მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების 5 გზა

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდადებულის სტატუსით მოხვდა. მას საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საბოლოოდ, 6-წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

თავად ექსპრეზიდენტი მის წინააღმდეგ განაჩენს არ ეთანხმება და შიმშილობს. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისსა და სხვა ქალაქებში, მათ შორის, საზღვარგარეთ აქციებიც გაიმართა. მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ ევროპელი პოლიტიკოსებიც ღია წერილით, რომელსაც 70-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

ხელისუფლების წარმომადგენლების საპასუხო კომენტარებით კი, სააკაშვილის ბედი სასამართლომ გადაწყვიტა და ხელისუფლება პატივს სცემს კანონს, ვერ ჩაერევა გადაწყვეტილებაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტს კი სასჯელის მოხდა მოუწევს.

თუმცა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ საქმეები სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურია და გათავისუფლებაც პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. მოკლედ, შეუძლებელი არაა. ბექა ბასილაია „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ მთავარია ხელისუფლების გადაწყვეტილება და სააკაშვილი თავისუფლად დატოვებს ციხეს.

თუმცა პოლიტიკური ნების შემთხვევაშიც მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ სამართლებრივი გზების გავლით შეიძლება გათავისუფლდეს. გათავისუფლებისთვის კი რამდენიმე შესაძლო გზა არსებობს.

შეწყალება

დღეს ყველაზე მეტად პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება განიხილება. სწორედ ამ გზით დატოვეს ციხე გიგი უგულავამ და გიორგი რურუამ, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზეზით.

საქართველოს პრეზიდენტს არ ზღუდავს სამართლებრივი რეგულაციები და შეწყალება პროცედურულადაც ყველაზე მარტივი გზაა. პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მესამე პრეზიდენტი შესაძლოა, მაგალითად, პოლარიზაციის შემცირების ან სხვა მიზეზით შეიწყალოს.

თუმცა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ ის შეწყალებას არ აპირებს.

ამნისტია

იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი პოზიციას არ შეიცვლის, შეწყალების გარდა, სხვა გზაც არსებობს – შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ამნისტიითაც მოხდეს. გარკვეულ დანაშაულებზე ამნისტიის გამოცხადება განიხილებოდა შარლ მიშელის დოკუმენტითაც, რომელსაც 20 ივნისის მოვლენების მონაწილე პირები პასუხისმგებლობის დაკისრებისგან უნდა დაეცვა. შესაბამისად, ამნისტია შეწყალებასთან ერთად ერთხელ უკვე სცადეს კრიზისის გადასაჭრელად.

„ამნისტია, განსხვავებით შეწყალებისგან, ზოგადად, რამე მოვლენაზე უნდა გამოიცეს, კონკრეტულ მუხლებს უნდა შეეხოს“, – ამბობს „პუბლიკასთან“ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი ედუარდ მარიკაშვილი.

მისი თქმით, შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში, პარლამენტს არაფერი არ ზღუდავს, რომ ამნისტია გამოსცეს, თუკი არ აღინიშნება კონვენციური დანაშაულები. „კონვენციური დანაშაულია წამება, არასათანადო მოპყრობა, გენოციდი და სხვა მსგავსი დანაშაულები“.

მართალია, შეწყალება სამართლებრივი გზაა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამ გადმოსახედიდან ამნისტიის პერსპექტივაც ნაკლებია“, – ამბობს მარიკაშვილი.

თუმცა, მარიკაშვილის თქმით, სამართლებრივი ჭრილიდან სააკაშვილის გათავისუფლების უფრო მართებული გზა შეწყალებაა, რადგან, წესით, ამნისტია არ უნდა ცხადდებოდეს მხოლოდ კონკრეტული ადამიანების ციხიდან გასათავისუფლებლად.

პირობით ვადამდე გათავისუფლება

ამნისტიისა და შეწყალების გარდა, უახლოეს ხანებში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სხვა ალტერნატივა არ არსებობს. მესამე გზა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს მისთვის მისჯილ 6 წელზე ადრე შეეძლება ციხის დატოვება, პირობით ვადამდე გათავისუფლებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, მას მოხდილი უნდა ჰქონდეს სასჯელის ნაწილი, თანაც ეს აუცილებელი პირობაა, მაგრამ არასაკმარისი.

„ვადამდე ადრე გათავისუფლებისთვის, მიხეილ სააკაშვილს ჯერ გარკვეული წინაპირობები უნდა ჰქონდეს:

მან უნდა მოიხადოს რაღაც პერიოდი, თუმცა ამ წინაპირობის შემდგომ გათავისუფლების პროცედურა გულისხმობს, რომ მიმართოს შესაბამის უწყებას. ამის მერე განაცხადს იხილავს ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისია, იქ კი სასჯელის მოხდილ პერიოდთან ერთად სხვადასხვა წინაპირობაც არის.

აი, მაგალითად, ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში იყო, რომ არ ერთვებოდა თითქოს რაღაც აქტივობებში. მოკლედ, არის კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდე სასჯელის ნაწილის მოხდასთან ერთად“, – ამბობს ედუარდ მარიკაშვილი „პუბლიკასთან“.

შესაბამისად, ამ გზით მიხეილ სააკაშვილს გასათავისუფლებლად რამდენიმე წელი მაინც დასჭირდება.

სასჯელის გადავადება

ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აქტუალური გახდა კიდევ ერთი საკითხი – სასჯელის გადავადება ჯანმრთელობის მიზეზთა გამო.

თუმცა ამ გზით გათავისუფლება მხოლოდ დროებითია და ციხიდან გათავისუფლების გზებს შორის, ალბათ, ვერ განვიხილავთ. ედუარდ მარიკაშვილი „პუბლიკასთან“ ჰყვება, რომ ეს შეიძლება გამოიყენონ პატიმრებში მძიმე დაავადებების ფონზე, რომლებიც ართულებს სასჯელის მოხდას, თუმცა გრძელდება მხოლოდ მის გამოჯანმრთელებამდე.

შეიძლება, თუ არა, შიმშილობის გამო სასჯელის გადავადება? ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი რთულია, რადგან, თავისთავად, შიმშილობა, რომელიც შეიძლება, უბრალოდ, საკვების მიღებით გამოსწორდეს, არ იმოქმედებს გათავისუფლებაზე.

„მაგრამ თუკი ამ შიმშილობას მოჰყვება ჯანმრთელობის მძიმე გართულებები, რომლის გამოსწორებაც ხანგრძლივ პერიოდთან იქნება დაკავშირებული, ციხის პირობებში ვერ მოხდება და ა.შ. ამ შემთხვევაში სასამართლომ შეიძლება მხედველობაში მიიღოს სასჯელის აღსრულების გადავადების საკითხი“, – ამბობს მარიკაშვილი.

მისივე თქმით, არ არსებობს კონკრეტული ჩამონათვალი, სია, რომელთა მიხედვითაც მიიღება სასჯელის გადავადების გადაწყვეტილება.

„ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, მოითხოვს მსჯავრდადებული სასჯელის აღსრულების გადავადებას. თხოვნას სასამართლო განიხილავს, ის სასამართლო, რომელმაც განაჩენი გამოიტანა. რა თქმა უნდა, ამ პროცესში სასამართლოს სჭირდება შესაბამისი სამედიცინო დასკვნები.

ეს შეიძლება შეაფასოს ადმინისტრაციის სამედიცინო პერსონალმა, სამხარაულის ბიურომ ან დამოუკიდებელმა ექსპერტმა. უნდა არსებობდეს მტკიცებულებები“, – დასძენს ედუარდ მარიკაშვილი.

რეალურია თუ არა სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი

სააკაშვილის დაკავების შემდეგ მისი ციხიდან გათავისუფლების ერთ-ერთ გზად მისი უკრაინაში ექსტრადიციაც განიხილებოდა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, თანაც უკრაინულ მედიაში სააკაშვილის დაკავების შემდეგ ვრცელდებოდა მთავრობის წარმომადგენელთა კომენტარები, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტისაც, რომ ისინი თავიანთ მოქალაქეს უყურადღებოდ არ დატოვებდნენ.

ზელენსკიმ შეშფოთება გამოხატა სააკაშვილის გარშემო განვითარებული პროცესების გამო, კიევში კი საქართველოს დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სააკაშვილის საქმეზე განმარტებებისთვის.

თუმცა დღეს მედიაში, ძირითადად, ცალკეულ უკრაინელ პოლიტიკოსთა მხარდამჭერი განცხადებები ვრცელდება. ისინი მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, ოფიციალური კომენტარები კი ექსტრადირების შესახებ არ გაკეთებულა.

თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ როგორც ედუარდ მარიკაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, უკრაინული მხარის დამოკიდებულებისა და სააკაშვილის მოქალაქეობის მიუხედავად, მისი ექსტრადიციის შესაძლებლობა ძალიან მცირეა. ამ შემთხვევაში ყველაფერი საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

„დანაშაული, რისთვისაც არის გასამართლებული და განაჩენი აქვს გამოტანილი, ვგულისხმობ განაჩენის მიხედვით დანაშაულს, არის საქართველოში ჩადენილი. ამიტომ საქართველოს აქვს უფლება, ვისი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს, აქ აღასრულოს სასჯელი.

თანაც, როცა პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეა და ის ქვეყანა მოითხოვს გადაცემას, აქ უნდა იყოს ასეთი საკითხი, რომ იქაც უნდა ისჯებოდეს იგივე დანაშაული და გადაცემულმა მოქალაქემ გააგრძელოს სასჯელის მოხდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ამ სახელმწიფოს (ამჯერად საქართველოს) კეთილი ნებაა, მოქალაქეს გადასცემს თუ არა მეორე მხარეს.

განსხვავებული ვითარება იქნებოდა, თუკი დანაშაულს უკრაინაში ჩაიდენდა და მას საქართველოში დააკავებდნენ. მაშინ ასეთი პრეზუმფცია არსებობს, რომ უნდა გადასცე ყველა შემთხვევაში, თუ რაღაც გამონაკლისები არ არის – მაგალითად, თუ არ ემუქრება სიკვდილით დასჯა, თუ არ არის პოლიტიკური პატიმარი და ა.შ.“, – განმარტავს მარიკაშვილი.

შეიძლება თუ არა, რომ გაიზარდოს სააკაშვილის სასჯელი?

სააკაშვილის სასამართლო დაწყებულია, მაგრამ ჯერ კიდევ არ დასრულებულა ორ საქმეზე, რომლებიც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს ეხება.  შესაბამისად, სასამართლომ მას შესაძლოა, ახალი გამამტყუნებელი განაჩენებიც გამოუტანოს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი არათუ გათავისუფლდეს უახლოეს მომავალში, პირიქით, მისი სასჯელი გაიზარდოს კიდეც?

GDI-ის ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი განმარტავს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეებზე, რადგან ორ საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია, ე.წ. განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის პრინციპი იმოქმედებს.

განაჩენთა ერთობლიობის დროს სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად ან ნაწილობრივ მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

სავარაუდოდ, შთანთქმის პრინციპი იმოქმედებს სხვა საქმეებზე გამოტანილი განაჩენების შემთხვევაში.

სააკაშვილის სასჯელი გაიზრდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ახალი განაჩენით მას იმაზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა მიესჯება, ვიდრე ახლა აქვს მისჯილი.

სხვა შემთხვევაში, სასჯელი შეიძლება შეიცვალოს, თუკი მოსამართლე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს მთლიანად ან ნაწილობრივ დაუმატებს.

სააკაშვილისთვის წაყენებული ორი ბრალდებიდან, რომლებზეც ჯერ განაჩენი არ დამდგარა, ერთი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მეორე – 7-დან 11-წლამდე.

ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილი მართალია 6 წლით იხდის სასჯელს, თუმცა სასამართლომ მას 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, განაჩენი იმ კონკრეტულ მუხლებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოცხადებულმა ამნისტიამ შეუმცირა.

ასე რომ, დარჩენილ საქმეზე შესაძლოა მას უფრო ნაკლები ან მეტი მიესაჯოს. ამ შემთხვევაში კი სასჯელს გარკვეული წლები დაემატება. ამიტომ, ახლა რთულია თქმა, საბოლოოდ რა ზომის სასჯელი დაეკისრება მიხეილ სააკაშვილს იმ 4 საქმეზე, რომლებზეც უკვე მსჯავრდადებული ან ბრალდებულია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ გამოძიება ახალ საქმეზეც დაიწყო – სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაზე, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა. თუკი ეს დანაშაული დამტკიცდება, მასზე გამოტანილმა განაჩენმაც შესაძლოა საბოლოო სასჯელზე გარკვეული გავლენა მოახდინოს.

საზღვრის უკანონო კვეთის მუხლი ჯარიმას ან 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.