რენე ფლემინგი, კელი ო’ჰარა და ჯოის დიდონატო – მთავარი პარტიების შემსრულებლები კევინ პუსტის ოპერაში.
პულიცერის პრემიის ლაურეატის, მწერალ მაიკლ კანინჰემის ცნობილი რომანი „საათები“ მალე ოპერად იქცევა და 2022 წლის მაისში მისი პრემიერა ნიუ–იორკის „მეტროპოლიტენ ოპერაში“ გაიმართება. ოპერა კომპოზიტორმა კევინ პუსტმა დაწერა, რომელიც უკვე მრავალი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს მფლობელია. ასევე უნდა აღინიშნოს, კომპოზიტორის პულიცერის პრემია 2012 წელს სადებიუტო ოპერისათვის „მდუმარე ღამე“.
ოპერა „საათები“ მუსიკის მოყვარულთა და კრიტიკოსთა დიდ ინტერესს იწვევს, რადგან მთავარ პარტიებს ისეთი ცნობილი მომღერლები შეასრულებენ, როგორებიცაა – რენე ფლემინგი (სოპრანო), ჯეფრი კელი (სოპრანო) და ჯოის დიდონატო (მეცო–სოპრანო). ფლემინგი განასახიერებს კლარისა ვონს, ო‘ჰარა – ლორა ბრაუნს და ჯოის დიდონატო – ვირჯინია ვულფს. ჯერჯერობით უცნობია თავად დადგმის დეტალები.
დაახლოებით ოცი წლის წინ, შესანიშნავმა ბრიტანელმა რეჟისორმა სტივენ დალდრიმ გადაიღო ფილმი, რომელიც კრიტიკამ კანინჰემის რომანის მაღალხარისხოვან ადაპტაციად მიიჩნია. ფილმ „საათების“ პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2003 წელს გაიმართა, სადაც მან რამდენიმე პრიზიც დაიმსახურა, ხოლო მსახიობთა ტრიოს (ნიკოლ კიდმანი, ჯულიანა მური და მერილ სტრიპი) საუკეთესო სამსახიობო ნამუშევრისათვის „ვერცხლის დათვი“ გადაეცა.
ფილმში და შესაბამისად, ოპერაშიც სამი სიუჟტური ხაზია გაერთიანებული: პირველ ნაწილში ასახულია მწერალ ვირჯინია ვულფის (ნიკოლ კიდმანი) მიერ მისის დალოვეის დაწერის მტკივნეული და დრამატული პროცესი, როცა მწერლის სუიციდური მიდრეკილებები განსაკუთრებით მძაფრადაა გადმოცემული. მეორე ისტორია 1951 წელს ვითარდება, ლოს–ანჯელესში, როცა ლორა ბრაუნი (ჯულიანა მური) ცდილობს ოჯახსა და საკუთარ ცხოვრებას გაექცეს. ხოლო მესამე ამბავი კლარისა ვოგანის შესახებ მოგვითხრობს (ამ როლს ფილმში მერილ სტრიპი თამაშობს), რომელიც თანამედროვე ნიუ–იორკში ცხოვრობს და აპირებს სადღესასწაულო საღამო მოაწყოს მწერალ რიჩარდისათვის…
თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოპერას ცნობილი კომპოზიტორი ფილიპ გლასი დაწერდა, რომელსაც ახლახან 85 წელი შეუსრულდა და რომელმაც სტივენ დალდრის „საათებისთვის“ ბრწყინვალე საუნდტრეკი შექმნა, თუმცა საბოლოოდ „მეტროპოლიტენმა“ არჩევანი შედარებით ახალგაზრდა კომპოზიტორზე შეაჩერა. კევინ პუსტის ოპერის პრემიერას განსაკუთრებული და დიდი ინტერესით ელიან მელომანები, რადგან თანამედროვე ოპერები „მეტროპოლიტენში“ შედარებით იშვიათად იდგმება.
„ნიუ–იორკ ტაიმსი“ აღნიშნავს, რომ მთავარი აქცენტი მაინც ექსტრა–კლასის მომღერლებზე კეთდება. თანამედროვეობის გამოჩენილმა სოპრანომ, რენე ფლემინგმა ფაქტობრივად დაასრულა საოპერო კარიერა და კლარისას პარტია მისი ბოლო ნამუშევარი იქნება „მეროპოლიტენში“. თუმცა მომღერალმა მანამდე განაცხადა, რომ მარშალის მეუღლის პარტიით რიჰარდ შტრაუსის „ვარდების კავალერში“ მისი კარიერა დასრულდებოდა. მეტროპოლიტენ ოპერის დირექციის დიდი თხოვნის შემდეგ, ფლემინგი დათანხმდა, კიდევ ერთხელ გამოჩნდეს საყვარელი საოპერო თეატრის სცენაზე.
რაც შეეხება მეორე უდიდეს ვარსკვლავს, მეცო–სოპრანო ჯოის დიდონატოს, მან გასულ სეზონში ტრიუმფით შეასრულა აგრიპინას პარტია ჰენდელის ამავე სახელწოდების ოპერაში და პუბლიკა, ცხადია, დიდი ინტერესით ელის ვირჯინია ვულფის პარტიაშიც.