მეტადონის კლინიკას მოსახლეობის წინააღმდეგობა კვლავ ხვდება | სად არის პრობლემა

ზუგდიდში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო მეტადონის პროგრამა ქალაქის ცენტრიდან რუხის კლინიკაში გადაიტანეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერდა, მოსახლეობის უკმაყოფილება უკავშირდებოდა შემდეგს: „იქიდან გამოსულებიც არსად მიდიან, აქვე სვამენ ყავას. სადარბაზოები, თხრილები, ყველაფერი ამოვსებულია ინსულინის შპრიცებით, ყავის ჭიქებით…“, – ამბობდა ცენტრის სიახლოვეს მცხოვრები პირი.

ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა პრობლემის მოგვარების გზა ცენტრისთვის ადგილის შეცვლაში ნახა. რამდენიმე სხვადასხვა ალტერნატივის განხილვის შემდეგ „პუბლიკას“ ზუგდიდის მერიაში განუცხადეს, რომ პროგრამა ქალაქის შორიახლოს, რუხის საავადმყოფოში გადავიდა. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრშიც აცხადებდნენ, რომ ადგილის შეცვლის წინააღმდეგნი არ ყოფილან.

ზუგდიდის შემთხვევა პირველი არაა, როდესაც ცენტრის ფუნქციონირებას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება. წლების წინ მსგავსი წინააღმდეგობა ზესტაფონშიც არსებობდა.

სახელმწიფო უწყებებს არც მაშინ და არც ახლა შექმნილი ვითარების მიზეზების გასარკვევად და მოსაგვარებლად სხვაგვარი ძალისხმევა არ გაუწევია, არ გატარებულა სისტემური საპასუხო ღონისძიებები – როგორიცაა მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება, სტიგმის შემცირებაზე მუშაობა, პროგრამის დიზაინის გადახედვა.

ზუგდიდში მეტადონის პროგრამის წინააღმდეგ არსებული უკმაყოფილება რამდენიმე სისტემური პრობლემის არსებობაზე მეტყველებს. სტიგმასთან ბრძოლის საჭიროების გარდა, წლებია სათემო ორგანიზაციები პროგრამის დიზაინის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ, რასაც გავლენა ექნებოდა არსებულ გამოწვევებზეც.

წლების განმავლობაში ამ საკითხების მოუგვარებლობამ კი უკმაყოფილების ისრები მხოლოდ ბენეფიციარებისკენ მიმართა და საზოგადოებაში პროგრამის მიმართ სკეპტიციზმიც გააღრმავა.

რა სისტემური პრობლემებია მეტადონის პროგრამაში?

საქართველოში ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის (ოჩთ) ორი პროგრამა მოქმედებს – მეტადონისა და სუბოქსონის. ცენტრის ცნობით, ამ ეტაპზე ორივე სახელმწიფო პროგრამაში ჯამში 12 500 მოსარგებლეა ჩართული.

პროგრამის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოსარგებლეები კუთვნილი ულუფის მისაღებად დაწესებულებაში ყოველდღე დადიან, დგანან რიგში, ეხარჯებათ მგზავრობის თანხა და დრო.

მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ჩანაცვლებითი პროგრამის მთავარი დანიშნულება და მიზანია, ნარკოტიკების მომხმარებლებმა უარი თქვან არალეგალური ნარკოტიკის მოხმარებაზე, რაც დაკავშირებულია ზედოზირებისა და კრიმინალიზების რისკთან, სხვადასხვა ვირუსით ინფიცირებასთან, ასევე, ჯანმრთელობისთვის საზიანო სხვა ქცევასთან. ამ გზით, მათ ხელი უნდა შეეწყოთ სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის, სოციალური და ოჯახური ურთიერთობების გაუმჯობესებაში. საბოლოოდ კი, პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსარგებლის რესოციალიზაცია და მისი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.

2021 წელს დასავლეთ საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისებით მოსარგებლეთა კმაყოფილების კვლევა ჩატარდა. კვლევის თვისებრივმა კომპონენტმა გამოავლინა, რომ ოჩთ პროგრამების მოსარგებლეებში გავრცელებულია სხვადასხვა მითი პროგრამების მთელ რიგ ასპექტებზე. მითების ნაწილი მათ ზოგადი მოსახლეობისგან აქვთ მოსმენილი, რაც მიუთითებს ოჩთ-ს შესახებ ინფორმირებულობის დაბალ დონეზე როგორც პროგრამების მოსარგებლეებში, ასევე საზოგადოებაში.

კვლევის ავტორების რეკომენდაციით, ამ პრობლემის საპასუხოდ აუცილებელია, კომუნიკაციის შესაბამისი სტრატეგიის დაგეგმვა, რომელიც მიმართული იქნება ოჩთ-სთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაზე როგორც მოსარგებლეებში, ასევე ზოგად პოპულაციაში. ამ უკანასკნელთან მიმართებაში PR-აქტივობები ხელს შეუწყობს პროგრამის მოსარგებლეებთან დაკავშირებულ სტიგმასთან და დისკრიმინაციასთან გამკლავებას.

გარდა სტიგმისა, ზუგდიდის შემთხვევამ კვლავ წინ წამოწია პრობლემები, რომლებიც პროგრამის დიზაინს უკავშირდება. იმის გამო, რომ ცენტრებში ბენეფიციარების რაოდენობაც დიდია და მათ სიარულიც ყოველდღე უწევთ, იქმნება რიგები, რის გამოც ბენეფიციარებსაც უჭირთ დღის დაგეგმვა, რაც შესაძლოა, დისკომფორტის შემქმნელი იყოს სამეზობლოსთვის. რიგში საათობით დგომა კონფიდენციალურობის დარღვევის რისკსაც ქმნის.

სათემო ორგანიზაციის, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის წარმომადგენლის, ლაშა აბესაძის თქმით, ბენეფიციართა დიდი რაოდენობით გამოწვეული დაყოვნების გამო ექიმისა და ბენეფიციარის ურთიერთობა ძირითადად შემოიფარგლება მხოლოდ მედიკამენტის მიღებით (ვინაიდან რიგის გამო ჩქარობს როგორც მოსარგებლე, ასევე პერსონალი), მკურნალობის სხვა ასპექტზე კი ნაკლებად ხდება სხვა სპეციალისტის კონსულტაციის მიღება. ასეთი სერვისით კი, საბოლოოდ, შეუძლებელი ხდება პროგრამის მთავარი მიზნის მიღწევა – ბენეფიციარის რესოციალიზაცია.

დასავლეთ საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად:

კვლევის მონაწილეების 75%-ზე მეტს არასდროს მიუმართავს ფსიქოლოგის დახმარების საიტისთვის ბოლო 6 თვის განმავლობაში, ხოლო 62.2%-ს სოციალური მუშაკისთვის.

რესპონდენტთა 8%-მა მიუთითა, რომ საერთოდ არ იცის საიტის შესახებ, რომლიდანაც შესაძლებელია ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მომსახურების მიღება.

კვლევის თანახმადაც, კვლავ პრობლემად რჩება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხი. საქართველოში ამ ეტაპზე ჩანაცვლებითი თერაპიის 22 ცენტრი მოქმედებს. პროგრამები არ არის, მაგ., ქვემო ქართლსა და რაჭა-ლეჩხუმში.

ამასთან, პროგრამის მოსარგებლეების ყველაზე მძიმე წნეხი დაწესებულებაში ყოველდღიურად სიარულია. ეს ასევე დაკავშირებულია დროისა და გზის ფულის ყოველდღიურ ხარჯთან. მაშინ როდესაც, 2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, დასავლეთ საქართველოში ოჩთ პროგრამების მოსარგებლეთა 48% უმუშევარია (სახელმწიფო პროგრამაში – 57.4%, კერძო – 31.2%). 300 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა 51.8%-ს. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემასთან ერთად კი ცენტრში ყოველდღიურად სიარულის საჭიროება აფერხებს მკურნალობის საჭიროების მქონე სხვა ადამიანებს, ჩაერთონ პროგრამაში.

ზუგდიდის მაგალითზე რომ გავაგრძელოთ მსჯელობა, „პუბლიკა“ პროგრამის ბენეფიციარს ესაუბრა, რომელსაც ახლა ყოველდღიურად ქალაქის ცენტრის ნაცვლად სოფელ რუხში უწევს სიარული. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს, პროგრამის მოსარგებლეებს ისედაც გართულებული ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაურთულდათ.

„ძველი შენობა ქალაქის ცენტრში იყო. ზოგს სამსახური აქვს, ზოგს სხვა საქმე, იქვე იყვნენ, მივიდოდნენ და შემდეგ უბრუნდებოდნენ საქმეს. ახლა კი, ნახევარი დღე გეკარგება იქით წასვლა-წამოსვლაში. ვისაც მანქანა არ ჰყავს, ავტობუსით უნდა წავიდეს, ესეც თანხებთანაა დაკავშირებული. იქაც რიგებია, უნდა ელოდო, მერე შეიძლება ავტობუსს ვერ მიუსწრო და უნდა ელოდო საათ-ნახევარი. მოკლედ, ძალიან გაწამებული ვართ. ვისაც მანქანა ჰყავს, 10 ლარის ბენზინი დღეში სჭირდება, რომ მივიდეს და უკან დაბრუნდეს.

როგორ, ზუგდიდში სხვა შენობა არ იყო?! მთლად ცენტრში თუ არ იქნებოდა, სხვაგან. არ ვიცი, ეს რაზე იყო დამოკიდებული. მოკლედ, გადაგვყარეს იქით“, – გვეუბნება ის.

აღსანიშნავია, რომ Covid-პანდემიის დასაწყისში, 2020 წლის მარტში, დაუშვეს მაქსიმუმ 5 დღის ოდენობის ჩამნაცვლებელი პრეპარატის ხელზე გატანის პრაქტიკა. ამ შესაძლებლობით ჩვენ მიერ ზევით აღნიშნული კვლევის მონაწილეთა 72.7%-მა ისარგებლა. კვლევის თვისებრივი ნაწილის რესპონდენტებმა აღნიშნული პრაქტიკა დადებითად შეაფასეს და გამოთქვეს სურვილი, ეს პრაქტიკა პანდემიის შემდგომაც გაგრძელებულიყო.

ამ შესაძლებლობის შემთხვევაში ცენტრში მოსარგებლეების ყოველდღიური მობილობა დაბალი იქნება, რაც პერსონალს საშუალებას მისცემს, სრულყოფილად მიაწოდოს ბენეფიციარს მისთვის სასურველი მომსახურება.

„ამ სერვისის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, გამოსავალი არ არის“

„გამოსავალი არ არის, რომ ცენტრი გადავიტანოთ ერთი ადგილიდან მეორეზე. ადგილი კი ყოველთვის მოიძებნა, მაგრამ სერვისების მუდმივი გადანაცვლება, არც გეოგრაფიული ხელმისაწდომობის პრობლემას მოხსნის და არც ბენეფიციარების მდგომარეობას გააუმჯობესებს“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. ამის შესახებ მან ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გამართული დისკუსიისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილე სტიგმასთან ბრძოლის უფრო კომპლექსური მიდგომების საჭიროებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მუშაობა გასაძლიერებელია ცნობიერების ამაღლების ნაწილშიც.

„ჩვენთან მუდმივად შემოდის საჩივრები მოსახლეობისგან. გამომდინარე აქედან, ალბათ მეტად ქმედითი რეაგირებაა საჭირო, როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე სამთავრობო უწყებების მხრიდან, რომ ჩვენ იმაზე არ ვიფიქროთ, არიქა და სად მოვძებნოთ ალტერნატიული ადგილი და სად გადავიტანოთ სერვისცენტრი, რომ გარშემო მცხოვრები მოსახლეობა არ გაღიზიანდეს. არამედ, გვქონდეს მეტად მდგრადი დამოკიდებულება და შევთანხმდეთ – რა იქნება მისაღები და სასურველი როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ბენეფიციარისთვის… რომ ეს საჩივრების თემა რაღაცნაირად ამოიწუროს. ვიმსჯელოთ ამაზე დამატებით… მეტი მუშაობა და საუბარია საჭირო მოსახლეობასთან, საჭიროა ცნობიერების ამაღლება, რასთან გვაქვს საქმე – ვინ არის ბენეფიციარი, რატომ მიდის იქ, რისთვის დგას რიგში. ასეთი ელემენტარული საკითხებით შეიძლება დავიწყოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

„ხისტი რეგულაცია, რომელსაც ძვრა ვერ ვუყავით“

რაც შეეხება ცენტრში ყოველდღიურად მისვლის მოთხოვნას, რაც მოსარგებლეებს ყველაზე მეტად აწუხებთ და რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა დატვირთვის შემცირებისთვის, ამ საკითხზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელმა ხათუნა თოდაძემ ისაუბრა.

ის ამბობს, რომ საჭიროა სტაბილურ პაციენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ რამდენიმე დღის ულუფა ერთიანად გაიტანონ. როგორც მან შეხვედრაზე აღნიშნა, ცენტრის მიერ სათემო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად, შემუშავდა და ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეტანილია განახლებული რეგულაციების პროექტი, რომლებიც ამ საკითხის მოგვარებას ისახავს მიზნად. მან იმედი გამოთქვა, რომ როგორც ჯანდაცვის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ცვლილებების პროექტს განვითარება/მსვლელობა ექნება.

„უნდა განვასხვაოთ სტაბილური პაციენტი არასტაბილური პაციენტისგან. არიან ადამიანები, რომლებსაც არ სჭირდებათ ამხელა კონტროლი. ვინაიდან ისინი კეთილსინდისიერად წაიღებენ თავიანთ პრეპარატს, მოიხმარენ დანიშნულებისამებრ და ყოველდღიურად კლინიკის მონახულება ხელს აღარ შეუშლით ცხოვრებაში. ფსიქოლოგიურადაც ძალიან ძნელია; საყვარელ სამსახურში სიარულიც კი ძნელია და ხანდახან არ გინდა, წახვიდე, მით უმეტეს, როდესაც საუბარია სამკურნალო დაწესებულებაზე…

ჩვენ მიერ შეთავაზებულ მოდელში საუბარია იმაზე, რომ დავადგინოთ, რამდენად სტაბილურია ბენეფიციარი, რამდენად აქვს მოტივაცია, რამდენად აქვს უნარი, რომ გაუფრთხილდეს თავის მედიკამენტს, მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება მას უფლება, წაიღოს რამდენიმე დღის დოზა.

თუკი გამოვლინდა, რომ არასწორად მოიხმარა, ან 5 დღის დოზა 2-3 დღეში გახარჯა, ან დაიმატა რაღაცები, ან გაასხვისა/გაყიდა, დაბრუნდება ისევ ყოველდღიური მონიტორინგის ქვეშ. ვფიქრობთ, ეს ოპტიმალური ვარიანტია“, – ამბობს თოდაძე.

მისი თქმით, ეს მიდგომა მეტად კომფორტულს გახდის ბენეფიციარების ყოველდღიურობას, მათ უფლებების რეალიზების მეტ შესაძლებლობასაც მისცემს და გაზრდის მკურნალობის ეფექტიანობასაც.

მისივე თქმით, ძალიან რთულია მაღალი ხარიხის მიღწევა და შენარჩუნება, როდესაც ყოველდღიურად ერთ ცენტრში რამდენიმე ასეული და ზოგან 1000 ადამიანიც დადის.

„თუკი ექნებათ იმის საშუალება, რომ რამდენიმე დღის სამყოფი პრეპარატი წაიღონ ბინაზე, ეს მათთვის დამატებითი ბენეფიტი და წახალისება იქნება – შეასრულონ პროგრამა, სწორედ დაიცვან რეჟიმი. ეს მათი ადამიანური თავისუფლების გარკვეულ ნაწილსაც შეადგენს, ხისტ რეგულაციებს კი, წლებია, ძვრა ვერ ვუყავით.

ეს მიდგომა გამოგვითავისუფლებს პერსონალსაც – ექთნებს, ექიმს. იმის ნაცვლად, რომ 1000 კაცს შეხვდნენ, 200 კაცი რომ მივა, გაცილებით მეტი დრო ექნებათ, პაციენტთან ჰქონდეთ მეტი კომუნიკაცია“, – ამბობს თოდაძე.

აღნიშნულ დისკუსიაზე დარგის სპეციალისტებისგან ასევე ცნობილი გახდა, რომ სამი წლის წინ „გლობალური ფონდი“ გამოთქვამდა მზადყოფნას, დაფინანსებულიყო ჩანაცვლებითი თერაპიის მობილური ამბულატორიების საპილოტე პროექტი [რომელსაც ჩამნაცვლებელი ნარკოტიკული საშუალება უნდა მიეტანა შესაბამის ბენეფიციარამდე]. რასაც, საბოლოო ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაბრკოლებები შეხვდა და პროექტი საბოლოოდ ვერ განხორციელდა.

პრეპარატის სახლში წაღების პრაქტიკის დანერგვასაც წინააღმდეგობა სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ხვდებოდა – ნარკოტიკული საშუალების არამიზნობრივად მოხმარების რისკის გამო. თუმცა, როგორც ხათუნა თოდაძე ამბობს, მათ მიერ შემუშავებული ახალი კრიტერიუმები ამ რისკების მაქსიმალური გამორიცხვისკენაა მიმართული.

„ის, რომ სახლში გატანების შემთხვევაში რაღაც გარკვეული პროცენტით გადინება იქნება, ამას ჩვენც ვამბობთ. შეუძლებლია, მთელი მსოფლიოს პრაქტიკა აჩვენებს, რომ რაღაც პროცენტი აუცილებლად იქნება ასეთი.

პანდემიის დროს გადინების მასშტაბის შედარება იმ მოდელთან, რომელსაც დღეს ჯანდაცვის სამინისტროს ვთავაზობთ, არ იქნება სწორი. ვინაიდან, პანდემიის პერიოდში არ იმიჯნებოდა – პაციენტი სტაბილური იყო თუ არა, ყველას ერთნაირად ვატანდით, ვინაიდან მთავარი მიზანი კოვიდის გადადების პრევენცია იყო“, – აღნიშნა თოდაძემ.

როგორც შეხვედრაზე თამარ გაბუნიამ აღნიშნა, სახლში გასატანებელ ოდენობებთან დაკავშირებით რყევები [პანდემიის დროს გამონაკლისის დაშვება და შემდეგ ისევ აკრძალვა], არავისთვის არ არის კარგი, არც სერვისის განმახორციელებლისთვის და არც ბენეფიციარისთვის. მან ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა.

სერვისის დიზაინის ცვლილებაზე ამახვილებს ყურადღებას პროგრამის ყოფილი ბენეფიციარი, ნარკოპოლიტიკის აქტივისტი დავით სუბელიანი. მისივე თქმით, დროა, რომ დაიწყოს საუბარი და განხილვა ამ პროგრამის სააფთიაქო სივრცეში გადანაცვლებაზეც.

„უკრაინაშიც თუ კი მოხერხდა ეს და მშვენივრად მოხერხდა. რატომ არ შეიძლება, რომ აქაც მოხერხდეს… ძალიან მზარდია მომხმარებლების რაოდენობა, ცენტრებზე დატვირთვა იზრდება და ბუნებრივად არის დიდი რიგი, ხმაური, ბევრი ადამიანის თავმოყრა. სამუშაო საათებიც შეზღუდულია. ეს ხალხი ცდილობს, რომ მოასწროს და ამიტომ დგანან რიგებში და უნდათ, რომ დროზე მიიღონ კუთვნილი ულუფა… ამიტომ აქ მხოლოდ მომხმარებლის დადანაშაულება სწორი არ არის“, – ამბობს სუბელიანი.

„სახელმწიფოში უნდა არსებობდეს სტრატეგია სტიგმის შესამცირებლად“

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი გვესაუბრება ზოგად მიდგომებზე, თუ რა შეიძლება, სახელმწიფომ სტიგმის შემარბილებელ ღონისძიებად გაატაროს.

მისი თქმით, ის, რომ ბენეფიციარები პროგრამიდან გამოსვლის შემდეგ ტერიტორიას არ ტოვებენ, ესეც გარკვეულ სიმპტომატიკაზე მიუთითებს და ანალიზს საჭიროებს.

მაგალითად, კვლევაში, რომელიც ზემოთ აღვნიშნეთ, საუბარია იმაზე, რომ ცენტრში ყოველდღიური მისვლა ზოგიერთ მოსარგებლეს ფსიქოლოგიურ კომფორტს ანიჭებს. კვლევის ავტორთა აზრით, ეს, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს თანამოსარგებლეებთან კომუნიკაციის/სოციალიზაციის დადებით გამოცდილებასთან, და კვლავ მიუთითებდეს ჯგუფური ფსიქოსოციალური აქტივობების დანერგვის საჭიროებაზე. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის დიზაინისა თუ სხვა ფაქტორების გამო დასავლეთ საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა – 57.4% უმუშევარია.

„თუ ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა უნდათ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. უნდა გაკეთდეს თვითდახმარების ჯგუფი, სადაც მათ ექნებათ ურთიერთობა, ექნებათ ოთახი, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან. უნდა შეიქმნას ჯგუფური ფორმატი, სერვისმა უნდა ისარგებლოს იმით, რომ ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია აინტერესებთ და რაღაც უნდა შესთავაზონ მათ ამ თვალსაზრისით.

… შესთავაზონ არტ-თერაპია, ფსიქოლოგიური ან თვითდახმარების ჯგუფები. დივერსიფიცირებული უნდა იყოს სერვისი. მხოლოდ – მოვიდა ყოველდღე, წამალი ჩავუდე პირში და წავიდა – ასე არ მუშაობს ეს სისტემა. ფსიქოსოციალური რეაბილიტაციაა საჭირო, რაც სწორედ რომ ურთიერთობებია, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებია, თვითდახმარების ჯგუფებია“, – ამბობს ჯანა ჯავახიშვილი.

აშშ-ის ნივთიერებების ავადმოხმარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ადმინისტრაციას (SAMSHA) პირდაპირი რეკომენდაცია აქვს დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით. დოკუმენტის მიხედვით, მათ შორის დასაქმების სერვისის საჭიროებაზე ინფორმაცია პაციენტის პირველადი შეფასების ეტაპზე უნდა განისაზღვროს – პირველადი შეფასება უნდა მოიცავდეს მკურნალობის გეგმის შედგენას, მოკლევადიან მიზნებს, დავალებებს, პაციენტების საჭიროებებს განათლებაზე, პროფესიულ რეაბილიტაციასა (Vocational rehabilitation) და დასაქმებაზე.

პროგრამამ უშუალოდ ან რეფერალური გზით უნდა უზრუნველყოს ადეკვატური და გონივრულად ხელმისაწვდომი სათემო რესურსები, პროფესიული რეაბილიტაცია, განათლება და დასაქმების სერვისები იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ამას ითხოვენ ან ვისზეც პროგრამის პერსონალმა დაადგინა, რომ სჭირდება ასეთი სახის სერვისი.

რაც შეეხება სტიგმას, ჯანა ჯავახიშვილის თქმით, ამ მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებები და სტრატეგია უნდა არსებობს, „მზა რეცეპტის“ დადება ძნელია, ამისთვის სისტემური მცდელობაა საჭირო.

„სტრატეგია უნდა იყოს შემუშავებული – როგორ შეიცვალოს მოსახლეობის დამოკიდებულება. ასევე, რაღაც ისეთი ინსენტივიც (სტიმული) უნდა არსებობდეს, რომ მოსახლეობამ იცოდეს, რომ ეს ამ ხალხის დამსახურებით არის, რომ მათი მასპინძლობის ხათრით, მერია რაღაცებს უკეთებს მათ – ან ქალაქის დასუფთავება უკეთესად მუშაობდეს იქ, ან გამწვანება, ან ტრანსპორტის დამატება. ქცევის ცვლილებისთვის ინსენტივი მნიშვნელოვანია“, – ამბობს ჯანა ჯავახიშვილი.

რაც შეეხება პროგრამაში ფსიქოსოციალური კომპონენტის გაძლიერებას, მისივე თქმით, ამ მიზნით ევროკავშირის მხარდაჭერის მქონე პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის“ – ფარგლებში იგეგმება ჩანაცვლებითი პროგრამების ფსიქოსოციალური კომპონენტების გაძლიერება. პროგრამაში მომუშავე ფსიქოლოგების, სოცმუშაკებისა და სხვა პერსონალის მტკიცებულებითი მეთოდით აღჭურვა.


პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გამოცემა და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.