მარადონას სიკვდილი დიდი, ძალიან დიდი ეპოქის დასასრულია და ფეხბურთის ფანატიკურად სიყვარული სულაც არაა საჭირო იმის გასააზრებლად, რომ 25 ნოემბერს ჩვენ წინ დასრულდა ჟამი, რომელსაც დიეგო არმანდო ჰქვია.
დიეგო მარადონა თავისი წინააღმდეგობებითა და სკანდალებით აღსავსე ცხოვრებით, არა მხოლოდ არგენტინის, არამედ მთელი ლათინური ამერიკის მემატიანეა. დიეგო იყო დემოკრატიც, ნარკომანიც, კომუნისტიც, მორწმუნეც, ათეისტიც და პოლიტიკოსიც, თუმცა იგი ყველასათვის მაინც ფეხბურთელად დარჩება. ფეხბურთელად, რომელიც სასწაულებს სჩადიოდა და რომლის თბილისში ხილვაზეც ყველაზე მეტად 50 წელს მიტანებული ქართველი გულშემატკივრები ოცნებობდნენ. მათთვის მარადონა ყველაზე ახლობელი და დიდი ადამიანია. ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდობის წლები გაულამაზა და სწორედ ისეთი ფეხბურთი შეაყვარა, როგორც დიეგო თამაშობდა და ქადაგებდა.
პირთამდე სავსე ტრიბუნები, ჭკუიდან გადასული ინჩადა. ბურთი არგენტინელთა მეათე ნომერმა მიიღო, შეტევას ცენტრიდან იწყებს და მოწინააღმდეგის საჯარიმოსკენ რაღაცნაირი თავგადადებით, თავგანწირვით გარბის. თეთრმაისურიანი ინგლისელი ფეხბურთელები ფეხდაფეს მისდევენ და შეტევაშივე უსწრაფესი ფინტებით იცილებს ჯერ ერთად ორ მოწინააღმდეგეს, მერე მესამეს, მეოთხეს, მეხუთეს, მეკარეს და არის! არისს! ისმის ლეგენდარული სამხრეთამერიკელი კომენტატორის, „სენიორ გოლის“ კივილი: „გოოლ!! გოოლ!! ხენია, ხენიაა, მარადონა ხენიააა!!“…
აი ასე დაიწყო დიდ ფეხბურთთან ჩემი თაობის პირველი შეხება და თუკი რამე არასოდეს მოგვწყინდება – ესაა დიეგო მარადონას ძველი თამაშების და განსაკუთრებით კი ინგლისის ნაკრებთან 1986 წლის მუნდიალზე გამართული მატჩის ცქერა, როდესაც დიეგომ ლამის მთელი ინგლისის ნაკრები მოატყუა. იმავე მატჩში იყო ცნობილი „ღმერთის ხელი“, როდესაც დიეგომ მეორე გოლი აშკარად ხელით გაიტანა და შემდეგ ამ გოლს „ღმერთის ხელით გატანილი გოლი“ უწოდა.
საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მარადონა ან ძალიან უყვარდათ, ანდა იმ დონეზე არ ესიმპათიურებოდათ, რომ შვილებსაც კი უკრძალავენ „მაგ ნარკომანთან და კომუნისტთან” შეხვედრას. 12 წლის წინ, დიეგოს თბილისში სტუმრობის მეორე დღეს, ერთ-ერთ თბილისურ სკვერში, თბილისელი მამა-შვილის მეტად საინტერესო დიალოგი მოვისმინე. შვილი მამამისს მარადონას თამაშზე დასასწრები ბილეთის ფულს სთხოვდა, მამა კი, (რომელიც ჰოლანდიის ნაკრების ქომაგი გახლდათ) შვილს ეჩხუბებოდა: „მაგ კოკოითის ძმაკაც ნარკომანზე კარგი სანახავი ვერავინ ნახე? მაგისაგან რა უნდა ისწავლოო…”. თუმცა, იყვნენ სხვა ქართველი მამები, რომლებიც შვილისთვის მარადონას „ცოცხლად” ხილვის სიხარულის არმოსაკლებად, საკუთარი ავტომანქანიდან ერთადერთ მაგნიტოფონს იღებდნენ, მესამედ ფასში ყიდდნენ და თამაშზე დასასწრები ბილეთის შესაძენად სტადიონისაკენ შვილთან ერთად მიიჩქაროდნენ.
დიეგო არასოდეს ყოფილა თუნდაც ისეთი თავმდაბალი, მშვიდი და უტყვი ვარსკვლავი, როგორებიც, მაგალითად, ფრენც პუშკაში, გარინჩა, ან თუნდაც გაბრიელ ბატისტუტა იყვნენ. მარადონას ხასიათის ეს მხარე ბევრ გულშემატკივარს ნამეტნავად აღიზიანებდა და მისდამი აგრესიულად განაწყობდა. მარადონას სიამაყე ყველაზე კარგად ცნობილმა ქართველმა მწერალმა – გურამ ფანჯიკიძემ, სულ რაღაც ერთი წინადადებით გამოხატა, როდესაც თქვა: „მარადონამ საკუთარი თავის ფასი ყველაზე კარგად იცისო!”
ალბათ მართლაც ძნელია, თავმდაბლობის ნიღაბი მოირგო მაშინ, როდესაც კავკასიის პატარა ქვეყანა – საქართველოშიც კი დიდი სიხარულით გხვდებიან და შენს სამშობლოში არც მეტი, არც ნაკლები, შენი სახელობის რელიგიური სექტაა შექმნილი.
„დიეგოიანელთა” სექტა (სადაც მარადონას მისამართით ერთგვარი რელიგიური რიტუალებიც კი სრულდება) თავის დროზე რომის პაპმა დაგმო და სექტის წევრები მაშინ ცოცხალი (ამასთან ერთად კომუნისტი და ყოფილი ნარკომანი) ადამიანის გაფეტიშებაში დაადანაშაულა, თუმცა პაპის ამ ნაბიჯმა პირიქით, რეკლამასავით იმოქმედა და „დიეგოიანელების” რიცხვმა ბოლო წლებში განუხრელად იმატა. ეს კი არა და, თურმე „დიეგოიანელებს” საკუთარი ორგანიზაციის ფილიალი მადრიდშიც დაუარსებიათ და სხვა ქვეყნების „ათვისებასაც” აპირებენ.
ლეო და დიეგო
მედიაში ბევრი დაიწერა და მარადონას გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი დაიწერება მარადონას ბავშვობაზე, სიღარიბეში გაზრდაზე, მის კლუბებზე და პირველყოვლისა „ბოკაზე“, „ბარსელონაზე“ და „ნაპოლიზე“, სადაც ეს კაცი მართლაც რომ სასწაულებს სჩადიოდა, მაგრამ იქვე იმასაც იტყვიან, რომ მარადონამ თავისი დიდი ჩრდილის ქვეშ მოაქცია მეორე არგენტინელი – ლეო მესი, რომელსაც ყველა მონაცემი ჰქონდა, რომ გამხდარიყო მარადონასებრ დიდი, მაგრამ…
არის სწრაფი და მოქნილი, აქვს ზუსტი და ძლიერი დარტყმა, კარგად ფლობს ორივე ფეხს, სიმაღლის არქონის მიუხედავად, მაღალი ნახტომის ხარჯზე, თავით თამაშიც კარგად ხელეწიფება. განა არის სხვა მონაცემი, რაც აკლია ლეო მესის მარადონამდე? ბოლოს და ბოლოს, მესისაგან განსხვავებით, მარადონა ცაცია იყო და მის ამ ერთგვარი ნაკლით დღემდე აპელირებენ დიეგოს მოწინააღმდეგეები. მაშინ რაღა უნდა გააკეთოს მესიმ, რომ დიდი დიეგოს ჩრდილიდან გამოვიდეს?
ლეო, დიეგო მარადონასავით, რომელიც ყმაწვილს თავის მემკვიდრეს უწოდებს, ღარიბი ბიჭი სულაც არ იყო. იგი სანტა ფეს პრესტიჟულ უბანში, საკმაოდ მდიდარ უბანში დაიბადა 1984 წლის 24 ივნისს. ლამის აკვნიდან მისი ერთადერთი სათამაშო ბურთი იყო. ბავშვმა თავიდანვე საოცარი საფეხბურთო ტალანტი გამოავლინა და არგენტინისთვისაც კი ადრეულ, ოთხნახევარი წლის ასაკში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის „გრანდოლის” ბავშვთა გუნდში ჩაირიცხა, რომელსაც მამამისი ხორხე ხელმძღვანელობდა. ხოლო როცა შვიდი წლის იყო, უფროსი ძმის როდრიგოს რჩევით ქალაქის მთავარ კლუბ „ნიუელზ ოლდ ბოიზში” გადაბარგდა.
პატარა ლეოს მწვრთნელი ენრიკე დომინგესი იხსენებს, რომ მესი ბურთით საოცრებებს სჩადიოდა, მისი ფიზიკური მონაცემებისთვის ძლიერ შეუსაბამო ტრიუკების შესრულება შეეძლო. დომინგესის თქმით, იქამდე მსგავსი რამ მხოლოდ ერთი ადამიანის დიეგო მარადონას შემთხვევაში ენახა. სწორედ ამ პერიოდში შეარქვეს მესის „ახალი მარადონა”.
და მაინც მარადონა… გემახსოვრებათ, მესის მიერ „ხეტაფეს” კარში გატანილი საოცარი გოლი. ამ გოლსაც მარადონას მიერ ინგლისის კარში გატანილ გოლს ადარებენ. თან იმასაც ამბობენ, მარადონამ ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ქნა, მესიმ კი მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატშიო. ერთი სიტყვით, საშველი არ არის. მესი ტექნიკურად ითამაშებს – „მარადონა სწორედ ასე თამაშობდაო”, ლამაზ გოლს გაიტანს – „მარადონას სტილში გაიტანაო”. ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატისა და ოლიმპიადის მოგების შემდეგ ხომ, სულ მარადონა-მარადონა ეძახეს. მესი ერთი პატარა ბიჭია და მარადონასგან განსხვავებით, საკმაოდ თავმდაბალი და ბევრად შრომისმოყვარე. საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, ეგებ კიდეც სჯობდეს თუნდაც კარიერის პიკში მყოფ მარადონას (თუ მაშინდელი და ამჟამინდელი ფეხბურთის საერთო დონეს და ტემპებს გავითვალისწინებთ), მაგრამ ამას არცერთი არგენტინელი არასოდეს აღიარებს (ეს შეიძლება „მკრეხელობადაც” კი ჩაითვალოს), სანამ მესი მსოფლიო ჩემპიონატს არ მოიგებს. სწორედ ამიტომ, ბევრი ლეო მესიში არგენტინული ფეხბურთის „უდაბნოდან” გამომყვან „მესიას” და „მოსეს” ხედავს.
არგენტინულ ინჩადას შესაძლებელია არად უღირს მესის „ბარსელონაში” ჩატარებული ერთმანეთზე უკეთესი მატჩები და სეზონები. მესით, რა თქმა უნდა, ამაყობენ კიდეც, მაგრამ არგენტინელთა გულის უმთავრესი ნაწილი, მაინც მარადონას ეკუთვნის და ამ ადგილს ლეო მესი მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ დაიკავებს.
დიეგო სულ იყო და იქნება მის ცხოვრებაში, ვისაც ფეხბურთი უყვარს. არა აქვს დიდი მნიშვნელობა მას ეპიტნავება თუ არა არგენტინის ნაკრები და ის კლუბები, სადაც მარადონას ბურთი უგორებია. არაერთ მობურთალს ჩამოვთვლით, რომელსაც მარადონაზე მეტი გოლი გაუტანია, მეტი ტიტული დაუხვავებია და ისეთებსაც გავიხსენებთ, ვინც მორალურადაც მარადონაზე ღირსეულად იცხოვრა, მაგრამ იმას ვერავინ წაუვა, რომ მარადონა იყო სულ სხვა ფიქრის, ემოციის შემომტანი დიდ ფეხბურთში და რთულია გაიხსენო მასებრი ლიდერი, რომელსაც შეეძლო საკუთარი ქარიზმით, ილაჯით და უნარით გაეჩემპიონებინა ნაკრები, მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდებს ბევრად ძლიერი შემადგენლობები ჰყავდათ.
ნახვამდის, დიდო კაცო! პოლიტიკასთან დაკავშირებული ყველა შენი სისულელე გვიპატიებია! ადიოს!