შეიძლება, თამამად ითქვას, რომ „საყვარელი ჩრდილოეთ ჩინეთიდან“ ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია მარგერიტ დიურასის შემოქმედებაში. რომანის გამოცემას ერთობ საინტერესო ისტორია აქვს. 1990 წელს ავტორმა გაიგო, რომ მისი პირველი სიყვარული გარდაიცვალა სადეკში. „შევიტყვე, რომ იგი მრავალი წლის წინათ გამოსთხოვებია წუთისოფელს. არასოდეს მიფიქრია მის სიკვდილზე. ისიც მითხრეს, რომ სადეკის მიწას მიაბარეს; რომ მისი ცისფერი სახლი კვლავ იმ ადგილას იდგა და მისი ოჯახის წევრები და შვილები იქ ცხოვრობდნენ; რომ სადეკში ძალიან უყვარდათ თავისი გულკეთილობის, თავისი უბრალოების გამო… ამასთანავე, დიდად ღვთისმოსავი გამხდარა ცხოვრების დამლევს. უმალ ავიღე ხელი იმ საქმეზე, რომელსაც მაშინ ვაკეთებდი… ჩრდილოეთ ჩინელი საყვარლისა და ბავშვის ამბავი დავწერე: ეს ამბავი ჯერ კიდევ არ იყო ჩაქსოვილ–ჩაქარგული „საყვარელში“… ამ წიგნის წერას შევუდექი და გონგადასული ბედნიერებით მავსებდა კიდეც მისი წერა. მთელი ერთი წელი ამ რომანში „დავრჩი“, მისით ვცხოვრობდი…“ – წერს მწერალი. თითქოს დაბრუნდა იმ შორეულ წარსულში, როცა სიყვარულმა იფეთქა ჩინელსა და მას შორის. როგორც თავად აღნიშნავს, ვერასოდეს წარმოიდგენდა „ჩინელი საყვარლის, მისი სხეულის, მისი კანის, მისი ხელების სიკვდილს“… „კვლავ გავხდი რომანების მწერალი!“ – დასძენს დიურასი.
ყველაფერია ამ რომანში: მძიმე კოლონიური ყოფა, გაჭირვება, სიდუხჭირე, უფროსი ძმის ძალადობისაგან თავის დახსნის უსასოო სურვილი, უმცროსი ძმის უმწეობა, სიყვარულ–სიძულვილის მეტად რთული გრძნობა, რომელიც მწერალს აკავშირებდა დედასთან… დედამისს, მარი ლეგრან–დონადიეს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ მარტოდმარტო უწევდა სამ დაობლებულ შვილზე ზრუნვა. მასწავლებლის მწირი ხელფასი საჭმლისთვისაც კი არ ჰყოფნიდათ. სიღატაკით განაწამები ქალი სულ იოლად დასთანხმდა კოლონიის გაქნილი, ფლიდი, ხარბი და ცბიერი მმართველების შემოთავაზებას და პაწაწინა ნაკვეთი შეიძინა სიამის ყურის მახლობლად. ცხადია, ურცხვად მოატყუეს. ყველამ კარგად იცოდა, რომ იმ მხარეში მიწის დამუშავება და მოსავლის მოწევა სრულიად შეუძლებელი იყო. ნიადაგი უნაყოფო გამოდგა, ბობოქარი ოკეანე კი გამუდმებით ფარავდა ისედაც მწირ ნათესებს, ერთმანეთის მიყოლებით აჩანაგებდა მარცვლეულსაც და ქალის ოცნებებსაც. მარი არ ნებდებოდა, არ ყრიდა ფარ–ხმალს და მრავალი წლის განმავლობაში ჯიუტად აკოწიწებდა ფულს ოკეანის სანაპიროზე ჯებირების ასაშენებლად. მთელი ხელფასი და სიმწრით შეგროვებული დანაზოგი შესწირა საოცნებო ჯებირებს, რომელთაც, მისი ღრმა რწმენით, უნდა დაეცვათ ნათესები. წყნარი ოკეანის წინააღმდეგ გაჩაღებული თავგანწირული, უსასოო ბრძოლა და საბოლოო მარცხი კოლონიის მმართველთა წინაშე დამარცხების სიმბოლოდ იქცა დიურასისათვის. უეცრად მოვარდნილმა ღვარცოფმა დაამსხვრია ასე წვალებითა და რუდუნებით ნაგები ჯებირები, წალეკა და თან წაიყოლა ქალის უკანასკნელი იმედები. ეს მძიმე და მტკივნეული წლები, დედის დაუამებელი ტანჯვა–წამება, დუხჭირი ცხოვრება, კოლონიური ბავშვობა და დაძაბული ოჯახური ურთიერთობები ზედმიწევნით აისახა ამ რომანში.
წიგნის მთავარი გმირი, თავად დიურასი, თავის ჩრდილოჩინელ საყვარელს ეუბნება: „ამ ამბის მოყოლა იმას ნიშნავს ჩემთვის, რომ შემდგომში დავწერ კიდეც. სხვაგვარად არ შემიძლია. ერთხელ მართლა დავწერ დედაჩემის ცხოვრებაზე. აღვწერ, როგორ გამოასალმეს სიცოცხლეს!“. საბრალო მარი ლეგრანს მთელი დანაზოგი გამოსტყუეს, მასთან საუბარიც კი არ მოისურვეს, კარი ცხვრიწინ მოუჯახუნეს, შეშლილად შერაცხეს და უთხრეს, აქ არასოდეს ყოფილხართ, არც კი შეგიძენიათ ეგ ნაკვეთი, თქვენ მოიგონეთ ეს სისულელეო. ხალხმა იმ გაქსუებულ ჩინოვნიკებს დაუჯერა და, როგორც თავად კალმოსანი იხსენებს, ყველამ ზურგი აქცია მათს ოჯახს. თითქოს უდაბნოში აღმოჩნდნენ. დიურასი ამბობს, იმედი მაქვს, როცა ჩემი წიგნი გამოქვეყნდება, რამდენიმე მაინც იქნება ცოცხალი იმ ჩინოვნიკთაგან, დედას რომ სიცოცხლე გაუმწარესო. „როცა ჩემს წიგნს წაიკითხავენ, ზედ დააკვდებიან!“ – დასძენს შურისძიებას მოწყურებული ქალი. ჯებირები ზვირთებმა შთანთქეს, მარგერიტის დედა კი იმედით სულდგმულობდა კიდევ ოთხ წელიწადს… მაგრამ ბოლოს მაინც დადგა ის დღე, როცა თქვა, ყველაფერი მორჩა, ვნებდებიო… წყალდიდობას გადარჩენილი ბუნგალო და ავეჯი მსახურებს დაუტოვა და სამუდამოდ წავიდა…
რომანში დაწვრილებითაა აღწერილი დიურასის ყმაწვილქალობა, თავისუფლებისაკენ სწრაფვა, საშინელი ფიზიკური ძალადობისაგან თავის დაღწევა, უფროსი ძმის სისასტიკე, საყვარლისადმი ლტოლვა… ავტორი გასაოცარი გულწრფელობით გვიხატავს ოჯახური ცხოვრების უმძიმეს სცენებს, დაუსრულებელ დრამას, სექსუალურ ინიციაციას, პირველ სიყვარულს, გაუნელებელ ვნებას, უმცროს ძმასთან ერთად ჩადენილი ინცესტის სიტკბოსა და სიმწარეს… ის ჩრდილოეთ ჩინელი საყვარელი მისი მფარველი იყო; მისი ბინა იქცა იმ თავშესაფრად, სადაც ვერ მისწვდებოდა მტარვალი უფროსი ძმა, რომელიც დედას გამუდმებით ძარცვავდა და ფულს სძალავდა. მწერალი გულშიჩამწვდომი სიმძაფრითა და ტრაგიზმით აღგვიწერს გოგონასა და მდიდარი საყვარლის გარდაუვალ განშორებას. მათი „სასოწარკვეთილთა ვალსი“ გედის სიმღერასავით გულისმომკვლელი და დიდებულია.
თვით დიურასის სტილი, მისი წერის ყაიდაა განუმეორებელი. სწორედ ამან აქცია ეს რომანი არა მხოლოდ ფრანგული, არამედ მსოფლიო ლიტერატურის დამამშვენებელ შედევრად.
მარგერიტის მშობლები მასწავლებლებად მიავლინეს ფრანგულ კოლონიებში. შემდგომში, მისი მამა საიგონის სკოლის დირექტორადაც დაინიშნა. გოგონას ჰყავდა ორი ძმა: პიერი და პოლი. სულ პატარა იყო, როცა ანრი მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა. საშინელ სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ და ხშირად საკმარისი საკვებიც კი არ ჰქონდათ შინ. ქალი კამბოჯაში დანიშნეს მასწავლებლად, თუმცა იქ დიდხანს ვერ გაძლო და ხან ვინ–ლონგში ასწავლიდა, ხან სადეკში, ხან კი კვლავ საიგონში ბრუნდებოდა.
1930 წელს მარგერიტი საიგონის „შასლუ–ლობას“ სასწავლებელში მიაბარეს. ერთი წლის შემდეგ მთელი ოჯახი საფრანგეთში გაემგზავრა. დიურასმა იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. 1936 წელს რობერ ანთელმი გაიცნო. მათ გატაცებით შეუყვარდათ ერთმანეთი, თუმცა, კაცი ჯარში გაიწვიეს და ეს გარდაუვალი განშორება მეტად მტკივნეული აღმოჩნდა მათთვის. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ რობერმა ქალს ხელი სთხოვა. წყვილი სენ–ბენუას ქუჩაზე, სენ–ჟერმენ–დე–პრეს მშვენიერ უბანში დასახლდა. გამოხდა ხანი და მარგერიტს დიდი უბედურება დაატყდა თავს – მკვდარი შვილი შვა. ამ ტრაგედიამ კვალი დააჩნია მის შემოქმედებასაც. 1942 წლის დეკემბერში შეიტყო, რომ მისი უფროსი ძმა, პოლი, ინდოჩინეთში გარდაიცვალა.
მალევე გაიცნო დიონის მასკოლო, რომელიც გაუმიჯნურდა. მასკოლოსა და დიურასის ბინა პარიზელ ინტელექტუალთა თავშეყრის ადგილად იქცა. გატაცებით საუბრობდნენ ლიტერატურაზე, ხელოვნებასა და პოლიტიკაზე. 1943 წელს ქალმა თავისი სადებიუტო რომანი გამოსცა. მეორე მსოფლიო ომისას დიონის მასკოლოსა და რობერ ანთელმთან ერთად გახდა საფრანგეთის „წინააღმდეგობის მოძრაობის“ აქტიური წევრი. 1944 წლის პირველ ივნისს მათი ჯგუფი მახეში გაება. ანთელმი დააპატიმრეს, მარგერიტმა კი, ფრანსუა მიტერანის დახმარებით, გაქცევა მოახერხა. მეორე დღესვე შეიტყო, რომ რობერი საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს.
მიუხედავად ყველაფრისა, მარგერიტს ერთობ ამბივალენტური დამოკიდებულება ჰქონდა კოლაბორაციონისტთა მიმართ და ჰიტლერის მეხოტბე მწერლების მეგობარიც იყო. გესტაპოს აგენტის, შარლ დელვალის, საყვარელიც კი გახდა, რათა რობერ ანთელმი გადაერჩინა (სწორედ დელვალმა დააპატიმრა რობერი). მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, დიურასმა სასტიკად იძია შური – ფრანგ ოფიცრებს დააპატიმრებინა შარლი. კაცი სიკვდილით დასაჯეს აგენტობის გამო. 1945 წლის აგვისტოში, როცა ნაცისტურმა არმიამ პარიზი დატოვა, დიურასი დაუძლურებულ, მოტეხილ და დასნებოვნებულ რობერ ანთელმს შეხვდა და გადაწყვიტა, მოევლო მისთვის, სანამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდებოდა. საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრიც გახდა. ცნობილ ინტელექტუალებთან ერთად გმობდა საფრანგეთის მთავრობას ალჟირში ომის გაჩაღების გამო. ეს ტკივილიანი წლები, ტანჯვა–წამება, განშორება, საყვარელი კაცის (რობერის) გულისგადამლევი მოლოდინი, მის გადასარჩენად გესტაპოს აგენტთან გაბმული რომანი და სიკვდილის პირას მისული ავადმყოფის უსასოობა დიურასმა შესაშური ოსტატობით აღწერა რომანში, რომელსაც ასეთი სათაური შეურჩია: „ტკივილი“.
1945 წელს რობერმა და მარგერიტმა გამომცემლობა დააარსეს. მიუხედავად იმისა, რომ 1947 წელს განქორწინდნენ, ცხოვრების ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ. დიურასი დიონის მასკოლოსთან გადავიდა საცხოვრებლად. წყვილს შეეძინა ვაჟი, რომელსაც ჟანი დაარქვეს. 1950 წელს ინდოჩინეთში ომი დაიწყო და მარგერიტის დედა იძულებული გახდა, საფრანგეთში დაბრუნებულიყო. იმავე წელს გამოქვეყნდა დიურასის ყველაზე ცნობილი რომანი, „ჯებირი წყნარი ოკეანის დასაოკებლად“.
დიურასის შემოქმედება ძალზე მრავალფეროვანია და მოიცავს რომანებს, მოთხრობებს, პიესებს, ფილმების სცენარებს… ერთი მხრივ, ტრადიციული პროზის გამგრძელებლად გვევლინება, მეორე მხრივ კი შექმნა ძალზე ინდივიდუალური, გამორჩეული, სრულიად ნოვატორული სტილი, რომელმაც, მრავალი კრიტიკოსის აზრით, ახალ ლიტერატურულ მიმდინარეობას, „ახალ რომანს“, ჩაუყარა საფუძველი. თავად ავტორი უარყოფდა ამ მოსაზრებას. მისი ნაწარმოებები: „მშვიდი ცხოვრება“, „ჯებირი წყნარი ოკეანის დასაოკებლად“, „ტარკვინიის პატარა ცხენები“, ტრადიციული პერსონაჟებით, ქრონოლოგიურად მწყობრი თხრობით, ინტრიგით, ჩვეული კვანძით, მოქმედების განვითარებითა და სიუჟეტის კულმინაციით გამოირჩევა, ხოლო „ლოლ ვ. შტაინის მონუსხვა“, „მოდერატო კანტაბილე“, „საყვარელი“, „საყვარელი ჩრდილოეთ ჩინეთიდან“, „იან ანდრეა სტეინერი“, „ზაფხულის წვიმა“, „სიყვარული“, „სკვერი“ და სხვა რომანები იმითაა გამორჩეული, რომ ავტორმა დაარღვია ტრადიციული პროზის თითქმის ყველა წესი: წინადადების სტრუქტურა, სიტყვათა წყობა, სინტაქსი, პუნქტუაცია… მწერალი ჩვეულებისამებრ აღარ აღწერდა, აღარ „ახასიათებდა“ თავის პერსონაჟებს; გაქრა ქრონოლოგიური დრო; დაირღვა მოქმედების მთლიანობა და სიუჟეტური განვითარება. მისი ფრაზები შლეგ დინებას ჰგავს. მისთვის მთავარი გახდა პერსონაჟთა შინაგანი სამყარო, განცდათა და გრძნობათა ნაირფერობა, მოლოდინი, სიყვარული, ტკივილი, ქალისა და მამაკაცის გადაუჭრელი კონფლიქტი, ეროტიზმი, სასიყვარულო ურთიერთობების დრამა, ვნება, სიკვდილი და ა.შ.. მისი შემოქმედების მეორე პერიოდის რომანები დიდი კამათის, აურზაურისა და ხმაურის მიზეზი გახდა საფრანგეთის ლიტერატურულ წრეებში. ავტორი გონკურის პრემიითაც დაჯილდოვდა.
დიურასის შემოქმედება იმდენად მდიდარი და ყოვლისმომცველია, ყოვლად შეუძლებელია მისი მოქცევა ერთი ლიტერატურული მიმდინარეობის ფარგლებში. ის დღემდე ძალზე აქტუალურია. მის შესახებ იწერება მონოგრაფიები, ბიოგრაფიები, სამეცნიერო ნაშრომები, სტატიები, კვლვები, ნარკვევები; იმართება კონფერენციები და ა.შ. დაარსდა მისი სახელობის ასოციაციაც და პრემიაც.
მრავალი წლის შემდეგ, როცა დასრულდა ომების, შიმშილობის, სიკვდილის, საკონცენტრაციო ბანაკების, ქორწილების, განშორებების, განქორწინებების, წიგნების, პოლიტიკური მოვლენებისა და კომუნიზმის ხანა, მან დარეკა: ,,მე ვარ“. ქალმა მაშინვე იცნო მისი ხმა. მე ვარ, მხოლოდ თქვენი ხმის გაგონება მინდოდაო, უთხრა მან უკვე მოხუცებულ, სახელმოხვეჭილ, მხცოვან მწერალს. სალამიო, მიუგო ქალმა. მას, როგორ ყოველთვის, მაშინაც ეშინოდა. ეშინოდა ყველაფრის. ხმა აუთრთოლდა და მარგერიტს ეცნო მისი ჩრდილოეთჩინური აქცენტი… მან უთხრა: ,,შენი უმცროსი ძმის ცხედარი ვერ იპოვეს… დაუმარხავი დარჩა…’’ დიურასმა ეს არ იცოდა. არაფერი უპასუხა. ,,მისმენ?’’ – ჰკითხა მან. ქალმა მიუგო, გისმენო. კაცმა უთხრა: ,,ჩემი ვაჟიშვილების სწავლა–განათლების გამო სადეკიდან წასვლა მომიხდა, მაგრამ ისევ იქ დავბრუნდები… მხოლოდ იქ ყოფნა მინდა…’’ ქალმა ჰკითხა, ხომ არ იცი, რა ბედი ეწია ჩანხსო. აღარაფერი მსმენია მასზეო, უპასუხა პირველმა სიყვარულმა. ,,არასოდეს?’’ – ჩაეძია კალმოსანი. ,,არასოდეს!’’ – დაბეჯითებით მან. შენ როგორ გგონიაო, არ მოეშვა მაგიდასთან მიმჯდარი შემოქმედი. ,,ალბათ, ოჯახის მოძებნა გადაწყვიტა, სიამის ტყეში წავიდა, დაიკარგა და მოკვდა…“ – ჩაესმა ყურმილში.
,,რა საოცარია… ჩვენი სიყვარულის ამბავი ისევ ისეთია… გაუხუნარი… მარადიული… ისევ მიყვარხარ… ვერასოდეს დაგივიწყებ… უარს ვერ ვიტყვი შენს სიყვარულზე… სიკვდილამდე მეყვარები!“ – განაგრძო მან.
საყვარელმა ტელეფონში გაიგონა ქალის ტირილი.
ცოტა ხანში შემოესმა უფრო შორეული, ოთახის სიღმრეში მიკარგული ქვითინი. მწერალი, ალბათ, ტელეფონს მოშორდა, მაგრამ ყურმილი არ დაუკიდია. კაცს ისევ ესმოდა მისი ქვითინი. კვლავ სურდა მისი ხმის გაგონება, მაგრამ დიურასი იქ აღარ იყო; თითქოს უჩინარი და მიუწვდომელი გამხდარიყო. და ისიც ატირდა. მთელი ძალით. რაც ძალი და ღონე ჰქონდა. ხმამაღლა. მწარედ.
ამ საუბრიდან მალევე გამოეთხოვა წუთისოფელს მარგერიტის ლეგენდარული საყვარელი, რომლის ხატებამაც საუკუნოდ დაივანა მწერლის შემოქმედებაში.
თავად დიურასი 1996 წლის 3 მარტს გარდაიცვალა. მონპარნასის სასაფლაოზე მიაბარეს მიწას ის, ვინც უკვდავი შემოქმედება უსახსოვრა კაცობრიობას და სამარადისოდ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.