ლევან ვასაძის თუ მაკა სულაძის ჯვარი?

 

თან მიჰქონდა თავისი ჯვარი, და მივიდა იმ ადგილას,
რომელსაც ჰქვია თხემისა, ხოლო ებრაულად – გოლგოთა. (იოანე 19,17)
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი…
ანა კალანდაძე

ჯვრის სიმბოლური გამოსახულება ფართოდ და ერთმნიშვნელოვნად ქრისტიანულ ეკლესიაში მოგვიანებით ჩნდება. თავდაპირველად დევნილი და მარგინალიზებული პირველქრისტიანული სამრევლოები სხვადასხვა სიმბოლიკას იყენებდნენ თავიანთი სარწმუნოებრივი ხედვის გამოსახატავად: ქრისტეს მონოგრამა, თევზის გამოსახულებანი, ბერძნული ანბანის პირველი და ბოლო ასობგერა: ალფა და ომეგა, ღუზა და ა.შ.

ჯვრის მასშტაბურად საკრალური სიმბოლიზმით დატვირთვა რომის იმპერიაში კონსტანტინე დიდის პერიოდში ქრისტიანული სარწმუნოების ოფიციალურად აღიარების შემდგომ ხდება, ამას კი  „იმპერატორ კონსტანტინეს მოქცევის შესახებ“ ერთ-ერთი მითოლოგიზებული ლეგენდა ამყარებს.

ლეგენდის თანახმად, კონსტანტინემ მოწინააღმდეგესთან შებრძოლების წინ  ცაზე გამოსახული ჯვარი დაინახა, რამაც მას გამარჯვება არგუნა. ამ „სასწაულებრივმა“ ფაქტმა იმპერიაში  ქრისტიანების  დევნილი მდგომარეობა პრივილეგიებით ჩაანაცვლა. ეს ერთ-ერთი მითთაგანია, მრავალთაგან,  რომელიც რომის იმპერიის გაქრისტიანებას უკავშირდება.

საღვთისმეტყველო მნიშვნელობის ძიებაში

ახალი აღთქმის თანახმად, ქრისტიანებს გვწამს, რომ იესომ გოლგოთის გზაზე ჯვარი იტვირთა და სწორედ ამავე ჯვარზე იქნა გაკრული. მიუხედავად იმისა, რომ ძველბერძნული შესატყვისი „ξύλον/ xýlon“ თავდაპირველად  ხეს აღნიშნავდა. უკვე პირველი საუკუნიდან ეს ტერმინი ითარგმნა, როგორც ჯვარი, უფრო კონკრეტულად კი – ხის ჯვარი. უფრო ხშირად მოხმობილი ტერმინი σταυρός ორივე მნიშვნელობის მატარებელია – ჯვარი და ხე. ეს ტერმინი ახალ აღთქმაში დაახლოებით ორმოცჯერ არის მოხსენიებული და ლათინურ თარგმანში უკვე ერთმნიშვნელოვნად  crux / ჯვარი გვხვდება.

ძველი აღთქმის ისტორიაში ადამისა და ევას პირველქმნილმა ცოდვამ – ამპარტავნებისა და ურჩობის – დაარღვია ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირი. ამის შემდგომ თავად კაცთმოყვარე ღმერთი შემოდის იესოს სახით ისტორიულ პროცესში, იტანს რა დამცირებას, შეურაცხყოფას, დევნას და გოლგოთის გზის დასასრულს ჯვარზე აღესრულება.

ჯვარი იმდროინდელ ეპოქაში სასჯელის ყველაზე სამარცხვინო ფორმას წარმოადგენდა. ქრისტიანების ღმერთი იბადება ბაგაში და ხორციელად კვდება, ვითარცა უკანასკნელი, ავაზაკთა გვერდით, ყველასგან გარიყული და მიტოვებული. თუმცა ცენტრალური მისტერია ქრისტიანებისათვის სწორედაც დაცარიელებული საფლავი და მისი მკვდრეთით აღდგომაა, ძლევა ბოროტების, სიკვდილზე, კვლავ განახლება ღვთისა და ადამიანებს შორის გაწყვეტილი ურთიერთკავშირის, აღდგენა ნდობისა და ურთიერთსიყვარულისა ზეციურსა და მიწიერს შორის.

ყველა ქრისტიანის გულზე ჩამოკიდებული ჯვარი, ვითარცა გამარჯვების სიმბოლო ბრუნდება და იძენს  ახალ შინაარსს. ჯვარი ახლო აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში ქრისტიანი უმცირესობებისათვის ნათლობასთან ერთად ხელზე ტატუირებითაც აღინიშნება. ერთგვარი ხაზგასმა არაქრისტიანულ კულტურასა თუ ქვეყანაში ქრისტიანად ყოფნისა!

ჯვარი განსხვავებული შინაარსით

თუმცა პრივილეგირებულ და გამიწიერებულ ეკლესიას ჯვარი ხშირად ძალადობრივი ფორმით ქრისტიანობის გავრცელებისას გამოუყენებია. ქრისტიანი დამპყრობლის სახელით ჯვრის უდიდესი გამოსახულებები ამშვენებდა აღმოჩენილ კონტინენტებზე გასაძარცვავად კონკისტადორებით სავსე გემებს, ასევე მუსლიმებისაგან წმინდა მიწის დასახსნელად წასულ ჯვაროსნებს, რომლებიც ასევე თანამოძმე ქრისტიან და-ძმების ძარცვა-გლეჯას არ ერიდებოდნენ.

რომის ქრისტიანი იმპერატორები ჯვრით მიუძღოდნენ ახალი მიწებისა და ხალხის დასაპყრობად გამზადებულ ჯარისკაცთა ლეგიონებს, ჯვრით ცდილობდნენ ინკვიზიტორები ქრისტიანული ეკლესიის წინააღმდეგ „შეთქმულებაში“ გამოვლენილთა მხილებასა და დასჯას. მეოცე საუკუნეში ევროპის რიგ ქვეყნებში დაბადებული ფაშისტური რეჟიმისა თუ იდეოლოგიის ადამიანები ძალიან თამამად  იყენებდნენ ჯვარს და მას სრულიად საპირისპირო შინაარსს სძენდნენ.

ისტორიული წარსული ჯვრის ორ შინაარსობრივ სახეს გვიხატავს: ჯვარს, როგორც ძალადობის, ჩაგვრის, დაპყრობის ინსტრუმენტს და ამავდროულად ჯვარს, ვითარცა გათავისუფლების, გამოხსნის, შერიგების, პატიებისა და სამართლიანი ბრძოლის სიმბოლოს.

ორი შინაარსობრივი მხარე

ბოლო კვირებში სწორედ ამ ორი მნიშვნელობით დატვირთული შინაარსის მქონე ქრისტიანული ჯვრისა და მისი მიმდევრების სახე დავინახეთ. პირველი,  ეს იყო მაკა სულაძის ვაზის ჯვარი. მისი პირადი რწმენის, იდენტობის, ბრძოლისა თუ თვითმყოფადობის ნაწილი, რომელსაც ის ნიშნად საერთო ინტერესისათვის დროებით თმობს. მაკა უარს ამბობს დროებით ინდივიდუალურ თუ პირად რელიგიურ სიმბოლიკაზე, რათა მიღწეულ და აღსრულებულ იქნას უმაღლესი მიზანი – ადამიანთა ერთობლივი მოთხოვნა. სწორედ ამაშია ჯვრის მნიშვნელობის საღვთისმეტყველო შინაარსიც. საკრალური შინაარსით აღვსილი მოქმედება თუ მისი გამომხატველი სიმბოლოები თრგუნავს არა ადამიანებს, არამედ მათგან გამომავალ ვნებებს, როგორიცაა: ამპარტავნება, შური, გაუტანლობა, გაუცხოება, შეუწყანარებლობა, სიძულვილი, ჩაგვრა, ძალადობა და სხვა.

ხოლო ამ დროს მეორე მხარეს მდგარნი „ჭეშმარიტების დამმოწმებელნი“  ცდილობენ, ჯვარი სხვა შინაარსით დატვირთონ. ეს არის პირადი, კერძო, ეგოისტური თუ დოგმატური მნიშვნელობა. ამ მნიშვნელობის ჯვარს შეუძლია, დაკარგოს ჭეშმარიტად ქრისტიანული საკრალურობა და სწორედაც განსხვავებულის გაქრობით, დასჯით, ცალკეული პიროვნებების დათრგუნვით უშინაარსო კოლექტივებად ჩამოყალიბების მომხრედ იქნეს წარმოჩენილი; ემსახუროს მხოლოდ პირადსა და ეგოისტურს, გაუძღვეს და მხარი აუბას მსხვილი ბოროტების შემოქმედ კაპიტალს.

აქვე შეიძლება დავასახელოთ, „ჭეშმარიტების დამმოწმებელთა“ იდეური მეგობარი და პოლიტიკურ სარბიელზე ახლად მოვლენილი ლევან ვასაძე,  ვისთვისაც ჯვარი შეიძლება იყოს კარგი საფუძველი „ერთმორწმუნე“ რუსეთთან მჭიდრო მეგობრული კავშირებისათვის, ასევე კარგი სადამსჯელო კომბალი განსხვავებული ადამიანების დასაფრთხობად თუ გასაწკეპლად.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ეპოქაში ჯვრისათვის სხვადასხვა შინაარსისა თუ სიმბოლიზმის დატვირთვა-გამოყენებას ცდილობდნენ, საბოლოოდ გოლგოთაზე ატანილი ხის ჯვარი ყოველთვის იმ ადამიანების ხელში ბრუნდება, ვისაც ჭეშმარიტად სწამს, რომ ქრისტიანთა ღმერთის სიყვარული და თაყვანისცემა უცილობელად მოიცავს მოყვასის ანუ ადამიანის სიყვარულს და მისი ფუნდამენტური საჭიროებებისა თუ ინტერესების მსახურებას.

და სწორედ ამას გამოხატავს მაკა სულაძის ჯვარი – მისი ოჯახის, მეგობრების, მოყვასის, მშობლიური მხარის, მომხრეებისა და ბოლოს მთელი ქვეყნიერების ყოველი ცოცხალი არსების, ბუნებისა თუ ადამიანის მოფრთხილებასა და პატივისცემას.