„განათლების კოალიციამ“ განათლების სამინისტროსთვის 2020-2021 აკადემიური წლისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსების შექმნის მიუხედავად, ზოგადი განათლების სისტემა უამრავი პრობლემის წინაშეა და სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაცია, რის გამოც, შესაძლოა მომდევნო აკადემიური წელი სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად განხორციელდეს.
დოკუმენტი ორი ნაწილისგან შედგება, პირველ ნაწილში საუბარია იმ გამოწვევებზე, რომელსაც პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები დისტანციური სწავლების დროს წააწყდნენ, მეორე ნაწილი კი მომავალი სასწავლო წლის რეკომენდაციებს ეთმობა.
დოკუმენტის მიხედვით, სკოლების დახურვის შემდეგ პირველი პრობლემა სკოლებისა და მასწავლებლების ემოციურ მზაობას უკავშირდება.
პრობლემა განსაკუთრებით მწვავე იყო დაწყებით საფეხურზე, როდესაც მოსწავლეებს ჯერ არ აქვთ გამომუშავებული სწავლის საბაზისო უნარები და მშობლების მხარდაჭერას საჭიროებენ.
დირექტორთა ნაწილის თქმით, პრობლემა იყო მასწავლებლების დარწმუნება, რომ მონაწილეობა მიეღოთ დისტანციური სწავლების პროცესში. ანალოგიური პრობლემა იყო მოსწავლეებშიც.
„ემოციური მზაობა და მოტივაციის უქონლობა როგორც მასწავლებლებში, ასევე მოსწავლეებსა და მშობლებში ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა იყო სემესტრის ბოლოსაც. ამ კუთხით უარყოფითი გავლენა იქონია პირველი სემესტრის შეფასების გადმოტანამ წლიურ შეფასებაში, რითაც მოსწავლეებს კიდევ უფრო დაუქვეითდათ დისტანციური სწავლების მოტივაცია. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა მასწავლებელთა პროფესიული გადაწვა“.
ერთ-ერთი პრობლემა იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინტერნეტსა და ტექნიკური საშუალებებზე ხელმისაწვდომობა.
„სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო მოსწავლეთა 30%-ს აღნიშნულზე წვდომა არ აქვს. განსაკუთრებით მწვავე იყო ეს პრობლემა მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებთან მიმართებაში და მთის და სოფლის სკოლების ნაწილში. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს არსებული რესურსების (ნეტბუკების) ტექნიკური გაუმართაობის შესახებაც. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, მათი სიმძლავრე არ იყო საკმარისი თუნდაც Microsoft-teams-თან ხარისხიანად დასაკავშირებლად. ამასთან ერთად განათლების უფლების რეალიზებას ხელს უშლიდა მოსწავლეთა ჩართულობა შინამეურნეობებში“, – ვკითხულობთ კვლევაში.
დისტანციური სწავლების პროცესის ერთ-ერთი ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო ტექნიკური და ციფრული კომპეტენციების ნაკლებობა, როგორც მასწავლებლებში, ასევე მოსწავლეებსა და მშობლებში. მასწავლებლებს გაუჭირდათ ახალ პლატფორმებზე ადაპტირება და მათი ტექნიკური მართვა.
პრობლემების ჩამონათვალში პროცესის მონიტორინგი, მართვა და მოსწავლეთა შეფასების საკითხიც გვხვდება.
„პროცესის მართვის თვალსაზრისით, პრობლემას წარმოადგენდა კომუნიკაცია სკოლის საზოგადოების წევრებს შორის. აღნიშნულ პრობლემაზე მიუთითებდნენ ყველა საფეხურის მოსწავლეთა მშობლები თბილისიდან, სხვა დიდი ქალაქებიდან და სოფლებიდან. ერთი მხრივ – კომუნიკაცია სკოლასა და მშობელს შორის; მეორე მხრივ, კომუნიკაცია მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. პირველ შემთხვევაში, სკოლების/დამრიგებლების უმრავლესობას არ ჩაუყენებია მოსწავლეების ოჯახები საქმის კურსში, რა მოლოდინი ჰქონდათ მათგან. რაში და როგორ უნდა დახმარებოდნენ შვილებს. ასევე, არ გაუცნიათ მათთვის დისტანციურად ჩატარებული სასწავლო წლის მიზანი“.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ რეკომენდაციების კუთხით, გამოიკვეთა როგორც საშუალოვადიან, ასევე მოკლევადიან პერიოდში მოგვარებადი საკითხებიც. ძირითადი რეკომენდაციები ეხება მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, სკოლის ადმინისტრატორთა გაძლიერებას, სასწავლო პროცესის მართვისა და ხელმისაწვდომობის საკითხებს.
ერთ-ერთი რეკომენდაცია სკოლის ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაზრდას ეხება. დოკუმენტის ავტორთა შეფასებით, მომდევნო სემესტრისთვის აუცილებელია მკაფიო ინსტრუქციებისა და მითითებების შემუშავება სკოლის გახსნასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ამ ნაწილში საუბარია სკოლის ექიმებისა და დამლაგებელთა ანაზღაურების საკითხზე, რადგან მაღალი ალბათობით მათი საქმიანობა გაცილებით შრომატევადი გახდება.
„აქვე საგულისხმოა, რომ დამლაგებლის მაქსიმალური ანაზღაურება არის 372 ლარი, 1800+ ბავშვიან სკოლაში. 200 მოსწავლიან სკოლაში მაქსიმალური ანაზღაურება შეადგენს 210 ლარს, 300-მდე – 228 ლარს, 530-მდე – 264 ლარს და ა.შ. ხშირ შემთხვევაში, ანაზღაურება საარსებო მინიმუმზე დაბალია“, – ვკითხულობთ კვლევაში.
სასწავლო პროცესის ეფექტური მართვის შესახებ ქვეთავში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა შეფასდეს მომდევნო სემესტრში სკოლების ოპერირებასთან დაკავშირებული რისკები.
„გარდა ამისა, აუცილებელია, რომ მიღებულმა გადაწყვეტილებამ არ გაამწვავოს არსებული პრობლემები. მაგ. თუ კონკრეტულ სკოლას მიეცემა ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირების შესაძლებლობა, მაგრამ ახლომდებარე სკოლას მოუწევს დისტანციურ რეჟიმში სწავლება, ამ შემთხვევაში, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა მეორე სკოლიდან ბავშვების გადინებას შეუწყოს ხელი. შესაბამისად, აუცილებელია ყველა ტიპის სცენარის მომზადება და მათი კარგად გააზრება“, – ნათქვამია კვლევაში.
ამ საკითხზე მშობლები ფიქრობენ, რომ აუცილებელია, გაუმჯობესდეს სკოლის ონლაინმართვის სტრატეგია, რათა ცალკეული პედაგოგის კეთილ ნებაზე არ იყოს დამოკიდებული, ჩაატარებს თუ არა გაკვეთილს და როგორი ხარისხის იქნება ის. მშობლებისთვის ასევე მნიშვნელოვანია სკოლასთან (ადმინისტრაცია, მასწავლებლები, დამრიგებლები) კომუნიკაცია. ისინი მიიჩნევენ, რომ უმჯობესია სკოლის მასწავლებლებთან ერთად სკოლის ადმინისტრაციაც აქტიურად იყოს ჩართული მშობლებთან კომუნიკაციაში. იყოს უფრო ეფექტიანი უკუკავშირი, მკაფიოდ განსაზღვრული მოკლევადიანი მიზნები, მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმები და სკოლასთან კომუნიკაციის მექანიზმები.
„მშობლები და მოსწავლეები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, მოხდეს ეროვნული სასწავლო გეგმის გადაწყობა ელექტრონული სწავლებისათვის; მოხდეს მისი განტვირთვა, შემცირდეს გაკვეთილების ხანგრძლივობა, გათვალისწინებული იყოს შესვენებები და შემცირდეს ონლაინ ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა. ასევე მნიშვნელოვანია, დავალებების გამარტივება და უფრო სახალისო და შემოქმედებითი დავალებების მიცემა. მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ მიერ შესრულებულ თითოეულ დავალებაზე გაკეთდეს უკუკავშირი მასწავლებლის მხრიდან და არცერთი დავალება არ დარჩეს შეფასების გარეშე, რათა მოსწავლემ არ დაკარგოს მოტივაცია“, – ნათქვამია კვლევაში.
საკონსულტაციო პროცესს უძღვებოდნენ განათლების კოალიციისა და წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები: გიორგი ჭანტურია – განათლების კოალიციის დირექტორი; მეგი კავთუაშვილი – „მშობლები განათლებისათვის“ დირექტორი; მაკა ბიბილეიშვილი – სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის დირექტორი; რევაზ აფხაზავა – განათლების კოალიციის პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცერი.
სამოქალაქო პედაგოგთა ფორუმის წარმომადგენელი, მაკა ბიბილეიშვილი კვლევის ფარგლებში მოსწავლეთა მოსაზრებებს ეცნობოდა. მისი თქმით, ჯგუფებში დაახლოებით 15- 17 ბავშვი მონაწილეობდა და მასში მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეებიც იღებდნენ.
„მათ თითქმის ყველა მიმართულებით დაასახლეს პრობლემები, მათ შორის ტექნიკური. თუმცა ტექნიკური პრობლემები, რომლებსაც თავიდან ასახელებდნენ, აღმოჩნდა, რომ სემესტრის დასასრულისთვის უკვე დაძლეული იყო. მთავარი, რასაც ხაზს უსვამდნენ, ეს იყო დამოკიდებულება. მათ ჩათვალეს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი და არ ეკიდებოდნენ სერიოზულად. თვითონ ბავშვები ხაზს უსვამდნენ, რომ ბევრი უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდა საკითხს. აღნიშნავდნენ, რომ სასწავლო პროცესი ინტერაქტიული არ ყოფილა. დიდი პრობლემა იყო შეფასება, თავიდან ვიცოდით, რომ შეფასება არ უნდა ყოფილიყო. ამან მოტივაცია დააგდო, მერე აღმოჩნდა, რომ უნდა ყოფილიყო.
პრობლემების მოგვარების ნაწილში მოსწავლეების აზრით, მთავარია, რომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს დისტანციური პლატფორმების გამოყენების ნაწილში მასწავლებელთა გადამზადებას“, -ამბობს მაკა ბიბილეიშვილი.
„განათლების კოალიციის“ დირექტორის, გიორგი ჭანტურიას შეფასებით, მნიშვნელოვანია ახალი სასწავლო სემესტრის დაგეგმვისას გათვალისწინებული იყოს საზოგადოების მონაწილეობა, რადგან ამის გარეშე რთული იქნება პროცესის ეფექტური დაგეგმვა და განხორციელება. მისი თქმით, დოკუმენტში, რომელიც კოალიციის თაოსნობით შემუშავდა, სასკოლო საზოგადოების მოსაზრებებია თავმოყრილი და ამ საკითხების განხილვის დროს მნიშვნელოვანია მათი გათვალისწინება.
გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ მათ გაუზიარეს კვლევის შედეგები განათლების სამინისტროს და კოალიცია მზად არის კომუნიკაციისა და პროცესში მონაწილეობისთვის.
„მნიშვნელოვანია, რომ დასაგეგმად სკოლებს ჰქონდეთ დრო. ამ დროისთვის დეტალური გეგმები შემუშავებული უნდა იყოს. მნიშვნელოვანია შეთავაზებები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით და სკოლის ადმინისტრაციის კუთხით მონიტორინგის ნაწილში მეტი სიცხადეა საჭირო. სასკოლო პაკეტებია საჭირო, რომ გაუმჯობესდეს ინტერნეტზე ხელმისაწვდომა. ასევე მნიშვნელოვანია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვის საკითხი, რაც გადის დამლაგებელთა შრომით პირობებზე. სკოლებში დამლაგებელთა ანაზღაურება ძალიან დაბალია და ეს რეალობა ცვლილებებს საჭიროებს. ასევე მნიშვნელოვანი იყო მიგნებები მშობლების მონაწილეობისა და მშობლების პედაგოგიზაციის ნაწილში. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რა როლი ეკისრება მათ და საჭიროა მათთვის დამხმარე რესურსების მომზადება“, – ამბობს გიორგი ჭანტურია.