როგორ ახასიათებენ მასწავლებლები იმ ბავშვების მდგომარეობას, რომელთა მშობლებიც დასაქმების მიზნით ემიგრაციაში იმყოფებიან. განსხვავდებიან თუ არა ეს ბავშვები აკადემიური მოსწრებით ან სხვა ნიშნით თანატოლებისგან.
სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის 6 სხვადასხვა სკოლაში პედაგოგები გამოიკითხნენ. კვლევის მიზანი იყო, პედაგოგების პერსპექტივიდან შეესწავლათ მიგრანტი მშობლების მარტოდ დარჩენილი ბავშვების მდგომარეობა.
„დასაქმების მიზნით მშობელთა დროებითი მიგრაციის გავლენა მარტოდ დარჩენილ ბავშვებზე საქართველოს რეგიონებში“ – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც ახალგაზრდა ქართველი მკვლევრის ინდივიდუალური პროექტია და რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობა სამოქალაქო საზოგადოების“ მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.
„საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც დასაქმების მიზნით ზრდასრული მოსახლეობის საზღვარგარეთ მიგრაციის მაჩვენებელი მაღალია. ხშირია თურქეთში მიგრაცია სეზონური დასაქმებისთვის. ასევე – საფრანგეთში იტალიაში, ევროპის სხვა ქვეყნებში, სადაც ბევრი ქართველი მიდის დასაქმების მიზნით.
როცა ოჯახიდან მიდის ერთი ან ორივე მშობელი, ბავშვები, როგორ წესი, რჩებიან ბებია-ბაბუასთან ან ოჯახის სხვა წევრებთან. საერთაშორისო ლიტერატურის მიხედვით, აღნიშნული მოვლენა უარყოფითად აისახება მარტოდ დარჩენილ ბავშვთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, კვლევები აჩვენებს რომ მატერიალური კეთილდღეობა მშობლებთან დაშორების დანაკლისს ვერ აკომპენსირებს.
ჩემი კვლევის სამიზნეა სკოლის პედაგოგები. პირადად დედაჩემია სკოლის პედაგოგი, ასევე – დამრიგებელი კლასის და ხშირად მიყვებოდა ისტორიებს იმ ბავშვების, რომლებსაც მიგრაციაში ჰყავთ მშობლები.
ჩემი სადოქტორო კვლევაც ყოველთვის მინდოდა, რომ ბავშვებზე ყოფილიყო. ემოციურადაც ახლოს არის ეს თემატიკა და ამიტომაც დავინტერესდი ამ საკითხით.
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერით ჩავატარე სკოლის ბაზაზე დაფუძნებული კვლევა, რომელშიც სკოლის პედაგოგები ჩავრთე, რადგან უშუალოდ, სკოლის მასწავლებლების მიერ აღქმული ამ ბავშვების ცხოვრება მაინტერესებდა. სკოლა არის ინსტიტუტი, სადაც ბავშვები ყოველდღე მიდიან. ამ ინსტიტუტს დიდი როლი აქვს ბავშვის ცხოვრებაში და ამიტომ მასწავლებელი პირველი რგოლია, ვისაც შეუძლია ამ ბავშვების ვითარების კარგად აღქმა“. – ამბობს კვლევის ავტორი ხატია ანთია, რომელიც ამჟამად გერმანიაში სადოქტორო ნაშრომზე მუშაობს.
რა მიგნებები ჰქონდა კვლევას და როგორია კვლევის ავტორთა რეკომენდაციები და მომავლის გეგმა – ამ და სხვა თემაზე „პუბლიკა“ ხატია ანთიას ესაუბრა.
კვლევა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიის რეგიონში 6 სხვადასხვა ზომის სკოლაში ჩატარდა. შეირჩა როგორც მცირე, ისე დიდკონტინგენტიანი სკოლები. გამოიკითხნენ სკოლის პედაგოგები.
მთავარი მიზანი იყო, გაერკვიათ, თუ როგორ აფასებენ თავად პედაგოგები ამ ბავშვების მდგომარეობას და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს.
კვლევის ავტორის თქმით, პედაგოგები მიგრანტი მშობლების შვილებზე საუბრისას დადებით ფაქტორებს შორის გამოყოფენ მატერიალურ მდგომარეობას.
„პედაგოგების მხრიდან ერთადერთი დადებითი, რაც გამოიკვეთა მატერიალური კეთილდღეობაა, თუმცა ესეც ასე ერთმნიშვნელოვანი არაა – ძირითადი მიზეზი, რის გამოც მშობელი მიგრაციაში მიდის, საბანკო კრედიტია და მათ მიერ გამოგზავნილი თანხა, უმთავრესად კრედიტების დაფარვას ხმარდება და არა ამ ბავშვების კეთილდღეობას, ან აკადემიური მიმართულებით მხარდაჭერას, ან/და ნუტრიციული სტატუსის გაუმჯობესებას“. – ამბობს ხატია ანთია და დასძენს, რომ ეს შესაძლებლობა რისკს, რომ ბავშვები თანხას არაჯანსაღი კვებისთვის დახარჯავენ ან სხვა მავნე ჩვევები ჩამოუყალიბდებათ, ზრდის.
„რისკად არის აღქმული ის ფაქტიც, რომ ამ ბავშვებს შესაძლოა, ჰქონდეთ უფრო მეტი შემოსავალი მიგრაციაში მყოფი მშობლისგან, რის გამოც არაჯანსაღი კვების ჩვევები უფრო უყალიბდებათ. მათ აქვთ ყოველდღიური ფული და ხარჯავენ მარკეტებში არაჯანსაღი პროდუქტის შესაძენად.
ამ ბავშვებს, ძირითადად, აქვთ მაღალი მატერიალური მოთხოვნები. მშობლები მა უარს არ ეუბნებიან, რის გამოც აქვთ მაგ. მობილური ინტერნეტი, და ამ შესაძლებლობებს ხშირად, შესაძლოა, იყენებდნენ სხვადასხვა აზარტული თამაშისთვის. ეს ფაქტორი პედაგოგების მხრიდან აღიქმება, როგორც რისკი“. – ამბობს მკვლევარი.
აკადემიურ ნაწილში, პედაგოგთა შეფასებით, ამ ბავშვების შედეგები ასევე ნეგატიურია.
ხატია ანთიას თქმით, პედაგოგები ამ საკითხს, როგორც მშობლები, ისე უდგებიან და კვლევის დროს გამოჩნდა, რომ ისინი გულისხმიერებას იჩენენ ბავშვების მიმართ და ხშირია პრაქტიკა, როდესაც აკადემიური ჩამორჩენის გამო, ძირითადი საკლასო საათების შემდეგ ტოვებენ სკოლაში ბავშვებს და ეხმარებიან შედეგების გაუმჯობესებაში.
პრობლემაა ისიც, რომ ხშირად ბავშვების ზედამხედველები ოჯახის ასაკოვანი წევრები არიან, რომელთაც თავადვე სჭირდებათ მხარდაჭერა, ასაკთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებების გამო და ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, ხშირად ბებია-ბაბუა სათანადოდ ვერ ახერხებს ბავშვების აკადემიური მოსწრების მეთვალყურეობას.
გამოკითხული პედაგოგები გამოყოფენ მოსწავლეთა ემოციურ მდგომარეობას, როგორც ერთ-ერთ ნეგატიურ გავლენას – მარტოობის შეგრძნება, ჩაკეტილობა ან, პირიქით, აგრესიულობა.
„კვლევაში მონაწილეთა მონაყოლით, უმცროსი ასაკის ბავშვები დედობრივი სითბოს საჭიროებას ყველაზე მეტად გამოხატავენ. პედაგოგები ხშირად იხსენებენ და აღწერენ, რომ დაწყებით კლასებში ბავშვები შუა საგაკვეთილო პროცესში ეხუტებიან პედაგოგს. – თითქოს ჩვენს თვალებში ეძებენ დედას – ასე ახასიათებენ პედაგოგები ამ მდგომარეობას. მათ აკლიათ სითბო და ცდილობენ, მასწავლებელში იპოვონ ეს სითბო.
როგორც მაღალი კლასის დამრიგებლებმა აღწერეს, როცა ბავშვი იზრდება და აღწევს გარდატეხის ასაკს, ეს გამოვლენა იღებს სხვა ფორმას. ისინი ჩაკეტილები ხდებიან. ემოციებს აღარ გამოხატავენ, რადგან ეს გზა მიუღებელი ხდება მათთვის“. – ამბობს კვლევის ავტორი.
კვლევის დასრულებისა და შედეგების დამუშავების შემდეგ ავტორმა ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები პირველ რიგში კვლევის მონაწილე სკოლებს წარუდგინა. ასევე, ადვოკატირებისთვის მოეწყო შეხვედრები სხვადასხვა დაწესებულებაში. გაიმართა კონფერენცია და დისკუსია საუნივერსიტეტო სივრცეში. საინტერესოა, რომ მკვლევრები შეხვდნენ პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებსაც. ადვოკატირების ღონისძიებები ასევე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერით ჩატარდა.
„საუკეთესო გამოსავალი, ლოგიკურად, იქნებოდა ის, რომ გვეთქვა, არ წავიდეს მშობელი მიგრაციაში და დაბრუნდეს, იყოს ოჯახთან ერთად. უბრალოდ, შეუძლებელია ეს, რადგან ჩვენ ამავდროულად ვხედავთ, რომ ხშირად მიგრაციაში წასვლა ერთადერთი გამოსავალია ოჯახისთვის. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი დასაქმების ადგილები საიმისოდ, რომ ოჯახის გადაწყვეტილება შევცვალოთ“. – ამბობს ხატია ანთია.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია იმ ინსტიტუტების მხარდაჭერა და გაძლიერება, რომლებიც უშუალოდ არიან კავშირში ბავშვებთან და ხელეწიფებად მათ ცხოვრებასა და განვითარებაზე გავლენის მოხდენა. სკოლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც ბავშვების კეთილდღეობის, აკადემიური მოსწრებისა და მენტალური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის აღმოჩენაა შესაძლებელი.
„ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო სკოლისადმი მეტი მხარდაჭერა. ასახელებდნენ იმას, რომ სკოლას არ ჰყავს ფსიქოლოგი. თავად პედაგოგები ამბობენ, რომ ასეთ საკითხებთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღებამდე სიფრთხილეა საჭირო და სწორედ ამიტომ სკოლას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გაიაროს კონსულტაცია სპეციალისტთან, რომელიც ყველა რისკის გათვალისწინებით ოპტიმალურად სწორად დაგეგმავს მოსწავლის მხარდაჭერისთვის აუცილებელ ღონისძიებებს. მათ სჭირდებათ ფსიქოლოგი – ეს საჭირობა ყველამ აღიარა. ადამიანი, რომელიც გაუწევს პროფესიულ დახმარებას“. – ამბობს ხატია ანთია.
მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ არ ხდება აღრიცხვა იმ ბავშვების, ვისაც მშობლები ჰყავს მიგრაციაში.
„ამ პროექტის ერთ-ერთ ეფექტი იყო ის, რომ სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები დაინტერესდნენ ამ საკითხით და განაცხადეს, რომ ამის შემდეგ ყოველწლიურად აწარმოებენ აღრიცხვას. ყველა კლასის დამრიგებელმა იცის, რამდენი ბავშვია კლასში ისეთი, რომელსაც მიგრანტი მშობელი ჰყავს.
ოფიციალური აღწერა რომ ჩატარდეს, სადაც იქნება მითითებული: ოფიციალურად რამდენია ასეთი ბავშვი; ვინ არის ამ ბავშვზე პასუხისმგებელი პირი; ვის ევალება სკოლასთან კომუნიკაცია; როგორია კონტაქტი მასწავლებელსა და მზრუნველს შორის. არც ერთი სარეკომენდაციო დოკუმენტი არ არსებობს ამ საკითხზე, რომელიც სკოლის მასწავლებელს ან ადმინისტრაციას დაეხმარებოდა“. – ამბობს ხატია ანთია და ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციად ასახელებს იმას, რომ უნდა არსებობდეს სამსახური, რომელიც დაეხმარებათ ამ ბავშვების გრძელვადიან მონიტორინგში.
„თუნდაც ნუტრიციულად რამდენად ჯანსაღად იკვებებიან ეს ბავშვები; რამდენად აქვთ პირობები, რომ გაკვეთილები მოამზადონ და ა.შ.“
-
სამომავლო გეგმები:
ხატია ანთიას გადმოცემით, წარმოებული კვლევის საფუძველზე სადოქტორო პროექტის ფარგლებში ის ამზადებს სამეცნიერო სტატიას, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიბეჭდება.
მისივე თქმით, ჰაიდელბერგის მედიცინის ფაკულტეტის ეთიკის კომისიის დასტური აქვს საიმისოდ, რომ წარმატებით გააგრძელოს კვლევა და საკითხის უფრო სიღრმისეული შესწავლა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა სამოქალაქო საზოგადოებისთვის მხარდაჭერისთვის“ პროექტის ფარგლებში შესრულებული კვლევა ძალიან დამეხმარა და მთლიანი პროექტი დაეფუძნა ამ პილოტურ პროექტს.“ – ამბობს ხატია ანთია და გვიყვება, რომ დიდი პროექტისთვის კვლევას სექტემბერში დაიწყებენ საქართველოს იმ 3 რეგიონში, სადაც მაღალია მიგრაციის მაჩვენებელი. სულ 12 სკოლაში იწარმოებს კვლევა და უშუალოდ ბავშვებს გამოჰკითხავენ. სადოქტორო პროგრამა ჰაიდელბერგის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტში მხარდაჭერილია გერმანიის გაცვლითი სამსახურის DAAD-ის მიერ.
„11-18 წლის სკოლის მოსწავლეებს გამოვკითხავთ. პედიატრთა მიერ შემუშავებულია კითხვარი სკრინინგისთვის, რომელიც ბავშვების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას აფასებს. პირველ ეტაპზე სკოლის პედაგოგები იყვნენ ჩართულები და ახლა გვინდა, ვნახოთ, რა ხდება ბავშვებში. ბავშვები როგორ აღიქვამენ თავიანთ მენტალურ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ა.შ.“ – ამბობს ხატია ანთია.
-
კვლევის ავტორის შესახებ:
ხატია ანთიამ 2013 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. შემდეგ პროფესიული ცხოვრება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ადმინისტრირების მიმართულებას დაუკავშირა. მაგისტრატურაზე ჩააბარა საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის ადმინისტრირების პროგრამაზე. აქვს სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება. მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში ერასმუსის გაცვლით პროგრამაში გადაწყვიტა, ეცადა ბედი. ერთი სემესტრის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით სამაგისტრო პროგრამაზე დიდ ბრიტანეთში, ჩესტერის უნივერსიტეტში სწავლობდა.
„ჩესტერი პატარა ქალაქია მანჩესტერთან ახლოს. 2015-2016 წლებში დიდ ბრიტანეთში ვისწავლე ერთი სემესტრი. გავიარე, ძირითადად, ეპიდემიოლოგია, ბიოსტატისტიკისა და კვლევის მოდულები. განსაკუთრებით მომეწონა და შემიყვარდა კვლევები საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად გამეგრძელებინა სწავლა სადოქტოროზე და მემუშავა/მესწავლა ისეთ ორგანიზაციაში, სადაც კვლევების შესაძლებლობა მექნებოდა და ისეთი საკითხების შესწავლის, რომლებიც, გარკვეულწილად, მოწყვლადობასთან კავშირშია“. – ამბობს ხატია ანთია.