გენიალური კომპოზიტორის 250 წლისთავი გერმანულმა სატელევიზიო არხმა ბიოგრაფიული ფილმით აღნიშნა.
2020 წელს მსოფლიომ დიდი გერმანელი კომპოზიტორის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის დაბადებიდან 250 წელი შესაბამისი პომპეზურობითა და მასშტაბით პამდემიის გამო, ცხადია, ვერ აღნიშნა. სამაგიეროდ, გასული წლის 25 დეკემბერს გერმანიის სახელმწიფო სატელევიზო არხმა ARD-მ უჩვენა ნაკლებად ცნობილი გერმანელი რეჟისორის, ნიკი შტაინის სატელევიზო დრამა Louis van Beethoven („ლუი ვან ბეთოვენი“). ფილმი უფრო კარგად გათვლილ არტ-აქციას გავდა: რომ გერმანიითვის ბეთჰოვენი კულტურის ნიშანი და ტრენდია; რომ კლასიკური მუსიკა განსაკუთრებით ასეთი კრიზისის ჟამს, ქვეყნის კულტურული იდენტობის ნაწილია.
სატელევიზიო დრამაში განაკუთრებული თითქმის არაფერია: ძირითადად, მსხვილი პლანებით, წმინდა სატელევიზიო გამოსახულებითა და მხატვრული დეტალებით გამოირჩევა. გარკვეული პერფექციონიზმითაა აღბეჭდილი მხატვრობა და კოსტიუმებიც (ვერონიკა ალბერტი), ხოლო კარგად გაწვრთნილი თეატრალური მსახიობების თვინიერი თუ ზომიერი თამაში, არც ხელს გიშლით და არც განსაკუთრებული მიღწევებით გამახსოვრდებათ.
კომპოზიტორის ბავშვობა (რომელიც 1770 წელს, ბონში დაიბადა), ახალგაზრდობა და ხანდაზმულობა ორ საათშია ჩატეული. უკვე ზრდასრულ ბეთჰოვენს თეატრალური მსახიობი, ტობიას მორეტი თამაშობს. ფილმის დიდი ნაწილი ბეთჰოვენის ცხოვრების ვენის პერიოდს მოიცავს. მკაცრი და სასტიკი მამის დაუოკებელი სურვილი, პატარა ბეთჰოვენი ვუნდერკინდად წარუდგინოს პუბლიკას და ამით გარკვეული სარგებელიც ნახოს, რაღაცით მოცარტის “მამის აჩრდილს” წააგავს მილოშ ფორმანის “ამადეუსიდან”.
ფილმში გამოჩნდება მოცარტიც – უკვე ძალიან პოპულარული კომპოზიტორი ვენაში, რომელიც ძირითადად, ქარაფშუტა ქალებს დასდევს და მუსიკის გაკვეთილებისთვის ნაკლებად სცალია. გაცილებით სერიოზული და მნიშვნელოვანია ბეთჰოვენის შეხვედრა ჰაიდნთან, რომელმაც ახალგაზრდა კომპოზიტორზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა…
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: რეჟისორი ნიკი შტაინი თითქოს საგანგებოდ გაურბის ნაცნობ მუსიკალურ ნაწარმობებს. ფილმში არ ჟღერს არც მეხუთე და არც მეცხრე სიმფონიები, არც “მთვარის სონატა”, არც “აპასიონატა” არც “კრეიცერის სონატა” არც “საზეიმო მესის” ულამაზესი ფრაგენტები… მოკლედ, არაფერი პოპსა-ბეთჰოვენიდან.
მდიდარმა ტელეკომპანია ARD-მ კარგად აწყობილი რეკლამითა და სტუდია Filmstiftungs-ის დახმარებით მოახერხა, რომ 2021 წელს ფილმი 36 ქვეყანაში გაეყიდა. ასე რომ, ბიოგრაფიულ ფილმს ბეთჰოვენზე მომავალ თვეებში უჩვენებენ ევროპის მთავარ სატელევიზიო არხებზე – იტალიაში (Sky), ესპანეთში (Filmin), პორტუგალიაში (RTP), ლიტვაში (LRT), უნგრეთში (MTVA), ხორვატიაში (HRT), ჩეხეთში (CT). აღსანიშნავია, რომ ფილმი იყიდა რუსულმა ტელერხმა “კულტურამაც”.
კინოსტუდია Film Movement -ის წყალობით კი ფილმს ამერიკის 20 შტატში, კანადასა და ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში უჩვენებენ. საინტერესოა, ჩვენი რომელიმე არხი, ან საზოგადოებრივი მაუწყებელი რამეს თუ იღონებს. იქნებ პანდემიურ-საიუბილეო ბეთჰოვენი ჩვენთვის მაინც ფუფუნებაა და მას მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ, “სეკენდ ჰენდის” ფარგლებში ვიხილავთ.