ლუკრეცია კისტელი დელა მირანდოლა - მტვერმოკიდებული არქივებიდან აღიარებამდე

ნიკოლას გელოვანი

ვინ იყო ლუკრეცია კისტელი დელა მირანდოლა? რა ვიცით მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ? სამწუხაროდ, ხელოვნების ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ ვიპოვით პასუხს.

გამოჩენილი იტალიელი მხატვარი, მწერალი, ისტორიკოსი და არქიტექტორი, ჯორჯო ვაზარი, ძალზე მოკლედ წერს ლუკრეციას შესახებ თავის საყოველთაოდ ცნობილ ნაშრომში, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: „ყოვლად ბრწყინვალე მხატვართა, მოქანდაკეთა და არქიტექტორთა ცხოვრებანი“. ავტორი ხოტბას ასხამს ფერმწერს და აღნიშნავს: „მისი ხელით შესრულებული ტილოები და პორტრეტები უთუოდ ყველასგან იმსახურებს ქებას“.

აი, მხოლოდ ეს ვიცოდით მის შესახებ მანამ, სანამ მკვლევრებს არ გაუღვივდათ ინტერესი მისი შემოქმედებისადმი; სანამ არ წამოიწყეს მისი დაკარგული ნამუშევრების ძებნა, რესტავრაცია, კვლევების წერა; სანამ არ გადაწყვიტეს მისი მემკვიდრეობის აღდგენა, მისი ხსნა დავიწყების მორევიდან.

პატრიარქალურ წყობას ახასიათებს ხელოვანი და მეცნიერი ქალების (და არა მხოლოდ მათი) ღვაწლის, წვლილის, მიღწევების, აღმოჩენების, დამსახურებისა და შემოქმედების მოშთობა, უკვალოდ გაქრობა. ისტორია სავსეა ამგამქრალიქალებითა და მათი მარადიული მემკვიდრეობით. გადაჭარბებული არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს წარმოდგენაც კი არა აქვს იმის შესახებ, რა დაწერეს ასეთმაგამქრალმაქალებმა, რა აღმოაჩინეს, რა დახატეს, რა გამოიგონეს, რას მიაღწიეს და რაოდენ დიდი წვლილი შეიტანეს ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარებაში.

თვით კისტელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იმ ეპოქაში, როცა, გაბატონებული აზრის თანახმად, ხელოვნება და მეცნიერება არ იყოქალის საქმე“. თუკი რომელიმე ქალი მოიწადინებდა მხატვრობის სამყაროში გზის გაკაფვასა და ადგილის დამკვიდრებას, მრავალი დაბრკოლების დაძლევა და მიზოგინიურ ტალღასთან გამკლავება უწევდა. ამ წინააღმდეგობათა გადასალახად საჭირო იყო, ფერმწერი მამა, ქმარი, ან ძმა ჰყოლოდა.

*

ლუკრეცია 1541 წლის 11 იანვარს მოევლინა ქვეყნიერებას ქალაქ ფლორენციაში. მისი მშობლები (ჯულია სანტი და ალფონსო დი ფრანჩესკო კისტელი) ჩინებული განათლებითა და ლეგენდარული ჩამომავლობით იწონებდნენ თავსმათი წინაპრები პატრიციების ფენის წარმომადგენელნი იყვნენ. პაწაწინა გოგონა სან პროკოლოს ტაძარში მონათლეს. კისტელების ოჯახი იმითაც იყო განთქმული, რომ საყოველთაოდ ცნობილი მედიჩების საგვარეულოსთან ჰქონდა მტკიცე კავშირი. ლუკრეციას დედის წინაპრები ცნობილი ჰუმანისტები, განმანათლებლები, ქველმოქმედები, ჯარისკაცები და კარისკაცები გახლდნენ. კისტელის ბავშვობა და ყმაწვილქალობა დიდგვაროვანთა ბრწყინვალე და თავბრუდამხვევ სამყაროში გაილია. თავიდანვე ამჟღავნებდა გამჭრიახობას, კეთილგონიერებას, ნიჭს, ხელოვნებისა და პოეზიისადმი სიყვარულს, ამბიციურობას, მიზანსწრაფულობასმისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა, როცა ჯულიამ და ალფონსომ გაიცნეს სახელოვანი ფლორენციელი მანიერისტი მხატვარი, ალესანდრო ალორი. სწორედ ამ უკანასკნელის შეგირდი გახდა ნორჩი ლუკრეცია და მისი წყალობით ეზიარა ხელოვნების ისტორიას. რელიგიური, მითოლოგიური და ბიბლიური სიუჟეტით გამოირჩეოდა ფერწერის ის ნიმუშები, პირველად რომ იხილა საკუთარი თვალით. ფლორენციული ეკლესიები სავსე იყო ამგვარი ნამუშევრებით. ხშირად დადიოდა სან პროკოლოსა და სანტა ფელიჩიტას საყდრებში, გულდასმით აკვირდებოდა საკურთხევლის უკან აღმართული კედლისა და ჭერის მოხატულობას, სკულპტურებს, ოქროცურვილი ჩარჩოებით დამშვენებულ ხატებსუცქერდა ფილიპინო ლიპის, ლორენცო მონაკოს, ამბორჯო ლორენცეტისა და სხვა მხატვართა ოსტატობის თვალსაჩინო ნიმუშებს. სან ბარნაბას ეკლესიაში (სწორედ ამ ტაძრის აკლდამაში განისვენებდნენ მისი წინაპრები) იხილა სანდრო ბოტიჩელის ის ორი ნახატი, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მასზე.

საყურადღებოა ისიც, რომ ლუკრეცია არ შემოიფარგლა ოსტატის (ალორის) სწავლებით, გასცდა შემზღუდველ თეორიულ, ჟანრობრივ და თემატურ ჩარჩოებს, ჩამოაყალიბა საკუთარი, ყველასგან განსხვავებული სტილი. მართალია, შეგირდობამ და წვრთნამ მტკიცე ესთეტიკური და თეორიული საფუძველი მისცა, თუმცა, არ დასჯერდა ამას, გაიწაფა და თავი ისახელა თავისებური ხელწერითა და მანერით.

ერთობ შთამბეჭდავია ის ფაქტიც, რომ ამ დამწყებმა მხატვარმა ქალმა პრინციპულობა, შეუვალობა, სიმამაცე და შეუპოვრობა გამოიჩინაარაფრისდიდებით არ აიღო ხელი ფერწერაზე, როცა დაოჯახდა; გადაჭრით თქვა, რომ უცილობლად გააგრძელებდა ხატვას, არ შეელეოდა თავის სანუკვარ ამბიციებსა და ინტელექტუალურ დამოუკიდებლობას. სურდა, სოფონისბა ანგისოლას, პლაუტილა ნელის, ლავინია ფონტანასა და სხვა ხელოვანი ქალების დარად, საუკუნოდ დაემკვიდრებინა ადგილი ხელოვნების ისტორიაში. ჯორჯო ვაზარი ადასტურებს თავის წიგნში, რომ კისტელიმ გააგრძელა მოღვაწეობა მას შემდეგ, რაც ლომბარდიელ არისტოკრატს, კლემენტე პიეტრას, გაჰყვა ცოლად. იმ თვალსაზრისითაც გაუმართლა, რომ მისი მეუღლე ხელოვნების, ლიტერატურის, პოეზიის, სკულპტურისა და გობელენის დიდი მოყვარული გამოდგა. გარდა ამისა, ეს კაცი მუდამ უჭერდა მხარს ხელოვან, მწერალ და პოეტ ქალებს, ქედს იდრეკდა წარჩინებულ ბანოვანთა წინაშე და არასოდეს ცდილა მათი როლისა და მიღწევების დაკნინებას. მის ამ სულისკვეთებას იზიარებდა იტალიელი სწავლული, მწერალი და მთარგმნელი, ლოდოვიკო დომენიკი, რომლის კალამსაც ეკუთვნის ნაშრომი სახელწოდებით: „La nobiltà delle donne“. ავტორი გულმხურვალე დამცველად ევლინება ქალებს; ილაშქრებს მიზოგინიის, ჩაგვრისა და პატრიარქატის წინააღმდეგ; ამტკიცებს, რომ ქალებს შეუძლიათ ისეთი თვისებებისა და ნიჭის გამოვლენა, როგორსაც მამაკაცები ავლენენ; რომ უსამართლო კანონები, სოციალური წყობა, განათლების სისტემა და საზოგადოებრივი მორალი ახშობს ქალის განვითარებას, კლავს მის ტალანტს, უკრძალავს ამბიციების ქონას და ... დომენიკმა, ქალთა სქესის უბადლო აპოლოგეტად რომ იქცა, თავისი ნაწარმოების გმირად აქცია ლუკრეცია კისტელის ქმარი, გრაფი კლემენტე პიეტრა. წიგნის მეოთხე დიალოგში ვკითხულობთ, რომ გრაფი პიეტრა თავგადმოდებით ექომაგება და ესარჩლება ჩაგრულთ; აღნიშნავს, რომსუსტი სქესისწარმომადგენლებად შერაცხულნი ამჟღავნებენმამაკაცურთვისებებს: სიმამაცეს, გულადობას, მხნეობას, გაბედულებას, შეუპოვრობას, სიმტკიცეს, სიმკაცრეს, სამართლიანობას, თვითდისციპლინას, საომარ სულისკვეთებას, პატრიოტიზმს, ერთგულებას, ლოიალურობას; ავლენენ გამჭრიახობას, ინტელექტუალური განვითარების საოცრად მაღალ დონეს, ერუდიციას, უსაზღვრო შემოქმედებით შესაძლებლობებს, ფილოსოფიურ ხედვას, ჭვრეტის უნარსა და სიბრძნეს. ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ლუკრეციასა და კლემენტეს ურთიერთობა და ქორწინება თანასწორობის პრინციპს ეფუძნებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მხატვარ ქალს არასოდეს უძებნია ფინანსური სარგებელი და გამორჩენა. არ იღებდა შეკვეთებს და არ ხატავდა ფულის სანაცვლოდ. სწამდა, რომ ხელოვნება თავისუფალი უნდა ყოფილიყო ყოველგვარი ანგარებისაგან. „ხელოვნება ხელოვნებისათვის“ – აი, ეს დევიზი დაისახა შემოქმედმა კარიერის დასაწყისშივე.

ფერმწერი და მისი ოჯახი დიდი პატივით მიიღეს სამეფო კარზეც. წყვილი ტრიალებდა მედიჩების თვალისმომჭრელ, მიმზიდველ, ინტრიგებით სავსე, ბობოქარ ანტურაჟში. ბოლო არ უჩანდა ბრწყინვალე წვეულებებს, ნადიმებს, დაუვიწყარ საღამოებს, ინტელექტუალურ საუბრებს, კონცერტებს… 1574 წლის 9 თებერვალს სამუდამოდ შეიცვალა მათი ცხოვრება: შინისაკენ მიმავალ კლემენტეს უცაბედად დაესხნენ თავს შუა ქუჩაში. დამნაშავე აღმოჩნდა თავადი ფრანჩესკო სომა, რომელმაც საბედისწერო ჭრილობა მიაყენა შხამში ამოვლებული დაშნით. კაცი ოთხი დღის შემდეგ, ტანჯვაწამებით აღესრულა. ამ უბედურების მიუხედავად, ლუკრეციამ ურყევი სიმტკიცე, ფსიქოლოგიურემოციური სტაბილურობა და სიძლიერე გამოიჩინა. გარშემომყოფნი გაოცებულნი დარჩნენ მისი ამგვარი რეაქციით. ერთმა უცნობმა ავტორმა ლექსში აღწერა ეს საზარელი დანაშაული და ქებადიდება უძღვნა დაქვრივებულ, ახალგაზრდა ხელოვან ქალს. კისტელი კატეგორიულად მოითხოვდა სომას მკაცრად დასჯასა და სამართლის აღსრულებას, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელს მეტად გავლენიანი მფარველები ჰყავდა და პოლიტიკოსთა და დიდებულთა კეთილგანწყობითაც სარგებლობდა. კლემენტეს ძმამ, ვიჯევანოს ეპისკოპოსად რომ აკურთხეს, საჯაროდ მიუტევა დამნაშავეს.

დამწუხრებულმა, გულმოკლულმა მხატვარმა შემოქმედებაში ჰპოვა შვება და ნუგეში. ქმნიდა ტილოებს და კაცობრიობას უანდერძებდა თავის წარუხოცელ საუნჯეს.

მის ერთერთ ნახატზე გამოსახულია მოწიფული, ნატიფი ნაკვთებით გამორჩეული ქალი, რომელსაც უჭირავს მარსის (ომის ღვთაების) გამოსახულებიანი ანტიკური მედალი. სპეციალისტთა თქმით, ეს, შესაძლოა, ლუკრეციას ავტოპორტრეტი იყოს. პირქუშ, ნაღვლიან და დაღვრემილ ქალს მთელი ძალით ჩაუბღუჯავს მედალი; გული სტკივა, რადგან მის გვერდით არაა საყვარელი მამაკაცი. კლემენტე პიეტრას სამხედრო კარიერა ნათელს ჰფენს ამ ტილოს საკვანძო მნიშვნელობის დეტალსომის ღვთაებას, რომლის გამოსახულებაც ამშვენებს მედალს.

ტილო, სახელწოდებითქრისტეს დატირებაკომპოზიციური სირთულით, სიუხვით, ადამიანურ ემოციათა მეტისმეტი რეალისტურობით გამოირჩევა.

კისტელის კიდევ ერთი ნამუშევარი, „ქრისტეს გაშოლტვა“, ფლორენციის სან ბარნაბას ტაძარს ამკობს. ხელოვნებათმცოდნეთა თქმით, ხელოვანმა დიდოსტატურად გადმოსცა ეს სცენა, რეალისტურად დახატა მორთულობა, სამოსის ნაკეცები, თითქმის ნატურალისტური სტილით გამოსახა მეორეხარისხოვანი ფიგურები. მათი შეფასებით, ტილოს გამოარჩევს საოცრად აღქმული და უბადლოდ შესრულებული პერსპექტივა (ასე ეწოდება სურათზე საგნების იმგვარად დახატვას, რომ ჩანდეს მათი სიდიდის, მოხაზულობისა და გამოკვეთილობის მოჩვენებითი ცვლა მაყურებლისაგან დაშორების შესაბამისად.), კლასიცისტური ყაიდის არქიტექტურა, კომპაქტურობა

1594 წელს გარდაიცვალა ორმოცდაცამეტი წლის ხელოვანი. ვრცელი ტექსტი ამოკვეთეს მისი საფლავის ქვაზე, მაგრამ ამ ეპიტაფიაში მისმა შვილებმა მხოლოდ იმაზე გაამახვილეს ყურადღება, რაოდენ შესანიშნავი დედა, ღვთისმოსავი, კეთილგონიერი და წინდახედული ქალი იყო ლუკრეცია; არ უხსენებიათ მისი მიღწევები, ბრწყინვალე ტალანტი, ნახატები, ოსტატობა და შემოქმედება; არც კი გახსენებიათ სიტყვამხატვარი“.

აი, ასე დაედო მტვერი მისი ცხოვრების ამბავს, მის ტილოებსა და მთელ შემოქმედებას; აი, ასე გადაინაცვლა დამტვერილ არქივებში, მაგრამ, საბედნიეროდ, სწავლულებმა, მკვლევრებმა და სპეციალისტებმა ითავეს საკადრისი პატივის მიგება მისთვის, ნარკვევების დაწერა მის შესახებ, მისი ცხოვრების ტილოს აღდგენა, მისი დაკარგული ნამუშევრების ძიება, ნახატთა დეტალური სტილისტური ანალიზი, დროჟამის ჭუჭყითა და მტვრით დაფარული მისი სახელის საკადრისად წარმოჩენა და ამობრწყინება ფერწერის სამყაროს ჰორიზონტზე. სწორედ მათ დაუბრუნეს ლუკრეციას კუთვნილი ადგილი ხელოვნების ისტორიაში.