლევის ავტორებს მონაცემების არასწორად დამუშავებაშიც კი დასდო ბრალი. მალევე სამეცნიერო კამათი სემანტიკურ დებატებში გადაიზარდა: ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, რა კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა ინფიცირებულს, რომ მას „ასიმპტომური” დარქმეოდა. მკვლევართა ნაწილი აღნიშნავდა, რომ იმ ინფიცირებულებს, რომელთაც კლინიკური სიმპტომები ჯერ არ გამოვლენიათ, მაგრამ მოგვიანებით გამოეხატებოდათ, „პრესიმპტომურები“ უნდა ვუწოდოთ და არა „ასიმპტომურები”.
გერმანელ მეცნიერთა შეფასებით, მათ მიმართ წამოსული აგრესია რეალურად პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი იყო, რადგანაც თუ მათი დაშვება გამართლდებოდა, მაშინ გამოვიდოდა, რომ პანდემიის სამართავად არჩეული პოლიტიკა რეალურად არაეფექტიანი იყო და იგი უფრო მკაცრად მიდგომას საჭიროებდა: პირბადეების ტარება აუცილებელი უნდა გამხდარიყო და ტესტირების მასშტაბი მნიშვნელოვნად უნდა გაზრდილიყო. რეტროსპექტული ანალიზით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსგავსი სიჯიუტე ქვეყნებს 10 ათასობით ადამიანის სიცოცხლედ დაუჯდათ.
სულ მალევე ნათელი გახდა, რომ ასიმპტომური თუ პრესიმპტომური მტარებლობა პანდემიის მართვის პოლიტიკის აქილევსის ქუსლი გახლდათ და მთელ ამ ამბავს WHO-ს არამკაფიო პოზიციაც ართულებდა. თავდაპირველად მათ აღნიშნეს, რომ ასიმპტომური ინფიცირებულები სხვებს ძალზედ იშვიათად აინფიცირებდნენ. ამ განცხადებას საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა, რადგანაც ამ დაშვებით გამოდიოდა, რომ მთელი რიგი ქვეყნების მიერ დანერგილი ეპიდკონტაქტების ძიების მეთოდოლოგია უბრალოდ არაეფექტიანი იყო. ამის შემდგომ, მათ თავიანთი პოზიცია დააზუსტეს და მიუთითეს, რომ რეალურად პანდემიის დინამიკაში ასიმპტომურ შემთხვევების როლზე ზუსტი პასუხი ჯერ არ ჰქონდათ.
დროის დინებასთან ერთად კლინიკური შემთხვევების რაოდენობამ იმატა და უკვე ნათელი გახდა, რომ კორონავირუსის ასიმპტომური მტარებლობა მეტად საყურადღებო საკითხი გახლდათ. მიუხედავად ამისა, ასეთი პაციენტების დროულად აღმოჩენა აქტიურად მიმდინარე პანდემიის პირობებშიც კი თივის ზვინში ნემსის ძიებას ჰგავდა. მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევებმა ივარაუდა, რომ შესაძლოა ასიმპტომურ მტარებლებზე ინფიცირების ნახევარიც კი მოდიოდეს.
ამჟამად სრულიად ცხადია, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ტესტირებას და ასიმპტომური მტარებლების გამოვლენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ეს უკანასკნელნი ვირუსული რეზერვუარების როლს ასრულებენ, რაც ვირუსის მუტაციისთვის ხელსაყრელ გარემოს წარმოადგენს.
-
ჰიდროქსიქლოროქინის აღზევება და დაცემა
„რას კარგავთ? დალიეთ!” – თქვა დონალდ ტრამპმა 2020 წლის მარტის მიწურულს და ხალხს მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტის, ჰიდროქსიქლოროქინის პრევენციული მიღებისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მედიკამენტის COVID-19-ის საწინააღმდეგო ეფექტიანობის შესახებ მხოლოდ ანეკდოტური მტკიცებულებები არსებობდა, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას უკვალოდ არ ჩაუვლია – მედიკამენტის შესაძენად გამოწერილი რეცეპტების რაოდენობა კოლოსალურად გაიზარდა, ხოლო ჰოსპიტლებმა მისი მომარაგება ისეთი მასშტაბებით დაიწყეს, რომ ფარმაკოლოგიურ ბაზარზე დეფიციტი შეიქმნა. მხოლოდ აშშ-მა მედიკამენტის 63 მლნ დოზა შეიძინა.
ჰიდროქსიქლოროქინისკენ მიპყრობილმა საყოველთაო ყურადღებამ მედიკამენტის კვლევის პროცესი ქაოსური გახადა: სამეცნიერო კვლევების დაფინანსება ამ მიმართულებით ასიმეტრიულად გაიზარდა, რამაც კლინიკური კვლევის პროცესი ხელოვნურად ააჩქარა და მიღებული შედეგების ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამას ისიც დაემატა, რომ მედიკამენტის „სასწაულებრივ” ეფექტებზე შესაბამისი განათლების არმქონე სულ უფრო მეტი საჯარო მოხელე საუბრობდა, რაც მის ირგვლივ არსებულ ეიფორიას კიდევ უფრო ზრდიდა. ხელოვნურად გაჩენილმა მოთხოვნამ მედიკამენტის ალოკაციას შეუწყო ხელი და ისე მოხდა, რომ იგი იმ პაციენტებისთვის აღმოჩნდა მიუწვდომელი, რომელთაც ეს უკანასკნელი სამედიცინო ჩვენებით ესაჭიროებოდათ.
პრეპარატზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა მალევე გამოკვეთა, რომ იგი COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტიანი არ იყო. ამ ყოველივემ აკადემიურ წრეებში კლინიკურ კვლევაზე პოლიტიკის მავნე გავლენის შესახებ დისკუსიას დაუდო სათავე. ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ეს ორი რამ ერთმანეთს არ უნდა შეერიოს, რადგანაც შედეგები შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს.
ეს პროგნოზი რამდენიმე თვის შემდეგ ჩატარებულმა მეტაანალიზმა მტკიცებულებით გაამყარა: ჰიდროქსიქოლოქინი არათუ არაეფექტიანი, არამედ სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა. როგორც ირკვეოდა, მისი COVID-19-ის საწინააღმდეგო მკურნალობაში ჩართვა სიკვდილიანობის რისკსაც ზრდიდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აშშ-ში ზოგიერთი ექიმი, სამედიცინო ლიცენზიის დაკარგვის რისკის მიუხედავად, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ჰიდროქსიქლოროქინს დღემდე იყენებს.
-
გამოჯანმრთელების ბუნდოვანი კრიტერიუმები
პანდემიის დასაწყისში დადგენილი გამოჯანმრთელების კრიტერიუმები შემდეგნაირად ჟღერდა: პაციენტს ბოლოს 3 დღის განმავლობაში სიცხე არ უნდა ჰქონოდა, კლინიკური სიმპტომები მნიშვნელოვნად უნდა ყოფილიყო შესუსტებული ან საერთოდაც ალაგებული, პირველი სიმპტომების გამოვლენიდან მინიმუმ 7 დღე უნდა ყოფილიყო გასული და 24-საათიანი დაშორებით ჩატარებულ ორ კოვიდტესტს უარყოფითი შედეგი უნდა ეჩვენებინა. დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე კარგად ვიცით, რომ ტესტის უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოჯანმრთელებას არ ნიშნავდეს და კლინიკური სიმპტომები კი თვეობით შენარჩუნდეს – ხანგრძლივი კოვიდი სრულიად რეალური და საკმაოდ მტკივნეული პრობლემაა. ამგვარად ექიმები იმ მდგომარეობას აღწერენ, როდესაც COVID-19-ის დამახასიათებელი ჩივილები 12 კვირაზე მეტი ხნით ნარჩუნდება. მიუხედავად ამისა, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ბევრი ასეთი პაციენტის ჩივილი დიდი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ რჩებოდა.
კორონავირუსის გამოჩენიდან უკვე წელიწად-ნახევარზე მეტი კი გავიდა, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ჯერ კიდევ არ ვიცით ტალღისებურად, განმეორებითად დაბრუნებული სიმპტომების მიზეზები და მათი მკურნალობის გზები. როგორც ირკვევა, კორონავირუსის გადატანის შემდგომ განმეორებითი ჩივილებით ექიმთან მიმართვის ალბათობა 3,5-ჯერ იზრდება და ამისგან არც ის პაციენტები არიან დაზღვეულნი, რომელთაც ინფექცია ასიმპტომურად გადაიტანეს. ექიმებისა და მეცნიერების წინაშე არსებულ კითხვებზე ცალსახა პასუხები ჯერჯერობით არ მოიძებნება, მაგრამ მოკვლევა უკვე აქტიურ ფაზაშია. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში პოსტკოვიდ კლინიკები იხსნება, რადგანაც წინასწარი გათვლებით ეს ჩივილები მილიონობით ადამიანს შეაწუხებს. შესაბამისად, დღის წესრიგში გამოჯანმრთელების კრიტერიუმების გადახედვა და შესაბამისი სარეაბილიტაციო ცენტრების მოდერნიზება დგება.
ვაქცინების ელვისებური სისწრაფით შექმნის მიუხედავად, პანდემიის დამარცხებამდე ჯერ კიდევ შორია. ახალი მუტაციური ვარიანტების გამოჩენის პირობებში ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა ერთი რამ ცხადია: 1 წლის შემდეგ ჩვენ გაცილებით უფრო მეტი რამ გვეცოდინება და ვინ იცის, ეგებ დღეს გონებაში კარგად გამჯდარი შეხედულებების განახლება კიდევ დაგვჭირდეს.