ფოტო: ლევან ხერხეულიძე
გარდაიცვალა მოქანდაკე და ფერმწერი, მარინა ივანიშვილი – ძლიერი, უკომპომისო და გამორჩეული ხელოვანი.
დრო, რომელშიც ვცხოვრობთ, იმდენად პოლიტიზირებული, ფრაგმენტული და დამაზიანებელია, რომ ხშირად ვერ ვასწრებთ მნიშვნელოვანი ამბები მეათეხარისხოვანი მოვლენებისგან გამოვაცალკევოთ. „გეშტალტი“, ანუ ნაწილისა და მთელის ერთობლიობის განცდა ლამის სამუდამოდ ჩამოიშალა („დროთა კავშირი დაირღვა“) და ამიტომ იძულებულები ვართ, მხოლოდ პოსტფაქტუმ შევაკოწიწოთ და აღვადგინოთ უკვე წაშლილი ან დაუნახავი მოვლენების შინაარსი.
რამდენიმე დღის წინ, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა მარინა ივანიშვილი, მოქანდაკე, ფერმწერი, გრაფიკოსი… კაცის ტორსის ლამის იდეალური მცოდნე და ქალის სხეულის მძვინვარე თუ მიძინებული იმპულსების მესაიდუმლე. კიდევ ცხოველთა სამყაროს გულწფელი მორწმუნე, უპატრონო ძაღლების ნამდვილი მფარველი, რომლის ანიმალისტური სერიები – უკიდურეს, დაძაბულ მდგომარეობამდე მიყვანილი ცხენებისა და ხარების სხეულები წარმოუდგენელი ექსპრესიის შეგრძნებებს აცოცხლებს.
მიუხედავად იმისა, რომ მარინა ივანიშვილს ჯერ კიდევ მილენიუმის პირველი წლებიდან ვიცნობდი (ცალკე მადლობა არტ–კრიტიკოსა და ხელოვნებათმცოდნე დავით ანდრიაძეს, რომელმაც გაზეთ „მერიდიანში“ მუშაობისას პირველად შემახვედრა), სულ რამდენიმეჯერ შევხდით ქალაქში ერთმანეთს. პირველი და საამო არტ–შოკი, რაც მის სახელოსნოში მოხვედრისას განვიცადე, ქალების სხეულების ამოუცნობ და უჩვეულო სიძლიერეს, მოუთოკავ ენერგიას, პლასტიკასთან დამეგობრებულ სიშლეგეს და ფხიზლად მოდარაჯე ეროტიზმს უკავშირდებოდა.
დიახ, ის გრძნობდა ქალის და კაცის შიშველ სხეულს რაღაც უჩვეულო შინაარსით და ფორმით, რადგან ერთდროულად ხედავდა მასში ძალის კონცენტრაციას და ამავე ძალის გამო გახარჯულ სისუსტეს, ამბოხში მინავლებულ რაღაც სიმყიფეს, რომლის მიღმა მამაკაცური და ქალური საწყისები სადღაც, კოსმიურ სივცეში იკვეთება. მისი ქანდაკებები – დაძაბულად „მომზირალი“ კაცური ტორსები თუ ამოუცნობი ქალური სხეულები, ცალკე ვნებათა ფილოსოფიის სამყაროა. ისინი ასხივებენ სექსის და რაციოს თანაარსებობის „ბრწინვალებას“ და მათივე თანაგანცდის დამცინავ „სიღაგტაკეს“.
ფაქტობრივად, ელენე ახვლედიანის შემდეგ, ქართულ სახვით ხელოვნებასა და ქანდაკებაში ქალის სხეულის ასეთი მგრძნობელობა, „ყვირილი და ჩურჩული“ (აქვე მადლობა ინგმარ ბერგმანს) არავის დაუნახავს და გამოუსახავს. ამავე დროს, ქალის სხეულის სილამაზე, რაღაც აბსტრაქტულ–ჰარმონიული გაგებით, მარინა ივანიშვილის ფერწერასა და ქანდაკებაში თითქმის აკრძალულია, რადგან ყველაზე მძაფრად და არაესთეტურად „მომზირალ“ სხეულებს მის ნამუშევრებში მეტი დრამატიზმი და ეროტიზმი ახასიათებთ.
ჰეროიკაში ნაწრთობი ცხენიანი კაცებისა და პატრიოტული თემატიკის ქანდაკებების ფონზე, მისი მცირე ზომის პლასტიკური ქანდაკებები ყოველთვის სადღაც უჩინარდებოდნენ, იკარგებიდნენ. იმისათვის, რომ მათთვის მიგეგნოთ, უფრო პერსონალურ გამოფენებს უნდა ჩასაფრებოდით. არადა, 90-იანი წლები და მილენიუმის დასაწყისი, მისი შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია, როდესაც იშვიათი გამოფენების მიღმა უბრალოდ, ქვეყანაში ეგზოსტენციური გადარჩენის საკითხი უფრო მნიშნელოვანი იყო.
და მაინც, ის გადარჩა თავისი უკომპრომისობითა და თავისუფლებებით; როგორც საკუთარი სამყაროს ერთგული დარაჯი და ჰერმეტულად და დრამატულად ხელშეუხებელი ხელოვანი. თუმცა ამის სანაცვლოდ არც მანამდე და არც შემდეგ, არაფერი მიუღია. დარჩა ვინც იყო და როგორიც იყო – მღელვარე და მთვლემარე სხეულების ოსტატი; ნიჭიერი, უკომპრომისო და საკუთარი თავის მიმართ მუდამ მომთხოვნი ხელოვანი!
მარინა ივანიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1976 წელს.
1976-1977წწ. იყო მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მხატვარი; 1987-1988წწ. საქართველოს მხატვართა კავშირის ქანდაკების სექციის მდივანი; 1986-1989წწ. მხატვრის სახლთან არსებული ქანდაკების ბავშვთა ექსპედიციის სტუდიის ხელმძღვანელი.
2001 წლიდან “On-line სტუდიო“-ს ელექტრონულ კატალოგის “Art.ge” კონსულტანტი ხელოვნების დარგში; მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ 150-მდე გამოფენაში; დიდგორის მემორიალის კონკურსში (1985); გამართული აქვს პერსონალური გამოფენები: ქალთა კულტურის ცენტრი (ჰამბურგი, 1991); ეროვნული საჯარო ბიბლიოთეკა (თბილისი, 1997). სტატიებისა და რომანების – “ქილერის რვეული” (1998) და “თეთრი სივრცე” (2000) ავტორი.
მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია ფილმი “მოლოდინი” (1985). მარინა ივანიშვილის ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და სსრკ კულტურის ფონდებში და კერძო კოლექციებში