რა მოხდება, ერთ დღესაც რომ ძიძები სამსახურში ვერ ან არ გამოცხადდნენ? – ძიძების შრომის მნიშვნელობის გასააზრებლად ალბათ პირველ რიგში ეს კითხვა უნდა დაისვას. იურისტმა ლელა გვიშიანმა სწორედ ეს ჰკითხა შრომით უფლებებზე სამსჯელოდ შეკრებილ ძიძებს:
„მათ გვიპასუხეს, რომ მოხდება სასწაული, რადგან „როცა ცუდად გავმხდარვარ, ვერასდროს გამომიყენებია ბიულეტენი…“; „რადგან უბრალოდ არ შეიძლება…“; „ჩემი სამსახურის გაცდენა ნიშნავს იმ ქალების სამსახურში ვერწასვლას, რომლებსაც შვილები ჰყავთ“. ძალიან გრძელი ჯაჭვია და ამ ჯაჭვის სათავეში, რა თქმა უნდა, დგანან ეს ქალები, საოჯახო მშრომელები, რომლებიც აძლევენ შანსებს ახალგაზრდა დედებს, შევიდნენ ფორმალურ შრომით ბაზარზე“, – გვეუბნება ლელა გვიშიანი.
ტერმინ „საოჯახო მშრომელს“, რომელშიც ძიძებიც მოიაზრებიან და რომელთა 98% ქალია, ქართული კანონმდებლობა არ ცნობს. ამდენად, ძიძები, გარდა სხვა სირთულეებისა, მეტად სპეციფიკური პრობლემის წინაშე დგანან – ამ პრობლემას იურისტი ჩვენთან საუბარში „შრომის არაღიარებას“, „შრომისთვის „შრომის“ არდარქმევას“ უწოდებს. არაფორმალურ შრომაში ჩართული ადამიანების უფლებების დაცვა კი რთულდება როგორც სასამართლოში, ასევე სხვა ინსტიტუციაში.
2021 წლის მაისში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დღემდე ოჯახში დასაქმებულ არცერთ პირს არ მიუმართავს შრომის ინსპექციის სამსახურისთვის ან სახალხო დამცველის აპარატისთვის. გამოკითხვამ იგივე შედეგი აჩვენა ხუთი ქალაქის (ბათუმის, რუსთავის, თბილისის, ფოთის, ქუთაისის) საქალაქო სასამართლოებში: 2015 – 2020 წლებში არცერთ მათგანს არ ჰქონია ოჯახში დასაქმებასთან დაკავშირებული დავა. მიუხედავად ამისა, ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2019 წლის მონაცემებით, ოჯახში დასაქმებულთა 82% ზეგანაკვეთურ შრომას ასრულებდა (სამუშაო საათები კვირაში 40 საათს აღემატებოდა), სხვა დასაქმებულთა შემთხვევაში კი ეს წილი 55%-ია.
„ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში ოჯახში დასაქმებულები, შესაძლოა, დასაქმებულთა ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი იყოს, რომელთა უფლებებიც დაშორებულია საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს“, – ვკითხულობთ კვლევაში, სადაც ასევე აღნიშნულია:
- ბოლო წლებში ოჯახში დასაქმებულთა ოჯახების მხოლოდ 6-8%-მა მიიღო მიზნობრივი სოციალური დახმარება;
- ხელშეკრულებების უმრავლესობა (93- 98%) ზეპირი შეთანხმებაა;
- გამოკითხულთა 23%-მა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევები დააფიქსირა;
- რესპონდენტთა მიერ ყველაზე მეტად დაფიქსირებული დარღვევები დამატებითი ანაზღაურების გარეშე ზეგანაკვეთურ მუშაობას (48%) და იმ დამატებითი დავალებების შესრულებას უკავშირდებოდა, რომლებიც წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრული არ ყოფილა (62%).
ლელა გვიშიანი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ძიძები ძირითადად სააგენტოების გვერდის ავლით საქმდებიან და ვერ იღებენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას, არ ეხებათ სამუშაო დროის რეგულირების საკითხები, ვერ სარგებლობენ შვებულებით, არ აქვთ უფლება, დაისვენონ ავადმყოფობის დროს. ხშირად უწევთ დამსაქმებელთან საცხოვრებლად გადასვლაც კი, სადაც მხოლოდ ერთი დღე აქვთ თავისუფალი ან კვირაში 7 დღე მუშაობენ.
„ახლა ძიძა ყველაფერს აკეთებს – სახლიც უნდა დაულაგო, საჭმელიც უნდა გააკეთო და შეიძლება ბავშვისთვის დრო აღარც დაგრჩეს. თავიდანვე გითანხმდებიან დამატებით ფუნქციებზე და ეს, რა თქმა უნდა, ანაზღაურებაზე არ აისახება ხოლმე. არადა, ამაზე საპასუხისმგებლო საქმე არ მეგულება“, – ამბობს ძიძა, მაია სულაქველიძე.
პანდემიამ ძიძების წინაშე არსებული სირთულეები კიდევ უფრო გაამწვავა და ამასთანავე ცხადყო, რომ მინიმალური საკანონმდებლო გარანტიებიც კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად, ძიძების ნაწილი შესაბამისი დოკუმენტების არქონის გამო მიზნობრივი სოციალური დახმარების მიღმა დარჩა.
„უმუშევრად დავრჩი და დახმარებაც ვერ მივიღე, საბუთი არ მქონდა, რომლითაც ჩემი სამუშაოს დადასტურებას შევძლებდი. ხელშეკრულება რომ მქონოდა, უფრო მარტივი იქნებოდა. აქამდე არასდროს გამიფორმებია ხელშეკრულება დამსაქმებელთან და სამომავლოდ შეიძლება კარგიც იყოს ამის გაკეთება, თუ საშემოსავლოს გადახდას არ მოგვთხოვენ. მაშინ ხელფასიც დაიკლებს და იმის გათვალისწინებით, რომ ძიძის ანაზღაურება ისედაც არსებობისთვის შრომაა, ისევ ჩვენ დავზარალდებით“, – ამბობს ირინა ხიზანეიშვილი.
პანდემიის გამო ძიძების ნაწილს შეუმცირდა ანაზღაურება, ან სამსახური დაკარგა. ხოლო ვინც სამსახური შეინარჩუნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვამ და „კომენდანტის საათმა“ ახალი დაბრკოლებები შეუქმნა. გარდა ამისა, თვითიზოლაციასა თუ კარანტინში ყოფნის შემთხვევაში ძიძები განაცდურის ანაზღაურების გარანტიის გარეშეც დარჩნენ.
„იყო შემთხვევა, როდესაც ერთი ბავშვისთვის დამიქირავეს, მაგრამ სკოლების ონლაინ გადასვლის შემდეგ, მეორე ბავშვის მოვლაც მომიწია. რა თქმა უნდა, ერთის ანაზღაურების ფასად“, – ამბობს კიდევ ერთი ძიძა, ნონა მაღრაძე.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ პანდემიის შემდეგ არაფორმალური საოჯახო მშრომელების 72% განიხილავდა ფორმალური დასაქმების საკითხს, თუკი ეს ანტიკრიზისულ დახმარებას უზრუნველყოფდა. თუმცა საოჯახო შრომის სამართლებრივ თუ პოლიტიკურ აღიარებამდე მისვლის გზებზე მსჯელობისას დარგის სპეციალისტები, მკვლევრები, შრომით უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია თავად მშრომელთა თვითორგანიზება, მათი ფორმალური თუ არაფორმალური პროფესიული ერთობა.
„სინამდვილეში მზა რეცეპტები არ არსებობს. არსებობს მათი, ძიძების გამოცდილება, რომელიც არის უნიკალური – რა არის მათთვის პრიორიტეტული, რა არის მნიშვნელოვანი, როგორ უნდა დაიწყონ ბრძოლა – იმიტომ, რომ მათ ყველაზე მეტი იციან თავიანთ პრობლემებზე და ალბათ ყველაზე მეტი აქვთ ნაფიქრი“, – ამბობს იურისტი ლელა გვიშიანი.
ბოლო წლებში მშრომელთა თვითორგანიზების კერები ახალ-ახალ სფეროებში გაჩნდა – იქნება ეს მემანქანეები, სოციალური მუშაკები თუ კურიერები, თუმცა ძიძების, ან ზოგადად, საოჯახო მშრომელების ხმა ამ დრომდე არ ისმის. მიუხედავად ამისა, გამოკითხვა აჩვენებს, რომ საოჯახო მშრომელების 65%-ს სურს, შეუერთდეს არაფორმალურ/ფორმალურ შრომით ასოციაციას.
რატომ ვერ შეძლეს ძიძებმა ამ დრომდე გაერთიანება? – აღმოჩნდა, რომ ამ პროცესს ბევრი ფაქტორი აბრკოლებს. ერთ-ერთია უდროობა, რასაც თავად გამოკითხული დასაქმებულებიც ადასტურებენ, რადგან ქალებისადმი კულტურულად მიკუთვნებული საოჯახო შრომა დასაქმების ადგილზე არ სრულდება, ის შინ მისვლის შემდეგაც გრძელდება. გარდა ამისა, კიდევ ერთი ფაქტორია სივრცე – ძიძები ერთმანეთისგან იზოლირებულად, მარტო შრომობენ, კერძო ბინებსა და სახლებში მათ არ ჰყავთ თანამშრომლები, რომლებთანაც შეძლებდნენ გამოცდილების გაზიარებას, კავშირების დამყარებას ან საერთო იდეებისთვის გაერთიანებას.
ლელა გვიშიანი ჩვენთან საუბარში კიდევ ერთ უჩვეულო ფაქტორს ასახელებს – ემოციურ კავშირს. მისი თქმით, ზრუნვა დასაქმებულებს ემოციურად მიჯაჭვულს ხდის ბავშვებთან და ოჯახებთან, „ამიტომ მათთვის საკუთარი უფლებების დაცვა, შეიძლება, არის ჯანყი მათი დამსაქმებლების წინააღმდეგ და მათ უბრალოდ ამ ემოციური და სოციალური კავშირების გაწყვეტა არ სურთ და თავს იკავებენ“.
„ბავშვს რომ ვუვლი, მიყვარდება, რასაც ოჯახები ხშირად თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ და ცდილობენ, მეტი გაგაკეთებინონ. ამ შემთხვევაში ზომებს არ მივმართავ ხოლმე, არასდროს მიგრძნობინებია დამსაქმებლისთვის, რომ ამას ვხვდებოდი, რადგან ოჯახის წევრივით მექცეოდნენ“, – ამბობს 45 წლის ძიძა, ნონა მაღრაძე.
2020 წელს დაფუძნდა საოჯახო მშრომელთა საინიციატივო ჯგუფი, რომლის მიზანიც არის სწორედ ძიძების, ასევე დამხმარეებისა და დამლაგებლების გაძლიერება, შრომითი უფლებების შესახებ მათი ინფორმირება, საკანონმდებლო დონეზე ადვოკატირება და საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზება. პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში საინიციატივო ჯგუფმა ეკონომიკური მხარდაჭერა გაუწია არაფორმალურად დასაქმებულ საოჯახო მშრომელებს, „ვინაიდან სახელმწიფო სოციალური დაცვის სისტემა მათ ვერ ხედავდა“.
შეიძლება ითქვას, რომ ძიძების თვითორგანიზებას თანდათან საფუძველი ეყრება, რადგან საინიციატივო ჯგუფმა უკვე გამართა ორი შეხვედრა ათამდე ძიძასთან და როგორც ჯგუფის წარმომადგენელი სოფო შუბითიძე ამბობს, შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, შეხვედრები არაფორმალურ ფორმატში გაიმართა და გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.
„ძალიან განსხვავებული ტიპის ადამიანები იყვნენ – მათ შორის ზოგიერთი შედარებით აქტიური და ძლიერია, მზად არიან, თვითნაც ჩაერთონ ამ ორგანიზებაში და სხვა ქალებიც მოძებნონ, თუნდაც საინფორმაციო ბროშურები გააკრან და ყველაფერი გააკეთონ, რაც საჭირო იქნება ასეთი ორგანიზებისთვის. არის კატეგორია, რომელიც სკეპტიკურად უყურებს ამას, რადგან არ სჯერათ, რომ რამე შეიცვლება“, – ამბობს სოფო შუბითიძე.
მისივე თქმით, ძიძების ნაწილის სკეპტიკური განწყობა გასაგებია, რადგან ქვეყანაში მწირია ისეთი პრეცედენტები, რომ შრომითი ხასიათის ორგანიზებას ხელშესახები შედეგი გამოეღოს. გარდა ამისა, სოფო შუბითიძე სკეპტიციზმის ერთ-ერთ წინაპირობად პროფკავშირების მიმართ უნდობლობას ასახელებს. მისივე თქმით, ამ განწყობების დასაძლევად მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
„შეხვედრაზე გვსურდა, მათთვის დაგვენახებინა, რომ, თუ ისინი ორგანიზებული იქნებოდნენ, უფრო მეტად შეძლებდნენ სახელმწიფოსგან დახმარების მიღებას და სადღაც გამოჩნდებოდნენ. პრინციპში ამ მსჯელობაში გამოგვყვნენ და დაგვეთანხმნენ. […] კარგი იქნებოდა, თუ ასეთი გაერთიანება საწევროზე იქნებოდა დაფუძნებული ძალიან მინიმალური შენატანით, რომ ადამიანს ჰქონდეს დაცულობის შეგრძნება, კუთვნილების შეგრძნება და პრობლემის შემთხვევაში ერთმანეთს მხარი დაუჭირონ, ცოდნა გაუზიარონ…“, – ამბობს სოფო შუბითიძე.
შრომის აღიარებამდე გრძელი გზაა, იქამდე კი მეტწილად თავად ძიძებზე იქნება დამოკიდებული როგორ შეძლებენ თვითორგანიზებას, მოქმედების რომელ სტრატეგიას აირჩევენ, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ მათი პრობლემების დანახვა შეძლოს.