რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი 1-7 სექტემბერს გაიმართება
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალმა კოვიდ-პანდემიის გამო ახალი და მოულოდნელი განზომილება შეიძინა. თუმცა, ბევრი ხელოვანი აღნიშნავს, რომ კრიზისი ზოგჯერ ახალ და უფრო საინტერესო შესაძლებლობებს წარმოაჩენს როგორც ფორმის, ისე შინაარსის თვალსაზრისით. ამის მაგალითია წლევანდელი ფესტივალი, რომელიც 1-7 სექტემბერს, განახლებული ფორმატით გაიმართება.
თავის დროზე, 2015 წელს, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის გახსნა, ფოთში ახალი თეატრის ზარ-ზეიმით გახსნას დაემთხვა. თუმცა, ნაჩქარევად და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ავარიულმა შენობამ ოთხ წელსაც ვერ გაუძლო და 2018 წელს ფესტივალი ფაქტობრივად, შენობის გარეშე, ექსტრემალურ ვითარებაში გაიმართა.
თეატრალებს ალბათ, კარგად ემახსოვრებათ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს, მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს და ფესტივალის დირექტორს, თენგიზ ხუხიას მაშინ რა პირობებში მოუხდათ ფესტივალის ჩატარება. აუცილებელი გახდა, რომ აკადემიური დარბაზებიდან მაყურებელს მსახიობებთან ერთად ქუჩაში, დანგრეულ შენობებთან, ზღვის სანაპიროზე თუ მალთაყვის ტყეში გადაენაცვლა… სწორედ ამის გამო, 2018 წელს გამართულმა სპექტაკლებმა სრულიად სხვა დატვირთვა, განზომილება და მნიშვნელობა შეიძინა.
მაგალითად, ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით დადგმული „ანტიმედეა“ (რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი) ზღვის სანაპიროზე, ღია სივრცეში, ნახევრად დანგრეული შენობის მეორე სართულზე გათამაშდა. სხვათა შორის, მედეას როლს შესანიშნავად თამაშობდა მსახიობი ლილი ხურითი.
ესპანელი დრამატურგის, ფერნანდო არაბალის აბსურდული პიესა „პიკნიკი“ რუსთავის, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულმა თეატრმა (რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი) სამხედრო ბლინდაჟებით „შემოსილ“ მალთაყვის ტყეში წარმოადგინა; ხოლო ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულმა თეატრმა ფესტივალი მიხეილ ჩარკვიანისა და დავით ხორბალაძის სპექტაკლით “მკვდარი ქალაქები” დახურა. სპექტაკლი ჰიდრომელიორაციული სასწავლებლის დანგრეული შენობის ეზოში გაიმართა. რაც სიმბოლურად ფოთის ამორტიზებული და ავარიული თეატრის მდგომარეობას უფრო გამოხატავდა… გავიდა ორიოდე წელი და 2020 წელს, პანდემიის გამო რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი არანაკლები გამოცდის წინაშე აღმოჩნდა.
„ფესტივალი 2020 წელს კულტურისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე მეექვსედ იმართება. მადლობას მოვახსენებ ჩვენს პარტნიორებს – ფოთის მერიას (ფესტივალის დაარსებიდან ჩვენს უცვლელ პარტნიორს) და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლის სახითაც წელს ახალი მეგობარი და მხარდამჭერი შეიძინა ჩვენმა ფესტივალმა. გავითვალისწინეთ ყველა არსებული რეგულაცია და წელს შევარჩიეთ სპექტაკლები, რომლებიც სახელდახელოდ გათვლილ ლოკაციებს – ღია სივრცეებს შინაარსობრივად მოერგო და აქცენტიც უმეტესად 2020 წელს პანდემიამდე და მის შემდგომ განხორციელებულ სპექტაკლებზე გაკეთდა“ – აღნიშნავს ფესტივალის დირექტორი თენგიზ ხუხია.
არსებულ რთულ სიტუაციაში ოპტიმიზმს ინარჩუნებს ფესტივალის სამხატვრო ხელმძვანელი, ნინელი ჭანკვეტაძეც: „ადამიანების გადასარჩენად სახელმწიფოები ცდილობენ გაამკაცრონ რეგულაციები, დაგვიწესონ მკაცრი შეზღუდვები, რათა დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება. თუმცა, სიცოცხლის აზრი სწორედ ერთმანეთთან ურთიერთობაა. არა ვირტუალური, არამედ ცოცხალი კონტაქტი, რადგან ამის გარეშე ჩვენს ცხოვრებას ფასი ეკარგება… და ვინ, თუ არა ჩვენ, ხელოვანებმა უნდა გადავდგათ გაბედული ნაბიჯი და ვაკეთოთ, ის რაც ადამიანებს ჰაერივით ჭირდებათ. არ შევეგუოთ იზოლაციას, მარტოობას, სიხარული და ბედნიერება მივანიჭოთ ერთმანეთს, ვაკეთოთ ის რაც აუცილებელია.
რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში, პირველ სექტემბერს გაიხსენება. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, პირველად ფესტივალში მხოლოდ ქართული რეგიონების თეატრალური დასები მონაწილეობენ. ხაზგასმულად სიმბოლური იქნება ციხე-გოჯის ქონგურების მახლობლად ფესტივალის გახსნაც და ისიც, რომ თეატრალური ხელოვნების ზეიმს სოხუმის დრამატული თეატრის სპექტაკლი – “მთვარის მოატაცება“გახსნის (რეჟისორი გოჩა კაპანაძე).
ეს არის სპექტაკლი თავისუფლების მუდმივ გაზრებაზე, გმირისა და ეპოქის ჭიდილზე. კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გაცოცხლებული გმირები, იმ დიდი სულიერი არისტოკრატიზმისა და ინტელექტის მატარებელნი არიან, რომლებიც წითელმა ტერორმა შეიწირა. სპექტაკლი განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, რადგან გაუტეხავი სულის ადამიანების შინაგან სამყაროს წარმოაჩენს. ისინი ხომ არასდროს წავლენ კომპრომისზე საკუთარ თავთან…
ფესტივალის პროგრამაშია სენაკის, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი „წარსული, ჩემი პროლოგი“, რომელიც სწორედ აკაკი ხორავას დაბადების 125 წლისთავს ეძღვნება. ინსცენირების ავტორი და რეჟისორია ელენე მაცხონაშვილი. თოჯინების მხატვარი – ვახო ქორიძე მუსიკა – ირაკლი ადამია. სპექტაკლი განახლებულ სენაკის თეატრის შენობაში გაიმართება.
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლ „მარიტას“ წარმოადგენს (გიორგი ლეონიძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით). სპექტაკლში თოჯინური და ცოცხალი სამსახიობო ხელოვნება საინტერესო ფორმით ერთიანდება, რომელიც გასაგები ლიტერატურული თუ ესთეტიკური არქეტიპების გამო, მაყურებლისათვის დღესაც ამაღელვებელია.
დმანისის ზინაიდა კკვერენჩხილაძის სახელობის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს მოულოდენლი ფორმის პერფორმანსს სახელწოდებით „მილიონ 800 ათასი წლის შემდეგ. 1991 წლის სექტემბერში, დმანისში მილიონ 800 ათასი წლის წინ, აფრიკიდან განსახლებული პირველი ჰომინინების ნაშთები აღმოაჩინეს. მას შემდეგ კი დმანისი პირველი ევროპელების სამშობლოდ ითვლება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად დმანისში აღმოჩენილია ადამიანის ცხოვრების ყველა პერიოდფის ნაშთები. ინსცენირების ავტორი, რეჟისორი, მხტვარი და ქორეოგრაფია – თეატრის ახალგაზრდა სამხატვრო ხელმძვანელი, ლაშა ჩხვიმიანი.
გორის, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს „იდეალური უცნობები“ (პაოლო ჯენოვეზეს კინოსცენარის მიხედვით). ინსცენირების ავტორი და რეჟისორი: დავით ჩხარტიშვილი მხატვარი: ანანო დოლიძე. სპექტაკლში გამოყენებულია კეიტ ჯარეტის კომპოზიციები. სპექტაკლში მონაწილეობენ – ანა მატუაშვილი, ზაზა ცარულაშვილი, ომარ ბექაური, მაკა შალიკაშვილი, კობა კოპაძე, თეკლა მარჯანიშვილი, სოსო მგალობლიშვილი.
დიდ ინტერესს იქვევს დამოუკიდებელი პროექტის პრემიერა, სახელწოდებით „მედეა s01e06“. ინსცენირების ავტორი და რეჟისორი – პაატა ციკოლია, მხატვარი – ირა შენგელია, მუსიკა – თამარ ფუტკარაძე, ქორეოგრაფი – ნათია ჩიკვაიძე. სათაურში გამოტანილი ნიშნები – s01e06, ერთგვარი სპეკულაციაა სატელევიზიო სერიალებით საზოგადოების გატაცებაზე. ციფრები სათაურში მიგვითითებს, რომ წარმოდგენა, რომელსაც სცენაზე ვნახავთ, ვითომ მედეას შესახებ შექმნილი სერიების პირველი სეზონის მეექვსე ეპიზოდია…
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი „გადაუღებლად წვიმს“, ახალგაზრდა დრამატურგის, მაკა კუკულავას პიესის ინტერპრეტაციაა (რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი – ლილი ბურბუთაშვილი მხატვარი – ნინო ჩიტაიშვილი). სპექტაკლი ყოფილი ცოლ-ქმარის შეხვედრის რამდენიმე საათს ასახავს. ისინი ათწლეულია რაც ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ცარიელი სახლი მათი შეხვედრებისა და ურთიერთობის დრამატულ-ფსიქოლოგიურ შრეებს ინახავს. მაყურებელს უთუოდ დააინტრესებს მსახიობების – ენდი ძიძავასა და დავით როინიშვილის დუეტი.
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი დიულა ურბანის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ თოჯინურ სპექტაკლს წარმოადგენს. „ყველა თაგუნას უყვარს ყველი”- ასე ეწოდება გელა გელაძის მიერ დადგმულ მხიარულ სანახაობას (მხატვარი – მირანდა გურგენიძე, მუსიკა – ირმა გოგელია), რომელიც პატარებს უსათუოდ გაახარებს.
რეგიონული თეატრების ფესტივალს დახურავს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრი, რომელიც კოვიდ-პანდემიის პირობებში დადგმულ პრემიერას, „COVID – 19, ანუ შეზღუდვები ქართულად“, უჩვენებს მაყურებელს. პიესა სპეციალურად თელავის თეატრისთვის, Covid-19 მოვლენებთან დაკავშირებით დაიწერა. მასში ასახულია პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, სასაცილო, ოჯახური ისტორიები. პიესის ავტორია ნიკა რამიშვილი, რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება კახა გოგიძეს ეკუთვნის, ხოლო მხატვრობა – ქეთი ნარეკლიშვილს.