„მოხუცებულებს მიხედვა უნდა. ყველა მოხუცდება და ვინც ახლა თანამდებობაზეა და არ ფიქრობს, კარგი პირობები შეუქმნას მოხუცებს, თვითონაც დაბერდება და მერე გვიან იქნება ფიქრი. გადაწყვეტილებას მერე სხვა მიიღებს. სიკვდილს არ უნდა ნატრობდეს მოხუცი, არ უნდა შიოდეს და სციოდეს” (78 წლის ქალი, ოზურგეთი).
„იყოს სამსახური, რომელიც მოაკითხავს მოხუცებს, მოუვლის, დაულაგებს, საჭმელს გაუკეთებს, გაასეირნებს, დაელაპარაკება” (92 წლის კაცი, ზუგდიდი).
ამ სიტყვების ავტორი ხანდაზმულებზე მომზადებული კვლევის რესპონდენტებია. კვლევის ფარგლებში სულ 120 ხანდაზმული გამოიკითხა. კვლევის მიზანი ხანდაზმულთა საჭიროებებისა და მათთვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო მომსახურებების ანალიზი იყო.
2019 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში 120 ხანდაზმული გამოიკითხა და ასევე ყველა მუნიციპალიტეტში გაიგზავნა შეკითხვა, რომელიც სწავლობდა ხანდაზმულებისთვის ადგილობრივი მთავრობების დაფინანსებით ან თანადაფინანსებით არსებულ მომსახურებებს.
კვლევამ გამოავლიანა ხანდაზმულთა საჭიროებები სხვადასხვა მიმართულებით, აჩვენა ის ეკონომიკური სირთულეები, რომლებსაც ხანდაზმულები საქართველოში აწყდებიან და ასევე მძაფრად წარმოაჩინა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და საჭიროებები, რომლებიც ისევ და ისევ ფინანსებთან არის დაკავშირებული.
დოკუმენტში, რომელიც პროექტის ფარგლებში შეიქმნა, კვლევის მიგნებების გარდა, თავმოყრილია საქართველოში მოსახლეობის ბოლო აღწერის შედეგები, ხანდაზმულების თემაზე მომზადებული სხვადასხვა კვლევა და ანგარიში; ასევე, საერთაშორისო კვლევები და ტენდენციები.
კვლევის ერთ-ერთი ქვეთავი საქართველოში ხანდაზმულთა ჯანდაცვისა და სოციალური სერვისებით სარგებლობას ეხება. გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა ძალზე მცირე ნაწილი სარგებლობს ხანდაზმულთათვის ხელმისაწვდომი სერვისებით.
120 რესპონდენტმა 30 სერვისი დაასახელა. ყველაზე ხშირად რესპონდენტებმა ისარგებლეს ერთჯერადი ფულადი დახმარებით და მედიკამენტების ერთჯერადი დაფინანსებით.
ცხრილი 10. ხანდაზმულებისათვის ხელმისაწვდომი სერვისების გამოყენება
სერვისი | რაოდენობა | |
1 | ერთჯერადი ფინანსური დახმარება | 10 |
2 | მედიკამენტების ერთჯერადი დაფინანსება | 9 |
3 | მომვლელის პროგრამით სარგებლობა | 6 |
4 | დიაბეტის პროგრამით სარგებლობა | 4 |
5 | არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაწეული დახმარება | 1 |
სულ | 30 |
ძირითად შეკითხვაზე – რის საჭიროებას ხედავენ ხანდაზმულები? – პასუხად რესპონდენტებმა მრავალი საკითხი ჩამოთვალეს. რესპონდენტების ყველაზე დიდმა ნაწილმა ყურადღება ეკონომიკური კეთილდღეობის აუცილებლობაზე გაამახვილა. კერძოდ კი, პენსიის გაზრდის საჭიროებაზე.
ბევრი საკითხი ეხებოდა ასევე სამედიცინო საჭიროებებს, უპირველეს ყოვლისა, მედიკამენტების ხელმისაწვდომობას, მწვავე საკითხს წარმოადგენს სამედიცინო გამოკვლევების დაფინანსებაც. რესპონდენტების დიდი ნაწილი საჭიროებს მომვლელს. სმენადაქვეითებულების ნაწილს ესაჭიროება სმენის აპარატი.
შეკითხვაზე – რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? – რესპონდენტებმა მთელი რიგი წინადადებები წამოაყენეს. ისინი უპირველესად ეხებოდა სახელმწიფო პოლიტიკას და, ისევ და ისევ, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
„კვლევის თვისებრივი ნაწილის ანალიზის დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ხანდაზმულთა ძირითად საჭიროებას ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. ჯანდაცვის სფეროში ისინი საჭიროებენ კვლევების დაფინანსებასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. მწვავედ დგას მომვლელის საკითხიც. ბევრი რესპონდენტი საჭიროებს საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, მაგ. სველ წერტილს ბინაში“, – ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ნახევარი ოპტიმისტურად არის განწყობილი, მაგრამ ნახევარზე მეტი ცხოვრებით უკმაყოფილოა, გამოკითხულთა ერთ მესამედში მაღალია დეპრესიის მაჩვენებელი.
„დეპრესიის განსხვავებული დონე აღმოაჩნდათ სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანებს, მათი რიცხვი ყველაზე დიდია მხედველობითი შეზღუდვის მქონე პირებში.
სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლეთა რიცხვი, გარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა, ძალზე მცირეა“, – ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევის ერთ–ერთი მიზანი იყო, დაედგინათ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები, რომლებიც ხანდაზმულებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს.
2019 წელს სახელმწიფოს მიერ სულ დაფინანსდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 45 პროგრამა. ხანდაზმულებს შეუძლიათ 26 სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა, რომელთაგანაც 8 პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ.
გარდა ეროვნული სახელმწიფო პროგრამებისა, ცალკეული მუნიციპალიტეტი შესაძლებლობების ფარგლებში ახორციელებს სოციალურ პროგრამებს, რომელთა მოსარგებლეები ხანდაზმულებიც არიან.
კვლევის ფარგლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიგზავნა ანკეტა. ანკეტის კითხვები ეხებოდა მუნიციპილიტეტის ხანდაზმულებზე მიმართულ პროგრამებს, მათ ბენეფიციარებს, ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმებს, ბენეფიციართა რაოდენობასა და თანადაფინანსებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
კვლევაში 63-დან მხოლოდ 37 მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა.
მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე ხშირია ხანდაზმულთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება, ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა. უფრო იშვიათია ისეთი სერვისების მიწოდება, როგორიცაა უფასო სასადილო, შინ მოვლა, დღის ცენტრები, ტრანსპორტით უზრუნველყოფა, კომუნალური გადასახადების დაფარვა, ასისტენტის მომსახურება, რიტუალური მომსახურება, თავშესაფარი, რეაბილიტაცია, მოხუცთა სახლი, სოციალური სამრეცხაო.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამების მცირე ბიუჯეტი არ იძლევა არც სერვისების მრავალფეროვნების და არც სერვისებით ხანდაზმულთა დიდი რაოდენობის უზრუნველყოფის შესაძლებლობას.
ცხრილი 16. მუნიციპალური პროგრამების სტრუქტურა
პროგრამა | რაოდენობა | |
1 | ფინანსური დახმარება | 61 |
2 | ჯანმრთელობის დაცვის ხარჯების დაფარვა | 34 |
3 | საყოფაცხოვრებო ხარჯების დაფარვა | 32 |
სულ | 127 |
17 მუნიციპალიტეტი ახორციელებს სახელმწიფოსა (ჯანმრთელობის საყოველთაო პროგრამა) და სხვადასხვა დონორის მიერ განხორციელებულ პროგრამათა თანადაფინანსებას – სულ 23 პროგრამა. ეს პროგრამები ხშირად ეხება დღის ცენტრების ფუნქციონირებას.
კვლევაში მოცემულია ინფორმაცია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელებული საინტერესო პროგრამების შესახებაც. მაგალითად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის პროგრამა, რომელიც გულისხმობს მარტოხელა ხანდაზმულების ჰიგიენურ-სანიტარულ მომსახურებას. მუნიციპალიტეტს შეძენილი აქვს მიკროავტობუსი, რომელშიც დამონტაჟებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ავტობუსს ემსახურება 3 ადამიანი. ავტობუსი ახორციელებს თვეში 4 ვიზიტს თითოეულ ბენეფიციართან. სერვისით სარგებლობს 30 ხანდაზმული.
ასევე საინტერესოა მესტიის მუნიციპალიტეტის ინიციატივა. თვეში ორჯერ შინ მოვლის პროფესიონალები კონსულტაციას უწევენ ოჯახში მძიმე ავადმყოფების მომვლელებს. მათი ვიზიტი თვეში ორჯერ ხორციელდება.
„სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ანალიზი აშკარად მიუთითებს ფინანსური დახმარების პრევალირებაზე, მაშინაც კი, როდესაც ეს ეხება ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობას. პირადი შენატანების დაფინანსების მიზნით და მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად ხანდაზმულები მუნიციპალიტეტებს საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამით სარგებლობისათვის მიმართავენ. ფაქტობრივად სხვა სახის დახმარება და სერვისები ნაკლებად არის განვითარებული. ყველა ეს სერვისი ბენეფიციართა ძალზე მცირე რაოდენობას ფარავს“, – ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევის დასკვნით ნაწილში წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულთა საჭიროებებზე შეიქმნა დოკუმენტები და ეს საკითხები ასახულია სხვადასხვა სტრატეგიაში, კონკრეტული ნაბიჯები ხანდაზმულთა კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად არ იდგმება და მნიშვნელოვანი პრობლემა სწორედ ამ თემაზე შექმნილი სტრატეგიების/სამოქმედო გეგმების შეუსრულებლობაა.
ხანდაზმულთა თემატიკა უგულებელყოფილია ადგილობრივი მთავრობების სოციალურ პოლიტიკაშიც, მიზნობრივი პროგრამები ადგილობრივი მთავრობების ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა. შესაბამისად, ხანდაზმულთა ფსიქო-სოციალური საჭიროებები არ არის გათვალისწინებული.
კვლევის დასკვნით ნაწილში ყურადღება განსაკუთრებით არის გამახვილებული სამედიცინო ხარჯებზე და ამ კუთხით არსებულ საჭიროებებზე.
დასკვნაში ნათქვამია, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად ხანდაზმულებს უწევთ საკუთარი სახსრების გაღება, განსაკუთრებით ეს ეხება მედიკამენტებს.
კვლევაში საუბარია ხანდაზმულთა სოციალურ იზოლაციაზე, რაც ფსიქოლოგიური პრობლემების გაღრმავებას უწყობს ხელს. მან აჩვენა, რომ ხანდაზმულთა დიდი ნაწილი განიცდის დეპრესიას.
კვლევის რეკომენდაციები მრავალმხრივია და ის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის შესრულებას შეეხება. ასევე საუბარია სხვა კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომლებსაც კვლევის ავტორები გასცემენ.
ერთ-ერთი რეკომენდაცია ხანდაზმულებთან დაკავშირებულ სამედიცინო პროგრამებში პიროვნების მიერ გადახდილი წილის მაქსიმალურად შემცირებაა და ხანდაზმულებისთვის არსებული უფასო სამედიცინო და სოციალური მომსახურების შესახებ მათი რეგულარული ინფორმირება.
ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის პროგრამებში ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვის თემასთან ერთად, მათი სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის მნიშვნელობის გაზრდა, იმ ღონისძიებების დაგეგმვაა, რომლებიც ხელს შეუწყობს ხანდაზმულთა სოციალურ და ეკონომიკურ აქტიურობას.
„რეგიონულ დონეზე ადგილობრივ ხანდაზმულთა საჭიროებაზე მორგებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავება – ამ მიმართულებით, მეტად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება – უკვე არსებული პროგრამებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. რეკომენდებულია გაკეთდეს კლუბები, სადაც ხანდაზმულებს მიეცემათ თანატოლებთან და ასევე, ახალგაზრდა თაობასთან ურთიერთობის შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო აქტივობით დაკავება”, – ნათქვამია კვლევაში.
ინფორმაცია კვლევის შესახებ
კვლევა განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის მიერ, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის განხორციელებაში მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია ,,დეა“.
2019 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში ხანდაზმულებთან პირისპირ ინტერვიუები ჩატარდა ოზურგეთში, ლანჩხუთში, ზუგდიდსა და თბილისში. კვლევაში სულ მონაწილეობდა 120 რესპონდენტი (73 ქალი და 47 კაცი). ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ელექტრონული ფოსტით გაიგზავნა კითხვარი, რომელიც სწავლობდა ხანდაზმულებისთვის ადგილობრივი მთავრობის დაფინანსებით ან თანადაფინანსებით არსებულ მომსახურებებს.
კვლევაში გამოყენებული შერჩევიდან გამომდინარე, მისი დასკვნების განზოგადება შეუძლებელია.