ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, „ფორუმისა“ და „პანორამას“ ფარგლებში, ლანა ღოღობერიძისა და ლევან აკინის ფილმები დიდი წარმატებით უჩვენეს.
ბერლინის კინოფესტივალს კრიტიკოსები და ჟურნალისტები ძირითადად, საკონკურსო ფილმების ხარისხით აფასებენ, თუმცა ქართული კინოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები წლევანდელ ფესტივალზე, მაინც ბერლინალეს პარალელურ პროგრამებს უკავშირდება. საკონკურსო პროგრამაში დიდი კონკურენციის გამო (გასაგებია, რომ 19-20 ფილმში ბევრი კარგი რეჟისორი ვერც მოხვდება) „ფორუმის“ სპეციალურ სექციაში საავტორო კინოს წარმომადგენლებს ყოველთვის დიდ ადგილი ეთმობათ. დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას „პანორამაზეც“.
ბერლინის ცნობილ კინოთეატრ „არსენალის“ გადაჭედილ დარბაზში უჩვენეს ლანა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმი „დედა-შვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი. “გარდა ამისა, სამი ჩვენება და პრესკონფერენცია გაიმართა სხვადასხვა დარბაზებში. აღსანიშნავია, რომ ფილმის ოფიციალური მხარდამჭერი ბერლინის კინოფესტივალზე ცოტა ხნის წინა დაარსებული დამოუკიდებელი ორგანიზაცია – საქართველოს კინოინსტიტუტია. პროგრამა „პანორამა“ კი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის „გზაჯვარედინით“ გაიხსნა, რომელიც მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ფესტივალზე. მზია არაბულის მიერ განსახიერებული როლი (ყოფილი მასწავლებელი ლია, რომელიც თავის დის შვილის, თეკლას მოსაძებნად ბათუმიდან სტამბულში მიემგზავრება) კრიტიკოსებმა ასეთი ეპითეტებით მოიხსენიეს: „მძლავრი, ძლიერი და ეპიკური“.
განსაკუთრებული იყო კრიტიკოსთა გამოხმაურება ლანა ღოღობერიძის ფილმზეც. გერმანულმა ონლაინ გამოცემამ critic.de ვრცელი სტატია მიუძღვნა ფილმს, რომლის ფრაგმენტებიც ვფიქრობ, საინტერესო იქნება „პუბლიკის“ მკითხველისთვის…
„დედა–შვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“, დოკუმენტური ფილმი–ესეა ემანსიპაციის, სირთულეებისა და გმირობის შესახებ ერთდროულად. გნებავთ, ეს არის ფილმი დროის წარმავლობაზე, შეულახავ გრძნობებსა და მათი მხატვრული თუ ისტორიული აღბეჭდვის სირთულეებზე. ფილმის ფინალში თავად ლანა ღოღობერიძე პირდაპირ უყურებს კამერას და კითხულობს ფრანგული პოეზიიდან საკუთარ თარგმანს – მისთვის პოეზია ყოველთვის მთავარი იყო ფილმების შექმნის გარდა. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ დედისადმი პატივისცემა, არამედ, შესაძლოა, ეს კინოსადმი დამშვიდობებაცაა.
ფილმში კინო და ცხოვრებისეული ამბები განუყოფლად არის გადაჯაჭვული. ცოცხლდება თავად ლანა ღოღობერიძის ფილმების არაერთი ფრაგმენტიც, რომელიც რთული ოჯახური ისტორიის გარდა, ამავდროულად, ცხოვრების სიმძიმის (და ასევე წარმავალი სილამაზის) დაძლევის სტრატეგიასაც გვაცნობს…
ფილმი ასევე ხსოვნისა და გლოვის სინთეზია; დღიურები საყვარელ ადამიანზე, რომელიც ძალით მოწყვიტეს ცხოვრებასა და შემოქმედებას. იმიტომ, რომ საბჭოთა სისტემამ და კომუნიზმმა ტრაგიკული კვალი დატოვა ლანა ღოღობერიძის ოჯახურ ცხოვრებაში. „დიდი ტერორის“ ეპოქაში დედამისი დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს დაახლოებით 11 წლის განმავლობაში. მხოლოდ სტალინის გარდაცვალებისა და გადასახლებულთა „რეაბილიტაციის“ დაწყების შემდეგ დაბრუნდა ის საქართველოში. მაგრამ, არა გატეხილი და განადგურებული, არამედ სიცოცხლის წყურვილით სავსე.
ოთახი, სადაც რეჟისორი ზის და საიდანაც საკუთარ ამბავს გვიყვება, ერთგვარი „დოკუმენტაციის ცენტრია“. კედლებზე ფოტოებია, რომლებიც ეხმარება რეჟისორს აზროვნებისა და გრძნობების განახლებაში. აქ შეგიძლიათ იხილოთ ის ქალიშვილთან, სალომესთან და ასევე, კინორეჟისორის დედის იშვიათი ფოტო (ბებია, დედა, ქალიშვილი; ქალ–რეჟისორთა სამი თაობა – ეს ალბათ პირველი და უნიკალური ამბავია კინოს ისტორიაში). კამერა მოძრაობს კედლებზე აღბეჭდილი ფოტოების გასწვრივ და მათ ცისფრად ანათებს. „ცისფერი ოთახი“ ფილმის ერთ–ერთი მხატვრული ლაიტმოტივიცაა. ნუცა ღოღობერიძემ თავის დროზე, თბილისის ყოფილი კომუნალური ბინის მისაღები ოთახი ლურჯად მოხატა, სადაც იმდროინდელი ცნობილი მხატვრები დადიოდნენ.
მძაფრი ტაქტილური შეგრძნებებით რეჟისორი ხელახლა აცოცხლებს კონკრეტულ ამბებს და ამძაფრებს ფერებს. ფორმალურ–დოკუმენტური ენის ნაცვლად კი პირდაპირ ემოციურ კავშირში შედის კინოკამერასთან. ლანა ღოღობერიძეს არავისთვის არაფრის დამტკიცება არ სურს, ან აღარ სურს. ყველაფერი ისედაც ცხადია“.