მარიამ ალექსიძის გაბაასება ფემინისტურ ქორეოგრაფიასთან ნამდვილად შთამბეჭდავია, რადგან ყველა სხვა ნიუანსის გარდა, ის მითოსის ახალ და ფემიციდურ ფორმასაც მოიაზრებს – როგორ კლავენ ქალებს ქალები.
როდესაც გამოჩენილი ქართველი ქორეოგრაფი, გიორგი ალექსიძე რევაზ გაბიჩვაძის მუსიკის მიხედვით შექმნილ ბალეტ „მედეას“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გასული საუკუნის 70-იან წლებში დგამდა, ცხადია, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ დაახლოებით 50 წლის შემდეგ, მისი ქალიშვილი, ყოფილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, მარიამ ალექსიძე ასევე მედეას მითის ქორეოგრაფიულ ვერსიას შექმნიდა.
„სილკ ფაქტორ სტუდიის“ პავილიონში შეკრებილმა მაყურებელმა რამდენიმე დღის განმავლობაში სწორედ თანამედროვე ბალეტის, „მედეას“ პრემიერა იხილა, რომელიც მარიამ ალექსიძემ ისრაელში მცხოვრები გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, იოსებ ბარდანაშვილის მიერ დაწერილი მუსიკის მიხედვით დადგა… და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სპექტაკლი გამორჩეულია ავთენტიკური მუსიკისა და ქორეოგრაფიული „სინტაქსის“ ერთიანობით.
მეოცე საუკუნეში შექმნილი უამრავი ნეოკლასიკური ბალეტისა თუ თანამედროვე ცეკვის ენით გამორჩეული ინტერპრეტაციების ფონზეც (მართა გრეჰემი, ანჟელენ პრელჟოკაჟი, დიმიტრის პაპაიოანუ) დასაფასებელია მარიამ ალექსიძის მიერ მედეას მითის ქორეოგრაფიული არეალის, ველისა და შესაძლებლობების გაფართოების მცდელობა. ბალეტი „მედეა“ მნიშვნელოვან და ახალ ფემინისტურ გზავნილებსაც შეიცავს, პლუს მოცეკვავეებში განსხეულებული ამბივალენტურობა (მიწისა და ჰაერის კავშირი).
მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიულ ვერსიაში მედეა (მარიამ ქოიავა) უსამშობლო და სასოწარკვეთით დაღდასმული ქალია, რომელიც განსაკუთრებულ, გრძნეულ ნიჭს ფლობს, მაგრამ სიყვარულში დამარცხებული ამ „გრძნეულებას“ კრეუსასადმი (მარიამ დარჩია) შურისძიებაში აქსოვს: იასონისგან უარყოფილი, ის მოწამლულ თეთრ ქსოვილს (ეფექტურია ქოროს შემოსვლა სწორედ ამ ქსოვილით) უგზავნის კრეუზას. ამდენად მუსიკალური აკაპელა, რომელიც მედეას გონებაში, სინამდვილეში კი მამაკაცთა გუნდის შესრულებით აუდიოჩანაწერში ჟღერს – „ქალებო, რა ვქნა?“ – მკვლელობის ერთგვარ წინასწარმეტყველებად და წახალისებად უფრო აღიქმება, რითაც პარადოქსული ფორმის ფემიციდის მოწმენი ვართ – როგორ კლავს შურისძიებით შეპყრობილი ქალი მეორე ქალს.
მედეას რისხვა მეტაფორულად თავს ატყდება მორმოსაც (ნატალია კუკულაძე, ერთადერთი პერსონაჟი, რომელსაც წითელი ფერის სამოსით ვნებისა და განსაკუთრებულობის ელფერი შემოაქვს სპექტაკლში), რომელიც ასევე იღუპება, კრეუსას შემდეგ. მარიამ ალექსიძის „მედეას“ პარადოქსი ალბათ ისიცაა, რომ ქალების ვნება, დამარცხება და შურისძიება თითქოს იაზონისგან გამოცალკევებულია. მედეა, კრეუსა და მორმო ცალკე სამყაროში, ერთმანეთის ამბებითა და ვნებებით თანაარსებობენ და იასონი მათი „დრამატული“ გართობის ობიექტია – მაგალითად, სპექტაკლის დასაწყისში იასონისა და კრეუსას სინქრონული სვლით გამორჩეული დუეტი ან მედეას, იასონისა და მორმოს ოდნავ აკრობატული ელემენტებით გაზავებული ტრიო.
იასონს ლამის ჩამოშორებული აქვს მოღალატე ქმრის როლი და უფრო ლირიკულ–ხავერდოვან შეყვარებულს წააგავს. აქვე აღვნიშნავთ, რომ იასონის როლს მოწვეული თურქი მოცეკვავე, ანკარის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის სოლისტი, ბურაქ კაიჰანი ასრულებს.
ბევრი მოულოდნელი დეტალის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ „მედეას“ ფემინისტური გააზრება პროვოკაციულ ქორეოგრაფიულ ენას უკავშირება. უფრო პირიქით, ესაა სიზუსტითა და ფანტაზიით ნაკვები მინიმალიზმი, რომელიც გაცილებით ახლოა ნეოკლასიკურ ბალეტთან (მაგალითად, ბეჟარის ან კილიანის კამერულ ოპუსებთან), მაგრამ ამავე დროს, მკვეთრად ინდივიდუალური, თანამედროვე და „მიწის არქეტიპებით“ გაზავებული მოძრაობებით გამოირჩევა.
მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიის კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ პერსონაჟები (ქოროთი დაწყებული, მედეათი დამთავრებული) დაძლევენ მიწიერ მიჯაჭვულობას და შეზღუდულ მოძრაობებს, რომელსაც აშკარად ირონიას, სიცოცხლეს და ფერებს სძენს შუა წარმოდგენაში შემოტანილი ფეხსაცმელები. მათი დახმარებით ქორეოგრაფია თითქმის შორდება მიწას და სადღაც ზემოთ ამოდის, ირონიულ ხმაურსა და რიტმულ მძვინვარებასთან ახლოს. ქოროს ფინალური ფეხგასმის დროს კი სინქრონთან ერთად ნამდვილ ჰაერსაც შეიგრძნობთ, რომელსაც თან სდევს მუსიკის მინავლებული ბგერები. სულ ცოტაც და სხეულები კონტრაპუნქტად ქცეულ სიჩუმეში, ფარდის მიღმა გაუჩინარდებიან…
დარჩება მხოლოდ გოგონასა და ბიჭის განათებული თოჯინები (მხატვარი პაკო შველიძე, კოსტიუმები თამუნა ინგოროყვა), რომელთა სხეულებს დედის რისხვა ვერ მისწვდა. მედეა ამჯერად შვილების მკვლელი არ ან ვერ გახდა, ის მხოლოდ ქალებს სჯის, შეურაცხყოფილი სიყვარულის გამო.