მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან? ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

„ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის – „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში“ – ფარგლებში ხორციელდება, ქალთა ფონდის მიერ საქართველოში. „ფემინსტრიმის“ მედიაპარტნიორია Publika.ge

 

ავტორი: ირა სილანტევა 

დღეისათვის, შეიძლება ითქვას, რომ ფემინისტური ბრძოლის დღის წესრიგი გაცილებით ფართოა, ვიდრე ეს   წლების წინ იყო. თუკი პირველი ტალღის ფემინისტები ქალებისთვის ხმის მიცემის უფლებას ითხოვდნენ, მეორე ტალღის ამოსავალი წერტილი საშინაო და აუნაზღაურებელი შრომა გახდა. შემდგომ კი გენდერისა და სექსუალობის საკითხებმა წამოიწიეს წინ. ზოგიერთ ამ საკითხს დღესაც არ დაუკარგავთ აქტუალობა. თუმცა, აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან ხშირად ფემინისტური ბრძოლები სოციო-ეკონომიკური კონტექსტის მიხედვით იცვლება. ის, რაც აქტუალური და კონტრავერსიულია ერთ კონტექსტში, მეორეში შესაძლოა ასე არ იყოს.

ფემინისტური დღის წესრიგი იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ რა საჭიროებები იყო სხვადასხვა საზოგადოებაში და რომელი საჭიროებების გარშემო ახერხებდნენ ქალები გაერთიანებას. თუმცა ყველა ფემინისტურ მოძრაობას აერთიანებს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც სხვადასხვა მიმდინარეობა სხვადასხვაგვარად განსაზღვრავს. აქ დავესესხები თამარ ცხადაძეს და გამოვიყენებ მის შემოთავაზებულ განმარტებას, რომ ყველა ფემინიზმისთვის საერთო არის ის, რომ ყველა საზოგადოებაში ქალი დაქვემდებარებულ მდგომარეობაშია, ეს მდგომარეობა არ არის ბუნებრივი და საჭიროებს ცვლილებას.

ამ მარტივი განმარტების მიხედვით, თუკი ფემინისტური ბრძოლის მთავარი აგენტი ჩაგრული ქალია, ესე იგი ამ ბრძოლის ცენტრში ადიქციის, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებისა და შშმ ქალებიც არიან. ამ პოდკასტში უფრო მეტად ვისაუბრებ ადიქციაზე, თუმცა ვთვლი რომ აქ განხილული თემები შშმ ქალების პრობლემებსაც მიემართება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რეალობაში ნარკოპოლიტიკის ცვლილებებზე მიმართულ ხმებში ქალების ხმა ნაკლებად ისმის, ეს არ ნიშნავს, რომ ეს პრობლემა ჩვენ არ გვეხება.

როდესაც ვსაუბრობთ ადიქციებზე, იქ  აუცილებლად წარმოიშობა სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთირების მოხმარების საკითხი. ფსიქოაქტიურ ნივთიერებებში მოიაზრება კანაფიდან, სხვადასხვა აბებიდან და საკლუბო დრაგებიდან დაწყებული, ალკოჰოლითა და მძიმე ნარკოტიკებით დამთავრებული ნივთიერებები, რომლებიც გარკვეული დროით ცვლიან ადამიანის ცნობიერებას. იმას, თუ რამდენად მიგვიწვდება ხელი ზემოთ აღნიშნულ ნივთიერებებზე, განსაზღვრავს იმ ქვეყნის პოლიტიკა, რომელშიც ვცხოვრობთ. მაგალითად, ჩვენსა და უმრავლეს ქვეყნებში, ალკოჰოლი ხელმისაწვდომია თითქმის ყველა ასაკის ადამიანისთვის და ზოგჯერ კულტურულად წახალისებულიც კი არის. მაგალითად, თამადის კულტი, რომელიც ხშირად კაცებისთვის პატივადაც კი მიიჩნევა.

კანაფისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემთხვევაში საქმეში ერთვება სახელმწიფოს სადამსჯელო პოლიციური რეჟიმი. რომ დავფიქრდეთ, ალბათ ყველას გვყავს ჩვენს გარშემო ვინმე, ვინც მოსაწევის გამო დაიჭირეს და „გასროკეს“ ან სახლები და არსებული ქონება გააყიდინეს და ჩაადებინეს პირობითის ან ბრალის შემცირების სანაცვლოდ.

ის, თუ რომელ ნივთიერებებზე მიუწვდება ადამიანს ხელი, უმეტესად მის ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რაც, გვინდა თუ არ გვინდა, კლასობრივი საკითხიც არის. რაც უფრო დაბალ კლასს მიეკუთვნება ადამიანი, მით უფრო დაბალი ხარისხის ნივთიერებებს მოიხმარს. კლასობრივი საკითხის შემოტანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ადამიანის რეაბილიტაციის საჭიროება დგება. შეიძლება ითქვას, რომ მეტადონის პროგრამის გარდა, ქვეყანაში არ მოქმედებს არცერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიმართული იქნებოდა ადიქციის დაძლევისკენ. მასში ჩართულობაც იმდენად დიდ სტიგმასთან არის დაკავშირებული, რომ რეაბილიტაციის პროცესში ჩართვის სერიოზულ ბარიერად იქცევა.

თავის მხრივ, მომხმარებელი ქალები კიდევ უფრო სტიგმატიზებულნი არიან, ვინაიდან პატრიარქალურ საზოგადოებებში, იყო ქალი, უკვე დაკავშირებულია უამრავ ბარიერთან, და მომხმარებელ ქალად ყოფნა კიდევ უფრო დიდი ტვირთია, როდესაც არც საზოგადოება და არც ეკონომიკური ბაზარი გწყალობს.

თუკი გაგიმართლა და თუნდაც ეკონომიკურად შეძლებულ ოჯახში დაიბადე, ხელი მიგიწვდებოდა განათლებაზე და სამუშაო ბაზარზეც, რომელიც, სხვათა შორის, იმავე პოზიციაზე დასაქმებისას, გაცილებით უფრო ნაკლებს გიხდის, ვიდრე შენივე გამოცდილების მქონე კაცს, რამდენადაც არ უნდა გჯეროდეს, ამ კაპიტალისტური სისტემით ნაკარნახევი ამერიკული ოცნების, რომ ღამეების გადათენებით ყველაფერს მიაღწევ, მაშინ ტყუილში ცხოვრობ; თუკი არ გაგიმართლა, ადიქციაც განგივითარდა და ამასთან ერთად მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალი ხარ, რომელიც ვერანაირად ჯდება კარგი დედის, ცოლის, დის თუ შვილის კონსტრუქტში, დიდი შანსია, რომ ამ საზოგადოების სრულიად უკიდურეს სანაგვეზე აღმოჩნდეთ და ყველაფერი თქვენვე დაგბრალდეთ. აღარაფერს ვამბობ ღარიბ, არაქართველ, არადომინანტური სექსუალობის მქონე, შშმ ქალებზე, რომლებსაც ამ სისტემაში ადიქციისგან თავის დასაღწევად ისედაც ნაკლები რესურსი აქვთ.

როდესაც ვსაუბრობ რესურსებზე, გარდა ეკონომიკურისა, ასევე სოციალურ კაპიტალსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობასაც ვგულისხმობ. ეკონომიკურ რესურსებს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ადიქციის სამკურნალოდ ორ-სამ კვირიანი სარეაბილიტაციო პროგრამა რამდენიმე ათასი ლარი დაგიჯდებათ, ხოლო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია – რამდენიმე ათეული ათასი.

სახელმწიფოს პრობლემასთან გამკლავებას მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებებით ცდილობს და რეკრეაციულ მოხმარებასა და მძიმე ადიქციებს უმოწყალო საპოლიციო რეჟიმით ებრძვის.  უფრო განვითარებული კანონმდებლობისა და აღსრულების მექანიზმების მქონე ქვეყნების პრაქტიკამ აჩვენა რომ მხოლოდ სადამსჯელო პოლიტიკით ადამიანების მიერ სხვადასხვა ნივთიერებების მოხმარება და ადიქცია არსად ქრება და შედეგად ვიღებთ შავ ბაზარზე გაურკვეველი წარმომავლობის სუბსტანციებს, რაც ხშირად ადამიანების ჯანმრთელობას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს, უარეს შემთხვევაში კი დგება ლეტალური შედეგი. სისტემა ადამიანებს მოხმარებისთვის წლობით ციხეში ყრის, იმის ფონზე, რომ გაუპატიურებისა და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის სასჯელი გაცილებით ნაკლებია.

მეორეს მხრივ, არსებულ სადამსჯელო ნარკოპოლიტიკას სათავისოდ იყენებენ ქვეყნის სათავეში არსებული რეჟიმები. კერძოდ კი, მიყურადებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების შეგროვებით „აშავებენ“  სხვადასხვა სოციალურ მოძრაობებსა თუ მათთვის  საშიშ ადამიანებს. კონტროლის ეს მეთოდი  არც სააკაშვილის რეჟიმისათვის იყო უცხო. ორივე მთავრობა მარტივად “აშავებდა” სისტემისთვის საშიშ ძალებს მათთვის “ნარკომანებისა” და “ცისფერების” იარლიყის მიწებებით.

ამის სულ ბოლო მაგალითი სანდრო ლაშქარავას გარდაცვალების გამოძიების დროს პროკურატურის ქმედებებშიც გამოჩნდა. გამოძიებისას პროკურატურა და მთავრობის ფეისბუქ ბოტები აქტიურად ავრცელებდნენ ლაშქარავას ქვემო ფონიჭალაში გადაადგილების მარშრუტს და ამით არაპირდაპირ მიანიშნებდნენ საზოგადოებას ჟურნალისტის შესაძლო წამალდამოკიდებულებაზე. შემდგომ კი უკვე ღიად დაიწყეს საუბარი და ინფორმაციის გავრცელება მის მეტადონის პროგრამაში ჩართულობაზე. ამით ხელისუფლება შეეცადა, თავიდან აერიდებინა 5 ივლისის დარბევის პასუხისმგებლობა და, მეორე მხრივ, ნარკოდამოკიდებულთა მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის გაძლიერებით, ჟურნალისტის დეჰუმანიზაცია და დისკრედიტაცია მოეხდინა. ასე იქცევიან ძალადობრივი რეჟიმები, ჯერ “ცისფერებს” და “ნარკომანებს” გვეძახიან, შემდგომ კი ჩვენი განადგურება უფრო მარტივია.

ამის ასევე   კარგი მაგალითი იყო 2018 წლის მაისის აქციების “გაშავებაც”, რომლებიც სპეცნაზის ბასიანზე შეჭრას მოჰყვა. ხელისუფლებამ მაშინაც გამოიყვანა თავისი მარიონეტი ფაშისტური დაჯგუფებები და აქციის ლიდერები შანტაჟის რეჟიმში ჩააყენა. ან დაშლა, ან სისხლისღვრა. მაშინ გახარიამ ბოდიშიც კი მოიხადა და დაპირებაც გასცა ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შემუშავების თაობაზე. დაპირება დაპირებად დარჩა, ბოდიში კი იმ ტკბილ ტყუილად, რომელიც ყველამ მივირთვით. იმ კონტექსტიდან გამომდინარე, “თეთრი ხმაურის” ლიდერებმა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღეს და სისხლისღვრა აგვაცილეს, მიუხედავად იმისა, რომ ძველი “ნაციონალური მოძრაობიდან” აღმოცენებული “გირჩელები” და 12 მაისის ღამეს შექმნილი „თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების“ ჯგუფის წევრები აქტიურად იქაჩებოდნენ, რომ არ უნდა დავშლილიყავით.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ “გირჩმა” მიიწერა ყველა ის სასიკეთო ცვლილება, რაც ბოლო წლებში განხორციელდა. მაშინ როდესაც “თეთრი ხმაურის” მოძრაობის მოთხოვნა ჰუმანური ნარკოპოლიტიკა იყო, რაც ასევე ხელმისაწვდომი და ადამიანზე მორგებული სერვისების შექმნასაც გულისხმობდა, “გირჩმა” და მეინსტრიმ ინფლუენსერებმა უბრალოდ „მოსაწევი კაი პონტიად“ აქციეს, რამაც, ჩემი აზრით, მოძრაობას საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა.

რადიკალურად მემარჯვენე “გირჩი”, პროგრესულობასა და თავისუფლების შირმას ამოფარებული მოითხოვს, რომ ჩვენ გვქონდეს უფლება, ყველაფერი ვუქნათ ჩვენს სხეულს, რაც მოგვგესურვება. ერთი მხრივ, რადიკალური თავისუფლების იდეა ძალიან მომხიბლავია განსაკუთრებით ისეთი საზოგადოებისთვის, რომელსაც გვიანი საბჭოთა რეპრესიები და სააკაშვილის “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკაც ახსოვს, რომელმაც უამრავ მშიერ ახალგაზრდას “ბულკის” ქურდობისთვის უკრა თავი ციხეში.

თუმცა, მეორე მხრივ, მსგავსი მიდგომა არანაკლებ სასტიკი და ულმობელია. თუკი არსებული რეჟიმი ძალადობრივი პოლიციური ძალებით გვებრძვის, “გირჩის” და ე.წ. “პრადვინუტა სასტავის” მიერ “თავისუფალი ბაზრის” სახელით სახელმწიფოს მინიმალისტური მოდელის განხორციელება გულისხმობს იმას, რომ ამ ქვეყანაში თავს მხოლოდ საშუალო კლასის, ქართველი კაცები იგრძნობენ თავს თავისუფლად. საზოგადოების სხვა ჯგუფები, რომლებიც არც მდიდრები არიან, არც ქართველები, არც ჰეტეროსექსუალები, ყვეელანაირი საზოგადოებრივი სიკეთის მიღმა ვრჩებით. ამდაგვარი თავისუფლების განმარტებისთვის არც განათლებაზე ხელმისაწვდომობა და არც ადიქციის მქონეთა საჭიროებები არ არის მნიშვნელოვანი და ჩვენ უბრალოდ ან უნდა გავიქცეთ ამ ქვეყნიდან, ან უბრალოდ და მარტივად მოვკვდეთ, რაც, ლიბერტარიანული ლოგიკით, ისევ და ისევ ჩვენს სიზარმაცესა და უნიათობას დაბრალდება.

ვფიქრობ, არსებულმა სოციალურმა მოძრაობებმა, ან მათმა ნარჩენებმა, მათ შორის ფემინისტებმაც, უნდა დასვან კითხვა, თუ სად გადის დღეს სამართლიანობისთვის ბრძოლის ხაზი. არის ეს ლიბერალური ფემინიზმით შემოთავაზებული ტოლერანტობის პოლიტიკა, რომელიც სინამდვილეში ისევ და ისევ ე.წ. განსხვავებულის ატანა და ამის ხარჯზე საკუთარი პროგრესულობის ხაზგასმაა, კვოტებია, რომელიც პარლამენტში ქალების რიცხვს კი ზრდის, მაგრამ ხარისხობრივად პოლიტიკა არ იცვლება, თუ იმდაგვარი ჩაგვრების აღიარება და გაერთიანებაა, რომლებიც შესაძლოა ჩვენს პრივილეგიებსაც წყალს უყენებდეს? ბოლოს და ბოლოს აქტივისტებმაც უნდა დაუსვან პირველ რიგში საკუთარ თავს კრიტიკული კითხვები, თუ ვის მხარეს არიან, და მზად არიან თუ არა, რომ მათ შორის ახლობლებიც გაწირონ ტანჯვისა და სიკვდილისთვის. ვინაიდან, ახლა არსებულ პოლიტიკურ ველზე ოპოზიციად წოდებულ მეინსტრიმულ დისკურსში, ლიბერტარიანული მიდგომები სწორედ ამას გულისხმობს. ეს მიდგომა და ხედვები აერთიანებს წინა და ამჟამინდელ რეჟიმებს: ყველაფერს ბიზნესი და ბაზარი დაარეგულირებს, ხოლო ვიღაცების საჭიროებები და ჩაგვრები მათი საქმე და ბრალეულობაა, მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან.